არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე სასოწარკვეთილება აღარ იარსებებს

მალე სასოწარკვეთილება აღარ იარსებებს

მალე სასოწარკვეთილება აღარ იარსებებს

ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება და სასოწარკვეთილების მიზეზები შესაბამისად მრავლდება. იმედგაცრუებისას შეიძლება გვიჭირდეს ემოციების გაკონტროლება. ამიტომაც არის, რომ თვით იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც სიცოცხლე უყვართ, შეიძლება იმედი დაკარგონ და ძალიან უბედურები გახდნენ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ძველ დროში წინასწარმეტყველ მოსეს იმდენად გაუტყდა გული, რომ ღმერთს უთხრა: „მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს“ (რიცხვნი 11:15). მტრებისგან დევნილმა წინასწარმეტყველმა ელიამ წამოიძახა: „ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული [სიცოცხლე]“ (მესამე მეფეთა 19:4). წინასწარმეტყველმა იონამ თქვა: „ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონა 4:3). მაგრამ არც მოსეს, არც ელიას და არც იონას თავი არ მოუკლავთ. თითოეულმა მათგანმა იცოდა ღვთის მცნება: „არა კლა“ (გამოსვლა 20:13). თითოეულს მტკიცედ სწამდა ღვთის და იცოდნენ, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და რომ სიცოცხლე ღვთის საჩუქარია.

რა შეიძლება ითქვას პრობლემების შესახებ, რომლებსაც დღეს ვაწყდებით? ემოციურ და ფიზიკურ პრობლემებთან გამკლავების გარდა, დროდადრო შეიძლება ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისა და თანამშრომლებისგან ცუდი მოპყრობის ატანა მოგვიწიოს. ბიბლია ლაპარაკობს ადამიანების შესახებ, რომლებიც „აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი“ არიან (რომაელთა 1:28—31). ყოველდღიურად ასეთი ხალხის გარემოცვაში ყოფნა ცხოვრებას თითქოს აუტანელს ხდის. მაშ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვისაც ნუგეში და შვება სჭირდება?

მოსმენისთვის მზადყოფნა

გაჭირვებამ და განსაცდელმა ადამიანს შეიძლება წონასწორობა დააკარგვინოს. ბრძენმა მამაკაცმა თქვა: «გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს [„შეიძლება სისულელე ჩაადენინოს, აქ]“» (ეკლესიასტე 7:7). ასე რომ, თუ ადამიანი თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს, სხვები ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ. მის პრობლემებს, იქნება ეს ემოციური, ფიზიკური, ფსიქიკური თუ სულიერი, სასწრაფოდ სჭირდება ყურადღების მიქცევა. რა თქმა უნდა, პროფესიონალური დახმარება და მკურნალობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ამიტომ თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი (გალატელთა 6:5).

რაც უნდა იყოს თვითმკვლელობაზე ფიქრის მიზეზი, გამჭრიახი, თანამგრძნობი და მომთმენი ადამიანისთვის გრძნობების გაზიარება მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მოსმენისთვის მზადყოფნით შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა. თანაგრძნობასა და გულითადობასთან ერთად, ღვთის სიტყვიდან გამამხნევებელმა აზრებმაც შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს იმედდაკარგულ ადამიანს.

სასოწარკვეთილთათვის სულიერი დახმარების აღმოჩენა

შეიძლება გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, თუ რამდენად გამამხნევებელი შეიძლება იყოს ბიბლიის კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების შესახებ სახელმძღვანელო არ არის, ბიბლიას შეუძლია სიცოცხლის დაფასებაში დაგვეხმაროს. მეფე სოლომონმა თქვა: „ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს. თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები“ (ეკლესიასტე 3:12, 13). გარდა დამაკმაყოფილებელი სამუშაოსი, რომელიც სიცოცხლეს აზრს მატებს, სრულიად უბრალო რამეებიც კი, მაგალითად, სუფთა ჰაერი, მზის სხივები, ყვავილები, ხეები და ჩიტები, ღვთის მიერ ნაბოძები საჩუქრებია, რომლებიც გვახარებს.

