არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტება მკვდარი ზღვის გრაგნილების შესახებ

ჭეშმარიტება მკვდარი ზღვის გრაგნილების შესახებ

ჭეშმარიტება მკვდარი ზღვის გრაგნილების შესახებ

ორმოცდაათი წლის წინათ ბედუინი მწყემსის მიერ გამოქვაბულში ქვის შესროლას მოჰყვა ის, რასაც ზოგმა მეოცე საუკუნის უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენა უწოდა. ახალგაზრდა ბედუინმა გაიგონა, რომ ქვამ თიხის ჭურჭელი გატეხა. ძიების შედეგად მან იპოვა პირველი ნაწილი იმისა, რაც მოგვიანებით მკვდარი ზღვის გრაგნილების (ხელნაწერების) სახელწოდებით გახდა ცნობილი.

ამ გრაგნილებმა სწავლულთა და საინფორმაციო საშუალებათა ყურადღება მიიპყრო და მათ შორის ხანგრძლივი დავის საგანი გახდა. საზოგადოება დაბნეულობაში აღმოჩნდა და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ხმა გავრცელდა გასაიდუმლოების შესახებ, რადგან შიშობდნენ, რომ გრაგნილები შეიცავდა ფაქტებს, რომლებიც შეარყევდა ქრისტიანებისა და ებრაელების რწმენას. მაგრამ რამდენად ღირებულია ეს გრაგნილები? გახდა თუ არა 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მის შესახებ რაიმე ცნობილი?

რას წარმოადგენს მკვდარი ზღვის გრაგნილები?

მკვდარი ზღვის გრაგნილები ძველი ებრაული მანუსკრიპტებია, რომელთა უმეტესობაც დაწერილია ებრაულ ენაზე, ზოგი — არამეულ ენაზე და რამდენიმე კი — ბერძნულ ენაზე. ამ გრაგნილებიდან და მათი ფრაგმენტებიდან ბევრი 2 000 წელზე მეტი ხნისაა — დათარიღებულია იესოს დაბადებამდელი პერიოდით. ბედუინისგან შეძენილი პირველი გრაგნილებიდან შვიდი გრძელი მანუსკრიპტი იყო, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის დაზიანება ჰქონდათ. ჩატარდა ძიება და სხვა გამოქვაბულებშიც იქნა აღმოჩენილი გრაგნილები და გრაგნილების ათასობით ფრაგმენტი. 1947—1956 წლებში, მკვდარი ზღვის მახლობლად, კუმრანში, 11 ისეთი გამოქვაბული იქნა ნაპოვნი, რომლებშიც გრაგნილები აღმოაჩინეს.

აღმოჩენილმა გრაგნილებმა და ფრაგმენტებმა ერთობლივად დაახლოებით 800 მანუსკრიპტი შეადგინა. დაახლოებით ერთი მეოთხედი ანუ 200-მდე მანუსკრიპტი ბიბლიის ებრაული ტექსტის სხვადასხვა ნაწყვეტის ასლია. დანარჩენი მანუსკრიპტები წარმოადგენენ ძველ, არაბიბლიურ ებრაულ ტექსტებს: აპოკრიფებსა და ფსევდოეპიგრაფებს a.

ზოგიერთი გრაგნილი, რომლებიც სწავლულებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, უწინ საერთოდ არ იყო ცნობილი. მათში შედის იუდაური კანონების ინტერპრეტაცია, კუმრანის თემის სპეციალური წესები, ლიტურგიული პოემები და ლოცვები, ესქატოლოგიური ნაშრომები, რომლებშიც ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებასთან და ბოლო დღეებთან დაკავშირებული შეხედულებებია ნაჩვენები. მათ შორისაა აგრეთვე ბიბლიის უნიკალური კომენტარები, რომლებიც ბიბლიური ტექსტების თანამედროვე განმარტებების უძველესი წინამორბედია.

ვინ შექმნა მკვდარი ზღვის გრაგნილები?

