არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი მოგონებებისთვის!

მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი მოგონებებისთვის!

ბიოგრაფია

მადლიერი ვარ ჩემი ძვირფასი მოგონებებისთვის!

მოგვითხრო დრუსილა კეინმა

იდგა 1933 წელი; ეს-ეს იყო ზანოა კეინზე გავთხოვდი, რომელიც ჩემსავით წიგნების დამტარებელი — სრული დროით მქადაგებელი იყო. ბედნიერი ვიყავი და ვგეგმავდი, ჩემს ქმართან ერთად იქ მემსახურა, სადაც ის იყო დანიშნული, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო ველოსიპედი — ფუფუნების საგანი, რომლის ყიდვაც არასდროს შემეძლო, რადგან ეკონომიკური კრიზისის დროს ცხოვრება ჭირდა. რა უნდა მეღონა?

როდესაც ჩემმა მაზლებმა გაიგეს, რა რთულ ვითარებაში ვიყავი, ნაგავსაყრელზე ველოსიპედების ნაწილებს დაუწყეს ძებნა. მართლაც მონახეს ისინი და ველოსიპედი ამიწყვეს! როგორც კი ველოსიპედის ტარება ვისწავლე მე და ზანოა გზას გავუდექით; სიხარულით გავიარეთ ვუსტერისა და ჰერიფორდის საგრაფოები (ინგლისი) და გზა და გზა ყველა შემხვედრს ვუქადაგებდით.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რწმენის მეოხებით გადადგმული ეს უბრალო ნაბიჯი მდიდარი მოგონებებით აავსებდა ჩემს ცხოვრებას. სულიერი საკითხებისადმი სიყვარული ჩემმა ძვირფასმა მშობლებმა ჩამინერგეს.

მძიმე წლები პირველი მსოფლიო ომის დროს

დავიბადე 1909 წელს. მოგვიანებით დედაჩემმა წიგნი „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ მიიღო; 1914 წელს კი მშობლებმა „შემოქმედების ფოტოდრამის“ საყურებლად წამიყვანეს ოლდემში (ლანკაშირი); (ეს ორივე ნაშრომი დღეს იეჰოვას მოწმეებად ცნობილმა ხალხმა გამოუშვა). თუმცა პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს ნანახით გახარებული როგორი ხტუნვა-ხტუნვით ვბრუნდებოდი სახლში! ფრანკ ჰილმა მაშინ ჩამოაყალიბა ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი როჩდეილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. იქ დასწრება დაგვეხმარა ოჯახის განმტკიცებასა და საღვთო წერილის გაგებაში.

ჩვენი მშვიდი ცხოვრება მაშინ აირია, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. მამაჩემი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ნეიტრალიტეტის პრინციპი არ დაურღვევია. სასამართლომ მას „ძალზედ უმწიკვლო კაცი“ უწოდა; ამ ფაქტს ხალხისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა; „ისინი აღნიშნავდნენ, რომ დარწმუნებული იყვნენ მამაჩემის გულწრფელობაში — რომ ის იარაღს მართლაც არ აისხამდა“ — იუწყებოდა ადგილობრივი გაზეთი.

სრული განთავისუფლების ნაცვლად, მამა რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც „მხოლოდ საბრძოლო ჯარების რიგებიდან“ განთავისუფლებული პირი. მე და ჩემი მშობლები მაშინვე დაცინვის ობიექტები გავხდით. საბოლოოდ, მის საქმეს გადახედეს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება დაავალეს; მაგრამ ზოგი ფერმერი მის მდგომარეობას იყენებდა და ან ძალიან ცოტას უხდიდა, ან — სულ არაფერს. ოჯახის სარჩენად დედა მუშაობდა: ასრულებდა მძიმე სამუშაოს კერძო სამრეცხაოში და გროშებს იღებდა. მაგრამ ახლა ვხედავ, როგორ გამაძლიერა ახალგაზრდობის ასეთ რთულ პირობებში გატარებამ. ეს დამეხმარა უფრო მნიშვნელოვანი სულიერი საქმეების დაფასებაში.

