არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ემსახურებით ღმერთს?

რატომ ემსახურებით ღმერთს?

რატომ ემსახურებით ღმერთს?

ღვთისმოშიშმა მეფემ ერთხელ თავისი ძე დაარიგა: „იცოდე მამაშენის ღმერთი [და] წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. . . ემსახურე“ (პირველი ნეშტთა 28:9). ცხადია, იეჰოვას სურს, რომ თავისი მსახურები სიხარულითა და მადლიერებით ემსახურებოდნენ.

როგორც იეჰოვას მოწმეები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ, როდესაც ბიბლიის დაპირებები პირველად აგვიხსნეს, გული მადლიერების გრძნობით აგვევსო. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდით ღვთის განზრახვების შესახებ. რაც უფრო მეტს ვიგებდით იეჰოვას შესახებ, მით უფრო გვინმტკიცდებოდა სურვილი „წრფელი გულითა და ხალისიანი სულით“ გვემსახურა მისთვის.

მრავალი, ვინც იეჰოვას მოწმე ხდება, მთელი ცხოვრების განმავლობაში უსაზღვრო სიხარულით ემსახურება მას. ზოგი ქრისტიანი კი კარგად იწყებს მსახურებას, მაგრამ დროთა განმავლობაში თვალთახედვის არედან ეკარგება ის აღმაფრთოვანებელი მიზეზები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ღვთისთვის მსახურებისკენ გვიბიძგებს. თქვენც ხომ არა ხართ მსგავს მდგომარეობაში? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. დაკარგული სიხარულის აღდგენა შესაძლებელია. როგორ?

დაფიქრდით ღვთისგან მიღებულ კურთხევებზე

პირველ რიგში, იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იღებთ ღვთისგან. იფიქრეთ იეჰოვას მიერ ბოძებულ საჩუქრებზე: მისი შემოქმედების მრავალგვარ ნაყოფებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის; აგრეთვე ღვთის მიერ მოცემულ ბუნებრივ საკვებსა და სასმელზე; ჯანმრთელობაზე, რომელიც თქვენ გაქვთ, ბიბლიურ შემეცნებასა და, რაც უმთავრესია, ღვთის ძღვენზე, მის ძეზე. მისმა სიკვდილმა თქვენ ღვთისთვის სუფთა სინდისით მსახურებისკენ გზა გაგიკაფათ (იოანე 3:16; იაკობი 1:17). რაც უფრო მეტს იფიქრებთ ღვთის მიერ გამოვლენილ სიკეთეზე, მით უფრო გაიზრდება თქვენი მადლიერება. მაშინ ღვთის მიერ გამოვლენილი ყველა სიკეთისთვის მადლიერებით აღსავსე გული მისთვის მსახურებისკენ აღგძრავთ. ეჭვგარეშეა, თქვენ ისევ იგრძნობთ თავს როგორც ფსალმუნმომღერალი: „ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ — ვინ შეგედრება შენ! . . მრავალია და ძნელია სათქმელად“ (ფსალმუნი 39:6).

ეს ფსალმუნი დავითმა დაწერა, მამაკაცმა, ვისი ცხოვრებაც უღრუბლო არ ყოფილა. ახალგაზრდობისას დავითი დიდი ხნის განმავლობაში გაურბოდა ბოროტ მეფე საულსა და მის ხალხს, რომლებსაც მისი მოკვლა სურდათ (პირველი მეფეთა 23:7, 8, 19—23). გარდა ამისა დავითი პირად სისუსტეებსაც ებრძოდა. მეფე ამას 39-ე ფსალმუნში აღიარებს: „გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა“ (ფსალმუნი 39:13). დიახ, დავითს განსაცდელები არ აკლდა, მაგრამ გაჭირვებამ მას ვერ სძლია. პრობლემების მიუხედავად, მეფე ყურადღებას ამახვილებდა იეჰოვას კურთხევებზე და ხედავდა, რომ ეს კურთხევები თავის უბედურებას ბევრად აღემატებოდა.

როდესაც გრძნობთ, რომ პირადმა პრობლემებმა გშთანთქათ ან არასრულფასოვნების გრძნობა გაწუხებთ, კარგი იქნებოდა დავითივით დაფიქრებულიყავით თქვენს კურთხევებზე. რასაკვირველია, ასეთი კურთხევების გამო მადლიერებამ აღგძრათ, თავი მიგეძღვნათ იეჰოვასთვის; მსგავსი აზრები დაკარგული სიხარულის დაბრუნებასა და ღვთისთვის მადლიერებით აღსავსე გულით მსახურებაშიც დაგეხმარებათ.

