„შედევრი“
იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი
„შედევრი“
თავიანთი თანამედროვე ისტორიის დასაწყისიდან მოყოლებული, იეჰოვას მოწმეებს ძალიან აინტერესებდათ იესო ქრისტეს ერთი წინასწარმეტყველება: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). რადგან 1914 წელი — „უკანასკნელი დღეების“ დასაწყისი — ახლოვდებოდა, ბიბლიის გულწრფელმა მკვლევარებმა მტკიცე დარწმუნებით დაიწყეს საღვთო წერილზე დაფუძნებული მსოფლიო უპრეცედენტო საგანმანათლებლო კამპანია (2 ტიმოთე 3:1).
მთელ მსოფლიოში კეთილი ცნობის გასავრცელებლად, იეჰოვას ამ მსახურებმა ახალი, ძლიერი და ცოცხალი მეთოდი გამოიყენეს. მეტი ინფორმაციისთვის მოდი წარსული გავიხსენოთ.
კეთილი ცნობის გავრცელების ახალი საშუალება
1914 წლის იანვარია. წარმოიდგინეთ, რომ 5 000 ადამიანს შორის ზიხარ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ჩაბნელებულ დარბაზში. შენ წინ დიდი კინოსაპროექციო ეკრანია. ეკრანზე თეთრთმიანი, სერთუკში გამოწყობილი, მამაკაცი გამოჩნდა. ფილმი უხმოა, მაგრამ ეს მამაკაცი ლაპარაკობს და გესმის. შენ ტექნიკური მიღწევის პრემიერაზე ხარ და ცნობა, რომელსაც ისმენ, უნიკალურია. ეს მამაკაცი ჩარლზ ტეიზ რასელი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტია, ეს ფილმი კი „შემოქმედების ფოტოდრამაა“.
რასელს ესმოდა, თუ რაოდენ დაეხმარებოდა ხალხს კინოფილმები. ამიტომ 1912 წელს „შემოქმედების ფოტოდრამის“ მომზადება დაიწყო. საბოლოოდ, მან რვასაათიანი ხანგრძლივობის სლაიდებისა და კინოფირებისგან შემდგარი ფერადი და ხმოვანი პროდუქციის სახე მიიიღო.
ოთხი ნაწილისგან შემდგარ ფოტოდრამას, შემოქმედებიდან მოყოლებული, კაცობრიობის მთელი ისტორიის ფეხდაფეხ მიჰყავს მაყურებელი და ბოლოს, თვალწინ უშლის დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებით იეჰოვა ღმერთის განზრახვის კულმინაციას — ქრისტეს ათასწლიანი მმართველობას. წლები გავიდოდა ვიდრე ასეთი ტექნოლოგია დაინერგებოდა კომერციის მიზნით. მაგრამ მილიონებმა უფასოდ ნახეს „შემოქმედების ფოტოდრამა“.
რჩეული მუსიკალური ჩანაწერები და 96 ფონოგრამა მომზადდა ამ „ფოტოდრამისთვის“. გაკეთდა სპეციალური სლაიდები, რომლებიც მექანიზმის საშუალებით ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ. მათზე ასახული მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს ისტორიას ასურათებდნენ. აგრეთვე საჭირო გახდა ასობით ახალი სურათისა და ესკიზის დახატვა. ზოგიერთი ფერადი სლაიდი და კადრი ხელით შესრულდა. და დროთა განმავლობაში, როდესაც ეს რამდენჯერმე გაკეთდა „ფოტოდრამის“ 20 ოთხ-ოთხი ნაწილისგან
შემდგარი ეგზემპლარი მზად იყო. ამან შესაძლებელი გახადა ნებისმიერ დღეს „ფოტოდრამის“ ნაწილების ერთდროული ჩვენება 80 სხვადასხვა ქალაქში!კულისებს მიღმა
რა ხდებოდა ამ „ფოტოდრამის“ ჩვენებისას კულისებს მიღმა? „დრამის დაწყებისას ეკრანზე ძმა რასელი გამოჩნდა, — თქვა ბიბლიის მკვლევარმა ალექს ჰოფმენმა, — როგორც კი ის გამოჩნდებოდა ეკრანზე და ტუჩებს აამოძრავებდა, ფონოგრამას რთავდნენ. . . და ჩვენ მის ხმას ვისმენდით“.
