არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეკლესიის მამები — ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველები?

ეკლესიის მამები — ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველები?

ეკლესიის მამები — ბიბლიური ჭეშმარიტების დამცველები?

მიუხედავად იმისა, თვლით თუ არა თავს ქრისტიანად, ბიბლიის ღმერთის, იესოსი და ქრისტიანობის თქვენ მიერ აღქმაზე შეიძლება დიდი გავლენა იქონიეს მათ. ერთ-ერთ მათგანს ოქროპირი ეწოდა, მეორეს დიდი. მთლიანობაში ისინი აღწერეს, როგორც „ქრისტეს ცხოვრების უდიდესი განსახიერება“. ვინ არიან ისინი? ძველ დროში მცხოვრები რელიგიური მოაზროვნეები, მწერლები, თეოლოგები და ფილოსოფოსები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს დღევანდელ „ქრისტიანულ“ აზროვნებაზე — ეკლესიის მამები.

„ღვთის სიტყვა მხოლოდ ბიბლიით არ შემოიფარგლება, — ამბობს ბერძნული მართლმადიდებლური რელიგიის შემსწავლელ მეცნიერებათა პროფესორი დემიტრიოს კონსტანტელოსი. — შეუძლებელია, რომ სულიწმიდა, რომელიც ღვთის სიტყვას გვიმჟღავნებს, მხოლოდ ერთი წიგნით შემოიფარგლოს“. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ღვთიური გამოცხადების სხვა სანდო წყარო? კონსტანტელოსი თავის წიგნში ამტკიცებს: „წმინდა ტრადიციებსა და საღვთო წერილს ერთი და იმავე მონეტის ორ მხარედ მიიჩნევენ“ („Understanding the Greek Orthodox Church“)

ამ „წმიდა ტრადიციის“ ქვაკუთხედის შემადგენლობაში ეკლესიის მამათა სწავლება და წერილები შედის. ეს მამები ახ. წ. II—V საუკუნეების გამოჩენილი თეოლოგები და „ქრისტიანი“ ფილოსოფოსები იყვნენ. რამდენად დიდი გავლენა იქონიეს მათ თანამედროვე „ქრისტიანობის“ სწავლებაზე? თავიანთ სწავლებებში მტკიცედ მიჰყვებოდნენ ისინი ბიბლიურ მოძღვრებას? რა უნდა იყოს იესო ქრისტეს მიმდევრებისთვის ქრისტიანული ჭეშმარიტების მტკიცე საფუძველი?

ისტორიული ფონი

ახ. წ. II საუკუნის შუა პერიოდში ყველა, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანად აცხადებდა, თავის რწმენას რომაელი მდევნელებისა და ერეტიკოსებისგან იცავდა. მაგრამ ეს ძალიან ბევრი თეოლოგიური შეხედულების ხანა იყო. იესოს „ღვთაებრიობისა“ და სულიწმიდის ბუნებისა და მოქმედების შესახებ რელიგიური დებატები მაშინ მხოლოდ ინტელექტუალურ დაყოფებს როდი იწვევდა. „ქრისტიანულ“ დოგმატებთან დაკავშირებით დიდი უთანხმოებები და განხეთქილებები პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებშიც გადავიდა და ზოგჯერ არეულობის, აჯანყების, მოქალაქეებს შორის კონფლიქტებისა და ომის მიზეზიც კი ხდებოდა. ისტორიკოსი პოლ ჯონსონი წერდა: „[განდგომილმა] ქრისტიანობამ თავისი არსებობა არეულობით, დაპირისპირებულობითა და განხეთქილებით დაიწყო და ასევე განაგრძო. . . ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილისკენ ახ. წ. I და II საუკუნეებში რელიგიური იდეების უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა და ყველა თავისი იდეის დასაცავად იბრძოდა. . . იმ დროს თავიდანვე არსებობდა მრავალგვარი ქრისტიანობა, რომლებსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა რამ თუ ჰქონდათ საერთო“.

