ახლო აღმოსავლეთში სულიერი სინათლე ანათებს
ბიოგრაფია
ახლო აღმოსავლეთში სულიერი სინათლე ანათებს
მოგვითხრო ნეიჯიბ სალემმა
ახ. წ. I საუკუნეში ღვთის სიტყვის სინათლემ ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კაშკაში და დედამიწის შორეულ კუთხეებში შეაღწია. XX საუკუნეში ამ შუქმა დედამიწის ეს კუთხე კვლავ გაანათა. ნება მომეცით მოგითხროთ, როგორ მოხდა ეს.
დავიბადე 1913 წელს ჩრდილოეთ ლიბანის პატარა ქალაქ ამიუნში. ეს შედარებით სტაბილიზაციისა და სიმშვიდის ბოლო წელი იყო მსოფლიოში. მომდევნო წელს კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. როდესაც 1918 წელს ომი დამთავრდა, ლიბანში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მარგალიტად ითვლებოდა, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებდა.
1920 წელს, როდესაც ლიბანში ფოსტა კვლავ ამუშავდა, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ლიბანელებმა სამშობლოში წერილების გამოგზავნა დაიწყეს. მათ შორის იყვნენ ბიძაჩემებიც, აბდულა და ჯორჯ განთუსები. ისინი თავიანთ მამას, რომელიც პაპაჩემი იყო, ჰაბიბ განთუსს წერილში ღვთის სამეფოს შესახებ უყვებოდნენ (მათე 24:14). თანაქალაქელებმა, სასაცილოდ აიგდეს პაპაჩემი, როდესაც მან, უბრალოდ, ვაჟების მონაწერი გაუზიარა. მათ ხმა გაავრცელეს, რომ თითქოს ჰაბიბს ვაჟები უკიჟინებდნენ, გაყიდე მიწა, იყიდე სახედარი და იქადაგეო.
სინათლის პირველი სხივები
მომდევნო 1921 წელს მიშელ აბუდი, რომელიც ბრუკლინში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) ცხოვრობდა, ლიბანის ერთ-ერთ ქალაქ ტრიპოლში დაბრუნდა. ის ბიბლიის მკვლევარი გახდა, როგორც ადრე ერქვათ იეჰოვას მოწმეებს. თუმცა ძმა აბუდის მეგობრებისა და ნათესავების უმეტესობა ბიბლიურ ცნობას არ გამოეხმაურა, ორმა კარგად ცნობილმა
პიროვნებამ — პროფესორმა იბრაჰიმ ათიამ და კბილის ექიმმა ჰანა შამასმა — ეს ცნობა მიიღო. ექიმმა შამასმა თავისი სახლი და კლინიკა ქრისტიანული კრების ჩასატარებლად მოამზადა.ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც ძმები აბუდი და შამასი ეწვივნენ ამიუნს, სადაც მე ვცხოვრობდი. მათმა მონახულებამ ჩემზე დიდად იმოქმედა და ძმა აბუდთან ერთად სამქადაგებლო მსახურება დავიწყე. მთელი 40 წელი მე და აბუდი 1963 წლამდე, მის გარდაცვალებამდე, მუდამ ერთად ვმსახურობდით.
1922—1925 წლებში ბიბლიური ჭეშმარიტების შუქი ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ ლიბანის უამრავ სოფელში. ბიბლიის განსახილველად 20—30 კაცი იკრიბებოდა ისეთ კერძო სახლებში, როგორიც ჩვენი იყო ამიუნში. სამღვდელოების წარმომადგენლები ხშირად აგზავნიდნენ ბავშვებს, რათა თუნუქის ქილებით ხმაური აეტეხათ, ეკივლათ და ეწივლათ ჩვენი შეხვედრების ჩასაშლელად. ამიტომ ზოგჯერ ფიჭვნარში ვატარებდით შეხვედრას.
ბავშვობაში მსახურებისადმი ისეთ ერთგულებას ვიჩენდი — არც ერთ ქრისტიანულ შეხვედრას არ ვაცდენდი — რომ მეტსახელად ტიმოთე შემარქვეს. სკოლის დირექტორმა მიბრძანა, არ დავსწრებოდი, როგორც ის ამბობდა ხოლმე, „იმ შეკრებებს“. რა თქმა უნდა, არ დავემორჩილე და სკოლიდან გამრიცხეს.
ქადაგება ბიბლიურ ქვეყნებში
1933 წელს მოვინათლე და მალე პიონერული მსახურება (ასე უწოდებენ სრული დროით მსახურებას იეჰოვას მოწმეები) დავიწყე. თუმცა მაშინ მცირედნი ვიყავით, ვქადაგებდით არა მხოლოდ ჩრდილოეთ ლიბანის უმეტეს სოფლებში, არამედ მივაღწიეთ ბეირუთს, მის შემოგარენსაც და ლიბანის ყველა სამხრეთ ნაწილს. მაშინ, ჩვეულებრივ, იესოსა და პირველ საუკუნეში მცხოვრები მისი მიმდევრების მსგავსად, ფეხით ან სახედრით დავდიოდით.