აჩქარებული კადრების ეფექტის შესახებ ზოლა ჰოფმენმა გაიხსენა: „მე გაოცებისგან თვალებგაფართოებული ვიჯექი და ვუყურებდი შემოქმედების დღეების კადრებს. შროშანები ჩვენს თვალწინ ნელნელა იფურჩქნებოდა“.
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მუსიკაზე შეყვარებული კარლ კლაინი დასძენს: «ამ კადრების ჩვენებას თან ახლდა მუსიკალური შედევრები, როგორიცაა „ნარცისი“ და იუმორესკა».
არსებობს სხვა დაუვიწყარი შემთხვევებიც. «ზოგჯერ სასაცილო ინციდენტებიც ხდებოდა, — იხსენებს კლეიტონ ვუდვორთ უმცროსი. — ერთხელ, როდესაც ფონოგრამა მუსიკალურ ნაწარმოებს „ფრინველებივით გაფრინდით მთებში“ უკრავდა, ეკრანზე წარღვნამდელი უზარმაზარი ცხოველი გამოჩნდა!»
გარდა „შემოქმედების ფოტოდრამისა“ მალე დამზადდა „ევრიკადრამის“ ეგზემპლარები. ერთ-ერთი მათგანი ლექციების ფონოგრამასა და მუსიკალურ ჩანაწერებზე იყო აგებული. მეორე შედგებოდა როგორც ჩანაწერებისგან, ისე სლაიდებისგან. თუმცა „ევრიკადრამაში“ მოძრავი კადრები არ იყო, ნაკლებად დასახლებულ მხარეებში ძალიან დიდი წარმატება ხვდა მის ჩვენებას.
მძლავრი სამქადაგებლო იარაღი
1914 წლის მიწურულისთვის „შემოქმედების ფოტოდრამა“ ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში 9 000 000 ადამიანს ჰქონდა ნანახი. თუმცა ბიბლიის მკვლევარები რიცხობრივად ცოტანი იყვნენ, არ ყოყმანობდნენ კეთილი ცნობის ამ ახალი საშუალებით გავრცელებაზე. ისინი სიამოვნებით სწირავდნენ თანხას, რათა შესაფერისი ადგილები დაექირავებინათ „ფოტოდრამის“ საჩვენებლად. „შემოქმედების ფოტოდრამამ“ დიდი როლი შეასრულა მაყურებლისთვის ღვთის სიტყვისა და განზრახვების გაცნობაში.
რასელს ერთმა ახალგაზრდამ მისწერა: „თქვენი დრამის პირველად ყურება ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო, ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი ბიბლიური შემეცნების მიღებაში“. ერთმა მანდილოსანმა კი თქვა: «ლამის რწმენა დავკარგე ღვთისადმი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ „შემოქმედების ფოტოდრამამ“, რომელიც გასულ წელს გვაჩვენეს, გადამარჩინა. . . ახლა ის სიმშვიდე მაქვს, რომელსაც წუთისოფელი ვერ მომანიჭებდა და რომელსაც არანაირ სიმდიდრეზე არ გავცვლიდი».
მთავარ სამმართველოში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე დემეტრიუს პაპაჯორჯმა აღნიშნა: «თუ გავითვალისწინებთ ბიბლიის მკვლევართა მცირერიცხოვან ჯგუფსა და ჩვენს განკარგულებაში არსებული თანხების სიმცირეს, „ფოტოდრამა“ შედევრი იყო. ის მართლაც იეჰოვას სულიწმიდის ხელმძღვანელობით გაკეთდა!»
[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
„ევრიკადრამა“
„ფოტოდრამის“ პრემიერიდან რვა თვის შემდეგ საზოგადოებამ მისი ახალი ვერსიის, სახელწოდებით „ევრიკადრამა“, მომზადების საჭიროება დაინახა. თუ დიდ ქალაქებში მთლიანი „ფოტოდრამის“ ჩვენებას განაგრძობდნენ, „ევრიკას“, რომელიც იმავე ძირითად ცნობას გადმოსცემდა, სოფლებში აჩვენებდნენ. „ევრიკადრამის“ ერთ-ერთ ვარიანტს მოიხსენიებდნენ საშუალებად, რომელიც „დებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას“ აძლევდა საქადაგებლად. რატომ? იმიტომ რომ მისი ფონოგრამების ყუთი მხოლოდ 14 კილოგრამს იწონიდა. რა თქმა უნდა, დრამა რომ ეჩვენებინათ, ფონოგრაფიც თან უნდა ეტარებინათ.