არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა დაიჯერო ეს?

უნდა დაიჯერო ეს?

უნდა დაიჯერო ეს?

თორმეტი წლის მოსწავლე ცდილობდა, მიმხვდარიყო ალგებრის ძირითად პრინციპებს. მასწავლებელმა კლასს, ერთი შეხედვით, ზუსტად გაანგარიშებული ალგებრული განტოლება დაუწერა.

„ვთქვათ, x=y და თითოეული 1-ის ტოლია“, — თქვა მან.

„ჯერ ყველაფერი გასაგებია“, — ფიქრობდა მოსწავლე.

ოთხ მწკრივზე დაწერილი თითქოსდა ლოგიკური გამოთვლის შემდეგ მასწავლებელმა გასაოცარი შედეგი მიიღო „მაშასადამე 2=1!“.

„დამიმტკიცეთ, რომ არასწორია“, — დაავალა მან გაოგნებულ მოსწავლეებს.

ალგებრაში თავისი არასაკმარისი ცოდნის გამო მოსწავლემ ვერ გაიგო, სად იყო შეცდომა. გამოთვლის ყოველი ნაბიჯი სავსებით ლოგიკური ჩანდა. უნდა დაეჯერებინა მას ეს უცნაური დასკვნა? ბოლოს და ბოლოს, მისმა მასწავლებელმა მათემატიკაში ხომ მასზე მეტი იცოდა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაეჯერებინა! „რა საჭიროა იმის დამტკიცება, რომ არასწორია“, — ფიქრობდა ის თავისთვის. „საღი აზრი მკარნახობს, რომ ეს უაზრობაა“ (იგავნი 14:15, 18). მან იცოდა, რომ არც მისი მასწავლებელი და არც რომელიმე მისი თანაკლასელი ორ დოლარს ერთში არ გაცვლიდა!

დროთა განმავლობაში მოსწავლემ იპოვა შეცდომა გამოთვლაში. ეს შემთხვევა კი მისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. მაშინაც კი, თუ ვინმე უფრო მეტი ცოდნით წარმოადგენს გულდასმით შედგენილ და, ერთი შეხედვით, გაუბათილებელ არგუმენტებს, მსმენელმა არ უნდა დაიჯეროს უაზრო დასკვნა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მცდარობის დამტკიცება იმ მომენტში არ შეუძლია. სინამდვილეში მოსწავლე მიჰყვებოდა ბიბლიის ძალიან პრაქტიკულ პრინციპს, რომელიც მოცემულია 1-ლი იოანეს 4:1-ში — მაშინვე ნუ დაიჯერებ ყველაფერს, რაც გესმის, თუნდაც, ერთი შეხედვით, ავტორიტეტული წყაროდან მომდინარეობდეს.

ეს არ ნიშნავს, რომ ჯიუტად უნდა ჩაეჭიდო წინასწარაკვიატებულ აზრს. არასწორი იქნებოდა გონების კარი დაგვეხშო ინფორმაციისთვის, რომელსაც მცდარი შეხედულებების შესწორება შეეძლო. მაგრამ არც „მალე არ შეიძრას თქვენი გონება“ ისეთი ადამიანის ზეგავლენით, რომელიც თავს დიდი ცოდნის მქონედ და უფლებამოსილად წარმოადგენს (2 თესალონიკელთა 2:2). მასწავლებელმა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ოინი უყო მოსწავლეებს. თუმცა ზოგჯერ ყველაფერი არც ისე უწყინარია. ადამიანები შეიძლება უაღრესად ‘მზაკვრულ ხელოვნებას’ ფლობდნენ (ეფესელთა 4:14; 2 ტიმოთე 2:14, 23, 24).

ყოველთვის მართალნი არიან სპეციალისტები?

როგორი მცოდნენიც უნდა იყვნენ ისინი, ნებისმიერი დარგის სპეციალისტებს ურთიერთსაწინააღმდეგო იდეები და ცვალებადი შეხედულებები აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ გამუდმებული დებატები მედიცინაში, დაავადების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. „მეცნიერთა შორის გაცხარებულ კამათს იწვევს ის, თუ რას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების განვითარებაში: მემკვიდრეობითობას თუ გარემო ფაქტორებს“, — წერს ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა პროფესორი. მათ, რომლებსაც დეტერმინისტთა ჯგუფის წევრები ეწოდებათ, მტკიცედ სჯერათ, რომ ჩვენი გენები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სხვადასხვა დაავადებისადმი ჩვენს მიდრეკილებაში. ამისდა მიუხედავად, სხვები ამტკიცებენ, რომ გარემო პირობები და ცხოვრების წესი მთავარი ფაქტორებია ადამიანის პათოლოგიაში. თავიანთი მტკიცებების საფუძვლად ორივე მხარეს დაუყოვნებლივ მოჰყავს გამოკვლევების შედეგები და სტატისტიკური მონაცემები. მიუხედავად ამისა, კამათი კვლავ გრძელდება.

