წმინდა ოქროზე ძვირფასი
წმინდა ოქროზე ძვირფასი
სილამაზისა და გამძლეობის გამო ოქროზე დიდი მოთხოვნილებაა. ბევრს მისი მოპოვების დიდი სურვილი ამოძრავებს, რადგან, როგორც ჩანს, არასდროს კარგავს მბზინვარებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ოქროზე წყალი, ჟანგბადი, გოგირდი და თითქმის ვერანაირი სხვა ქიმიური ელემენტი ვერ ახდენს გავლენას. ჩაძირულ გემებში ან სადმე სხვაგან აღმოჩენილი ოქროს ბევრი ნაკეთობა ასობით წლის შემდეგაც ინარჩუნებს თავის ბზინვარებას.
მიუხედავად ამისა, ბიბლიაში აღნიშნულია, რომ არსებობს ისეთი რამ, რაც ‘უფრო ძვირფასია, ვიდრე გალღობილი ოქრო, რომელიც ცეცხლში იცდება’ (1 პეტრე 1:7, სსგ). ცეცხლში‘ გამონაცადი’ ან სხვა საშუალებებით გამობრძმედილი ოქროდან შესაძლოა 99.9 პროცენტი წმინდა ოქრო იყოს. მაგრამ ასეთი სახით გამობრძმედილი ოქროც კი სრულიად კარგავს ბზინვარებას ან ხსნადი ხდება, თუ თეზაფში, კონცენტრირებულ აზოტმჟავისა და მარილმჟავის ნარევში მოხვდება. მაშასადამე, ბიბლია მეცნიერული თვალსაზრისით ზუსტია, რადგან მასში ნათქვამია, რომ ‘ოქრო ლღვება’.
ზემოთქმულისგან განსხვავებით, ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენას ‘სულის ხსნა’ შეუძლია (ებრაელთა 10:39). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მტკიცე რწმენის მქონე ადამიანი მოკლან, როგორც ეს იესო ქრისტეს შემთხვევაში მოხდა. მაგრამ ნამდვილი რწმენის მქონე ადამიანებს ეძლევათ შემდეგი დაპირება: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10). ის გარდაცვლილი მორწმუნე ადამიანები ღვთის მეხსიერებაში ცოცხლობენ და ის, უდავოდ, აღადგენს მათ (იოანე 5:28, 29). რა რაოდენობის ოქროც უნდა ჰქონდეს კაცს, ამას მაინც ვერ შეძლებს. ამგვარად რწმენა ოქროზე მართლაც ბევრად უფრო ძვირფასია. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი თავისი რწმენის შესანარჩუნებლად ამ შეუდარებელი განძის მფლობელი გახდეს, საჭიროა მისი რწმენაც გამოიცადოს. სინამდვილეში პეტრეს მიერ მოხსენიებული „ნაცადი რწმენა“ ბევრად ძვირფასია ოქროზე. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ბიბლიის შესწავლაში, რათა ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მიმართ ძლიერი რწმენა განავითარო და შეინარჩუნო. ეს კი, იესოს სიტყვების თანახმად, „საუკუნო სიცოცხლეა“ (იოანე 17:3).