მსახურების დასაწყისი

დენიელ ჰიუზი, ბიბლიის გამჭრიახი მკვლევარი, მალე თითქმის ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. ის ქვანახშირის მაღაროში მუშაობდა სოფელი რუაბონში, რომელიც 20 კილომეტრით იყო დაშორებული პატარა ქალაქ ოზვსტრიდან, სადაც საცხოვრებლად გადავედით. ბიძია დენი, როგორც მე ვეძახდი, ჩვენს ოჯახთან ახლოს იყო და როცა კი მოდიოდა ჩვენთან, ყოველთვის საღვთო წერილზე საუბრობდა. ის ზერელედ არასდროს ლაპარაკობდა. ოზვსტრიდში ბიბლიის შემსწავლელი კლასი 1920 წელს ჩამოყალიბდა და 1921 წელს ბიძია დენმა „ღვთის არფის“ ერთი ეგზემპლარი მომცა. მე ამ წიგნს ძალიან ვაფასებდი, რადგან მისი საშუალებით ბიბლიური სწავლებების გაგება ძალიან გამიადვილდა.

აქვე მოღვაწეობდა პრაის ჰიუზიც, a რომელიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეთა ლონდონის ფილიალის თავჯდომარე ზედამხედველი გახდა. ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა უელსის საზღვარზე ბრონიგარსის მახლობლად; მისი და, სისი, დედაჩემის ახლო მეგობარი გახდა.

მახსოვს როგორი აღფრთოვანება მოჰყვა მოწოდებას, რომელიც 1922 წელს გაისმა: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. მომდევნო წლებში, თუმცა ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, გატაცებით ვმონაწილეობდი სპეციალური ტრაქტატების გავრცელებაში, განსაკუთრებით კი 1924 წელს, როცა ტრაქტატი „სამღვდელოების მხილება“ გამოვიდა. ვიხსენებ იმ ათწლეულებს, როდესაც შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა ისეთ უამრავ ერთგულ ძმასთან და დასთან ურთიერთობისა, რომელთა შორისაც იყვნენ მოდ კლარკი b და მისი პარტნიორი მერი გრანტი*, ედგარ კლეი*, რობერტ ჰედლინგტონი, კეიტი რობერტსი, ედვინ სკინერი*, პერსი ჩაპმანი და ჯეკ ნეითანი*, რომელთაგან უკანასკნელი ორი კანადაში გადავიდა, რათა იქ დახმარებოდნენ ძმებს.

ბიბლიური ლექცია „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“ ჩვენს დიდ ტერიტორიაზე დროული დამოწმება იყო. 1922 წლის 14 მაისს პრაის ჰიუზის ნათესავი, სტენლი როჯერსი, ჩამოვიდა ლივერპულიდან მოხსენების წასაკითხად ჩვენი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ კირკში და მოგვიანებით, იმავე საღამოს, მოხსენება წაიკითხა ოზვსტერის კინოთეატრის შენობაში. დღესაც კი მაქვს ამ შემთხვევისთვის სპეციალურად გამოშვებული მოსაწვევი ბარათი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პატარა ჯგუფი ძლიერდებოდა სამი მიმომსვლელი ზედამხედველის — პილიგრიმების, როგორც ჩვენ ვეძახდით — მონახულებებით; ესენი იყვნენ: ჰერბერტ სინორი, ალბერტ ლოიდი და ჯონ ბლეინი.

