სწავლა — დამაჯილდოებელი და სასიამოვნო
სწავლა — დამაჯილდოებელი და სასიამოვნო
‘მისი შოვნის წადილი რომ გქონდეს, მაშინ მოიპოვებ ღვთის შემეცნებას“ (იგავნი 2:4, 5).
1. როგორ შეიძლება თავისუფალ დროს კითხვამ დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს?
მრავალი ადამიანი მხოლოდ გასართობად კითხულობს. თუ საკითხავი მასალა სასარგებლოცაა, კითხვა შეიძლება ჯანსაღი დასვენების წყაროც იყოს. ბიბლიის გარკვეული გეგმის მიხედვით რეგულარულად კითხვის გარდა, ზოგი ქრისტიანი ნამდვილად დიდი სიამოვნებით კითხულობს ფსალმუნებს, იგავნს, სახარებებს ან ბიბლიის სხვა მონაკვეთებს. იქ მოცემული შესანიშნავი აზრები და თხრობის ენის სილამაზე მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სხვები თავისუფალ დროს „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულის“, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში ბიოგრაფიების ან ისტორიის, გეოგრაფიისა თუ სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ სტატიების კითხვას უთმობენ.
2, 3. ა) როგორ შეიძლება ღრმა სულიერი აზრების მაგარ საჭმელთან შედარება? ბ) რა შედის სწავლაში?
2 მაშინ როცა ჩვეულებრივი კითხვა დასვენების ერთ-ერთი ფორმაა, სწავლა გონების დაძაბვას მოითხოვს. ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი წერდა: „ზოგ წიგნს გემო უნდა გაუსინჯო, ზოგი სულმოუთქმელად გადაყლაპო, ზოგს კი დაღეჭვა და გადამუშავება სჭირდება“. ბიბლია, უსათუოდ, მოხსენიებულთაგან უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნება. მოციქული პავლე წერდა: „ბევრი გვაქვს ჩვენ სალაპარაკო ამაზე [ქრისტეზე, როგორც მელქისედეკის წესით მეფესა და მღვდელმთავარზე], მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან ყურმძიმენი გახდით. მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:11, 14). მაგარი საჭმელი გადაყლაპვამდე და მონელებამდე უნდა დაიღეჭოს. ღრმა სულიერი აზრების აღქმასა და ათვისებამდე საჭიროა მასზე დაფიქრება.
3 ერთი ლექსიკონი „სწავლას“ შემდეგნაირად განმარტავს: „კითხვის, კვლევა-ძიებისა და სხვა საშუალებათა გამოყენებით ცოდნის ან გაგების შესაძენად გონების ამოქმედება ან მისი გამოყენების პროცესი“. აქედან გამომდინარე, საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ზერელედ კითხვა, რომლის დროსაც შესაძლოა გარკვეულ სიტყვებს ხაზის გასმით მონიშნავდე კიდეც. სწავლა შრომას, გონების დაძაბვასა და აღქმის უნარის გამოყენებას ნიშნავს. მაგრამ, რადგან სწავლას ძალისხმევა სჭირდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის შეუძლებელია სასიამოვნო იყოს.
რა უნდა გაკეთდეს, სწავლა რომ სასიამოვნო იყოს
4. ფსალმუნმომღერლის სიტყვების თანახმად, როგორ შეიძლება ღვთის სიტყვის სწავლა გამომაცოცხლებელი და დამაჯილდოებელი იყოს?
4 ღვთის სიტყვის კითხვა და სწავლა გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელია. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ფსალმუნი 18:8, 9). იეჰოვას რჯული და მცნებები ჩვენი სულებისთვის გამომაცოცხლებელია; ისინი გვიუმჯობესებს სულიერ მდგომარეობას, გვანიჭებს შინაგან სიხარულს და იეჰოვას შესანიშნავი განზრახვების აშკარად დანახვით თვალებს გვიბრწყინებს. მართლაც რა დიდებულია!
ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს“ (5. როგორ შეიძლება სწავლამ დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს?
5 როდესაც შრომის კარგ ნაყოფს ვხედავთ, უფრო მეტი სიამოვნებით ვაგრძელებთ საქმის კეთებას. ამგვარად, სწავლა ჩვენთვის სასიამოვნო რომ იყოს, საჭიროა, მაშინვე გამოვიყენოთ ახლად შეძენილი ცოდნა. იაკობი წერდა: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:25). ნასწავლის დაუყოვნებლივ გამოყენება დიდ კმაყოფილებას მოგვიტანს. კონკრეტული მიზნისთვის, მაგალითად, ქადაგების ან სხვების სწავლების პერიოდში წამოჭრილ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩატარებული კვლევა-ძიებაც დიდი ბედნიერების მომტანია.