კიდევ უფრო მეტი ძალის მომცემია ბიბლიის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ იეჰოვა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, ზრუნავენ ჩვენზე (იოანე 3:16; 1 პეტრე 5:6, 7). მართებულად შენიშნა ფსალმუნმომღერალმა: „კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველელი“ (ფსალმუნი 67:20). თუმცა შეიძლება საკუთარ თავს უმნიშვნელოდ და უღირსად მივიჩნევდეთ, ღმერთი გვთავაზობს, რომ ლოცვით მივმართოთ მას. დარწმუნებული იყავით, რომ არავის, ვინც თავმდაბლად და გულწრფელად ითხოვს მის დახმარებას, ღმერთი არ უგულებელყოფს.

დღეს შეუძლებელია ვინმე უპრობლემოდ ცხოვრობდეს (იობი 14:10). მიუხედავად ამისა, ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტებამ მრავალს უჩვენა, რომ თვითმკვლელობა არ არის პრობლემების გადაჭრის სწორი გზა. განვიხილოთ იმის მაგალითი, თუ როგორ დაეხმარა პავლე საპყრობილის სასოწარკვეთილ ზედამხედველს, რომელსაც „გამოეღვიძა და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ“. იმ მომენტში საპყრობილის ზედამხედველისთვის თავის მოკვლა უკეთესი იყო, ვიდრე დამცირება და თავისი უყურადღებობისთვის გარკვეული დროის შემდეგ სიკვდილით დასჯა, რომელიც შეიძლება გადაედოთ და გაჭიანურებულიყო. მაშინ მას მოციქულმა გამოსძახა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, ვინაიდან ჩვენ ყველანი აქა ვართ“. პავლე მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა. მან და სილამ ანუგეშეს საპყრობილის ზედამხედველი და უპასუხოდ არ დაუტოვებიათ მისი კითხვა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?“ მათ უპასუხეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლობა“. შემდეგ კი იეჰოვას სიტყვა უქადაგეს მასა და მის სახლეულს, რის შედეგადაც „მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი“. საპყრობილის ზედამხედველი თავის სახლობასთან ერთად ხარობდა; მათმა ცხოვრებამ ახალი აზრი შეიძინა (საქმეები 16:27—35).

რამხელა სიმშვიდის მომგვრელია დღეს იმის ცოდნა, რომ ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი! მისი სიტყვა ბოროტ სულზე, ‘ეშმაკსა და სატანაზე’, ამბობს, რომ ის არის ‘მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი’. მაგრამ სატანის მოქმედების დრო იწურება (გამოცხადება 12:9, 12). მალე ყოველგვარი უბედურება, რომელსაც სატანა და მისი დემონები ატეხენ დედამიწის მოსახლეობას, ღვთის ჩარევის შედეგად მოისპობა. ღვთის მიერ აღთქმული ახალი სამართლიანი ქვეყნიერება სამუდამოდ მოსპობს უიმედობისა და თვითმკვლელობის მიზეზებს (2 პეტრე 3:13).

ნუგეში მათთვის, ვინც დახმარებას საჭიროებს

გულდამძიმებულებს დღესაც კი შეუძლიათ საღვთო წერილში ჰპოვონ ნუგეში (რომაელთა 15:4). ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: «მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო [„გულს არ დაამცირებ“, აქ], ღმერთო» (ფსალმუნი 50:19). მართალია, ჩვენ ვერ ავიცილებთ ზოგიერთ განსაცდელს და ჩვენი არასრულყოფილების შედეგებიც შეგვახსენებს თავს, მაგრამ ჩვენი გულმოწყალე, მოსიყვარულე და გონიერი ზეციერი მამის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღება დაგვარწმუნებს, რომ მის თვალში ძვირფასნი ვართ. ღმერთი შეიძლება ჩვენი საუკეთესო მეგობარი და დამრიგებელი გახდეს. თუ იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობას განვივითარებთ, ის იმედებს არასოდეს გაგვიცრუებს. „მე ვარ უფალი, — ამბობს ჩვენი შემოქმედი, — შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).