გადაწყვეტილების მიღების დრო

1929 წელს გადავწყვიტე, მოვნათლულიყავი. 19 წლის ვიყავი და პირველ ნამდვილ გამოცდასაც შევხვდი. გავიცანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მამაც პოლიტიკური მოღვაწე იყო. ერთმანეთი მოგვეწონა და მან ჩემზე დაქორწინება გადაწყვიტა. მანამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა წიგნი „მთავრობა“ და ერთი ეგზემპლარი მასაც მივეცი. მალე ნათელი გახდა, რომ მას არ აინტერესებდა ცნობა ზეციური მთავრობის შესახებ, რის შესახებაც ამ წიგნში იყო საუბარი. ბიბლიის შესწავლიდან ვიცოდი, რომ ძველად ისრაელებს ნაბრძანები ჰქონდათ, არ დაქორწინებულიყვნენ წარმართებზე, და რომ ეს პრინციპი ქრისტიანებისთვისაც გასათვალისწინებელი იყო. ამიტომ, თუმცა ეს ჩემთვის ძნელი გასაკეთებელი იყო, უარი ვუთხარი ცოლობაზე (მეორე რჯული 7:3; 2 კორინთელთა 6:14).

მაძლიერებდა მოციქულ პავლეს სიტყვები: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9). ძვირფასი ბიძია დენიც დამეხმარა, როდესაც მომწერა: «დიდ და პატარა გამოცდებისას იხელმძღვანელე რომაელთა 8:28-ით, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ“». ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმ წელს წიგნის დამტარებელთა სიაში ჩავეწერე.

სიძნელეები

1931 წელს ჩვენ ახალი სახელი, იეჰოვას მოწმეები, მივიღეთ და იმ წელს დიდი კამპანია გაიმართა ბუკლეტის „სამეფო — კაცობრიობის იმედი“ გამოყენებით. ამ ბუკლეტის ეგზემპლარმა ყველა პოლიტიკოსამდე, მღვდელსა და ბიზნესმენამდე მიაღწია. მე ამ ბუკლეტს ვავრცელებდი ოზვსტრიდან რექსემამდე, თითქმის 25 კილომეტრის მანძილზე ჩრდილოეთით. ძალიან ძნელი იყო მთელი ამ ტერიტორიის შემოვლა.

მომდევნო წელს ბირმინგემში გამართულ კონგრესზე, გამოაცხადეს, რომ საჭირო იყო 24 მოხალისე. როდესაც ამ ახალი მსახურებისთვის ჩავეწერეთ, არ ვიცოდით რა სახის მსახურებას ვიწყებდით. ალბათ წარმოიდგენთ ჩვენს გაოცებას, როდესაც ორ-ორი დაგვნიშნეს მძიმე პლაკატების ტარებისას იგივე ბუკლეტის „სამეფო — კაცობრიობის იმედი“ გასავრცელებლად, რომელიც სამეფოს შესახებ ცნობას იუწყებოდა.

ტაძრის შემოგარენში მსახურებისას ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ამ ქალაქში არავინ მიცნობდა. თუმცა პირველი ადამიანი, რომელიც ჩემთან მოვიდა, ძველი სკოლის მეგობარი იყო. ის დაჟინებით მომაშტერდა და მკითხა: „რას აკეთებ, ეს რა გიკეთია“? ეს შემთხვევა დამეხმარა ადამიანების შიშის დაძლევაში, რომელიც ალბათ მქონდა!

შორს გადასვლა

1933 წელს ჩემზე 25 წლით უფროსს, ქვრივ ზანოას გავყევი ცოლად. მისი პირველი მეუღლე ბიბლიის ერთგული მკვლევარი იყო და ზანოაც, მისი სიკვდილის შემდეგ, თავისი დავალების ერთგული დარჩა. ჩვენ მალე გადავედით ინგლისიდან ჩრდილოეთ უელსში დაახლოებით 150 კილომეტრის მოშორებით. მიუხედავად იმისა, რომ ყუთები, ჩემოდნები და სხვა ბარგი გავანაწილეთ ველოსიპედის საჭეებზე, ზღუდარებს შორის და კალათებში, მშვიდობიანად ჩავედით დანიშნულების ადგილზე! ჩვენი დავალების შესასრულებლად ველოსიპედები ძალზე აუცილებელი რამ იყო. მათი მეშვეობით ყველგან დავდიოდით, კადერ-იდრისზეც კი, უელსის მთაზე, რომელიც 900 მეტრის სიმაღლისაა. დიდად სასიხარულო იყო ისეთი ხალხის პოვნა, რომლებსაც ‘სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის’ მოსმენა სურდათ (მათე 24:14, აქ).