უძველესი დოკუმენტების დათარიღების სხვადასხვა მეთოდი გვიჩვენებს, რომ გრაგნილები გადაწერილი ან შედგენილი იყო ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე პერიოდში. ზოგიერთი სწავლული ვარაუდობს, რომ გრაგნილები გამოქვაბულში იერუსალიმელი იუდეველების მიერ იქნა დამალული, ახ. წ. 70 წელს ტაძრის განადგურებამდე. მაგრამ სწავლულთა უმეტესობა, რომლებიც ამ გრაგნილებს იკვლევდნენ, ამ თვალსაზრისსა და გრაგნილების შინაარსს შორის კავშირს ვერ ხედავდა. ბევრი გრაგნილი ირეკლავდა ისეთ შეხედულებებსა და ჩვეულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა იერუსალიმელი რელიგიური წინამძღოლების შეხედულებებს. ეს გრაგნილები მიანიშნებენ საზოგადოებაზე, რომელსაც სწამდა, რომ ღმერთმა უარყო მღვდლები და იერუსალიმში ტაძრის მსახურება და რომ ღმერთი უდაბნოში არსებული მათი ჯგუფის თაყვანისმცემლობას ტაძარში მსახურების შემცვლელად მიიჩნევდა. ნაკლებად დასაჯერებელია, რომ იერუსალიმის ტაძრის წინამძღოლებს ასეთი გრაგნილების კოლექცია შეენახათ.

თუმცა დასაჯერებელია, რომ კუმრანთან გადამწერთა ჯგუფი არსებობდა, შესაძლებელია ბევრი გრაგნილი თემის წევრებმა სხვაგან შეაგროვეს და აქ მოიტანეს. როგორც ჩანს, მკვდარი ზღვის გრაგნილები ბიბლიოთეკის დიდი კოლექციაა. როგორც ნებისმიერი ბიბლიოთეკა, ეს კოლექციაც შეიძლება შეხედულებათა ფართო დიაპაზონს მოიცავდა და სულაც არ იყო აუცილებელი, აერეკლა თავისი მკითხველის რელიგიური თვალსაზრისი. მაგრამ ის ტექსტები, რომელთა ბევრი ასლიც არსებობს, უფრო დასაჯერებელია, რომ ამ ჯგუფის განსაკუთრებულ მისწრაფებებს და მრწამსს გამოხატავს.

იყვნენ თუ არა კუმრანის მცხოვრებნი ესენიელები?

თუ ეს გრაგნილები კუმრანის ბიბლიოთეკას წარმოადგენდა, ვინ იყვნენ მისი მცხოვრებნი? პროფესორმა ელეაზარ სუკენიკიმ, რომელმაც 1947 წელს სამი გრაგნილი შეიძინა იერუსალიმის ებრაული ინსტიტუტისთვის, პირველმა წამოაყენა აზრი, რომ ეს გრაგნილები ესენიელებს მიეკუთვნებოდათ.

ესენიელები იყვნენ ებრაელი სექტანტები, რომლებსაც მოიხსენიებენ პირველი საუკუნის მწერლები: იოსები, ფილონ ალექსანდრიელი და პლინიუს უფროსი. ესენიელთა წარმოშობის საკითხი ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს ისინი პირველად გამოჩნდნენ ძვ. წ. II საუკუნეში მაკაბელთა აჯანყების შემდგომი არეულობისას b. იოსები იტყობინება იმდროისათვის მათი არსებობის შესახებ, როდესაც დაწვრილებით ყვება, თუ როგორ განსხვავდებოდა მათი რელიგიური შეხედულებები ფარისევლებისა და სადუკეველების რელიგიური თვალსაზრისისგან. პლინიუსმა ესენიელების საზოგადოების ადგილსამყოფლად მკვდარი ზღვის მახლობლად იერიხონსა და ენ-გადს შორის მდებარე ტერიტორია მოიხსენია.