1936 წელს იოსებ რაჰალი, იეჰოვას ლიბანელი მოწმე, რომელიც წლების მანძილზე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, ლიბანს ეწვია. მან ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა და ორი გრამაფონი ჩამოიტანა. ჩვენ ხმის გამაძლიერებელ სისტემას 1931 წელს გამოშვებულ ავტომანქანა ფორდზე ვაყენებდით, მთელ ლიბანსა და სირიაში ვმოგზაურობდით და სამეფოს შესახებ ცნობას დაშორებულ ტერიტორიებზე ვავრცელებდით. ხმის გამაძლიერებელი სისტემის საშუალებით ხმა 10 კილომეტრზე ისმოდა. ხალხი თავიანთი სახლების სახურავებზე ადიოდა, რადგან ეგონათ, რომ ხმა ზეციდან მოდიოდა. მინდორში მომუშავენი კი თავიანთ საქმეს ტოვებდნენ და უფრო ახლოს მოდიოდნენ მოსასმენად.
ჩემი ასეთი ერთ-ერთი საბოლოო მოგზაურობა იოსებ რაჰალთან ერთად 1937 წლის ზამთარში ალეპოში (სირია) შედგა. სანამ ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდებოდა, პალესტინასაც ვესტუმრეთ. ვეწვიეთ ქალაქებს, ხაიფასა და იერუსალიმს, მოვინახულეთ სოფლებიც. შემდეგ დავუკავშირდით იბრაჰიმ შეჰადს, რომელსაც ადრე მხოლოდ წერილებით ვიცნობდი. იბრაჰიმმა ისე კარგად გაითავისა ბიბლიური შემეცნება, რომ ჩვენი მონახულების დროს კარდაკარ მსახურებისას ჩვენთან ერთად ქადაგებდა (საქმეები 20:20).
აგრეთვე ძალიან მსურდა, მენახა პროფესორი კალელ კობროსი, გულმოდგინე კათოლიკე, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან მიმოწერის საშუალებით სწავლობდა ბიბლიას. ალბათ, გაინტერესებთ, თუ საიდან გაიგო მან იეჰოვას ლიბანელი მოწმეების მისამართი? ხაიფაში ერთმა მაღაზიის გამყიდველმა კალელს სურსათი იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის ერთ-ერთ ფურცელში შეუხვია. ამ ფურცელზე ჩვენი მისამართი ეწერა. ჩვენ ერთად სასიამოვნო დრო გავატარეთ. მოგვიანებით კი, 1939 წელს, ის ტრიპოლში ჩამოვიდა მოსანათლავად.
1937 წელს ტრიპოლში პეტროს ლაგაკოსი და მისი მეუღლე ჩამოვიდნენ. რამდენიმე წელში ჩვენ, სამმა, მთელი ლიბანი და სირია შემოვიარეთ; ხალხს სახლებში ვაკითხავდით და სამეფოს შესახებ ცნობას ვუზიარებდით. 1943 წელს, იმ დროისათვის, როდესაც ძმა ლაგაკოსი გარდაიცვალა, სულიერმა სინათლემ ლიბანის, სირიისა და პალესტინის ქალაქებისა და სოფლების უმეტესობაში შეაღწია. დროდადრო ოცდაათიოდე მოწმე გავუდგებოდით ხოლმე გზას მანქანით ან ავტობუსით ღამის 3 საათზე, რათა დაშორებულ ტერიტორიებზე გვექადაგა.
ორმოციან წლებში იბრაჰიმ ათია თარგმნიდა „საგუშაგო კოშკს“ არაბულად. მე კი ამ ჟურნალის ოთხ ხელნაწერ ასლს ვაკეთებდი და პალესტინელ, სირიელ და ეგვიპტელ მოწმეებს ვუგზავნიდი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენი სამქადაგებლო მსახურება დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა, მაგრამ, მაინც არ ვწყვეტდით მათთან შეხვედრას, ვისაც ბიბლიური ჭეშმარიტება უყვარდა ახლო აღმოსავლეთში. შევადგინე ქალაქებისა და მის შემოგარენში მდებარე სოფლების რუკები, და მიზნად დავისახეთ, იქაც გაგვევრცელებინა სასიხარულო ცნობა.
1944 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი კვლავ მძვინვარებდა, ეველინზე, ჩემი პიონერი თანამსახურის, მიშელ აბუდის, ქალიშვილზე დავქორწინდი. მალე სამი ბავშვი: გოგონა და ორი ვაჟი შეგვეძინა.
