არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცხოვრობთ თუ არა თქვენი მიძღვნის თანახმად?

ცხოვრობთ თუ არა თქვენი მიძღვნის თანახმად?

ცხოვრობთ თუ არა თქვენი მიძღვნის თანახმად?

„ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით. როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23).

1. წუთისოფლისეული გაგებით, რა იგულისხმება სიტყვა „მიძღვნაში“?

 როგორ აღწევენ სპორტსმენები უმაღლეს შედეგებს? ტენისში, ფეხბურთში, კალათბურთში, ბეისბოლში, სათხილამურო სპორტში, გოლფსა და სპორტის სხვა სახეობაში საუკეთესო სპორტსმენი უმაღლეს მწვერვალს ამ საქმისადმი მხოლოდ მთლიანად მიძღვნით აღწევს. დიდი ყურადღება ექცევა ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობას. ეს კარგად გადმოსცემს სიტყვა „მიძღვნის“ ერთ-ერთ მნიშვნელობას, რომელიც „საკუთარი თავის გარკვეული აზროვნებისა თუ საქმისადმი სრულად გადადებას“ გულისხმობს.

2. ბიბლიაში რა მნიშვნელობით არის გამოყენებული სიტყვა „მიძღვნა“? მოიყვანეთ მაგალითი.

2 მაგრამ რას ნიშნავს „მიძღვნა“ ბიბლიური გაგებით? სიტყვა „მიძღვნა“ თარგმნილია ებრაული ზმნიდან, რომელსაც „გამოყოფილად დარჩენის; გამოყოფის, ჩამოშორების“ მნიშვნელობა აქვს a. ძველ ისრაელში მღვდელმთავარ აარონს თავსაბურველზე ოქროსგან დამზადებული ელვარე „მიძღვნის წმინდა ნიშანი“ (აქ) ჰქონდა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ებრაული სიტყვები: „სიწმინდე ეკუთვნის იეჰოვას“ (აქ). ეს მღვდელმთავარს შეახსენებდა, რომ უნდა მორიდებოდა ნებისმიერ მოქმედებას, რაც შეურაცხყოფდა საწმიდარს, ‘რადგან [„მასზე იყო მიძღვნის ნიშანი“, აქ] ღვთის მირონით იყო იგი ცხებული’ (გამოსვლა 29:6; 39:30; ლევიანნი 21:12).

3. როგორ უნდა იმოქმედოს მიძღვნამ ჩვენს საქციელზე?

3 ამ კონტექსტში შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიძღვნას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება. ის საკუთარი თავის ღვთის მსახურად ნებაყოფლობით წარდგენაზე მიუთითებს, რაც პიროვნებისგან წმინდა საქციელს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავიგოთ, თუ რატომ მოჰყავდა პეტრეს იეჰოვას სიტყვები: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“ (1 პეტრე 1:15, 16). როგორც ღვთისადმი მიძღვნილ ქრისტიანებს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვიცხოვროთ ჩვენი მიძღვნის თანახმად და ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ. მაგრამ რას ნიშნავს ქრისტიანული მიძღვნა? (ლევიანნი 19:2; მათე 24:13).

4. როგორ მივედით მიძღვნამდე და რად შეიძლება მივიჩნიოთ ეს ნაბიჯი?

4 მას შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ და იესოსა და ღვთის განზრახვებში მისი როლის შესახებ ზუსტი შემეცნება შევიძინეთ, გადავწყვიტეთ, მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით გვემსახურა ღვთისთვის (მარკოზი 8:34; 12:30; იოანე 17:3). ეს შეიძლება აღთქმის დადებადაც, ღვთისადმი მთლიანად მიძღვნადაც, იქნეს მიჩნეული. ღვთისადმი ჩვენი მიძღვნა ემოციური აფექტის შედეგი როდია. ეს გულმოდგინედ და ლოცვით აწონილ-დაწონილი ნაბიჯია, რომლის გადასადგმელადაც მთელი ჩვენი გონებრივი ძალები გამოვიყენეთ. ამგვარად, ეს არ ყოფილა დროებითი გადაწყვეტილება. შეუძლებელია, ჩვენ იმ ადამიანივით ვიყოთ, რომელსაც გუთანი უჭირავს ხელში და შუა გზაში ტოვებს იმის გამო, რომ სამუშაო ძალიან მძიმეა ან ეჩვენება, რომ მოსავლის აღება შორეული მომავლის საქმეა, ან არ არის დარწმუნებული, რომ ის საერთოდ იქნება. განვიხილოთ ზოგი იმ ადამიანის მაგალითი, რომლებმაც სიძნელეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, თეოკრატიული პასუხისმგებლობის ‘გუთანი’ მყარად ‘დაიჭირეს’ (ლუკა 9:62; რომაელთა 12:1, 2).