იმ დროიდან აყვავება იწყო იმ მწერლებისა და მოაზროვნეების იდეებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „ქრისტიანული“ სწავლებების ასახსნელად ფილოსოფიური ტერმინების გამოყენება იყო აუცილებელი. „ქრისტიანობაზე“ ახლად მოქცეული განათლებული წარმართების დასაკმაყოფილებლად ასეთი რელიგიური მწერლები უმეტესწილად ადრეულ ბერძნულ ან იუდაურ ლიტერატურას ეყრდნობოდნენ. იუსტინე წამებულიდან მოყოლებული (დაახლოებით ახ. წ. 100—165), რომელიც ბერძნულად წერდა, ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა, ბერძნული კულტურის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას სულ უფრო ისისხლხორცებდა.

ეს კარგი ნიადაგი აღმოჩნდა ორიგენეს (დაახლოებით ახ. წ. 185—254), ალექსანდრიელი ბერძენი სწავლულის, ნაშრომებისთვის. ორიგენეს ტრაქტატი „ძირითად პრინციპებზე“ იმის პირველი მცდელობა იყო, რომ „ქრისტიანული“ თეოლოგიის ძირითადი დოგმატები ბერძნული ფილოსოფიის ტერმინებით აეხსნათ. ნიკეის კრება, (ახ. წ. 325) რომელზეც შეეცადნენ ქრისტეს „ღვთაებრიობის“ ახსნასა და დადგენას, ის ნიშანსვეტი იყო, რომელმაც „ქრისტიანული“ დოგმატის ინტერპრეტაციას ახალი იმპულსი შესძინა. აღნიშნული კრებით დაიწყო ხანა, რომლის განმავლობაშიც საყოველთაო საეკლესიო კრებები დოგმატების სულ უფრო კონკრეტულად განსაზღვრას ცდილობდა.

მწერლები და ორატორები

ევსები კესარიელს, რომელიც ნიკეის პირველი კრების დროს წერდა, იმპერატორ კონსტანტინესთან ურთიერთობა ჰქონდა. ნიკეის კრებიდან ას წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ თეოლოგები, რომელთაგან უმრავლესობა ბერძნულად წერდა, ხანგრძლივ და ცხარე კამათში ჩაებნენ სამების დოგმატთან დაკავშირებით, რაც ქრისტიანული სამყაროს განმასხვავებელი დოქტრინა უნდა ყოფილიყო. მათ შორის მთავარი ფიგურები იყვნენ ათანასე, ალექსანდრიის თავდაჯერებული ეპისკოპოსი, და სამი კაბადოკიელი (მცირე აზია) ეკლესიის წინამძღოლი — ბასილი დიდი, მისი ძმა გრიგოლ ნოსელი და მათი მეგობარი გრიგოლ ნაზიანზელი.

იმ ეპოქის მწერლებმა და მქადაგებლებმა მჭევრმეტყველებაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. გრიგოლ ნაზიანზელი და იოანე ქრისოსტომი (ოქროპირი) ბერძნულ ენაზე, აგრეთვე ამბროსი მედიოლანელი და ჰიპონის ეპისკოპოსი ავგუსტინე ლათინურზე შესანიშნავი ორატორები — თავიანთი დროის ყველაზე პატივსაცემი და პოპულარული ხელოვნების დარგის ოსტატები — იყვნენ. იმ დროის ყველაზე გავლენიანი მწერალი ავგუსტინე იყო. მისმა თეოლოგიურმა ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია დღევანდელი „ქრისტიანული“ აზროვნების ჩამოყალიბებაზე. იერონიმემ, იმ პერიოდის გამორჩეული ერუდიციის მქონე სწავლულმა, ძირითადი როლი შეასრულა ბიბლიის დედნიდან ლათინური ვულგატას თარგმნაში.

მაგრამ მნიშვნელოვანი კითხვები გახლავთ: მტკიცედ მიჰყვებოდნენ თუ არა ეკლესიის ეს მამები ბიბლიას? თავიანთ სწავლებაში ეყრდნობოდნენ თუ არა საღვთო წერილს? არის მათი წერილები ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნების მისაღებად სანდო სახელმძღვანელო?