არც ისე დიდი ხნის ჩასულები ვიყავით, როცა გვითხრეს, რომ ერთი მამაკაცი, ტომ პრაისიც ქადაგებდა იგივე ცნობას. გარკვეული დროის შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენით ტომს, რომელიც ბლუ-მაუნტენზში, ქალაქ უელშპულთან ახლოს ცხოვრობდა. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო! როდესაც პირველად დავიწყე ქადაგება ტომს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაცია „შერიგება“ მივეცი. მან თვითონ შეისწავლა ეს პუბლიკაცია; უფრო მეტი ლიტერატურის მისაღებად ლონდონში მისწერა მოწმეებს თავის ახალი რწმენის შესახებ, და იმ დროიდან მოყოლებული მუდამ გულმოდგინედ ქადაგებდა ყველასთან. ხშირად სასიამოვნოდ გაგვიტარებია ერთად დრო; ხშირად სამივე ერთად ვსწავლობდით ბიბლიას ერთმანეთის გასამხნევებლად.

უბედურებას კურთხევები მოსდევს

1934 წელს ჩრდილოეთ უელსის მახლობლად მომსახურე წიგნების ყველა დამტარებელი მიიწვიეს ქალაქ რექსემში, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ ბუკლეტის „სამართლიანი მმართველის“ გავრცელებაში. ვიდრე სპეციალური კამპანია დაიწყებოდა ერთი დღით ადრე დიდი უბედურება დატრიალდა. ქალაქ რექსემის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მომხდარმა აფეთქებამ 266 კაცის სიცოცხლე შეიწირა. 200-ზე მეტი ბავშვი დაობლდა და 160 ქალი დაქვრივდა.

ჩვენ ჩამოწერილი გვქონდა ამ ქვრივების სია, მათ პირადად ვინახულებდით და ბუკლეტს ვუტოვებდით. ერთ-ერთი მისამართი, რომელიც მომცეს, იყო ქალბატონი ჩადუიკის, რომელმაც 19 წლის ვაჟი დაკარგა. სახლში მისი უფროსი ვაჟი ჯეკი დაგვხვდა, რომელიც დედის ნუგეშის საცემად მისულიყო. ამ ახალგაზრდამ მიცნო, მაგრამ არ გაამხილა. ჯერ წაიკითხა ბუკლეტი და შემდეგ მოძებნა „საბოლოო ომი“ — სხვა ბუკლეტი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დავუტოვე.

ჯეკმა და მისმა ცოლმა მეიმ გაიგეს ჩემი მისამართი და ლიტერატურისთვის მომაკითხეს. 1936 წელს მათ სურვილი გამოთქვეს, რექსემში მათ სახლში ჩატარებულიყო კრების შეხვედრები. ექვსი თვის შემდეგ ალბერტ ლოიდის მონახულების შემდეგ ჯეკ ჩადუიკმა ჩამოაყალიბა კრება, რომლის თავჯდომარე ზედამხედველიც თვითონ იყო. დღეს რექსემში სამი კრება ტარდება.

