არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აბრაამი — სამაგალითო რწმენაში

აბრაამი — სამაგალითო რწმენაში

აბრაამი — სამაგალითო რწმენაში

„[აბრაამი იყო] ყველა. . . მორწმუნის მამა“ (რომაელთა 4:11).

1, 2. ა) როგორ იხსენიებენ აბრაამს დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები? ბ) რატომ ეწოდება აბრაამს „ყველა. . . მორწმუნის მამა“?

 იგი ძლევამოსილი ერის წინაპარი, წინასწარმეტყველი, საქმიანი კაცი და წინამძღოლი იყო. მაგრამ დღევანდელი ქრისტიანები ამ ადამიანს ყველაზე მეტად ერთი თავისებურების გამო იხსენებენ. მისმა ამ თავისებურებამ — შეურყეველმა რწმენამ — აღძრა იეჰოვა ღმერთი, რომ იგი თავის მეგობრად მიეჩნია (ესაია 41:8; იაკობი 2:23). მას ერქვა აბრაამი, და ბიბლია „ყველა. . . მორწმუნის მამას“ უწოდებს (რომაელთა 4:11).

2 განა აბრაამამდე მცხოვრები მამაკაცები, როგორებიც იყვნენ აბელი, ენოქი და ნოე, არ ავლენდნენ რწმენას? დიახ, მაგრამ ღმერთმა სწორედ აბრაამთან დადო კავშირი, რათა დედამიწის ყველა ერი ეკურთხა (დაბადება 22:18). ამგვარად, იგი ყველა იმ ადამიანის სიმბოლური მამა გახდა, რომლებიც აღთქმულ თესლს იწამებდნენ (გალატელთა 3:8, 9). რადგან მისი რწმენა ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, გარკვეულწილად, აბრაამი ჩვენს მამადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ვინაიდან თავისი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი განსაცდელი და გასაჭირი გადაიტანა, მთელი მისი ცხოვრება შეიძლება რწმენის გამოვლინებად ჩაითვალოს. მართლაც, მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ აბრაამის ცხოვრებაში დადგებოდა ის მომენტი, რომლისთვისაც შეიძლებოდა რწმენის უდიდესი გამოცდა (ღვთის ბრძანება მისი ვაჟის, ისაკის, მსხვერპლად შეწირვის თაობაზე) გვეწოდებინა, მან მრავალ, შედარებით მცირე, განსაცდელში დაამტკიცა თავისი რწმენის ურყეობა (დაბადება 22:1, 2). მოდი განვიხილოთ აბრაამის რწმენის ეს ზოგიერთი ადრეული გამოცდა, და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია აქედან.

ბრძანება ურის დატოვების შესახებ

3. რას ვიგებთ ბიბლიიდან აბრამის ბიოგრაფიის შესახებ?

3 ბიბლია პირველად დაბადების 11:26-ში მოიხსენიებს აბრამს (მოგვიანებით აბრაამად ცნობილს). აქ ვკითხულობთ: „სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი“. აბრამი ღვთისმოშიში სემის შთამომავალი იყო (დაბადება 11:10—24). დაბადების 11:31-ის თანახმად, აბრამი ოჯახთან ერთად ‘ქალდეველთა ურში’ ცხოვრობდა — ეს იყო ერთ დროს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე აყვავებული ქალაქი a. ამრიგად, ის კარვებში მკვიდრ მომთაბარედ კი არ გაიზარდა, არამედ იმ ქალაქის მაცხოვრებლად, რომელიც დიდ ფუფუნებასა და სიმდიდრეს სთავაზობდა ადამიანებს. ურის ბაზრებში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საქონლის ყიდვა შეიძლებოდა. მის ქუჩებში შეთეთრებული, 14-ოთახიანი, წყალგაყვანილობის შიდა სისტემის მქონე სახლები იყო ჩამწკრივებული.

4. ა) რა სირთულეების წინაშე იდგნენ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ურში? ბ) როგორ ირწმუნა აბრამმა იეჰოვა?