კრების შეხვედრები დამხმარეა

იეჰოვას სიკეთეზე დაფიქრების გარდა, ჩვენთვის თანაქრისტიანებთან ურთიერთობაა აუცილებელი. გამამხნევებელია რეგულარულად ისეთ მამაკაცებთან, ქალებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომლებსაც უყვართ ღმერთი და მისთვის მსახურება აქვთ გადაწყვეტილი. მათმა მაგალითმა შეიძლება იეჰოვასთვის მთელი გულით მსახურებისკენ აღგვძრას. სამეფო დარბაზში ჩვენი ყოფნა კი, შესაძლებელია, სხვებისთვის გამამხნევებელი იყოს.

ცხადია, როდესაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში ვბრუნდებით ან როდესაც რაიმე პრობლემის ან სისუსტის გამო გულგატეხილები ვართ, შეიძლება არც ისე ადვილი იყოს სამეფო დარბაზში შეხვედრაზე დასწრების შესახებ ფიქრი. ასეთ დროს შეიძლება ნებისყოფის გამოვლენა, ასე ვთქვათ, ‘ჩვენი სხეულის დათრგუნვა’ დაგვჭირდეს, რათა შევასრულოთ მითითება, რომელიც თანაქრისტიანებთან ერთად შეკრებას ეხება (1 კორინთელთა 9:26, 27; ებრაელთა 10:23—25).

თუ ამის კეთება გვიწევს, უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ არ გვიყვარს იეჰოვა? სრულებითაც არა. წარსული დროის მოწიფულ ქრისტიანებს, რომლებსაც, უდავოდ, უყვარდათ ღმერთი, უნდა ეღვაწათ ღვთის ნების შესასრულებლად (ლუკა 13:24). მოციქული პავლე ერთი ასეთი ქრისტიანთაგანი იყო. ის გულახდილად ამბობდა თავისი გრძნობების შესახებ: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება — არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“ (რომაელთა 7:18, 19). მან კორინთელ ქრისტიანებს უთხრა: „რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა. . . თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნებით არა, მონდობილი მაქვს განგებულება“ (1 კორინთელთა 9:16, 17).

მრავალი ჩვენგანივით, პავლესაც ჰქონდა ცოდვილი მიდრეკილებები, რომლებიც სწორად მოქმედებაში უშლიდა ხელს. მაგრამ ის ამ მიდრეკილებების წინააღმდეგ მძიმე ბრძოლას ეწეოდა და უმეტესწილად იმარჯვებდა კიდეც. რა თქმა უნდა, პავლეს წარმატებისთვის საკუთარი ძალებით არ მიუღწევია. ის წერდა: „ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის მიერ“ (ფილიპელთა 4:13, აფ). იეჰოვამ მისცა ძალა პავლეს და, თუ თხოვთ, თქვენც მოგცემთ ძალას, რათა აკეთოთ ის, რაც სწორია (ფილიპელთა 4:6, 7). ასე რომ, ‘იღვაწეთ რწმენისათვის’ და იეჰოვა გაკურთხებთ (იუდა 3).

ამ ბრძოლაში, რომელშიც რწმენისთვის ვიღწვით, მარტონი არა ვართ. იეჰოვას მოწმეთა კრებაში მოწიფული ქრისტიანი უხუცესები, რომლებიც თავადაც თავდაუზოგავად ‘იღწვიან რწმენისათვის’, მზად არიან დასახმარებლად. თუ უხუცესთან დახმარების სათხოვნელად მიხვალთ, ის ეცდება, ‘განუგეშოთ’ (1 თესალონიკელთა 5:14). მისი მიზანი იქნება, იყოს „როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში“ (ესაია 32:2).

„ღმერთი სიყვარულია“ და სურს, რომ თავისი მსახურები სიყვარულით ემსახურებოდნენ (1 იოანე 4:8). თუ ღვთისადმი თქვენს სიყვარულს გაღვივება სჭირდება, გადადგით ზემოთ მოხსენიებული სათანადო ნაბიჯები. თქვენ ნასიამოვნები დარჩებით თქვენი მოქმედებით.