კვლავ და კვლავ მტკიცდება, რომ ყველაზე ცნობილი მოაზროვნეებიც კი ცდებოდნენ, თუმცა რასაც ისინი ასწავლიდნენ, იმ დროს უდავო ჩანდა. ფილოსოფოსმა ბერტრან რასელმა არისტოტელეს „ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი“ უწოდა. თუმცა ისიც მიუთითა, რომ არისტოტელეს მრავალი დოქტრინა „სავსებით მცდარია“. მან დაწერა: „თანამედროვე დროის თითქმის ყოველი წინსვლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ლოგიკასა თუ ფილოსოფიაში არისტოტელეს მოწაფეებისგან წინააღმდეგობას შეხვდებოდა“.

‘ეგრეთ წოდებული მოძღვრება’

შესაძლებელია ადრეული ქრისტიანები ხვდებოდნენ გამოჩენილი ბერძენი ფილოსოფოსების სოკრატეს, პლატონისა და არისტოტელეს მოწაფეებს. განათლებული ადამიანები თვლიდნენ, რომ ინტელექტუალურად ქრისტიანთა უმეტესობაზე მაღლა იდგნენ. იესოს მოწაფეებიდან მრავალი არ იყო „ხორციელად ბრძენი“ (1 კორინთელთა 1:26). სინამდვილეში, ისინი, ვინც იმ დროის ფილოსოფიას სწავლობდა, ფიქრობდნენ, რომ ქრისტიანების რწმენა ‘უგუნურება’ იყო (1 კორინთელთა 1:23).

ადრეულ ქრისტიანებს შორის რომ ყოფილიყავი, მოახდენდა თუ არა შენზე ზეგავლენას იმ დროის ინტელექტუალური ელიტის დამაჯერებელი არგუმენტები ან მოწიწების მომგვრელი შიში დაგეუფლებოდა მათი სიბრძნის მიმართ? (კოლასელთა 2:4). პავლეს სიტყვების თანახმად, ამის მიზეზი არ არსებობდა. მან ქრისტიანებს შეახსენა, რომ იეჰოვა „ბრძენთა სიბრძნეს“ და „გონიერთა გონიერებას“ უგუნურებად მიიჩნევს (1 კორინთელთა 1:19). ის სვამს კითხვას: „რით ცხადყოფენ დღევანდელი ფილოსოფოსები, მწერლები და კრიტიკოსები თავიანთ სიბრძნეს?“ (1 კორ. 1:20, „ფილიპსის თარგმანი“). თავიანთი ბრწყინვალე ინტელექტუალობის მიუხედვად, პავლეს დროს მცხოვრები ფილოსოფოსები, მწერლები და კრიტიკოსები კაცობრიობას პრობლემებიდან რეალურ გამოსავალს ვერ სთავაზობდნენ.

ამგვარად, ქრისტიანებმა ისწავლეს, მორიდებოდნენ იმას, რასაც პავლე მოციქულმა ‘ეგრეთ წოდებული მოძღვრების უკუღმართი დებულებები’ უწოდა (1 ტიმოთე 6:20). მიზეზი, თუ რატომ უწოდა პავლემ ასეთ ცოდნას ‘ეგრეთ წოდებული’, ის იყო, რომ მას აკლდა გადამწყვეტი ფაქტორი, ღვთისგან მომდინარე ინფორმაციის წყარო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი შემოწმება (იობი 28:12; იგავნი 1:7). რადგან არ გააჩნდათ ეს ფაქტორი, და ამავე დროს დაბრმავებულები იყვნენ მთავარი მატყუარას, სატანის მიერ, ისინი, ვინც ასეთ ცოდნას ებღაუჭებოდნენ, ვერასოდეს შეძლებდნენ ჭეშმარიტების შეცნობას (1 კორინთელთა 2:6—8, 14; 3:18—20; 2 კორინთელთა 4:4; 11:14; გამოცხადება 12:9).

ბიბლია — ღვთივსულიერი სახელმძღვანელო

ადრეულ ქრისტიანებს ეჭვი არასოდეს ეპარებოდათ იმაში, რომ ღმერთმა თავისი ნება, განზრახვა და პრინციპები საღვთო წერილში გააცხადა (2 ტიმოთე 3:16, 17). ეს მათ იმისგან იცავდა, რომ არავის ‘გაეტაცებინა ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემის მიხედვით’ (კოლასელთა 2:8). მდგომარეობა დღესაც იგივეა. ადამიანთა ჩახლართული და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებისგან განსხვავებით, ღვთივსულიერი სიტყვა ჩვენი რწმენის მტკიცე საფუძველია (იოანე 17:17; 1 თესალონიკელთა 2:13: 2 პეტრე 1:21). ამის გარეშე ჩვენ აუტანელ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რადგან ვეცდებოდით მყარი რამის აგებას ქვიშაზე ანუ ადამიანთა თეორიებსა და ფილოსოფიებზე (მათე 7:24—27).