4 სიმდიდრის შეძენის საცდურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ური სხვა სერიოზულ სირთულესაც უქმნიდა ყველას, ვისაც ჭეშმარიტი ღვთისთვის მსახურება სურდა. ის კერპთაყვანისმცემლობაში ჩაფლული და ცრუმორწმუნეობით გაჟღენთილი ქალაქი იყო. მართლაც, მისი მთავარი ნაგებობა მთვარის ღვთაება ნანნას პატივსაცემად წამომართული მაღალი ზიკურათი იყო. უეჭველია, აბრამზე დიდ გავლენას ახდენდა შექმნილი სიტუაცია, შესაძლოა — ზოგიერთი ნათესავიც კი, და ამ საზიზღარ თაყვანისცემაში ჩაბმისკენ უბიძგებდა. ზოგიერთი ებრაული გადმოცემის თანახმად, აბრამის მამა, თერახი, თავად ამზადებდა კერპებს (იესო ნავეს ძე 24:2, 14, 15). როგორც უნდა ყოფილიყო, აბრამი არ იყო უკუღმართ თაყვანისცემაში ჩაბმული. მისი ხანში შესული წინაპარი, სემი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და, უეჭველია, ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ცოდნას უზიარებდა მას. შედეგად, აბრამმა იეჰოვა ირწმუნა, და არა — ნანნა! (გალატელთა 3:6).

რწმენის გამოცდა

5. რა უბრძანა და რა აღთქმა მისცა ღმერთმა აბრამს, როდესაც ის ჯერ კიდევ ურში იმყოფებოდა?

5 აბრამის რწმენა უნდა გამოცდილიყო. მას ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა“ (დაბადება 12:1—3; საქმეები 7:2, 3).

6. რატომ დასჭირდა აბრამს მტკიცე რწმენის გამოვლენა ურის დასატოვებლად?

6 აბრამი ხანდაზმული და უშვილო იყო. როგორ უნდა ქცეულიყო იგი „დიდ ხალხად“? და სახელდობრ, სად იყო ის ქვეყანა, სადაც ღვთის ბრძანებისამებრ უნდა წასულიყო? იმ დროს ღმერთს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს. ამიტომ, ური რომ დაეტოვებინა და უარი ეთქვა მის ფუფუნებაზე, აბრამს ურყევი რწმენა უნდა გამოევლინა. წიგნში „ოჯახი, სიყვარული და ბიბლია“ ძველი დროის ტრადიციების შესახებ ნათქვამია: «უმძიმესი სასჯელი, რომელიც შეიძლებოდა სერიოზული დანაშაულის ჩამდენი ოჯახის წევრისთვის დაეკისრებინათ, მისი მოკვეთა, ოჯახის „წევრობის“ ჩამორთმევა იყო. . . აი, ამიტომ იყო აბრაამის მიერ ღვთისადმი ნდობისა და უსიტყვო მორჩილების უჩვეულო გამოვლენა ის ფაქტი, რომ მან, ღვთის ბრძანების თანახმად, არა მარტო თავისი სამშობლო დატოვა, არამედ თავისი სანათესაოც».

7. როგორ შეიძლება ქრისტიანები დღესაც ისეთივე გამოცდების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორი გამოცდების წინაშეც აბრამი იდგა?

7 ქრისტიანები დღესაც შეიძლება აღმოჩნდნენ მსგავსი გამოცდების წინაშე. ისე, როგორც აბრამის შემთხვევაში იყო, ჩვენ გარშემო შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება ჩვენზეც იქონიოს გავლენა და მატერიალიზმის თეოკრატიულ ინტერესებზე წინ დაყენებისკენ გვიბიძგოს (1 იოანე 2:16). შესაძლოა ოჯახის ურწმუნო წევრები გვეწინააღმდეგებიან, მათ შორის კრებიდან გარიცხული ნათესავებიც, რომლებიც არაჯანსაღ საზოგადოებაში ჩვენ ჩათრევასაც შეიძლება შეეცადონ (მათე 10:34—36; 1 კორინთელთა 5:11—13; 15:33). ამ მხრივ, აბრამმა კარგი მაგალითი მოგვცა. მან ღმერთთან მეგობრობა ყველაფერზე — თვით ოჯახურ კავშირზე — წინ დააყენა. მან არ იცოდა ზუსტად როგორ, როდის ან სად შეასრულებდა ღმერთი თავის აღთქმებს. მიუხედავად ამისა, მზად იყო, თავისი ცხოვრება ამ აღთქმებისადმი ნდობაზე დაეფუძნებინა. რაოდენ გამამხნევებელია ეს მაგალითი ჩვენთვის — ის აღგვძრავს, დღესაც ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე სამეფო დავაყენოთ! (მათე 6:33).