ღვთის მოძღვრება თუ ადამიანთა სწავლებები

არც ისე დიდი ხნის წინათ ბერძენმა მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა მეთოდიუს პისიდიელმა დაწერა წიგნი „ქრისტიანობის ელინისტური საფუძვლები“, რათა ცხადი გაეხადა, რომ ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ განაპირობა თანამედროვე „ქრისტიანული“ აზროვნების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. თავის წიგნში ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აღიარებს: „ეკლესიის თითქმის ყველა გამოჩენილი მამა ბერძნულ ელემენტებს ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევდა და სესხულობდა კიდეც მათ კლასიკური ბერძნულიდან იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით ქრისტიანული ჭეშმარიტებანი გაეგოთ და სწორად გადმოეცათ“.

მაგალითად, განვიხილოთ აზრი იმის შესახებ, რომ მამა, ძე და სულიწმიდა სამებას ქმნის. ეკლესიის ბევრი მამა ნიკეის კრების შემდეგ სამების ერთგული მხარდამჭერი გახდა. მათ ნაშრომებსა და განმარტებებს გადამწვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სამების დოგმატისთვის ქრისტიანობაში უდიდესი მნიშვნელობის მისანიჭებლად. მაგრამ არის სადმე ბიბლიაში სამებაზე ლაპარაკი? არა. მაშ, ის საიდან მოიტანეს ეკლესიის მამებმა? „რელიგიური შემეცნების ლექსიკონში“ აღნიშნულია, რომ მრავალი სამებას „წარმართული რელიგიებიდან ნასესხებად და ქრისტიანულ მრწამსში დაფუძნებულად“ მიიჩნევს. წიგნი „წარმართობა ჩვენს ქრისტიანობაში“ ადასტურებს ამ აზრს: „[სამების] წარმოშობა მთლიანად წარმართულია“ a (იოანე 3:16; 14:28).

ან განვიხილოთ სწავლება სულის უკვდავების შესახებ, რომლის თანახმადაც, ადამიანის არსების გარკვეული ნაწილი სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. და ისევ, ეკლესიის მამებმა შემოიღეს სულის უკვდავების შესახებ სწავლება რელიგიაში, რომელშიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა ცნება სიკვდილის შემდეგ სულის გადარჩენის შესახებ. ბიბლია აშკარად ცხადყოფს, რომ სული შეიძლება მოკვდეს: „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (ეზეკიელი 18:4). რა იყო ეკლესიის მამებისთვის სულის უკვდავების მრწამსის საფუძველი? „ქრისტიანული კონცეფცია ღვთის მიერ შექმნილი სულიერი სულის და ამ სულის სხეულში დასახლების შესახებ, რის შემდეგაც ადამიანი ცოცხლობს, კარგა ხნის განმავლობაში განვითარების პროცესში მყოფი ქრისტიანული ფილოსოფიის ნაყოფია. მხოლოდ აღმოსავლეთში ორიგენესა და დასავლეთში ავგუსტინეს მიერ იყო სულის სულიერ სუბსტანციად მიჩნევის შესახებ იდეა დაფუძნებული და მხოლოდ მათ ჩამოაყალიბეს ფილოსოფიური კონცეფცია სულის ბუნების შესახებ. . . [ავგუსტინეს დოქტრინამ] . . . ბევრი რამ (მათ შორის ზოგი ნაკლოვანებაც) ნეოპლატონიზმიდან გადაიღო“, — აღნიშნავს „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“. ჟურნალი „პრესვიტერიანული ცხოვრება“ კი ამბობს: „სულის უკვდავება ბერძნული კონცეფციაა, რომელიც საიდუმლოებით მოცული ძველი კულტებიდან განვითარდა და ფილოსოფოსმა პლატონმა დეტალურად დაამუშავა“ b.