ვისწავლოთ, თუ როგორ გავიხაროთ ღვთის სიტყვით
6. როგორ გამოხატა 118-ე ფსალმუნის დამწერმა იეჰოვას სიტყვისადმი სიყვარული?
6 ას მეთვრამეტე ფსალმუნის დამწერი, როგორც ფიქრობენ, ეზეკია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა უფლისწული იყო, როდესაც იეჰოვას სიტყვისადმი სიყვარული გამოხატა. პოეტური ენით მან თქვა: „შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას. შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის. . . გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის“ (ფსალმუნი 118:16, 24, 47, 77, 174).
7, 8. ა) ერთი ნაშრომის თანახმად, რას ნიშნავს „გავიხარებ“ ღვთის სიტყვით? ბ) როგორ შეგვიძლია იეჰოვას სიტყვისადმი სიყვარულის გამოვლენა? გ) როგორ ამზადებდა საკუთარ თავს ეზრა იეჰოვას რჯულის საკითხავად?
7 იმ სიტყვის განმარტებისას, რომელიც 118-ე ფსალმუნში ითარგმნა როგორც „გავიხარებ“, ებრაული წერილების ერთი განმარტებითი ლექსიკონი აღნიშნავს: „მე-16 მუხლში გამოყენებული სიტყვა შეესაბამება [ზმნებს] გახარებას. . . და დაფიქრებას. . . შეინიშნება შემდეგი თანმიმდევრობა: სიხარული, დაფიქრება, სიამოვნება. . . ასეთი კომბინაცია კი შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ მიზანდასახული დაფიქრება არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი იაჰვეს სიტყვით სიამოვნებას იღებს. . . მის მნიშვნელობაში ემოციური ელემენტებიც არის ჩართული“ *.
8 დიახ, იეჰოვას სიტყვისადმი სიყვარული ჩვენი გულიდან უნდა მომდინარეობდეს, გულიდან, სადაც იბადება ჩვენი ემოციები. სიამოვნება უნდა მოგვანიჭოს გარკვეულ მუხლებზე შეჩერებამ, რომლებიც ეს-ესაა წავიკითხეთ. უნდა ჩავუკვირდეთ ღრმა სულიერ აზრებს, ავითვისოთ ისინი და ვიფიქროთ მათზე. ამისათვის კი აუჩქარებლად ფიქრი და ლოცვაა საჭირო. ეზრას მსგავსად, საჭიროა ჩვენც მოვამზადოთ ჩვენი გულები ღვთის სიტყვის საკითხავად და სასწავლად. ეზრას შესახებ დაწერილია: «[„მოამზადა თავისი გული“, აქ] გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში» (პირველი ეზრა 7:10). შენიშნეთ, რომ ეზრას მიერ გულის მომზადება სამ მიზანს ემსახურებოდა: თვითონ ესწავლა, პირადად გამოეყენებინა ნასწავლი, ხოლო შემდეგ სხვებისთვის ესწავლებინა. ჩვენ უნდა მივბაძოთ მის მაგალითს.
სწავლა თაყვანისცემის ნაწილია
9, 10. ა) როგორ ცხადყო ფსალმუნმომღერალმა, რომ დღენიადაგ ფიქრობდა იეჰოვას სიტყვაზე? ბ) რას ნიშნავს ებრაული ზმნა, რომელიც ითარგმნა როგორც „გულსა ვეტყოდი“? გ) რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ბიბლიის შესწავლას მოვეკიდოთ ისე, როგორც „თაყვანისცემის ნაწილს“?
9 ფსალმუნმომღერლის სიტყვები ცხადყოფს, რომ ის დღენიადაგ იეჰოვას რჯულზე, მცნებებსა და შეხსენებებზე ფიქრობდა. ის მღეროდა: «შენს მცნებებზე ვილაპარაკებ [„მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი“, „მცხეთური ხელნაწერები“] და დავუკვირდები შენს გზებს. ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ. ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნოა ჩემი» (ფსალმუნი 118:15, 48, 97, 99). რას ნიშნავს სიტყვები „გულსა ვეტყოდი“?