8. რა გავლენა მოახდინა აბრამის რწმენამ თავისი ოჯახის წევრებზე, და რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს აქედან?

8 რა შეიძლება ითქვას აბრამის ოჯახის წევრებზე? როგორც ჩანს, აბრამის რწმენამ და დაჯერებულობამ დიდი გავლენა მოახდინა მათზე; ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ორივე — მისი ცოლი, სარაი, და დაობლებული ძმისწული, ლოტი, — აღძრული იყო, ღვთის მოწოდებას დამორჩილებოდნენ და ური დაეტოვებინათ. აბრამის ძმამ, ნახორმა, და ზოგმა მისმა მემკვიდრემ, მოგვიანებით, ური დატოვეს და ხარანში დასახლდნენ, სადაც ისინი იეჰოვას სცემდნენ თაყვანს (დაბადება 24:1—4, 10, 31; 27:43; 29:4, 5). წარმოიდგინეთ, თვით აბრამის მამა — თერახიც — თანახმა იყო, თავის ვაჟთან ერთად წასულიყო! ამიტომ ბიბლია მას, როგორც ოჯახის თავს, მოიხსენიებს ქანაანში გადასვლის ორგანიზატორად (დაბადება 11:31). განა ჩვენ კი არ ვიქნებით კურთხეული კარგი შედეგებით, თუკი ტაქტიანად ვუქადაგებთ ჩვენს ნათესავებს?

9. რაზე უნდა დაეჭირა აბრამს თადარიგი მოგზაურობის დაწყებამდე, და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს მას მსხვერპლის გაღება მოუწევდა?

9 გამგზავრებამდე აბრამს ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი. მას უნდა გაეყიდა კერძო საკუთრება, ქონება და ეყიდა კარვები, აქლემები, საკვები და საჭირო აღჭურვილობა. ამ დაჩქარებული სამზადისისას აბრამმა შეიძლება იზარალა კიდეც ფინანსურად, მაგრამ მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა იეჰოვასადმი მორჩილება. რაოდენ დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო იმ დღის გათენება, როდესაც ოჯახს უკვე ყელაფერზე ჰქონდა თადარიგი დაჭერილი, და აბრამის ქარავანი ურის გალავნის გარეთ იყო თავმოყრილი! მდინარე ევფრატის გაყოლებაზე, ქარავანმა ჩრდილო-დასავლეთისკენ აიღო გეზი. რამდენიმე კვირის მგზავრობის შემდეგ, როდესაც უკვე დაახლოებით 1 000 კილომეტრი ჰქონდა დაფარული, მან ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მდებარე ქალაქ ხარანს მიაღწია. ხარანი ქარავანთა უდიდესი სადგომი იყო.

10, 11. ა) როგორც ჩანს, რის გამო დარჩა აბრამი ხარანში გარკვეული ხნის განმავლობაში? ბ) რით შეიძლება გამხნევდნენ ხანში შესულ მშობლებზე მზრუნველი ქრისტიანები?

10 აბრამი, ალბათ, თავისი ხანდაზმული მამის, თერახის, მდგომარეობის გათვალისწინებით დასახლდა ხარანში (ლევიანნი 19:32). ასევე, დღესაც ბევრ ქრისტიანს აკისრია ხანში შესულ თუ ავადმყოფ მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა; ზოგიერთ მათგანს ცვლილებების მოხდენაც კი უწევს საამისოდ. როდესაც აუცილებელია და ქრისტიანები ასეთ ცვლილებებს ახდენენ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ მიერ სიყვარულით გაღებული მსხვერპლი „მოსაწონია ღვთისათვის“ (1 ტიმოთე 5:4).

11 გადიოდა დრო. „თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანში“. აბრამი უთუოდ გლოვობდა ამ დანაკლისის გამო, მაგრამ როდესაც გლოვის დღეები გასრულდა, იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა. „სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას“ (დაბადება 11:32; 12:4, 5).

12. რით იყო დაკავებული აბრამი, როდესაც ხარანში ცხოვრობდა?