ბოშათა ფურგონში ცხოვრება

როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით ხან სად ვათენებდით და ხან სად. მაგრამ მოგვიანებით ზანოამ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო ჩვენი საცხოვრებელი გვქონოდა, რომლის გადატანაც შესაძლებელი იქნებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ჩემი ქმარი ბოშების ფურგონების მკეთებელთა შთამომავალი და მარჯვე ხურო იყო. მან ჩვენთვისაც გააკეთა ერთი ფურგონი, რომელსაც „ელისაბედი“ დავარქვით, რაც ბიბლიის თანახმად „სიუხვის ღმერთს“ ნიშნავს.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი ადგილი — წალკოტი ნაკადულის პირას — სადაც გავჩერდით. ჩემთვის ეს სწორედ რომ სამოთხე იყო! მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში კეთილმოუწყობელ ფურგონში ვცხოვრობდით, ვერაფერმა შეუშალა ხელი ჩვენს ბედნიერებას: ცივ ამინდში ლოგინის თეთრეული ხშირად იყინებოდა და ფურგონის კედლებს ეკვროდა; კედლის ზედაპირზე წარმოქმნილი წყლის წვეთებიც მუდმივ პრობლემას ქმნიდნენ; წყალიც შორიდან უნდა მოგვეტანა, მაგრამ ამ სიძნელეებს ერთად ვუმკლავდებოდით.

ერთ ზამთარს ავად გავხდი; ძალიან ცოტა საჭმელი გვქონდა, ფულიც გამოგველია. ზანოა საწოლთან დამიჯდა, აიღო ჩემი ხელი და ფსალმუნის 36:25-ე მუხლი წამიკითხა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“(კს). შემომხედა და მითხრა: „თუ მალე არაფერი გვეშველა, სამათხოვროდ გაგვიხდება საქმე, მაგრამ არ მჯერა, რომ ღმერთმა ასეთი რამ დაუშვას“ და სამეზობლოში წავიდა საქადაგოდ.

როდესაც შუადღისას ზანოა უკან დაბრუნდა, რათა ჩემთვის რაღაც დასალევი მოემზადებინა, სახლში კონვერტი დახვდა, რომელშიც მამამისისგან გამოგზავნილი 50 გირვანქა სტერლინგი იდო. რამდენიმე წლის წინათ ზანოას სხვისი ფულის გაფლანგვაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ მისი უდანაშაულობა დადასტურდა და ამ ფულით მორალური ზარალი აუნაზღაურეს. რა დროული საჩუქარი იყო!

კარგი გაკვეთილი

ზოგჯერ რაღაცას წლების გასვლის შემდეგ ვსწავლობთ. მაგალითად, 1927 წელს სანამ სკოლას თავს დავანებებდი, ყველა ჩემს თანაკლასელსა და მასწავლებელს ვუქადაგე ლავინია ფერკლოუსის გარდა. რადგან არავის აინტერესებდა ჩემი სამომავლო გეგმები და ქალბატონ ფერკლოუსთანაც კარგი ურთიერთობა არ მქონდა, გადავწყვიტე, მისთვის აღარაფერი მეთქვა. წარმოიდგინეთ რა გაკვირვებული და აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც თითქმის 20 წლის შემდეგ დედაჩემმა მითხრა, რომ ეს მასწავლებელი ყველა თავის ძველ მეგობარსა და მოსწავლეს ინახულებდა და ეუბნებოდა, რომ იეჰოვას მოწმე გახდა!

როდესაც ერთმანეთს შევხვდით, ავუხსენი, თუ რატომ არ ვუთხარი ადრე ჩემი რწმენისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მშვიდად მომისმინა და მითხრა: „ჭეშმარიტებას ყოველთვის ვეძებდი. ეს ჩემი ცხოვრების მიზანი იყო!“. ეს სიტყვები ჩემთვის კარგი გაკვეთილია, — რომ არასდროს დავიხიო უკან და ვუქადაგო ყველას, ვისაც ვხვდები და არასდროს გამოვიტანო წინასწარი დასკვნები.

