არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეუძლია ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობა?

როგორ შეუძლია ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობა?

როგორ შეუძლია ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობა?

„ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს თქვენს გულებში, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებული ერთ სხეულში“ (კოლასელთა 3:15, აქ).

1, 2. რა გაგებით ბატონობს „ქრისტეს მშვიდობა“ ქრისტიანის გულში?

 ბატონობა არასასიამოვნო სიტყვაა ბევრისთვის, რადგან ის ძალადობისა და ჩაგვრის ასოციაციას იწვევს. ამიტომ კოლასელი თანაქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიწერილი შეგონება — „ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს თქვენს გულებში“ — ზოგს შეიძლება არაგონივრულად მოეჩვენოს (კოლასელთა 3:15). განა ჩვენ ნების თავისუფლებით დაჯილდოებული ადამიანები არ ვართ? რატომღა უნდა მივცეთ რაიმეს ან ვინმეს ჩვენს გულებში ბატონობის უფლება?

2 პავლე არ მოუწოდებდა კოლასელებს, რომ უარი ეთქვათ ნების თავისუფლებაზე. კოლასელთა 3:15-ში „ბატონობად“ გადმოტანილი ბერძნული სიტყვა იმ სიტყვის მონათესავეა, რომელიც მსაჯად ითარგმნება. ლაპარაკია მსაჯზე, რომელიც იმდროინდელ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აჯილდოებდა. შეჯიბრებაში მონაწილეები თამაშის წესების დაცვაში გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მსაჯი წყვეტდა, თუ ვინ უფრო დაიცვა ეს წესები და, შესაბამისად, გაიმარჯვა კიდეც შეჯიბრებაში. ასევე ჩვენც თავისუფალი ვართ, ესა თუ ის გადაწყვეტილება მივიღოთ ცხოვრებაში, მაგრამ, იმავდროულად, ქრისტეს მშვიდობა ყოველთვის ჩვენი გულების „მსაჯი“ ანუ, როგორც მთარგმნელი ედგარ გუდსპიდი გადმოსცემს, „მაკონტროლებელი“ უნდა იყოს.

3. რა არის „ქრისტეს მშვიდობა“?

3 რა არის „ქრისტეს მშვიდობა“? ეს არის უშფოთველობა, შინაგანი სიმშვიდე, რომელიც მაშინ გვეუფლება, როდესაც იესოს მოწაფეები ვხდებით და ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს ვუყვარვართ და მოწონებას ვიმსახურებთ მათ თვალში. როდესაც იესო მოწაფეებთან განშორებას აპირებდა, უთხრა მათ: „ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ... ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“ (იოანე 14:27). ეს მშვიდობა თითქმის 2000 წელია, რაც ქრისტეს სხეულის ერთგულ, ცხებულ წევრებს შორის სუფევს და დღეს ის მათ თანამსახურებს, სხვა ცხვრებსაც, აქვთ (იოანე 10:16). ეს მშვიდობა ჩვენი გულების მაკონტროლებელი უნდა იყოს. მძიმე განსაცდელების დროს ის დაგვეხმარება, რომ შიშმა თავგზა არ აგვიბნიოს და მეტისმეტად არ შევშფოთდეთ. მოდი ვნახოთ, როგორ გვეხმარება ასეთი მშვიდობა, როდესაც უსამართლობას ვაწყდებით, რაიმე საწუხარით ვართ დამძიმებული და თავს უღირსად ვგრძნობთ.

როდესაც უსამართლობას ვაწყდებით

4. ა) როგორ გახდა იესო უსამართლობის მსხვერპლი? ბ) როგორ იქცეოდნენ ქრისტიანები, როდესაც უსამართლობის მსხვერპლი ხდებოდნენ?

