არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშიშროებებით აღსავსე წუთისოფელში უსაფრთხოების პოვნა

საშიშროებებით აღსავსე წუთისოფელში უსაფრთხოების პოვნა

საშიშროებებით აღსავსე წუთისოფელში უსაფრთხოების პოვნა

დანაღმულ ველზე გავლა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. მაგრამ განა სულ სხვაგვარად არ იქნებოდა საქმე, თუ თან გექნებოდათ რუკა, რომელზეც ნაღმების ადგილსამყოფელი იქნებოდა აღნიშნული? გარდა ამისა, დავუშვათ, რომ თქვენ ნასწავლი გაქვთ, თუ როგორ ამოიცნოთ სხვადასხვაგვარი ნაღმი. ცხადია, ასეთი ცოდნა მნიშვნელოვნად შეამცირებდა თქვენი დასახიჩრებისა თუ სიკვდილის რისკს.

ბიბლია შეიძლება შევადაროთ ასეთ რუკას და წიგნს, რომელიც ნაღმების ამოცნობაში გვახელოვნებს. მასში გადმოცემულია სიბრძნე, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება ცხოვრებისეული საშიშროებების არიდებასა და პრობლემებთან გამკლავებაში.

შენიშნეთ გამამხნევებელი დაპირება, რომელიც იგავნის 2:10, 11-შია მოცემული: „თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს“. აქ მოხსენიებულია არა ადამიანური სიბრძნე და შეგნება, არამედ ღვთიური. „[ღვთიური სიბრძნის] გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება“ (იგავნი 1:33). ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ბიბლიამ მეტი უსაფრთხოებით უზრუნველგვყოს და ეს წიგნი მრავალი პრობლემის არიდებაში დაგვეხმაროს.

სასიკვდილო შემთხვევების არიდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მიერ ახლახან გამოქვეყნებულმა მონაცემებმა ცხადყო, რომ მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 1 171 000 ადამიანი იღუპება, დაახლობით 40 მილიონი ტრავმირდება და 8 მილიონზე მეტი სახიჩრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანის მართვისას აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია, თუ საგზაო-სატრანსპორტო წესებს დავიცავთ, ამ უსაფრთხოების გაზრდა შესაძლებელია. სამთავრობო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც სატრანსპორტო და საგზაო წესებსაც ადგენს, ბიბლია ამბობს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელთა 13:1). მძღოლი, რომელიც ითვალისწინებს ამ რჩევას, საკმაოდ იმცირებს უბედური შემთხვევის რისკს — უბედური შემთხვევისა, რომელიც ხშირად სამწუხარო შედეგებით მთავრდება.

მოძრაობის უსაფრთხოების წესების დასაცავად სიცოცხლისადმი პატივისცემაც აღგვძრავს. ბიბლია იეჰოვა ღმერთის შესახებ ამბობს: „შენთან არის წყარო სიცოცხლისა“ (ფსალმუნი 35:10). ასე რომ, სიცოცხლე ღვთის საჩუქარია. მაშასადამე, ჩვენ უფლება არა გვაქვს, ვინმეს წავართვათ ან არ დავაფასოთ ის; რა თქმა უნდა, ეს ჩვენს საკუთარ სიცოცხლესაც ეხება (დაბადება 9:5, 6).

ბუნებრივია, ადამიანის სიცოცხლის დაფასებაში იმაში დარწმუნებაც შედის, რომ ჩვენი მანქანით მგზავრობა და სახლში ყოფნა, შესაძლებლობისდაგვარად, მაქსიმალურად უსაფრთხოა. ძველ ისრაელში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სიცოცხლის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგალითად, ღვთის კანონის თანახმად მოითხოვებოდა, რომ სახლის აშენებისას ბანისთვის, სადაც ოჯახი საკმაოდ ხშირად იკრიბებოდა, მოაჯირი შემოევლოთ. „ბანს მოაჯირი შემოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან“ (მეორე რჯული 22:8). თუ ამ კანონის დაუცველობის გამო ვინმე გადმოვარდებოდა ბანიდან, სახლის პატრონს ღვთის წინაშე პასუხი უნდა ეგო. ეჭვგარეშეა, სიყვარულით მოცემული ის პრინციპი, რომელიც რჯულის ამ კანონშია ჩადებული, ამცირებს უბედური შემთხვევების რიცხვს სამუშაო ადგილებზე ან დასვენებისა და გართობის დროსაც კი.