12 საინტერესოა, რომ ხარანში ყოფნისას აბრამმა ‘ქონება მოიხვეჭა’. თუმცა აბრამმა მატერიალური მსხვერპლი გაიღო ურის დასატოვებლად, იგი შეძლებული კაცი იყო ხარანიდან წასვლისას. აშკარაა, ეს ღვთის კურთხევა იყო (ეკლესიასტე 5:18). თუმცა დღეს ღმერთი მთელ თავის ხალხს არ აღუთქვამს სიმდიდრეს, იგი ერთგულად ასრულებს თავის დანაპირებს იმასთან დაკავშირებით, რომ იზრუნებს მათზე, ვინც ‘ტოვებს სახლებს, ძმებს ან დებს’ სამეფოს გულისთვის (მარკოზი 10:29, 30). აბრამმა „ყრმები“, ანუ მრავალი მოსამსახურეც ‘შეიძინა’. „იერუსალიმის თარგუმისა“ და „ქალდეური პერიფრაზის“ მიხედვით, აბრამი ‘თავის რწმენაზე აქცევდა’ ადამიანებს (დაბადება 18:19). აღგძრავთ თუ არა რწმენა მეზობლებთან, თანამშრომლებთან ან თანაკლასელებთან სასაუბროდ? ნაცვლად იმისა, რომ კეთილმოწყობილიყო და ღვთის ბრძანება დაევიწყა, აბრამმა ნაყოფიერად გამოიყენა ხარანში ყოფნის დრო. მაგრამ მისი აქ დარჩენის ხანი ახლა უკვე ამოწურული იყო. „წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა“ (დაბადება 12:4).

ევფრატის გაღმა

13. როდის გადაკვეთა აბრამმა მდინარე ევფრატი, და რა იყო ამ მოვლენის მნიშვნელობა?

13 აბრამი კიდევ ერთხელ უნდა გასდგომოდა გზას. მისმა ქარავანმა უკან მოიტოვა ხარანი და დაახლოებით 90 კილომეტრი გაიარა დასავლეთის მიმართულებით. აბრამი, შესაძლოა, ევფრატის სანაპიროზე ძველი სავაჭრო ცენტრის, ქარხემიშის, გამოღმა შეჩერდა. ეს ის ძირითადი ადგილი იყო, სადაც ქარავნები კვეთდნენ მდინარეს b. როდის გადაკვეთა აბრამის ქარავანმა ევფრატი? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ეს მანამდე 430 წლით ადრე მოხდა, ვიდრე ძვ. წ. 1513 წლის 14 ნისანს ებრაელები ეგვიპტიდან გამოვიდოდნენ. გამოსვლის 12:41-ში ვკითხულობთ: „გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან“. მაშ, როგორც ჩანს, აბრაამთან დადებული კავშირი ძვ. წ. 1943 წლის 14 ნისანს შევიდა ძალაში, როდესაც აბრამმა მორჩილად გადაკვეთა ევფრატი.

14. ა) რის დანახვა შეეძლო აბრამს რწმენის თვალით? ბ) რა მხრივ არის ღვთის ხალხი დღეს აბრამზე უფრო მეტად კურთხეული?

14 აბრამმა აყვავებული ქალაქი მიატოვა. მაგრამ ახლა მას ‘საძირკვლიანი ქალაქის’ — კაცობრიობაზე მმართველი სამართლიანი მთავრობის — რწმენის თვალით დანახვა შეეძლო (ებრაელთა 11:10). დიახ, აბრამმა თავისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მწირი ინფორმაციის საფუძველზე მოკვდავი კაცობრიობის გამოსყიდვასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის ძირითადი საკითხების ნელ-ნელა მიხვედრა დაიწყო. დღეს ჩვენ კურთხეული ვართ იმით, რომ გაცილებით ღრმად გვესმის ღვთის განზრახვები, ვიდრე აბრამს (იგავნი 4:18). „ქალაქი“, ანუ სამეფო მთავრობა, რომელზეც აბრამი ამყარებდა იმედს, ახლა უკვე რეალობაა — იგი ზეცაში დამყარდა 1914 წელს. ამიტომ, განა ამან არ უნდა აღგვძრას, რომ ჩვენი მოქმედება იეჰოვასადმი რწმენასა და ნდობას ირეკლავდეს?

მომთაბარე ცხოვრება აღთქმულ მიწაზე

15, 16. ა) რატომ იყო საჭირო გამბედაობა, რათა აბრამს იეჰოვასთვის სამსხვერპლო აეგო? ბ) როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს, აბრამის მსგავსად, გაბედულების გამოვლენა?