მისიონერებთან თანამშრომლობა
ომის დამთავრების შემდეგ მალე ლიბანში პირველად ჩამოვიდნენ გალაადის კურსდამთავრებულები. შედეგად ლიბანში პირველი კრება ჩამოყალიბდა. ამ კრებაში ჯგუფის მსახურად მე დამნიშნეს. 1947 წელს ნეითან ნორი და მისი მდივანი, მილტონ ჰენშელი, ჩამოვიდნენ ლიბანში და ძმები დიდად გაამხნევეს. მალე უფრო მეტი მისიონერი ჩამოვიდა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი მსახურების ორგანიზებასა და კრების შეხვედრების უკეთესად ჩატარებაში.
ერთხელ, როდესაც სირიაში ერთ დაშორებულ ტერიტორიაზე წავედით, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა წინააღმდეგობა გაგვიწია. ის ცილს გვწამებდა, როგორც თვითონ ამბობდა, „სიონისტური“ პუბლიკაციების გავრცელებაში. სასაცილოა, რომ 1948 წლამდე სამღვდელოება ხშირად „კომუნისტებს“ გვეძახდა. ამ შემთხვევისას დაგვაპატიმრეს და ორი საათი დაკითხვაზე ვიყავით, სამაგიეროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩინებულად ვიქადაგეთ.
ბოლოს, მოსამართლემ, რომელიც ჩვენს საქმეს ისმენდა, თქვა: „მართალია, ვკიცხავ იმ წვეროსანს, რომელმაც ასეთი ცილი დაგწამათ, მაგრამ ვემადლიერები კიდეც, რადგან თქვენთან შეხვედრისა და თქვენი სწავლებების მოსმენის საშუალება მომცა“. შემდეგ კი შეწუხებისთვის მოგვიბოდიშა.
ათი წლის შემდეგ, როდესაც ავტობუსით ბერიუთში მივემგზავრებოდით, ჩემს გვერდით მჯდომ მამაკაცს გამოველაპარაკე, რომელიც სოფლის მეურნეობის მექანიკოსი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც ჩვენი რწმენის შესახებ დავუწყე ლაპარაკი, მან თქვა, რომ ასეთი რამ თავისი სირიელი მეგობრისგან ჰქონდა მოსმენილი. ვინ იყო მისი მეგობარი? სწორედ ის მოსამართლე, რომელმაც 10 წლის წინათ ჩვენი საქმე მოისმინა!
50-იან წლებში ერაყელ მოწმეებს ვეწვიე და მათთან ერთად ვიმსახურე კარდაკარ. აგრეთვე არაერთხელ მოვინახულე იორდანია და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი. 1951 წელს ოთხნი ბეთლემში წავედით და უფლის სერობა იქ ავღნიშნეთ. დილით კი ყველა, ვინც ამ საღამოს ვესწრებოდით, ავტობუსით მდინარე იორდანისკენ გავემგზავრეთ, სადაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად 22 ადამიანი მოინათლა. როგორც კი ამ მხარეში ვინმე შეგვეწინააღმდეგებოდა, ვეუბნებოდით: „ჩვენ იმის სათქმელად მოვედით, რომ თქვენი თანამემამულე მთელი მსოფლიოს მეფე გახდა! რატომ ბრაზობთ? უნდა გიხაროდეთ!“.
სიძნელეების დროს ქადაგება
ახლო აღმოსავლეთში ხალხი, ჩვეულებრივ, გულკეთილი, თავმდაბალი და სტუმართმოყვარეა. ბევრი ინტერესით ისმენდა ღვთის სამეფოს ცნობას. მართლაცდა, ვერაფერი იქნებოდა ისეთი გამახალისებელი, როგორც იმის ცოდნა, რომ მალე შესრულდებოდა ბიბლიური დანაპირები: „ღმერთი იქნება [თავის ხალხთან]. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:3, 4).