ქრისტიანული ჭეშმარიტებისთვის მყარი საფუძველი

ეკლესიის მამების შესახებ ამ მცირე ისტორიული ექსკურსისა და მათი სწავლებების წარმოშობის გაგების შემდეგ გონივრულია დავსვათ კითხვა, უნდა დაამყარონ გულწრფელმა ქრისტიანებმა თავიანთი რწმენა მათ სწავლებებზე? მოდი ამ კითხვაზე პასუხი ბიბლიამ გაგვცეს.

დავიწყოთ იქიდან, რომ იესო ქრისტემ თავად გამორიცხა რელიგიური ტიტულის „მამაოს“ ხმარება, როდესაც თქვა: „ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი“ (მათე 23:9). „მამაოს“ რომელიმე რელიგიური პირისთვის წოდება არაქრისტიანული და არაბიბლიურია. ღვთის წერილობითი სახით შემონახული სიტყვის ჩაწერა დაახლოებით ახ. წ. 98 წელს მოციქულმა იოანემ დაასრულა. ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სულაც არ არის საჭირო, რომელიმე ადამიანისგან მოელოდნენ ინსპირირებულ გამოცხადებას. ისინი ფრთხილობენ, რათა ადამიანთა ტრადიციებით ‘ღვთის მცნება არ გააუქმონ’. ადამიანთა ტრადიციების ღვთის სიტყვის ადგილას დაყენება სულიერად მომაკვდინებელია. იესო გვაფრთხილებდა: „თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“ (მათე 15:6, 14).

სჭირდება ქრისტიანს რაიმე გამოცხადება, გარდა იმისა, რაც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია, მოცემული? არა. წიგნი „გამოცხადება იოანესი“ გვაფრთხილებს ინსპირირებული ჩანაწერისთვის ნებისმიერ დამატებასთან დაკავშირებით: „თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს“ (გამოცხადება 22:18).

ქრისტიანული ჭეშმარიტება ღვთის მიერ წერილობით მოცემულ სიტყვაში, ბიბლიაშია, მოცემული (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16; 2 იოანე 1—4). მისი სწორად გაგება საერო ფილოსოფიაზე არ არის დამოკიდებული. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღვთიური გამოცხადების ადამიანური სიბრძნით ახსნას ცდილობდა, მართებულია მოციქული პავლეს კითხვების გამეორება: „სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთისოფლის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?“ (1 კორინთელთა 1:20).

გარდა ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1 ტიმოთე 3:15). ამ კრების ზედამხედველები კრებაში სწავლების სიწმინდეს იცავენ და ხელს უშლიან ნებისმიერი უწმინდური დოგმატის შემოპარვას (2 ტიმოთე 2:15—18, 25). ისინი კრებას იცავენ ‘ცრუწინასწარმეტყველების, ცრუმოძღვრებისა და დამღუპველი მწვალებლობის შემომღებთაგან’ (2 პეტრე 2:1). მოციქულების სიკვდილის შემდეგ ეკლესიის მამებმა ‘მაცდურ სულთა და ეშმაკთა მოძღვრებები’ ქრისტიანულ კრებაში დანერგეს (1 ტიმოთე 4:1).

ამ განდგომილების შედეგები ნათლად ჩანს დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროში. მისი მრწამსი და მოქმედება ბიბლიური ჭეშმარიტებისგან ძალიან არის დაშორებული.

[სქოლიოები]

a სამების დოქტრინის შესახებ უფრო საფუძვლიანი მსჯელობა შეგიძლიათ ნახოთ ბროშურაში: „უნდა გწამდეს სამება?“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

b სულის შესახებ ბიბლიურ მოძღვრებაზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