სასიკვდილო ჩვევებთან ბრძოლა

ჯმო-ს ცნობით მსოფლიოში მილიარდზე მეტი მწეველია და ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი თამბაქოა. მოსალოდნელია, მომდევნო 20—30 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 10 მილიონამდე გაიზარდოს. მილიონობით სხვა მწეველები და ნარკომანები, თავიანთი ცუდი ჩვევის გამო ჯანმრთელობასა და ცხოვრებას იფუჭებენ.

თუმცა ბიბლია პირდაპირ არ მოიხსენიებს თამბაქოს წევასა და ნარკოტიკების გამოყენებას, მასში მოცემულ პრინციპებს ამ ცუდი ჩვევისგან ჩვენი დაცვა შეუძლია. მაგალითად, მე-2 კორინთელთა 7:1 გვირჩევს: „განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან“. ფაქტია, რომ თამბაქო და ნარკოტიკები ჩვენს სხეულს მრავალი საზიანო ქიმიური ნაერთით ბილწავს. უფრო მეტიც, ღვთის სურვილია, ჩვენი სხეული „წმინდა“ იყოს, ეს კი მის სისუფთავესა და სიწმინდეს ნიშნავს (რომაელთა 12:1). განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ამ პრინციპების გამოყენება ცხოვრებაში მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს შეამცირებს?

სახიფათო ჩვევების დაძლევა

მრავალი ადამიანი ჭამასა და სმაში ზომიერებას ვერ ავლენს. უზომოდ ჭამის შედეგები შეიძლება იყოს დიაბეტი, კიბო და გულის დაავადებები. ალკოჰოლის უზომოდ გამოყენებას ისეთი დამატებითი პრობლემების შექმნა შეუძლია, როგორებიცაა: ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ციროზი, დანგრეული ოჯახები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. მეორე უკიდურესობაა დიეტებზე გადაყოლა, რაც აგრეთვე საზიანო და სიცოცხლისათვის სახიფათო ისეთ კვებით მოშლილობამდე მიმყვანია, როგორიცაა ნევროზული ანორექსია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის, ის პირდაპირ რჩევას იძლევა ჭამისა და სმის საკითხში ზომიერების გამოვლენასთან დაკავშირებით. „მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი, და გზაზე დააყენე შენი გული. ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის; რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება“ (იგავნი 23:19—21). ამასთანავე, ბიბლია ამბობს, რომ ჭამა და სმა სიამოვნების მომგვრელი უნდა იყოს. „თუ კაცსა ვისმე არ აკლდება სასმელ-საჭმელი და შრომისა წილ სიკეთეს ჰპოვებს, ეს მადლია, ღვთის ნაბოძები“ (ეკლესიასტე 3:13).

ბიბლია აგრეთვე მოგვიწოდებს, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს ფიზიკურ ვარჯიშებზე და აღნიშნავს, რომ „ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა“. მაგრამ დასძენს: „ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8). როგორ შეიძლება ღვთისმოსაობა დღესაც კი სასარგებლო იყოს? — შეიძლება იკითხოთ თქვენ. მრავალმხრივ. გარდა იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებას სულიერობას მატებს, ღვთისმოსაობა წარმოშობს ისეთ სასარგებლო თვისებებს, როგორებიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა და თავშეკავება; ეს თვისებები კი ოპტიმიზმისა და კარგი ჯანმრთელობის საწინდარია (გალატელთა 5:22, 23).

უზნეობის მწარე შედეგები

დღეს, მრავალი ადამიანისთვის არავითარი ზნეობრივი ბარიერი არ არსებობს. ამის ერთ-ერთი შედეგი შიდს-ის ეპიდემიაა. ჯმო-ს თანახმად, მას შემდეგ, რაც შიდს-ის ეპიდემია გავრცელდა, 16 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და დღესდღეობით დაახლოებით 34 მილიონი შიდს-ის გამომწვევი ვირუსის, აივ-ის, მატარებელია. მრავალს ის შემთხვევითი სქესობრივი კავშირების, ნარკომანთა დაინფიცირებული შპრიცების გამოყენების ან დაინფიცირებული სისხლის გადასხმის გამო დაემართა.