პროფესორი ჯეიმზ ვანდერკამი, მკვდარი ზღვის გრაგნილების მკვლევარი, ვარაუდობს, რომ „კუმრანში მცხოვრები ესენიელები მხოლოდ მცირე ნაწილი იყვნენ იმ ესენიელების დიდი მოძრაობისა“, რომელთა შესახებაც იოსებმა აღნიშნა, რომ მათი რიცხვი დაახლოებით ოთხიათასს შეადგენდა. თუმცა ყველა აღწერილობა სრულად არ შეესაბამება ესენიელებს, გრაგნილებში ასახული საერთო სურათი, ცხადყოფს, რომ კუმრანის ტექსტები მათ უფრო ეხამება, ვიდრე იმ დროის სხვა რომელიმე ცნობილ ებრაულ ჯგუფს.

ზოგი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობამ დასაბამი კუმრანში აიღო. მიუხედავად ამისა, უამრავი აშკარა სხვაობა შეიძლება შეამჩნიოთ კუმრანში არსებული სექტის რელიგიურ თვალსაზრისსა და პირველი ქრისტიანების რელიგიურ თვალსაზრისს შორის. კუმრანულ ტექსტებში ასახულია შაბათის მკაცრად დაცვის წესები და რიტუალური სიწმინდის ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობა (მათე 15:1—20; ლუკა 6:1—11). იგივე შეიძლება ითქვას ესენიელთა საზოგადოებისგან იზოლირებისა და ბედის შესახებ მათი რწმენის, სულის უკვდავების, დაუქორწინებლობისთვის პრიორიტეტის მინიჭებისა და მათ თაყვანისმცემლობაში ანგელოზების მონაწილეობასთან დაკავშირებით მისტიკურ წარმოდგენებზე. ეს ნათლად ცხადყოფს იესოს სწავლებებისა და პირველი ქრისტიანებისგან მათ სხვაობას (მათე 5:14—16; იოანე 11:23, 24; კოლასელთა 2:18; 1 ტიმოთე 4:1—3).

გრაგნილები — არც გასაიდუმლოებული და არც გადამალული

მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენის შემდეგ ბევრი პუბლიკაცია გამოიცა, რამაც პირველი მონაპოვრები მთელი მსოფლიოს სწავლულებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. მაგრამ ათასობით ფრაგმენტი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ მე-4 გამოქვაბულში იქნა ნაპოვნი, ბევრად უფრო პრობლემატური აღმოჩნდა. მას იკვლევდა სწავლულთა პატარა საერთაშორისო ჯგუფი აღმოსავლეთ იერუსალიმში (იმხანად იორდანიას ეკუთვნოდა), პალესტინის არქეოლოგიურ მუზეუმში. ამ ჯგუფში არ იყვნენ არც იუდეველი და არც ისრაელი სწავლულები.

ამ ჯგუფს გადაწყვეტილი ჰქონდა, არავისთვის მიეცა გრაგნილების ნახვის უფლება, სანამ ძიების ოფიციალურ შედეგებს არ გამოაქვეყნებდა. ამ ჯგუფის წევრთა რიცხვი მკაცრად იყო შეზღუდული. თუ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოკვდებოდა, მხოლოდ ერთი ახალი წევრი უნდა დამატებოდა ჯგუფს მის მაგივრად. სამუშაოს მოცულობა ბევრად აღემატებოდა ჯგუფის შესაძლებლობებს და, ზოგ შემთხვევაში, ძველი ებრაულისა და არამეულის უკეთესი სპეციალისტები იყვნენ საჭირო. როგორც ჯეიმზ ვანდერკემმა თქვა: „ათასობით ფრაგმენტის გამოკვლევა რვა სპეციალისტის შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა, მათი გამოცდილების მიუხედავად“.