მათ ხელი არ აუღიათ თავიანთ მიძღვნაზე

5. როგორ იყო იერემია ღვთისადმი მიძღვნილი მსახურის შესანიშნავი მაგალითი?

5 იერემიას, როგორც წინასწარმეტყველის, მოღვაწეობა იერუსალიმში 40 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა (ძვ. წ. 647—607) და ეს ადვილი დავალება როდი იყო. წინასწარმეტყველმა ძალიან კარგად იცოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა (იერემია 1:2—6). მას გამბედაობა და მოთმინება სჭირდებოდა ყოველდღიურად ჯიუტ იუდეველებთან ურთიერთობისათვის (იერემია 18:18; 38:4—6). მაგრამ იერემია იეჰოვა ღმერთზე იყო მინდობილი, რომელიც მას ისე აძლიერებდა, რომ წინასწარმეტყველს ნამდვილად შეეძლო ღვთისადმი მიძღვნილი მსახური ყოფილიყო (იერემია 1:18, 19).

6. რა მაგალითი მოგვცა მოციქულმა იოანემ?

6 რა შეიძლება ითქვას ერთგულ მოციქულ იოანეზე, რომელიც ხანდაზმულ ასაკში „ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის“ არასტუმართმოყვარე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს? (გამოცხადება 1:9). ის ყოველივეს იტანდა და დაახლოებით 60 წლის განმავლობაში თავისი ქრისტიანული მიძღვნის თანახმად ცხოვრობდა. მოციქული რომაელთა ჯარის მიერ იერუსალიმის განადგურებასაც შეესწრო და მას შემდეგაც ცხოვრობდა. იოანეს წილად ხვდა პატივი, დაეწერა სახარება, სამი ინსპირირებული წერილი და წიგნი „გამოცხადება“, რომელშიც მან არმაგედონის ომის შესახებ იწინასწარმეტყველა. შეწყვიტა თუ არა მან ღვთისათვის მსახურება, როდესაც გაიგო, რომ არმაგედონი მის სიცოცხლეში არ მოხდებოდა? გულგრილი გახადა ის ამის ცოდნამ? არა, იოანე სიკვდილამდე ერთგული დარჩა. მან იცოდა, რომ ‘ჟამი ახლოს იყო’, თუმცა ხილვა მოგვიანებით შესრულდებოდა (გამოცხადება 1:3; დანიელი 12:4).

მიძღვნის თანამედროვე მაგალითები

7. როგორ მოგვცა ერთმა ძმამ ქრისტიანული მიძღვნის შესანიშნავი მაგალითი?

7 ათასობით თანამედროვე ერთგული ქრისტიანიც, მიუხედავად იმისა, რომ არმაგედონს ვერ მოესწრო, მთელი ენთუზიაზმით თავისი მიძღვნის თანახმად ცხოვრობდა. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ინგლისელი ერნსტ ბივორი იყო. ის მოწმე 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისას, გახდა; მაშინ მან სრული დროით მსახურების დაწყების მიზნით ფოტორეპორტიორის კარგად აწყობილი საქმე მიატოვა. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნების გამო ერნსტი ორი წლით დააპატიმრეს. პატიმრობის წლებში ოჯახის წევრები მხარში ედგნენ. 1950 წელს მისი სამი შვილი მისიონერული მომზადების გასავლელად ნიუ-იორკის „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ სტუდენტი გახდა. ძმა ბივორი იმდენად თავდადებული მქადაგებელი იყო, რომ მეგობრებმა მას „არმაგედონ ერნი“ შეარქვეს. ის თავისი მიძღვნისადმი ერთგული იყო და ამ მიძღვნის შესაბამისად ცხოვრობდა და სიკვდილამდე, 1986 წლამდე, ღვთის მოახლოებული ომის, არმაგედონის, შესახებ ქადაგებდა. მისთვის მიძღვნა ღმერთთან გარკვეული დროით დადებული ხელშეკრულება არ ყოფილა! b (1 კორინთელთა 15:58).

8, 9. ა) როგორი მაგალითი მოგვცა მრავალმა ესპანელმა ახალგაზრდამ ფრანკოს რეჟიმის დროს? ბ) რომელი კითხვების დასმა იქნებოდა მართებული?