10 ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „გულსა ვეტყოდი“ „დაფიქრებას“, „საკითხის გონებაში გატარებასაც“ ნიშნავს. „ეს სიტყვა გამოიყენებოდა ღვთის საქმეებსა. . . და სიტყვაზე გულში ფიქრის შესახებ აზრის გადმოსაცემად“ („ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“). ამ ებრაული ზმნიდან ნაწარმოები არსებითი სახელი მიუთითებს „ფსალმუნმომღერლის დაფიქრებაზე“, ღვთის რჯულის „სიყვარულით სწავლაზე“, როგორც „თაყვანისცემის ნაწილზე“. იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ღვთის სიტყვის შესწავლა ჩვენი თაყვანისცემის ნაწილია, უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ პროცესს. ამიტომ შესწავლა უნდა ჩატარდეს კეთილსინდისიერად და ლოცვის შემდეგ, რაც სარგებლობის მომტანია. სწავლა ჩვენი თაყვანისცემის ნაწილია, ხოლო ვსწავლობთ იმიტომ, რომ გავიუმჯობესოთ თაყვანისცემა.
უფრო ღრმად ჩავწვდეთ ღვთის სიტყვას
11. როგორ უმხელს იეჰოვა თავის ხალხს ღრმა სულიერ აზრებს?
11 ფსალმუნმომღერალი აღტაცებით, მაგრამ ამასთანავე მოკრძალებით ამბობს: „რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები“ (ფსალმუნი 91:6). მოციქული პავლე ლაპარაკობდა ‘ღვთის სიღრმეებზე’ ანუ ღრმა აზრებზე, რომლებსაც იეჰოვა თავის ხალხს „თავისი სულით“ აღძრული ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით უმხელს (1 კორინთელთა 2:10; მათე 24:45). მონის კლასი გულმოდგინედ აწვდის სულიერ საზრდოს ყველას — ახლებს „რძეს“, ხოლო მოწიფულებს — „მაგარ საჭმელს“ (ებრაელთა 5:11—14).
12. მოიყვანეთ „ღვთის სიღრმეების“ გაგების ერთი მაგალითი, რომელიც მონის კლასმა ახსნა.
12 „ღვთის სიღრმეების“ გასაგებად საჭიროა ლოცვა და მერე სწავლა, შემდეგ კი მის სიტყვაზე ფიქრი. მაგალითად, გამოქვეყნდა შესანიშნავი მასალა, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება იეჰოვა ერთდროულად იყოს სამართლიანიც და გულმოწყალეც. გულმოწყალების გამოვლენა სულაც არ ამცირებს მის სამართლიანობას; პირიქით, ღვთის გულმოწყალება მისი სამართლიანობისა და სიყვარულის გამოვლენაა. შემცოდველის გასამართლებისას იეჰოვა პირველ რიგში, როცა ეს შესაძლებელია, თავისი ძის გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, გულმოწყალებას ავლენს. თუ შემცოდველი არ ინანიებს ან მოჯანყე სულისკვეთებას ავლენს, ღმერთი მის მიმართ უმართებულო გულმოწყალებას არ გამოავლენს. ისეც და ასეც, ღმერთი თავისი ამაღლებული პრინციპების ერთგულია * (რომაელთა 3:21—26). ‘ღვთის სიბრძნის რამხელა სიღრმეა!’ (რომაელთა 11:33).
13. როგორ უნდა გამოვავლინოთ მადლიერება გამხელილი ‘რიცხვმრავალი’ სულიერი ჭეშმარიტებებისთვის?
13 ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ჩვენც აღტაცებული ვართ იმ ფაქტით, რომ იეჰოვა თავის მრავალ აზრს გვიზიარებს. დავითი წერდა: „ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი. დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია“ (ფსალმუნი 138:17, 18). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ცოდნა უმნიშვნელოა იმ უამრავ აზრთან შედარებით, რასაც იეჰოვა უსასრულობის განმავლობაში გაგვიმხელს, დიდად მადლიერნი ვართ ‘რიცხვმრავალი’ ძვირფასი სულიერი ჭეშმარიტებებისთვის; ამიტომაც უფრო მეტად და უფრო ღრმად ვიკვლევთ ღვთის სიტყვას (ფსალმუნი 118:160).
საჭიროა ძალისხმევა და ეფექტური საშუალებები
14. როგორ უსვამს ხაზს ღვთის სიტყვის სწავლისას ძალიხმევის საჭიროების აუცილებლობას იგავნის 2:1—6?