1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს აღმოსავლეთი იერუსალიმი და მისი გრაგნილები ისრაელთა იურისდიქციაში გადავიდა, მაგრამ გრაგნილების კვლევის ჯგუფთან დაკავშირებით პოლიტიკა არ შეცვლილა. რადგან „მე-4 გამოქვაბულის“ გრაგნილების გამოქვეყნება არათუ წლობით, არამედ ათწლეულობით დაგვიანდა, მრავალმა სწავლულმა პროტესტი გამოთქვა. 1977 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა გეზა ვერმეშმა ამას XX საუკუნის ყველაზე დიდი აკადემიური სკანდალი უწოდა. დაიწყო ხმების გავრცელება, რომ კათოლიკური ეკლესია განგებ ასაიდუმლოებდა, მალავდა გრაგნილებში მოცემულ ინფორმაციას, რომელიც ქრისტიანობისთვის გამანადგურებელი იქნებოდა.

ბოლოს, 80-იან წლებში ამ ჯგუფის წევრთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. 1990 წელს, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ემანუელ ტოვის, ჯგუფის მთავარ რედაქტორად დანიშვნის შემდეგ ჯგუფის წევრების რაოდენობამ 50 კაცს გადააჭარბა. შედგენილ იქნა სპეციალური გრაფიკი ყველა დანარჩენი გრაგნილის მეცნიერული გამოცემების გამოსაქვეყნებლად.

ნამდვილ წარმატებას, მოულოდნელად, 1991 წელს მიაღწიეს. გამოქვეყნდა პირველი წიგნი „მკვდარი ზღვის გამოუქვეყნებელი გრაგნილების პირველი გამოცემა“, კომპიუტერული საშუალებითა და ჯგუფის კონკორდანსზე დაყრდნობით. შემდეგ, სან-მარინოში (კალიფორნია) არსებულმა ჰანტინგტონის ბიბლიოთეკამ განაცხადა, რომ მათ ნებისმიერი სწავლულისთვის ხელმისაწვდომი უნდა გაეხადათ გრაგნილების ფოტოასლები. მალე მომზადდა წიგნი, „მკვდარი ზღვის გრაგნილები — ფაქსიმილეს სახით“, რომლის წყალობითაც აქამდე გამოუქვეყნებელი გრაგნილების ფოტოასლები ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.

ამრიგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვდარი ზღვის ყველა გრაგნილი გახდა ხელმისაწვდომი გამოსაკვლევად. გამოკვლევამ ცხადი გახადა, რომ ისინი არ იყო გასაიდუმლოებული ან გადამალული. რადგან გრაგნილები, საბოლოოდ, ოფიციალურად ქვეყნდება, მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი მათი სრული ანალიზის გაკეთება. მკვდარი ზღვის გრაგნილების შემსწავლელი ახალი ჯგუფები უკვე ჩამოყალიბდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევა-ძიებას ბიბლიის მკვლევარებისთვის.

[სქოლიოები]

a ორივე, აპოკრიფი (სიტყვასიტყვით, „დაფარული“) და ფსევდოეპიგრაფი (სიტყვასიტყვით, „მიკუთვნებული ტექსტები“) ძვ. წ. III საუკუნიდან ახ. წ. I საუკუნემდე პერიოდში შესრულებული ებრაული ნაწერებია. რომის კათოლიკური ეკლესიისთვის ეს აპოკრიფები მისაღებია, როგორც ინსპირირებული ბიბლიის კანონიკური ნაწილი, მაგრამ ებრაელები და პროტესტანტები ამ წიგნებს უარყოფენ. ფსევდოეპიგრაფები, რომლებსაც რომელიმე ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟს მიაკუთვნებენ, ხშირად ბიბლიური მოვლენების გავრცობილი აღწერაა.

b იხილეთ სტატია „ვინ იყვნენ მაკაბელები?“ 1998 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 21—24.

[სურათი 3 გვერდზე]

მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარე ეს გამოქვაბულები იმ გამოქვაბულთა შორისაა, სადაც უძველესი გრაგნილები აღმოაჩინეს.

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Scroll fragment: Pages 3, 4, and 6: Courtesy of Israel Antiquities Authority

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

Courtesy of Shrine of the Book, Israel Museum, Jerusalem