გამარჯვება ფედერალურ-კონსტიტუციურ სასამართლოში
გამარჯვება ფედერალურ-კონსტიტუციურ სასამართლოში
იეჰოვას მოწმეებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ-კონსტიტუციურ სასამართლოში. ამით მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავიანთი იურიდიული სტატუსის საკითხში.
უკვე 100 წელზე მეტია, რაც გერმანიაში აქტიურად მოღვაწეობენ იეჰოვას მოწმეები. მათ გაუძლეს XX საუკუნის ორი დიქტატურის — ნაციონალ-სოციალისტებისა და კომუნისტების — მხრიდან მკაცრ დევნას. 1990 წლიდან მოწმეები ცდილობდნენ, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყოფილიყვნენ აღიარებული. ორი დადებითი სასამართლო გადაწყვეტილებისა და ერთი ანულირების შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა აპელაცია შეიტანეს ფედერალურ-კონსტიტუციურ სასამართლოში, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება 2000 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.
იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება
სასამართლოს შვიდივე მოსამართლემ იეჰოვას მოწმეების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ამ მოსამართლეებმა გააუქმეს 1997 წელს ფედერალურ-ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და მიუთითეს სასამრთლოს, რომ კიდევ ერთხელ განეხილათ იეჰოვას მოწმეების საქმე.
ფედერალურ-კონსტიტუციურმა სასამართლომ ეს შემთხვევა სახელმწიფოსა და რელიგიური ჯგუფების ურთიერთდამოკიდებულების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლადაც გამოიყენა. ძირითადად, რელიგიური სტატუსი „არა რწმენის, არამედ ქცევის მიხედვით განისაზღვრება“.
სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ, როდესაც მოწმეები ავლენენ „ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს“, ისინი არ „არღვევენ დემოკრატიის პრინციპებს“ და არ „სურთ, რომ დემოკრატია შეიცვალოს მმართველობის სხვა ფორმით“. მაშასადამე, ის ფაქტი, რომ ისინი პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, ვერ გახდება იმის საბაბი, რომ მათი მოთხოვნა იურიდიული სტატუსის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს (იოანე 18:36; რომაელთა 13:1).
შემდგომ სასამართლომ აღნიშნა, რომ მორწმუნე — იქნება ეს იეჰოვას მოწმე თუ სხვა კონფესიის მიმდევარი — ხანდახან შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როდესაც სახელმწიფოსა და მისი სარწმუნოების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ პიროვნება თავისი სინდისის შესაბამისად იქცევა, და „უფრო მეტად ემორჩილება რელიგიურ პრინციპებს, ვიდრე სახელმწიფოს კანონებს“, სახელმწიფომ ასეთი მოქმედება შეიძლება რელიგიის თავისუფლებიდან გამომდინარე გაამართლოს (საქმეები 5:29).
სასამართლოს გადაწყვეტილება მრავალი საგაზეთო სტატიის სათაურში გამოჩნდა და გერმანიის თითქმის ყველა გაზეთმა გააშუქა ეს სასამართლო საქმე. ყველა მთავარმა სატელევიზიო და რადიოსადგურმა გადასცა ინფორმაცია ან ინტერვიუები მოამზადა ამის თაობაზე. გერმანიაში იეჰოვას სახელი ასე ფართოდ არასდროს გაცხადებულა საჯაროდ.
[საავტორო უფლება 8 გვერდზე]
AP Photo/Daniel Maurer