უზნეო ცხოვრების სხვა შედეგებში შედის ჰერპესი, გონორეა, B და C ჰეპატიტი და სიფილისი. თუმცა მსგავსი ტერმინები ბიბლიაში გამოყენებული არ არის, მასში მოხსენიებულია ორგანოები, რომლებიც იმ დროს ცნობილი სქესობრივი გზით გადამდები ზოგი დაავადების დროს შეიძლებოდა დაზიანებულიყო. მაგალითად, იგავნის 7:23 მრუშობის საშინელ შედეგს აღწერს როგორც ‘ღვიძლის გამგლეჯს’. სიფილისი, ჩვეულებრივ, ჰეპატიტის მსგავსად, ღვიძლს აზიანებს. დიახ, რამდენად დროული და სიყვარულით აღსავსეა ბიბლიის რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანებმა ‘თავი შეიკავონ სისხლისა და სიძვისაგან’! (საქმეები 15:28, 29).

ფულის მოყვარეობის მახე

სწრაფად გამდიდრების სურვილით აღძრული მრავალი ადამიანი მზად არის, დიდ ფინანსურ რისკზე წავიდეს. სამწუხაროდ, ასე მოქმედებას ხშირად ფინანსური დანაკარგები ან გაკოტრება მოჰყვება ხოლმე. მაგრამ ღვთის მსახურს ბიბლია ეუბნება, რომ „იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად“ (ეფესელთა 4:28). მართალია, მშრომელი ადამიანი ყოველთვის მდიდარი ვერ ხდება, მაგრამ სულის სიმშვიდეს ინარჩუნებს, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა აქვს და, ალბათ, ღირსეული საქმისთვის რაღაცის გაღებაც შეუძლია.

ბიბლია გვაფრთხილებს: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და [ზოგიერთებმა], რომლებიც მან გაიტაცა. . . თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). აქ არ არის ნათქვამი, რომ „გამდიდრების მსურველნი“ ვერ გამდიდრდებიან; გამდიდრდებიან, მაგრამ რის ფასად? განა ეს ზიანს არ აყენებს მათ ჯანმრთელობას, ოჯახს, სულიერობას და არ არღვევს მათ ძილსაც კი? (ეკლესიასტე 5:11).

გონიერ ადამიანს ესმის, რომ „ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ქვეყნების უმეტესობაში ფულისა და გარკვეული ქონების ფლობა აუცილებელია. ბიბლიაც ამბობს, რომ „ფულიც დაიფარავს [კაცს]“, მაგრამ იქვე დასძენს: „სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12). ფულისგან განსხვავებით, ზუსტ შემეცნებასა და სიბრძნეს ნებისმიერ ვითარებაში შეუძლია დახმარების გაწევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს სიცოცხლეს ეხება (იგავნი 4:5—9).

როდესაც მხოლოდ სიბრძნე დაგვიცავს

ნამდვილი სიბრძნე „მის მფლობელს“ მალე განსაკუთრებული სახით „აცოცხლებს“ — დაიცავს „დიდი გასაჭირისგან“, რომელიც ძალიან სწრაფად გვიახლოვდება და რომლის დროსაც ღმერთი ბოროტებას გაანადგურებს (მათე 24:21). ბიბლიის თანახმად, იმ დროს ადამიანები თავიანთ ფულს ‘სიბინძურესავით’ ქუჩაში გადაყრიან. რატომ? ვინაიდან მწარე გაკვეთილის საფუძველზე მიხვდებიან, რომ „უფლის რისხვის დღეს“ ოქრო-ვერცხლით ვერ იყიდიან თავიანთ სიცოცხლეს (ეზეკიელი 7:19). მეორე მხრივ, „უამრავი ხალხი“, რომლებიც სულიერი ინტერესების ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაყენებით ‘ცაში იუნჯებდნენ’, ისარგებლებენ ზეცაში თავიანთი შენატანით და დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას მიიღებენ (გამოცხადება 7:9, 14; 21:3, 4; მათე 6:19, 20).