8 უშრეტი თავდადების სხვა მაგალითი ესპანელმა ძმებმა მოგვცეს. დიქტატორ ფრანკოს რეჟიმის დროს (1939—1975) იეჰოვასადმი მიძღვნილმა ასობით ახალგაზრდა მოწმემ ქრისტიანული ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მრავალმა მათგანმა ათი ან მეტი წელი სამხედრო ციხეებში გაატარა. ერთმა მოწმემ, ხესუს მარტინმა, მთლიანობაში 22 წელი გაატარა პატიმრობაში. ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო ციხეში ყოფნის დროს მას სასტიკად სცემდნენ. ყოველივე ამის ატანა ადვილი არ იყო, მაგრამ ის კომპრომისზე არ წასულა.

9 უმეტესწილად, ამ ახალგაზრდა მამაკაცებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, როდის ან საერთოდ ოდესმე თუ გაათავისუფლებდნენ, რადგან მათთვის გამოტანილი მრავალი განაჩენის საფუძველზე თანმიმდევრულად უნდა მოეხადათ რამდენიმე სასჯელი. მიუხედავად ამისა, ისინი უმწიკვლობას ინარჩუნებდნენ და პატიმრობაში ყოფნისას მსახურებაში თავდადებას არ კარგავდნენ. 1973 წელს, როდესაც მდგომარეობამ საბოლოოდ გაუმჯობესება იწყო, ამ მოწმეებიდან მრავალი, რომლებიც იმ დროისთვის 30-იოდე წლის იყვნენ, გაათავისუფლეს, მათ კი სრული დროით მსახურება დაიწყეს; ზოგი მათგანი სპეციალური პიონერი, ზოგიც მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა. ისინი თავიანთი მიძღვნის შესაფერისად ცხოვრობდნენ ციხეში და მათმა უმეტესობამ გათავისუფლების შემდეგაც იმავეს კეთება განაგრძო c. რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენ შესახებ? ვართ თუ არა ჩვენც, ამ ქრისტიანებივით, ჩვენი მიძღვნისადმი ერთგულები? (ებრაელთა 10:32—34; 13:3).

სათანადო შეხედულება ვიქონიოთ ჩვენს მიძღვნასთან დაკავშირებით

10. ა) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ჩვენს მიძღვნასთან დაკავშირებით? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს მისთვის მსახურებას?

10 როგორი თვალსაზრისი გვაქვს ღვთის ნების შესასრულებლად ჩვენს მიძღვნასთან დაკავშირებით? უკავია მას ჩვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი? ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად — ვიქნებით ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დაქორწინებულები თუ დაუქორწინებლები, ჯანმრთელები თუ ავადმყოფები — უნდა ვეცადოთ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიცხოვროთ ჩვენი მიძღვნის შესაბამისად. ვიღაცას შეიძლება მდგომარეობა სრული დროით მსახურების საშუალებას აძლევს და პიონერად, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში მოხალისედ, მისიონერად ან მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს. მეორე მხრივ, ზოგი მშობელი შეიძლება დაკავებული იყოს ოჯახის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვით. არის მათ მიერ მსახურებაში გატარებული შედარებით ცოტა დრო იეჰოვას თვალში ნაკლებად ღირებული, ვიდრე სრული დროით მსახურთა მიერ მსახურებაში გატარებული მრავალი საათი? არა. ღმერთი ჩვენგან არასოდეს მოელის იმის კეთებას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. მოციქულმა პავლემ ასეთი პრინციპი დაგვანახვა: „როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12).

11. რაზეა ჩვენი ხსნა დამოკიდებული?

11 ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ხსნა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რის კეთება შეგვიძლია, არამედ იეჰოვას მიერ ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს, მეშვეობით გამოვლენილ მადლზე. პავლემ ნათლად განმარტა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით“. მაგრამ ჩვენი საქმეები ღვთის აღთქმებისადმი ჩვენი ძლიერი რწმენის დამადასტურებელია (რომაელთა 3:23, 24; იაკობი 2:17, 18, 24).

12. რატომ არ უნდა შევადაროთ ჩვენი მსახურება სხვისას?