კაბადოკიელი მამები

«მართლმადიდებელი ეკლესია. . . გამორჩეული პატივისცემით ეკიდება მეოთხე საუკუნის მწერლებს და განსაკუთრებით მათ, რომლებსაც ის „სამ დიდ იერარქს“ უწოდებს — გრიგოლ ნაზიანზელს, ბასილი დიდსა და იოანე ოქროპირს“, — აღნიშნავს მწერალი კალისტოსი (ბერი). ინსპირაციით დაწერილ საღვთო წერილზე აფუძნებდნენ თუ არა ეკლესიის ეს მამები თავიანთ სწავლებებს? ბასილი დიდთან დაკავშირებით წიგნი „საბერძნეთის ეკლესიის მამები“ აღნიშნავს: „მისი ნაწერები ცხადყოფს, რომ პლატონის, ჰომეროსის და ისტორიკოსებისა თუ რიტორიკოსების ნაშრომებით მთელი ცხოვრების განმავლობაში საზრდოობას, ნამდვილად რომ, გავლენა მოუხდენია მის სტილზე. . . ბასილი ‘ელინად’ რჩებოდა“. იმავეს თქმა შეიძლება გრიგოლ ნაზიანზელზეც. „მისი თვალსაზრისით, ეკლესიის გამარჯვება და აღმატებულობა საუკეთესოდ გამოჩნდებოდა, თუ ეკლესია მთლიანად შეითვისებდა კლასიკური კულტურის ტრადიციებს“.

სამივე მათგანის შესახებ პროფესორი პანაგიოტის ქრისტუ წერს: «თუმცა ისინი დროდადრო იძლევიან გაფრთხილებას „ფილოსოფიისა და ფუჭი ცდუნებების“ [კოლასელთა 2:8] შესახებ — რათა ახალი აღთქმის მითითებისამებრ მოიქცნენ — ამავე დროს გულმოდგინედ სწავლობენ ფილოსოფიასა თუ შესაბამის დისციპლინას და სხვებსაც კი ურჩევენ მათ სწავლას». ცხადია, ეკლესიის ასეთი მამები ფიქრობდნენ, რომ მათი იდეების მხარდასაჭერად ბიბლია საკმარისი არ იყო. ნიშნავდა თუ არა სხვა ავტორიტეტების ძიება იმას, რომ მათი მოძღვრება ბიბლიისთვის უცხო იყო? მოციქული პავლე ებრაელ ქრისტიანებს აფრთხილებდა: „არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა“ (ებრაელთა 13:9).

[საავტორო უფლება]

© Archivo Iconografico, S.A./CORBIS

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

კირილე ალექსანდრიელი — პოლემიკის გამომწვევი საეკლესიო მამა

ეკლესიის მამებს შორის ყველაზე მეტად პოლემიკური კირილე ალექსანდრიელი იყო (დაახლოებით ახ. წ. 375—444). საეკლესიო ისტორიკოსი ჰანს ფონ კამპენჰაუზენი მას აღწერს „დოგმატურ, მძვინვარე და გაქნილ ადამიანად, რომელიც მოხიბლულია თავისი მოწოდებისა და სამსახურის დიდებულებით“, ხოლო შემდეგ დასძენს: „ის არასოდეს არაფერს მიიჩნევდა სწორად და მართებულად, თუ ეს მისი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის წინ წაწევას არ უწყობდა ხელს. . . თავისი სისასტიკე და არაკეთილსინდისიერი მეთოდები მას არასოდეს ადარდებდა“. თუმცა ალექსანდრიის ეპისკოპოსი იყო, კირილემ მექრთამეობას მიჰყო ხელი, არც ჭორების გავრცელებასა და ცილისწამებას ერიდებოდა იმ მიზნით, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსისთვის ეს სამსახური ჩამოერთმიათ. მას მიაწერენ სახელგანთქმულ ფილოსოფოს ჰიპატიას მხეცურ მკვლელობასაც ახ. წ. 415 წელს. კირილეს თეოლოგიური ნაშრომების შესახებ კამპენჰაუზენი ამბობს: „მან შემოიღო იმის პრაქტიკა, რომ მრწამსის შესახებ საკითხები არა მხოლოდ ბიბლიაზე დაფუძნებით გადაწყვეტილიყო, არამედ სახელგანთქმულ ადამიანთა ნაშრომებიდან ციტატების მოყვანითაც“.

[სურათი 19 გვერდზე]

იერონიმე.

[საავტორო უფლება]

Garo Nalbandian