მივხვდი, რომ იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ეწინააღმდეგებოდნენ, სინამდვილეში, არ ესმოდა, თუ რას ემსახურებოდა ჩვენი საქმიანობა და რას ნიშნავდა ის
ცნობა, რომელსაც ჩვენ ვავრცელებდით. ქრისტიანული სამყაროს მღვდლები „დიდად გაისარჯნენ“, რომ ჩვენს შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია გაევრცელებინათ! ამის გამო, სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 1975 წელს დაიწყო ლიბანში და 15 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მოწმეები უამრავ სიძნელეს აწყდებოდნენ.ერთხელ ერთ ოჯახში, რომლის წევრებიც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდნენ, ბიბლიის შესწავლას ვატარებდი. ისინი ბიბლიურ ჭეშმარიტებას კარგად ითვისებდნენ, რაც სამღვდელოების წარმომადგენლებს აღიზიანებდა. ამის გამო ერთ ღამეს ადგილობრივმა რელიგიურმა ჯგუფმა თავისი წევრები წააქეზა, რომ ამ ოჯახის მაღაზიას დასხმოდნენ თავს. ასეც მოიქცნენ და, სულ მცირე, 10000 ამერიკული დოლარის ღირებულების საქონელი ცეცხლს მისცეს. იმავე ღამეს ჩემთანაც მოვიდნენ და მომიტაცეს. მათ წინამძღოლთან მსჯელობის საშუალება მომეცა და ავუხსენი, რომ, თუ ნამდვილად ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ, ბარბაროსებივით არ უნდა მოქცეულიყვნენ. ამის თქმა იყო და, ჯგუფის ლიდერმა მძღოლს ავტომანქანის გაჩერება, მე კი მანქანიდან გადასვლა მიბრძანა.
ერთხელ კი ოთხმა სამხედრო პირმა გამიტაცა. დიდი მუქარის შემდეგ მათმა წინამძღოლმა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს დახვრეტას აპირებდა, მოულოდნელად აზრი შეიცვალა და გამიშვა. მათგან ახლა ორი მკვლელობისა და ქურდობისთვის ციხეშია, ორი კი სიკვდილით დასაჯეს.
ქადაგებისთვის სხვა შესაძლებლობები
ხშირად მქონდა ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენის შესაძლებლობა. ერთხელ, როდესაც ბეირუთიდან შეერთებულ შტატებში მივფრინავდი, ჩარლზ მალეკის, ლიბანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გვერდით ვიჯექი. მან ყურადღებით მომისმინა, მოეწონა ბიბლიიდან ჩემ მიერ წაკითხული ყველა მუხლი და დიდად მადლობელი დამრჩა. ბოლოს კი თქვა, რომ ტრიპოლის იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც ასწავლიდა იბრაჰიმ ათია, რომელსაც ჩემმა სიმამრმა გააცნო ბიბლიური ჭეშმარიტება! ბატონმა მალეკმა მითხრა, რომ მას იბრაჰიმმა ჩაუნერგა ბიბლიისადმი პატივისცემა.
მეორედ რომ მივფრინავდი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პალესტინის წარმომადგენლის გვერდით მოვხვდი. შესაძლებლობა მქონდა, მასთან ღვთის სამეფოს სასიხარულო ცნობაზე მესაუბრა. ბოლოს კი მან თავისი ძმის ოჯახი გამაცნო ნიუ-იორკში. მე მათ ხშირად ვინახულებდი. ჩემი ერთი ნათესავი კი ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობაში მუშაობდა. ერთხელ, როდესაც მას ოფისში მივაკითხე, სამი საათი დავრჩი და ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბრებოდი.
ახლა 88 წლის ვარ და კვლავ ძალმიძს კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება. ჩემი მეუღლე ეველინიც კვლავ ჩემთან ერთად ემსახურება იეჰოვას. ჩვენი ქალიშვილი იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელ ზედამხედველზეა გათხოვილი, რომელიც ბეირუთის ერთ-ერთი კრების უხუცესად მსახურობს. მათი ქალიშვილიც მოწმეა. ჩვენი უმცროსი ვაჟი და მისი მეუღლე ქალიშვილთან ერთად მოწმეები არიან. რაც შეეხება ჩვენს უფროს ვაჟს, მის გულში ქრისტიანული რწმენა უკვე ჩანერგილია და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში სულიერად წინ წაიწევს.
1933 მთელ ახლო აღმოსავლეთში დანიშნულ პიონერთაგან პირველი ვიყავი. იეჰოვასთვის 68 წლის მანძილზე პიონერად მსახურებაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი. გადაწყვეტილი მაქვს, განვაგრძო ღვთის მიერ მოწოდებულ სულიერ სინათლეში სიარული.
[სურათი 23 გვერდზე]
ნეიჯიბი 1935 წელს.
[სურათი 24 გვერდზე]
1940 წელს ლიბანის მთებში მანქანით, რომელზეც ხმის გამაძლიერებელი გვქონდა დაყენებული.
[სურათები 25 გვერდზე]
ზემოთ, მარცხნიდან საათის ისრის მიმართულებით: ნეიჯიბი, ეველინი, მათი ქალიშვილი, ძმა აბუდი და ნეიჯიბის უფროსი ვაჟი (1952 წელი).
ქვემოთ (წინა რიგი): ძმები შამასი, ნორი, აბუდი და ჰენშელი ნეიჯიბის სახლში ტრიპოლში (1952 წელი).
[სურათი 26 გვერდზე]
ნეიჯიბი და მისი ცოლი, ეველინი.