როგორ შეგვიძლია ასეთი უსაფრთხო მომავლის მოპოვება? იესო გვპასუხობს: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დღეს ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მილიონებმა იპოვეს ღვთისა და ქრისტეს შესახებ ეს შემეცნება. ამ ადამიანებს არა მარტო მომავლის ბრწყინვალე იმედი აქვთ, არამედ გარკვეული მშვიდობითა და უსაფრთხოებით ისინი დღესაც ტკბებიან. სწორედ ეს გამოხატა ფსალმუნმომღერალმა: „მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად“ (ფსალმუნი 4:9).

გეგულებათ ინფორმაციის სხვა რომელიმე წყარო, რომელსაც თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებულ საშიშროებათა იმდენად შემცირება შეუძლია, რამდენადაც ბიბლიას? არ არსებობს სხვა ისეთი ავტორიტეტული წიგნი, როგორიც ბიბლიაა და მის გარდა არც ერთ წიგნს არ შეუძლია დღევანდელ საშიშროებებით აღსავსე წუთისოფელში ჭეშმარიტი უსაფრთხოების პოვნაში დახმარების გაწევა.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

უკეთესი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება — ბიბლიის წყალობით

ცხოვრებისეულ სინამდვილეს რომ გაქცეოდა, ახალგაზრდა ქალმა, ჯეინმა a, ჩვეულებად გაიხადა მარიხუანას, თამბაქოს, კოკაინის, ამფეტამინის, ლსდ-სა და სხვა ნარკოტიკების გამოყენება. გარდა ამისა, ბევრს სვამდა. ჯეინის თქმით, არც მისი ქმარი იყო უკეთეს მდგომარეობაში. მათ მომავალი კარგს არაფერს უქადდა. მოგვიანებით ჯეინი იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდა; დაიწყო ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული, ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა; შემდეგ ამ ჟურნალებს ქმარს აძლევდა წასაკითხად. ცოლ-ქმარმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. იეჰოვას მაღალი ზნეობრივი ნორმების დაფასებასთან ერთად მათ შეწყვიტეს ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერებების მიღება. შედეგი? „ახლებურად ცხოვრებამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა, — წერდა წლების შემდეგ ჯეინი. — დიდად მადლობელი ვარ იეჰოვასი იმისათვის, რომ მის სიტყვას განმწმენდი ძალა შესწევს; აგრეთვე მადლიერი ვარ იმ შვების მომგვრელი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს“.

სამსახურში პატიოსნად მოქმედების ფასს თვალსაჩინოდ ცხადყოფს კურტის შემთხვევა, რომლის მოვალეობაშიც კომპიუტერული სისტემის მეთვალყურეობა შედიოდა. საჭირო გადხა ახალი მოწყობილობების ყიდვა, და უფროსმა კურტს ანდო კარგ ფასად მათი შეძენა. კურტმა გაიგო, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სათანადო მიმწოდებელი და მასთან ფასზეც მოილაპარაკა. მაგრამ მიმწოდებლის კლერკმა შეცდომა დაუშვა შეთანხმების გაფორმებისას და ფასი თითქმის 40 000 ამერიკული დოლარით ნაკლები გამოდიოდა. კურტმა, როდესაც შეცდომა შენიშნა, ამ კომპანიას დაურეკა; მმართველმა თქვა, რომ 25 წლის განმავლობაში მუშაობისას ის არასოდეს შეხვედრია პატიოსნების მსგავს გამოვლენას. კურტმა აუხსნა, რომ მისი სინდისი ბიბლიით იყო ფორმირებული. ამან კი ის ნაყოფი გამოიღო, რომ მმართველმა თანამშრომლებისთვის დასარიგებლად ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის იმ ნომრის 300 ეგზემპლარი ითხოვა, სადაც ბიზნესში პატიოსნების გამოვლენის საკითხი ირჩეოდა. კურტი კი დააწინაურეს.

[სქოლიოები]

a სახელები შეცვლილია.

[სურათი 7 გვერდზე]

„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ“ ესაია 48:17.