არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უმწიკვლობის გაბედულად დამცველები არ უშინდებიან ნაცისტების დევნას და იმარჯვებენ

უმწიკვლობის გაბედულად დამცველები არ უშინდებიან ნაცისტების დევნას და იმარჯვებენ

იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი

უმწიკვლობის გაბედულად დამცველები არ უშინდებიან ნაცისტების დევნას და იმარჯვებენ

„შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავნი 27:11). ეს გულითადი მიმართვა ცხადყოფს, რომ ღვთის გონიერ ქმნილებებს შეუძლიათ გაახარონ იეჰოვას გული მისადმი თავიანთი ერთგულებით (სოფონია 3:17). მაგრამ ღვთის შეურაცხმყოფელ სატანას გადაწყვეტილი აქვს, შეარყიოს იეჰოვას მსახურთა უმწიკვლობა (იობი 1:10, 11).

განსაკუთრებით XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ციდან დედამიწის შემოგარენში გადმოაგდეს, სატანა რისხვას ანთხევს იეჰოვას ხალხზე (გამოცხადება 12:10, 12). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები „სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი“ არიან და ღვთის წინაშე უმწიკვლობას ინარჩუნებენ (კოლასელთა 4:12, აქ). მოდი მოკლედ განვიხილოთ უმწიკვლობის ასეთ დამცველთა — მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს მცხოვრებ გერმანელ იეჰოვას მოწმეთა — შესანიშნავი მაგალითი.

გულმოდგინე მსახურებას უმწიკვლობის გამოცდები მოჰყვება

20-იან წლებსა და 30-იანი წლების დასაწყისში ბიბლიის მკვლევარები (ბიბელფორშერ) როგორც მაშინ იყვნენ გერმანიაში ცნობილი იეჰოვას მოწმეები, დიდი რაოდენობით ბიბლიურ ლიტერატურას ავრცელებდნენ. 1919—1933 წლებში მათ საშუალოდ 8 წიგნი, ბუკლეტი თუ ჟურნალი დატოვეს გერმანიაში მცხოვრებ ყოველ ოჯახში.

იმ დროს გერმანიაში ქრისტეს ცხებული მიმდევრებისგან შემდგარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი იყო. ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში იმ 83 941 ადამიანიდან, რომლებმაც 1933 წელს უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები მიიღეს, თითქმის 30 პროცენტი გერმანიაში ცხოვრობდა. მალე ეს გერმანელი მოწმეები უმწიკვლობის სასტიკი გამოცდის წინაშე დადგნენ (გამოცხადება 12:17; 14:12). მათ სამსახურებიდან ითხოვდნენ, სახლებში ეჭრებოდნენ და სკოლებიდან რიცხავდნენ, მალე კი მათ ცემაზე, დაკავებასა და დაპატიმრებაზე გადავიდნენ (სურათი №1). შედეგად, იეჰოვას მოწმეები საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფთა 5—10 პროცენტს შეადგენდნენ მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში.

რატომ დევნიდნენ ნაცისტები მოწმეებს?

რატომ დაატყდათ იეჰოვას მოწმეებს ნაცისტების რისხვა ნაცისტური რეჟიმის პერიოდში? პროფესორ-ისტორიკოსი იან კერშა თავის წიგნში შენიშნავს, რომ მოწმეები დევნის სამიზნე გახდნენ, რადგან უარს ამბობდნენ „ნაცისტური მთავრობის მოთხოვნისადმი სრულ მორჩილებაზე“ (Hitler​—1889-​1936: Hubris).

პროფესორ-ისტორიკოს რობერტ ერიქსენისა და ებრაული კულტურისა და რელიგიის პროფესორის, სუზანა ჰეშელის, მიერ გამოცემულ წიგნში „ღალატი — გერმანული ეკლესიები და ჰოლოკაუსტი“ ახსნილია, რომ მოწმეები „უარს ამბობდნენ ძალადობაში ან სამხედრო ძალის გამოყენებაში მონაწილეობის მიღებაზე. . . მოწმეები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი არც ხმას და არც სალამს აძლევდნენ ჰიტლერს“. ამან — დასძენს იგივე წყარო — ნაცისტების რისხვა და მოწმეების შევიწროება გამოიწვია, რადგან „ნაციონალ-სოციალისტები ვერ მოითმენდნენ ასეთ უარყოფას“.