ღმერთზე მინდობა მრავალ ადამიანს დაეხმარა. მაგალითად, მარა ხანგრძლივი დეპრესიით გამოფიტული იყო, როდესაც მისი ერთადერთი ვაჟი ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა *. თავზარდაცემულმა დედამ თავის მოკვლა გადაწყვიტა. მაგრამ ახლა ის, დილით ადრე დგება ხოლმე და საოჯახო საქმეებით არის დაკავებული. მარა სიამოვნებით უსმენს მუსიკას და სხვებსაც ეხმარება. იმის იმედმა, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“, გარკვეულწილად დაუამა საყვარელი შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და განუმტკიცა ღვთისადმი რწმენა (საქმეები 24:15). რადგან მარას არასოდეს ჰქონია ანგელოზივით ზეცაში ცხოვრების სურვილი, მის გულს დიდად შეეხო ფსალმუნის 36:11-ში ჩაწერილი სიტყვები: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“.

განვიხილოთ კიდევ ერთი, ბრაზილიელი ქალის, სანდრას მაგალითი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ იდეალური დედა ყოფილიყო. ის აღიარებს: „იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ, როდესაც მოულოდნელად მამა გარდამეცვალა და იმავდროულად აღმოვაჩინე, რომ ქმარი მღალატობდა, იმაზე არც კი მიფიქრია, რომ დახმარებისთვის ღვთისთვის მიმემართა ლოცვით“. სასოწარკვეთილმა სანდრამ თავის მოკვლა გადაწყვიტა. რა დაეხმარა მას მდგომარეობიდან გამოსვლაში? სულიერი ფასეულობების დაფასება. „ყოველღამე ჩაძინებამდე ბიბლიას ვკითხულობ და ვცდილობ, იმ ადამიანების ადგილზე წარმოვიდგინო თავი, რომელთა შესახებაც ვკითხულობ. აგრეთვე ვკითხულობ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“; განსაკუთრებით მომწონს ბიოგრაფიები, რადგან ისინი მეხმარება, კმაყოფილი ვიყო ჩემი ხვედრით ცხოვრებაში“. სანდრამ იცოდა, რომ იეჰოვა მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ისწავლა, რომ ლოცვისას უფრო კონკრეტულად გამოეთქვა თავისი აზრები.

მომავალი სასოწარკვეთილების გარეშე

რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ადამიანთა ტანჯვა-წვალება დროებითია! ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით ბავშვები თუ მოზრდილები, რომლებიც დღეს ბოროტმოქმედების, უსამართლობისა და წინასწარშექმნილი აზრის მსხვერპლნი არიან, გაიხარებენ. როგორც წინასწარმეტყველურ ფსალმუნშია ნათქვამი, იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე, „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე“. გარდა ამისა, ის „შეიწყნარებს დავრდომილს და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის“. მართლაც, „ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 71:12—14).

ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულების დრო ახლოს არის. განა არ გიზიდავთ დედამიწაზე ასეთ პირობებში მარადიულად ცხოვრების შესახებ აზრი? თუ დიახ, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, იხაროთ და დააფასოთ ცხოვრება, რომელიც ღვთის საჩუქარია. თუ ბიბლიური აღთქმების შესახებ ამ მანუგეშებელ ცნობას სხვებსაც უზიარებთ, დიდი ბედნიერების მოტანა შეგეძლებათ მათთვის, ვინც ამ უგრძნობ, უსიყვარულო წუთისოფელში დახმარებას საჭიროებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 6 გვერდზე]

დღეს ბედნიერებისთვის მრავალი მიზეზი არსებობს.

[სურათი 7 გვერდზე]

მოელით ქვეყნიერებას, სადაც სასოწარკვეთილება აღარ იქნება?