15 დაბადების 12:5, 6-ში ვკითხულობთ: „მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე“. შექემი იერუსალიმის ჩრდილოეთით და 50 კილომეტრის დაშორებით იმ ნაყოფიერ ველზე მდებარეობდა, რომელსაც „წმინდა მიწის სამოთხედ“ მოიხსენიებდნენ. მაგრამ „ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში“. რადგან ქანაანელები ზნეობრივად გაუკუღმართებული იყვნენ, აბრამს წინდახედულება უნდა გამოეჩინა, რათა ოჯახი მათი გამხრწნელი ზეგავლენისგან დაეცვა (გამოსვლა 34:11—16).

16 მეორეჯერ „გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა“. რაოდენ ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო! რა თქმა უნდა, აბრამს რწმენა უნდა ჰქონოდა, რათა სიხარული ეპოვა იმაში, რასაც მხოლოდ მისი მომავალი თაობა მიიღებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, აბრამმა არ დააყოვნა და „იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას“ (დაბადება 12:7). ერთი ბიბლიოლოგი წერს: „ამ ქვეყანაში სამსხვერპლოს აგება, სინამდვილეში, მის ფორმალურ დასაკუთრებას ნიშნავდა; ხოლო ამის საფუძველი ის იყო, რომ ის თავისი რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობდა“. ასეთი სამსხვერპლოს აგება გაბედულად გადადგმული ნაბიჯიც იყო. უეჭველია, სამსხვერპლო ისეთი იქნებოდა, როგორიც მოგვიანებით რჯულის კავშირში იყო აღწერილი, და ბუნებრივი (გაუთლელი) ქვებისგან იყო აგებული (გამოსვლა 20:24, 25). ის მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა იმ სამსხვერპლოებისგან, რომლებსაც ქანაანელები აგებდნენ. ამგვარად, აბრამმა ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, გაბედული თაყვანისმცემლის რეპუტაცია შეიქმნა საზოგადოებაში და მტრული განწყობისა და სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის საფრთხის წინაშე დადგა. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? თავს ხომ არ იკავებს ზოგიერთი ჩვენგანი — განსაკუთრებით ახალგაზრდები — მეზობლებისა და თანაკლასელებისთვის იმის თქმისგან, რომ იეჰოვას ვცემთ თაყვანს? დაე ყველა ჩვენგანს სიმხნევე შეგვმატოს აბრამის გაბედულების მაგალითმა, რათა იეჰოვას მსახურებად ყოფნა საამაყოდ მიგვაჩნდეს!

17. რა ადასტურებს, რომ აბრამი თავად ქადაგებდა ღვთის სახელს, და ეს რას შეახსენებს დღევანდელ ქრისტიანებს?

17 სადაც უნდა წასულიყო, აბრამი ყოველთვის იეჰოვასადმი თაყვანისცემას ანიჭებდა უდიდეს მნიშვნელობას. „გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი — აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი“ (დაბადება 12:8). ებრაული ფრაზა ‘სახელის ხსენება’ „სახელის უწყებასაც (ქადაგებას)“ ნიშნავს. უდავოა, აბრამი გაბედულად აუწყებდა იეჰოვას სახელს ქანაანელ მეზობლებს (დაბადება 14:22—24). ეს ჩვენ მოვალეობას შეგვახსენებს, რომ რაც შეიძლება მეტად მივიღოთ მონაწილეობა დღეს ‘მისი სახელის აღსარებაში [„საჯაროდ გაცხადებაში“, აქ]’ (ებრაელთა 13:15; რომაელთა 10:10).

18. როგორი ურთიერთობა ჰქონდა ქანაანის მოსახლეობასთან აბრამს?

18 აბრამი არსად რჩებოდა ძალიან დიდხანს. „მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ [იუდას მთების სამხრეთით მდებარე ნახევრად მშრალი ადგილისკენ] გაემართა“ (დაბადება 12:9). ვინაიდან განუწყვეტლივ გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე და იმ არე-მარეში მცხოვრებთ, სადაც დროებით სახლდებოდნენ, თავს იეჰოვას თაყვანისმცემლებად აცნობდნენ, ამგვარად, აბრამი და მისი ოჯახი „აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე“ (ებრაელთა 11:13). მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი თავს არიდებდნენ თავიანთ წარმართ მეზობლებთან მეტისმეტად დაახლოებას. ასევე, დღეს მცხოვრები ქრისტიანებიც ‘არა ამ წუთისოფლისანი’ უნდა დარჩნენ (იოანე 17:16). თუმცა მეზობლებსა და თანამშრომლებს კეთილგანწყობით და თავაზიანად ვეპყრობით, უნდა ვიფრთხილოთ, რომ იმ არასწორი ყოფაქცევის მახეში არ გავებათ, რომელიც ღვთისგან გაუცხოებული წუთისოფლის სულს ირეკლავს (ეფესელთა 2:2, 3).