14 ბიბლიის ღრმა შესწავლას ძალისხმევა სჭირდება. ეს ფაქტი აშკარა ხდება იგავნის 2:1—6-ის გულმოდგინედ წაკითხვით. შენიშნეთ, რომ ზმნები, რომლებსაც მეფე სოლომონი იყენებს, მოქმედებითი გვარისაა, რაც ხაზს უსვამს ღვთის შემეცნების, ღვთიური სიბრძნისა და გამჭრიახობის შესაძენად ძალისხმევის აუცილებლობას. ის წერდა: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთის შემეცნებას. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება“. დიახ, სარგებლობის მომტანი შესწავლისთვის, ისევე როგორც დამარხული საგანძურის საპოვნელად, კვლევა-ძიება, ჩაღრმავებაა საჭირო.
15. რომელი ბიბლიური თვალსაჩინო მაგალითი უსვამს ხაზს სწავლის მეთოდების მნიშვნელოვნებას?
15 სულიერად გამამდიდრებელი შესწავლისთვის სწავლის კარგი მეთოდებია საჭირო. სოლომონი წერდა: „ცული თუ დაგიჩლუნგდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება“ (ეკლესიასტე 10:10). თუ მუშა ისეთ საჭრელ იარაღებს იყენებს, რომლებიც გალესილი არ არის ან მათ სათანადოდ არ იყენებს, ენერგიას ფუჭად დახარჯავს და შესრულებული სამუშაო უხარისხო იქნება. მსგავსად ამისა, სწავლაში გატარებული დროის ნაყოფიერებაზე შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სწავლის მეთოდებმა. სწავლის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი პრაქტიკული რჩევების პოვნა შესაძლებელია წიგნში „თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელო“ *, გაკვეთილი მე-7 (რუს.).
16. რომელი პრაქტიკული რჩევები დაგვეხმარება შესწავლის დროს ღრმა გამოკვლევის ჩატარებაში?
16 სამუშაოს დაწყებამდე ხელოსანი საჭირო იარაღებს იღებს და გარშემო ილაგებს. მსგავსად ამისა, სწავლის დაწყებამდე საჭიროა პირადი ბიბლიოთეკიდან ავარჩიოთ ის იარაღები, რომლებიც გვჭირდება. რადგან გვახსოვს, რომ სწავლა სერიოზული საქმეა და მას გონების დაძაბვა სჭირდება, კარგი იქნებოდა, საამისოდ პოზაც სათანადო შეგვერჩია. თუ გვსურს, გონების სიფხიზლე შევინარჩუნოთ, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა ჩვეულებრივ ან საწერ მაგიდასთან სკამზე დავმსხდარიყავით, ვიდრე ლოგინზე წამოვწოლილიყავით ან სავარძელში მოვკალათებულიყავით. გარკვეული დროის განმავლობაში გონების კონცენტრირების შემდეგ სასარგებლო იქნებოდა ცოტა ხნით წამოვმდგარიყავით ან გარეთ, სუფთა ჰაერზე გაგვესეირნა.
17, 18. მოიყვანეთ იმის მაგალითები, თუ როგორ შეიძლება თქვენთვის ხელმისაწვდომი შესანიშნავი სასწავლო იარაღების გამოყენება?
17 ჩვენ მრავალი შეუდარებელი იარაღი გვაქვს. მათ შორის საუკეთესოა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც დღესდღეობით მთლიანად ან ნაწილობრივ 37 ენაზეა ხელმისაწვდომი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სტანდარტულ გამოცემაში მოცემულია პარალელური ადგილები და „ბიბლიის წიგნთა სარჩევი“, სადაც მითითებულია, თუ ვინ არის ბიბლიის ამა თუ იმ წიგნის დამწერი, სად დაიწერა ის და რა პერიოდს მოიცავს. მოცემულია აგრეთვე ბიბლიური სიტყვების საძიებელი, დანართი და რუკები. ზოგ ენაზე ამ ბიბლიის უფრო დიდი გამოცემებია დაბეჭდილი; ეს ბიბლიები ცნობილია სახელწოდებით „ბიბლია სქოლიოებით“; იქ მოცემულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურება და კიდევ სხვა ბევრი რამ, მათ შორის ვრცელი სქოლიოები, რომლებიც აგრეთვე შეტანილია საძიებელში. მაქსიმალურად სარგებლობთ თუ არა ყოველივე იმით, რაც თქვენს ენაზეა ხელმისაწვდომი, რათა უფრო ღრმად ჩასწვდეთ ღვთის სიტყვას?
