მისი სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
მისი სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა
კვიპროსი ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია. ბიბლიურ დროში კვიპროსი სახელგანთქმული იყო სპილენძითა და საუცხოო ხე-ტყით. პავლემ და ბარნაბამ, თავიანთი პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა ამ კუნძულზე იქადაგეს (საქმეები 13:4—12). კეთილი ცნობა დღესაც დადებით გავლენას ახდენს ბევრი კვიპროსელის ცხოვრებაზე; ამის თვალსაჩინო მაგალითი 40 წლის ლუკასის მონათხრობია:
„დავიბადე ოჯახში, სადაც შვიდი ბავშვი ვიზრდებოდით; ჩვენ მეცხოველეობის ფერმა გვქონდა. პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნი ჯიბის ზომის ქრისტიანულ-ბერძნული საღვთო წერილების გამოცემა იყო. ათი წლის ასაკში მე და რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ბიბლიის შემსწავლელი პატარა ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ მან დიდხანს ვერ იარსება, რადგან სოფელში მცხოვრებმა ზოგმა ასაკოვანმა ერეტიკოსები გვიწოდა.
მოგვიანებით, სტუდენტობის პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ რელიგიის წარმომადგენელს შევხვდი. ამან კვლავ გამიღვივა სულიერი საკითხებისადმი ინტერესი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უამრავი დღე დავყავი სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების შესასწავლად; რამდენიმე ეკლესიაც მოვინახულე, მაგრამ ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, სულიერ კმაყოფილებას მაინც ვერ ვგრძნობდი.
სწავლის დამთავრების შემდეგ კვიპროსში დავბრუნდი და სამედიცინო ლაბორატორიის დირექტორად დავიწყე მუშაობა. სამსახურში იეჰოვას მოწმე ხნიერი მამაკაცი, სახელად ანდონისი, მინახულებდა ხოლმე. მაგრამ მისი სტუმრობა ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
მალე ღვთისმეტყველმა მომინახულა და იეჰოვას მოწმეებთან საუბრის სურვილი დამიკარგა. რადგან ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო ჭეშმარიტება, მორჩილება გამოვავლინე, შევწყვიტე ანდონისთან ურთიერთობა და ღვთისმეტყველთან დავიწყე ბიბლიის შესახებ საუბარი. ამასთანავე, ბევრი მონასტერი მოვინახულე კვიპროსში. ჩრდილოეთ საბერძნეთშიც კი ვიმოგზაურე და ათონის მთასაც ვეწვიე, რომელიც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე წმინდა მთად არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ბიბლიასთან დაკავშირებულ ჩემს შეკითხვებს პასუხი არ გასცემია.
მოგვიანებით ღმერთს ვთხოვე, დამხმარებოდა ჭეშმარიტების პოვნაში. მას შემდეგ არ გასულა დიდი დრო და ანდონისი კვლავ მეწვია სამსახურში; მივხვდი, რომ ეს იყო პასუხი ჩემს ლოცვაზე. ამიტომ შევწყვიტე ღვთისმეტყველთან სიარული და ანდონისთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. სულიერად წინ მივიწევდი, 1997 წლის ოქტომბერში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე.
ჩემი მეუღლე და ჩვენი 14 და 10 წლის ორი უფროსი ქალიშვილი, თავიდან წინააღმდეგობას მიწევდნენ. მაგრამ ჩემი სამაგალითო საქციელის შემყურე ჩემმა ცოლმა გადაწყვიტა, სამეფო დარბაზში შეხვედრას დასწრებოდა. მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეების გულკეთილობამ და მის მიმართ გამოვლენილმა პირადმა ინტერესმა; განსაკუთრებით აღაფრთოვანა მოწმეების მიერ ბიბლიის გამოყენებამ. შედეგად, ჩემმა მეუღლემ და ორმა უფროსმა ქალიშვილმა თანხმობა განაცხადეს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლაზე. წარმოიდგინეთ ჩემი აღფრთოვანება, როცა 1999 წლის საოლქო კონგრესზე „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“ სამივე მოინათლა!
დიახ, ჭეშმარიტების ძიებასთან დაკავშირებული ჩემი სულიერი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა. ამჟამად მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლისა და ოთხი შვილის ჩათვლით, გაერთიანებულია იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობაში“.