12 საჭირო არ არის, შევადაროთ ჩვენი და სხვების მიერ ღვთის მსახურებაში გატარებული დრო, გავრცელებული ლიტერატურის ოდენობა ან ბიბლიის საშინაო შესწავლების რაოდენობა (გალატელთა 6:3, 4). ქრისტიანულ მსახურებაში ჩვენი მიღწევების მიუხედავად, თითოეულს უნდა გვახსოვდეს იესოს სიტყვები, რომლებიც ჩვენში მოკრძალებულობას წარმოშობს: „ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“ (ლუკა 17:10). სინამდვილეში, რამდენად ხშირად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გავაკეთეთ ‘ყველაფერი, რაც ნაბრძანები გვქონდა’? ასე რომ, ისმის კითხვა: როგორი უნდა იყოს ღვთისათვის ჩვენი მსახურება? (2 კორინთელთა 10:17, 18).

მნიშვნელოვანი გახადეთ თითოეული დღე

13. როგორი აზროვნება უნდა გვქონდეს ჩვენი მიძღვნის შესაბამისად მოქმედებისას?

13 მას შემდეგ, რაც პავლემ რჩევა მისცა ცოლებს, ქმრებს, ბავშვებს, მშობლებსა და მონებს, თქვა: „ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით. როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით“ (კოლასელთა 3:23, 24). იეჰოვასთვის მსახურებაში მიღწევებით ჩვენ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ვცდილობთ. ჩვენ ღვთისათვის მსახურებას ვცდილობთ და ამაში იესო ქრისტეს ვბაძავთ. ის დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში ისე მსახურობდა, რომ ესმოდა, თუ რამდენად გადაუდებელ საქმეს ასრულებდა (1 პეტრე 2:21).

14. უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებით, რა გაფრთხილება მოგვცა პეტრემ?

14 მოციქულმა პეტრემაც ცხადყო, რომ თვითონაც ჰქონდა გადაუდებლობის გრძნობა. თავის მეორე წერილში ის მკითხველს აფრთხილებდა, რომ უკანასკნელ დღეებში იქნებოდნენ დამცინავები — განდგომილები და სკეპტიკოსები — რომლებიც საკუთარი გულისთქმებისამებრ მოიქცეოდნენ და ქრისტეს თანდასწრებას საეჭვოს გახდიდნენ. მაგრამ პეტრემ თქვა: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა“. დიახ, იეჰოვას დღე ნამდვილად მოვა. ამიტომ ყოველდღიურად უნდა ვინტერესდებოდეთ, სინამდვილეში, რამდენად საიმედო და მტკიცეა ღვთის აღთქმებისადმი ჩვენი რწმენა (2 პეტრე 3:3, 4, 9, 10).

15. როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენი ცხოვრების თითოეულ დღეს?

15 ჩვენი მიძღვნის თანახმად კეთილსინდისიერად რომ ვიცხოვროთ, საჭიროა თითოეული დღე იეჰოვას განსადიდებლად გამოვიყენოთ. თითოეული დღის დასასრულს შეგვიძლია თუ არა უკან მოვიხედოთ და დავინახოთ, ამა თუ იმ სახით როგორ შევუწყეთ ხელი ღვთის სახელის წმინდაყოფასა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას? შეიძლება ეს ჩვენი უბიწო მოქმედებით, გამამხნევებელი საუბრით ან ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიყვარულითა და მათზე ზრუნვით გავაკეთოთ. გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი ქრისტიანული იმედი სხვებისთვის გაგვეზიარებინა? დავეხმარეთ ვინმეს ღვთის აღთქმებზე სერიოზულად დაფიქრებაში? მოდი ყოველდღიურად დავაგროვოთ სულიერად ფასეული რამ; ასე ვთქვათ, გავზარდოთ სულიერ ბანკში ჩვენი ანგარიში (მათე 6:20; 1 პეტრე 2:12; 3:15; იაკობი 3:13).

შეინარჩუნეთ სუფთა ხედვა

16. რა გზებით ცდილობს სატანა ღვთისადმი ჩვენი მიძღვნის მოსუსტებას?

16 ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომელიც ქრისტიანთათვის უფრო და უფრო რთულდება. სატანა და მისი დამქაშები კეთილსა და ბოროტს, წმინდასა და უწმინდურს, ზნეობრივსა და უზნეოს, ეთიკურსა და არაეთიკურს შორის ზღვრის წაშლას ცდილობენ (რომაელთა 1:24—28; 16:17—19). სატანისთვის ძალიან ადვილია ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტისა და კომპიუტერის კლავიატურის გამოყენებით ჩვენი გულებისა და გონების გახრწნა. ჩვენი სულიერი ხედვა შეიძლება დაიბინდოს ან ფოკუსირებული არ იყოს და სატანის მზაკვრული მოქმედება ვერ გავარჩიოთ. თუ სულიერ ფასეულობებთან დაკავშირებით კომპრომისზე წავალთ, ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრების შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება შეიძლება მოსუსტდეს და „გუთანს“ მყარად ვეღარ ჩავეჭიდოთ (ლუკა 9:62; ფილიპელთა 4:8).