„მაგრამ“, — შეიძლება თქვას ვინმემ, — განა მეცნიერული ფაქტები არ გვიჩვენებს, რომ ბიბლია მცდარია; მაშასადამე, სულაც არ ყოფილა ადამიანთა ცვალებად ფილოსოფიებზე უფრო საიმედო?“. მაგალითად, ბერნარდ რასელმა განაცხადა, რომ „კოპერნიკს, კეპლერსა და გალილეოს წინააღმდეგობის გაწევა უწევდათ არისტოტელესთვის, ისევე როგორც ბიბლიის თვალსაზრისისთვის, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არ იყო სამყაროს ცენტრი“ (კურსივი ჩვენია). განა, მაგალითად, კრეაციონისტები დღეს იმას არ ამტკიცებენ, რომ ბიბლიის სწავლების მიხედვით დედამიწა ექვსი ოცდაოთხსაათიანი დღის განმავლობაში შეიქმნა, მაშინ როცა ფაქტები ადასტურებს, რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა?

სინამდვილეში, ბიბლია არ ამბობს, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია. ამას ასწავლიდნენ ეკლესიის წინამძღოლები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ღვთის სიტყვას. შემოქმედების შესახებ „დაბადებაში“ მოცემული ცნობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დედამიწა მილიარდობით წლისაა და მასში შემოქმედების თითოეული დღე 24 საათით არ შემოიფარგლება (დაბადება 1:1, 5, 8, 13, 19, 23, 31; 2: 3, 4). ბიბლიის გულდასმით შემოწმება ცხადყოფს, რომ, თუმცა ის მეცნიერული სახელმძღვანელო არაა, ნამდვილად არ არის ‘უგუნურება’. სინამდვილეში, ის სრულიად ეთანხმება მეცნიერებას. *

‘გონიერება’

თუმცა იესოს მრავალი მოწაფე უბრალო წარმოშობისა და, შესაძლოა, არასრული განათლების მქონე იყო, ღვთისგან მადლი ჰქონდათ ბოძებული. მათი წარსულის მიუხედვად, ყველა დაჯილდოებული იყო მსჯელობისა და აზროვნების უნარით. მოციქული პავლე ამხნევებდა თანაქრისტიანებს, სრულად გამოეყენებინათ ‘გონიერება’, რათა შეეცნოთ „რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:1, 2).

ღვთისგან ბოძებული ‘გონიერებით’ ადრინდელი ქრისტიანები ნათლად ხედავდნენ, რომ ნებისმიერი ფილოსოფია ან სწავლება, რომელიც არ შეესაბამებოდა ღვთის სიტყვას, უსარგებლო იყო. ზოგ შემთხვევაში მათი თანამედროვე ბრძენი ადამიანები ‘აბრკოლებდნენ ჭეშმარიტებას’ და უარყოფდნენ ღვთის არსებობას. „თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ“, — წერდა მოციქული პავლე. რადგანაც ისინი უარყოფდნენ ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ და მის განზრახვებს, „ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული“ (რომაელთა 1:18—22; იერემია 8:8, 9).

ისინი, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია, ხშირად ისეთ დასკვნებამდე მიდიან, რომ „ღმერთი არ არსებობს“ ან „ბიბლია არ იმსახურებს ნდობას“ ან „ეს ‘უკანასკნელი დღეები’ არ არის“. მსგავსი აზრები ღვთის თვალში ისეთივე უგუნურებაა, როგორც იმის დასკვნა, რომ „2=1“ (1 კორინთელთა 3:19). როგორ ავტორიტეტულადაც უნდა თვლიდნენ ადამიანები თავს, არ უნდა დაეთანხმო მათ დასკვნებს, თუ ღვთის თვალსაზრისის საწინააღმდეგოა, უარყოფს მის სიტყვას და საღი აზრისგან შორს დგას. მაშასადამე, ყოველთვის ბრძნულია ის, რომ „ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი — ცრუ“ (რომაელთა 3:4).

[სქოლიო]

^ აბზ. 20 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული წიგნები „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.) და „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“

[სურათები 31 გვერდზე]

ადამიანთა არამყარი შეხედულებებისგან განსხვავებით, ბიბლია მტკიცე საფუძველს გვაძლევს რწმენისთვის.

[საავტორო უფლება]

Left, Epicurus: Photograph taken by courtesy of the British Museum; upper middle, Plato: National Archaeological Museum, Athens, Greece; right, Socrates: Roma, Musei Capitolini