„ერთიანობის მაგალითი“
„ერთიანობის მაგალითი“
ასეთი იყო ინდაიატუბში (სან-პაულუ, ბრაზილია) გამომავალი გაზეთის მოწინავე სტატიის სათაური. ვინ გვაძლევს ამ მაგალითს? «იეჰოვას მოწმეები, რომლებიც აშენებენ ახალ „სამეფო დარბაზს“, როგორც თავიანთ ეკლესიასა და აუდიტორიას, თანამშრომლობის პრაქტიკულ და კონკრეტულ მაგალითს გვაძლევენ, რის უგულებელყოფაც შეუძლებელია», — წერს ამ სტატიის ავტორი.
იეჰოვას მოწმეთა ერთიანობა აშკარაა ასეთ შემთხვევებში. ამიტომაც ამ სტატიაში აღნიშნულია: „ამაღელვებელია ამ მოხალისე მამაკაცების, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის თვალყურის დევნება. ისინი ერთად ხალისიანად აგებენ შენობას, რომელშიც ღვთისადმი თაყვანისცემისთვის შეიკრიბებიან“.
იეჰოვას მოწმეები სხვა მხრივაც სამაგალითონი არიან. „გარდა იმისა, რომ სწავლობენ და ლოცულობენ, მათი მიზანია, გამოჯანმრთელებაში დაეხმარონ ალკოჰოლიკებსა და ნარკომანებს, და დაანახვონ ხალხს ერთიანობისა და სიყვარულის გზა“, — ნათქვამია სტატიაში. როგორ აღწევენ ისინი ამას? მოწმეებმა იციან, რომ ბიბლიის სწავლა და მასში მოცემული რჩევა-დარიგების გამოყენება ადამიანს მანკიერებათაგან თავის დახსნაში ეხმარება. ამიტომაც ცდილობენ, სხვებსაც ის ასწავლონ, რაც თვითონ ისწავლეს ბიბლიიდან. სტატიაში ასეთი დასკვნაა: „მათ მაგალითს მართლაც დაუყოვნებლივ უნდა მივბაძოთ“.
იეჰოვას მოწმეთა კრებებზე, სადაც ფულის არანაირი აკრეფა არ ხდება, ყველას თავისუფლად შეუძლია დასწრება. გულითადად გიწვევთ თქვენს მახლობლად მდებარე სამეფო დარბაზში.