მთელ მსოფლიოში გამოთქმული პროტესტი და მასობრივი თავდასხმა

1934 წლის 9 თებერვალს ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს მოწმეთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა, მაცნის ხელით ნაცისტური შეუწყნარებლობის საპასუხოდ საპროტესტო წერილი გაუგზავნა ჰიტლერს (სურათი №2). ამის შემდეგ, 1934 წლის 7 ოქტომბერს, 50 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა დაახლოებით 20 000 საპროტესტო წერილი და ტელეგრამა გაუგზავნეს ჰიტლერს.

ამის საპასუხოდ ნაცისტებმა უფრო გააძლიერეს მოწმეთა დევნა. 1935 წლის 1 აპრილს მათი საქმიანობა მთელ ქვეყანაში აიკრძალა და 1936 წლის 28 აგვისტოს გესტაპომ მასობრივად დაიწყო მათზე თავდასხმა. მაგრამ მოწმეები „განაგრძობდნენ ბროშურების გავრცელებას და სხვადასხვა საშუალებით ინარჩუნებდნენ რწმენას“ — აღნიშნულია წიგნში „ღალატი — გერმანული ეკლესიები და ჰოლოკაუსტი“.

მაგალითად, 1936 წლის 12 დეკემბერს, იმ დროს, როცა გესტაპოს ადვილად შეეძლო მათი საქმიანობის შემჩნევა, მოწმეებმა ათი ათასობით დაბეჭდილი რეზოლუციის ეგზემპლარები გაავრცელეს; ამ რეზოლუციაში აღნიშნული იყო, თუ როგორი სასტიკი მოპყრობის ატანა უწევდათ მათ. ამ კამპანიის თაობაზე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა: „ეს მტრებზე დიდებული გამარჯვების მოპოვებასა და მათთვის ბასრი მახვილის ჩაცემას ნიშნავდა, რამაც ენით გამოუთქმელი სიხარულით აავსო ერთგული მსახურები“ (რომაელთა 9:17).

დევნა მარცხით სრულდება!

ნაცისტები განაგრძობდნენ იეჰოვას მოწმეების დევნას. 1939 წლისთვის მათგან ექვსი ათასი დააპატიმრეს და ათასობით საკონცენტრაციო ბანაკებში გააგზავნეს (სურათი №3). როგორი მდგომარეობა იყო მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის? დაახლოებით 2 000 დაპატიმრებული მოწმე გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად ამისა, პროფესორების, ერიქსენისა და ჰეშელის, სიტყვების თანახმად, „იეჰოვას მოწმეები, უმთავრესად, ინარჩუნებდნენ თავიანთ რწმენას განსაცდელის წინაშე დგომისას“. შედეგად, როცა ჰიტლერულ რეჟიმს ბოლო მოეღო, ათასზე მეტი მოწმე გამარჯვებული გამოვიდა ბანაკებიდან (სურათი №4; საქმეები 5:38, 39; რომაელთა 8:35—37).

რამ გააძლიერა იეჰოვას ხალხი შევიწროების ასატანად? საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილმა ტუსაღმა, ადოლფ არნოლდმა, ახსნა: „მაშინაც კი, როცა უაღრესად რთულ სიტუაციაში ხარ, იეჰოვა ხედავს შენს პიროვნებას, იცის, თუ რას განიცდი, რის გადატანა გიწევს და ის მოგცემს საჭირო ძალას, რომ გაუმკლავდე ამ მდგომარეობას და ერთგული დარჩე. მისი ხელი არ არის მოკლე“.

როგორ მიესადაგება წინასწარმეტყველ სოფონიას სიტყვები ამ ერთგულ ქრისტიანებს! მან განაცხადა: „უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე“ (სოფონია 3:17). დაე ჭეშმარიტი ღვთის ყველა თაყვანისმცემელმა ისეთივე რწმენა გამოავლინოს, როგორიც იმ ერთგულ მოწმეებს ჰქონდათ, რომლებმაც ნაცისტების დევნის დროს უმწიკვლობა შეინარჩუნეს, და, მათ მსგავსად, გული გაუხარონ იეჰოვას (ფილიპელთა 1:12—14).

[საავტორო უფლება 8 გვერდზე]

Państwowe Muzeum Oświȩcim-Brzezinka, courtesy of the USHMM Photo Archives