19. ა) რატომ უნდა შეექმნა მომთაბარე ცხოვრებას სირთულეები აბრამისა და სარაისთვის? ბ) რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა მალე აბრამი?

19 ნუ დავივიწყებთ, რომ მომთაბარე ცხოვრების სირთულეებთან შეგუება არც აბრამისთვის უნდა ყოფილიყო ადვილი, და არც სარაისთვის. ურის რომელიმე დოვლათიან ბაზარში შეძენილი საკვების ნაცვლად, ისინი იმას ჭამდნენ, რასაც თავიანთი ფარა აძლევდა; კარგად მოწყობილი სახლის ნაცვლად, კარვებში ცხოვრობდნენ (ებრაელთა 11:9). აბრამს არც ყოველდღიური საზრუნავი აკლდა; მას ბევრი უნდა ეშრომა, რათა ფარაზე მზრუნველობისა და მსახურების მეთვალყურეობის საქმეს გაძღოლოდა. ეჭვი არ არის, სარაი დაკავებული იყო იმ საქმეებით, რომლებსაც აღმოსავლურ კულტურაში ტრადიციისამებრ ქალები უძღვებოდნენ: ფქვილის მოზელა, პურის გამოცხობა, მატყლის დართვა, ტანისამოსის კერვა (დაბადება 18:6, 7; მეოთხე მეფეთა 23:7; იგავნი 31:19; ეზეკიელი 13:18). მაგრამ, კარს ახალი განსაცდელები იყო მომდგარი. მალე აბრამი და მისი ოჯახი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ, რაც თავად მათ სიცოცხლეს ჩააგდებდა საფრთხეში! აღმოაჩნდებოდა თუ არა აბრამს იმხელა რწმენა, რომ ამ სირთულეს გამკლავებოდა?

[სქოლიოები]

a თუმცა ევფრატი იმ ადგილს, სადაც ადრე ური მდებარეობდა, ამჟამად აღმოსავლეთის მხრიდან თექვსმეტი კილომეტრის დაშორებით ჩაუდის, არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ძველ დროს ეს მდინარე დასავლეთის მხრიდან ჩაუდიოდა ქალაქს. ამიტომ, მოგვიანებით, მართებულად შეიძლებოდა აბრამის მოხსენიება ‘მდინარე ევფრატის გაღმიდან მოსულ’ ადამიანად (იესო ნავეს ძე 24:3).

b საუკუნეების შემდეგ ასურეთის მეფე აშურნასირპალ II-მ ტივებით გადაკვეთა ევფრატი ქარხემიშის მახლობლად. ბიბლია არ გვატყობინებს, აბრამსაც ტივების გაკეთება მოუწია, თუ ის და მისი ქარავანი ფონით გავიდნენ.

დაიმახსოვრეთ?

• რატომ ეწოდება აბრამს „ყველა. . . მორწმუნის მამა“?

• რატომ იყო რწმენა საჭირო, აბრამს ქალდეველთა ური რომ დაეტოვებინა?

• რით ცხადყო აბრამმა, რომ იეჰოვასადმი თაყვანისცემას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა?

[სასწავლო კითხვები]

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

[სურათი 15 გვერდზე]

აბრამის მოგზაურობა

ური

ხარანი

ქარხემიში

ქანაანი

დიდი ზღვა

[საავტორო უფლება]

Based on a map copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel

[სურათი 15 გვერდზე]

აბრამს მტკიცე რწმენა უნდა ჰქონოდა, რომ უარი ეთქვა ურის მიერ შეთავაზებულ იოლ ცხოვრებაზე.

[სურათი 18 გვერდზე]

აბრამი და მისი ოჯახი კარვებში ცხოვრობდნენ. ამგვარად, ისინი „აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე“.