კიდევ ერთი ომი და ჩემი შემდგომი ცხოვრება

30-იან წლების ბოლოს ზეცა კვლავ საომრად მოიქუფრა. ათი წლით უმცროსი ჩემი ძმა დენისი, სასულიერო მსახურების გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას ჭეშმარიტების მიმართ გულცივი დამოკიდებულება ჰქონდა; მე და ჩემმა მეუღლემ ერთ ადგილობრივ პიონერს რუფერთ ბრადბურს და მის ძმა დეივიდს ვთხოვეთ, რომ ჩემი ძმა მოენახულებინათ. მათ ჩვენი თხოვნა შეასრულეს და მასთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს. დენისი 1942 წელს მოინათლა და მოგვიანებით პიონერული მსახურება დაიწყო; 1957 წელს კი მიმომსვლელ ზედამხედველად დაიწყო მსახურება.

ჩვენი გოგონა ელისაბედი 1938 წელს დაიბადა და ოჯახის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ზანოამ ჩვენი ფურგონი გააფართოვა. ხოლო როდესაც მეორე გოგონა ევნიკე შეგვეძინა, 1942 წელს, იფიქრა, რომ დრო იყო მუდმივ სახლზე გვეზრუნა. ამიტომ ზანოამ რამდენიმე წლით შეწყვიტა პიონერული მსახურება და საცხოვრებლად რექსემის მახლობლად მდებარე პატარა სახლში გადავედით. მოგვიანებით კი ჩეშირის საგრაფოს საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ მიდლიჩში დავსახლდით. აქ 1956 წელს ჩემი საყვარელი მეუღლე გარდაიცვალა.

ჩვენი ორი გოგონა სრული დროით მქადაგებლები გახდნენ და ორივეს ბედნიერი ოჯახი აქვს. ევნიკე და მისი უხუცესი ქმარი დღემდე სპეციალურ პიონერებად მსახურობენ ლონდონში. ელისაბედის ქმარიც კრების უხუცესია და ძალიან მახარებს ის, რომ მყავს ისინი, მათი შვილები და ჩემი ოთხი შვილთაშვილი, რომლებიც ჩემთან ახლოს, ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ პრესტონში, ცხოვრობენ.

დიდად მადლიერი ვარ, რომ ჩემი სახლის ჭიშკრიდან სამეფო დარბაზამდე, რომელიც გზის მეორე მხარეს მდებარეობს, მისვლა შემიძლია. რამდენიმე წლის წინათ გუჯარათულ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფში გადავედი, რომლებიც აქვე იკრიბებიან. ახალი ენის სწავლა ჩემთვის ადვილი არ იყო, რადგან ყურთ დამაკლდა. ზოგჯერ ძნელია ახალგაზრდასავით გესმოდეს და ალღო აუღო ბევრის გამოთქმას, მაგრამ ეს საინტერესო სირთულეა.

მე კვლავ შემიძლია კარდაკარ ქადაგება და ჩემს სახლში ბიბლიის შესწავლების ჩატარება. როდესაც მეგობრები მინახულებენ, ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს წარსულის გახსენება. დიდად მადლიერი ვარ იმ კურთხევების ძვირფასი მოგონებებისთვის, რომელიც თითქმის 90 წლის მანძილზე იეჰოვას ხალხთან ურთიერთობით მივიღე.

[სქოლიოები]

a პრაის ჰიუზის ბიოგრაფია „ერთგული ორგანიზაციის ფეხდაფეხ“, გამოქვეყნებულია 1963 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“.

b იეჰოვას ამ ერთგულ მსახურთა ბიოგრაფიები გამოქვეყნებული იყო „საგუშაგო კოშკის“ ძველ ნომრებში.

[სურათი 25 გვერდზე]

მოსაწვევი ბარათი ბიბლიურ ლექციაზე „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, რომელიც 1922 წლის 14 მარტს მოვისმინე.

[სურათი 26 გვერდზე]

მე და ზანოა ქორწილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1933 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩვენი ფურგონის „ელისაბედის“ გვერდით, რომელიც ჩემმა ქმარმა გააკეთა.