17. როგორ დაგვეხმარება პავლეს რჩევა ღმერთთან ურთიერთობის შენარჩუნებაში?

17 ამიტომ ძალზე დროულია მოციქულ პავლეს მიერ თესალონიკის კრებისადმი მიწერილი სიტყვები: „ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს“ (1 თესალონიკელთა 4:3—5). უზნეობის გამო ზოგი ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა; ამ ადამიანებმა არად ჩააგდეს ღვთისადმი თავიანთი მიძღვნა. მათ დაუშვეს, რომ ღმერთთან თავიანთი ურთიერობა ისე მოსუსტებულიყო, ღვთისთვის ანგარიში არ გაეწიათ. მაგრამ პავლემ თქვა: „ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ. ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას“ (1 თესალონიკელთა 4:7, 8).

თქვენ რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

18 რის კეთება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, როდესაც გვესმის იეჰოვა ღმერთისადმი ჩვენი მიძღვნის სერიოზულობა? მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ საქციელსა და მსახურებაში სუფთა სინდისი შევინარჩუნოთ. პეტრე გვარიგებდა: „კეთილი სინდისი გქონდეთ, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ ქრისტეში თქვენი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი“ (1 პეტრე 3:16). შეიძლება ჩვენი ქრისტიანული საქციელისთვის ტანჯვისა და ცუდად მოპყრობის ატანა მოგვიწიოს, მაგრამ ასევე დაემართა ქრისტესაც თავისი რწმენისა და ღვთისადმი ერთგულების გამო. „რაკი ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად, — თქვა პეტრემ, — თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან, ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (1 პეტრე 4:1).

19. ჩვენს შესახებ როგორი სიტყვების მოსმენის სურვილი გვაქვს?

19 მართლაც, ჩვენ მიერ მიღებული მტკიცე გადაწყვეტილება, ვიცხოვროთ ჩვენი მიძღვნის თანახმად, სატანის წუთისოფლის გარეგნულად მიმზიდველი საცდურებისგან დაგვიცავს — წუთისოფლისა, რომელიც სულიერად, ზნეობრივად და ფიზიკურად დაავადებულია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვიქნებით, რომ ღმერთს მოსწონს ჩვენი საქციელი, რაც ყოველივე იმაზე ბევრად უკეთესია, რის შემოთავაზებაც სატანასა და მის დამქაშებს შეუძლიათ. ამგვარად, არავის არასოდეს ვათქმევინოთ, რომ გაგვინელდა ის პირველი სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტების გაცნობისას გაგვიჩნდა. ნაცვლად ამისა, დაე ჩვენც იგივე გვითხრან, რაც პირველი საუკუნის თიატირის კრებას უთხრეს: „ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირველზე მეტია“ (გამოცხადება 2:4, 18, 19). დიახ, დაე ნუ ვიქნებით ნელთბილი ჩვენს მიძღვნასთან დაკავშირებით, არამედ ‘აღვიგზნოთ სულით’ და ენთუზიაზმით აღსავსე ვიყოთ აღსასრულამდე, რომელიც მოახლოებულია (რომაელთა 12:11; გამოცხადება 3:15, 16).

[სქოლიოები]

a იხილეთ 1987 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 23 (რუს.).

b ერნსტ ბივორის ცხოვრების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ 1980 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 8—11 (ინგლ.).

c იხილეთ „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, 1978 წ., გვერდები 156—158, 201—218 (ინგლ.); გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რა შედის მიძღვნაში?

• ღვთისადმი მიძღვნილი ძველი და თანამედროვე მსახურების რომელი მაგალითებია მისაბაძი?

• როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ღვთისათვის მსახურებასთან დაკავშირებით?

• რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი ღვთისადმი ჩვენს მიძღვნასთან დაკავშირებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

იერემიამ შეინარჩუნა ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ.

[სურათი 16 გვერდზე]

ერნსტ ბივორმა თავის შვილებს ქრისტიანული თავდადების მაგალითი მისცა.

[სურათი 17 გვერდზე]

იეჰოვას ასობით ესპანელმა მოწმემ ციხეებში უმწიკვლობა შეინარჩუნა.

[სურათები 18 გვერდზე]

დაე ყოველდღიურად დავაგროვოთ სულიერად ფასეული რამ.