18 სხვა ფასდაუდებელი სასწავლო იარაღია ბიბლიური ენციკლოპედიის ორტომეული (Insight on the Scriptures). თუ გაქვთ ეს სახელმძღვანელო თქვენთვის გასაგებ ენაზე, მაშინ ის თქვენი შესწავლების მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. მასში
იპოვით ბიბლიურ თემათა უმეტესობის შესახებ დიდ ინფორმაციას. მსგავსი დამხმარე სახელმძღვანელოა „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“. ბიბლიის რომელიმე ახალი თავის წაკითხვამდე კარგი იქნებოდა ამ სახელმძღვანელოდან შესაბამის თემას გავცნობოდით; გაგვეგო გეოგრაფიული და ისტორიული ფონი, ბიბლიის ამ წიგნის შინაარსი და მისი ღირებულება ჩვენთვის. არც ისე დიდი ხნის წინათ შემომატებული დამხმარე იარაღია კომპიუტერიზებული „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“, რომელიც დღესდღეობით 9 ენაზეა ხელმისაწვდომი.19. ა) რატომ უზრუნველგვყოფს იეჰოვა ბიბლიის შესასწავლად საჭირო შესანიშნავი იარაღებით? ბ) რა არის საჭირო ბიბლიის მართებულად წასაკითხად და შესასწავლად?
19 იეჰოვა ყველა ამ იარაღით „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით უზრუნველგვყოფს, რათა დედამიწაზე მისმა ერთგულმა მსახურებმა ‘ღვთის შემეცნება მოიპოვონ’ (იგავნი 2:4, 5). სწავლის კარგი ჩვევები საშუალებას მოგვცემს, უკეთესად გავიცნოთ იეჰოვა და ახლო ურთიერთობა გვქონდეს მასთან (ფსალმუნი 62:2—9). დიახ, სასწავლო იარაღებით მუშაობაა საჭირო, მაგრამ ეს არის სამუშაო, რომელიც სასიამოვნო და სასარგებლოა. ამ საქმის შესრულებას დრო სჭირდება და, ალბათ, გიფიქრიათ: „სად გამოვნახო იმის დრო, რომ ბიბლიის კითხვასა და პირად შესწავლას სათანადო დრო დავუთმო?“ ეს საკითხი ამ სერიის ბოლო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 „ძველი აღთქმის ღვთისმეტყველებისა და ბიბლიური ტექსტების ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“, ტომი მე-4, გვერდები 205—207.
^ აბზ. 12 იხილეთ 1998 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13, აბზაცი 7. ბიბლიის სწავლის გეგმაში შეიძლება ჩართოთ და განიხილოთ როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული აღნიშნული სასწავლო სტატიები, ისე სტატიები „სამართალზე“, „გულმოწყალებასა“ და „სამართლიანობაზე“ ბიბლიური ცნობარიდან (Insight on the Scriptures), რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ (ინგლ.).
^ აბზ. 15 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ. თუ ეს სახელმძღვანელო თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი არ არის, სწავლის მეთოდების შესახებ რჩევების პოვნა შეგიძლიათ შემდეგ პუბლიკაციებში: br4, გვ. 9—12; 1986 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19—20 (ინგლ.).
გასამეორებელი კითხვები
• როგორ შეგვიძლია პირადი შესწავლა გამომაცოცხლებელი და სასარგებლო გავხადოთ?
• ფსალმუნმომღერლის მსგავსად, როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ, რომ იეჰოვას სიტყვის გამო ‘ვხარობთ’ და ‘გულს ვიდეთ’ მისი სიტყვა?
• როგორ ცხადყოფს იგავნის 2:1—6, რომ ღვთის სიტყვის შესასწავლად ძალისხმევაა საჭირო?
• რა შესანიშნავი სასწავლო იარაღებით უზრუნველგვყოფს იეჰოვა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 14 გვერდზე]
აუჩქარებლად ფიქრი და ლოცვა ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განვითარებაში დაგვეხმარება.
[სურათები 17 გვერდზე]
მაქსიმალურად იყენებთ თქვენთვის ხელმისაწვდომ დამხმარე იარაღებს, რათა ღრმად ჩასწვდეთ ღვთის სიტყვას?