4 მეფე სოლომონმა შენიშნა: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). იესომ იცოდა, რომ ეს სიტყვები ჭეშმარიტი იყო. ზეცაში ყოფნისას ის ხედავდა, უაღრესად უსამართლოდ რომ ეპყრობოდნენ ადამიანები ერთმანეთს. დედამიწაზე ცხოვრებისას იგი თავად გახდა უდიდესი უსამართლობის მსხვერპლი — მას, უცოდველ ადამიანს, ღვთის გმობა დააბრალეს და ბოროტმოქმედივით დასაჯეს სიკვდილით (მათე 26:63—66; მარკოზი 15:27). დღეს უსამართლობა კვლავაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა არაერთხელ იგემეს მისი მწარე ნაყოფი, რადგან ‘მოძულებული არიან ყველა ერის მიერ’ (მათე 24:9). მაგრამ ნაცისტურ საკონცენტრაციო და საბჭოთა შრომა-გასწორების ბანაკებში გამოვლილი საშინელი ტანჯვის, აგრეთვე ბრბოს ძალმომრეობის, ცრუ ბრალდებებისა და მათ წინააღმდეგ ჭორების გავრცელების მიუხედავად, ქრისტეს მშვიდობამ მათ სიმტკიცე შეუნარჩუნა. მათ მიჰბაძეს იესოს, რომლის შესახებაც ვკითხულობთ: „ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს“ (1 პეტრე 2:23).

5. როდესაც კრებაში უსამართლობის შესახებ ვიგებთ და, ერთი შეხედვით, ეს სარწმუნო ჩანს, რაზე უნდა დავფიქრდეთ უპირველეს ყოვლისა?

5 თუმცა, ზემოხსენებულთან შედარებით, შეიძლება გაცილებით უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ როდისმე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქრისტიანულ კრებაში ვინმეს უსამართლოდ მოექცნენ. ამ დროს შეიძლება ისეთივე გრძნობები დაგვეუფლოს, როგორიც პავლეს: „ვინმე დაბრკოლდა და მე არ ავენთე?“ (2 კორინთელთა 11:29). როგორ უნდა მოვიქცეთ? კარგად უნდა გავაანალიზოთ: მართლა უსამართლობასთან გვაქვს საქმე? ხშირად ჩვენ ყველა ფაქტი არ ვიცით. შეიძლება ემოციებს აჰყვეთ იმ ადამიანთან საუბრის შემდეგ, ვინც ირწმუნება, რომ საქმის ვითარება იცის. ბიბლია სამართლიანად შენიშნავს: „სულელს ყველა სიტყვისა სჯერა“ (იგავნი 14:15). ამიტომ სიფრთხილე გვმართებს.

6. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ პირადად ჩვენ გავხდით უსამართლობის მსხვერპლი კრებაში?

6 მაგრამ დავუშვათ ვფიქრობთ, რომ პირადად ჩვენ გავხდით უსამართლობის მსხვერპლი. როგორ მოიქცეოდა ამ დროს ის ადამიანი, ვის გულშიც ქრისტეს მშვიდობა სუფევს? შეიძლება იმ ადამიანთან დალაპარაკების აუცილებლობას ვხედავდეთ, ვინც, ჩვენი აზრით, უსამართლოდ მოგვექცა. ამ ამბის თაობაზე ნებისმიერთან საუბრის ნაცვლად, კარგი იქნებოდა, ლოცვაში იეჰოვასთვის მიგვენდო ეს საქმე და ჩვენც მას მივნდობოდით იმაში დარწმუნებული, რომ ის სიმართლეს აღასრულებს (ფსალმუნი 9:11; იგავნი 3:5). სავსებით მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ საკითხის საკუთარ გულში გადაწყვეტა დაგვაკმაყოფილებს და ‘ვიყუჩებთ’ (ფსალმუნი 4:5). უმეტეს შემთხვევაში, პავლეს რჩევის თანახმად შეგვიძლია მოვიქცეთ: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13).

7. რა უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ჩვენს ძმებთან ურთიერთობისას?

7 მაგრამ, რაც უნდა მოვიმოქმედოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ, თუმცა არ შეგვიძლია იმის გაკონტროლება, რაც უკვე მოხდა, ჩვენ ძალგვიძს ჩვენი საქციელის გაკონტროლება. თუ იმ უსამართლობის საპასუხოდ მიღებული ზომები, რომლის მსხვერპლადაც მივიჩნევთ თავს, გაუწონასწორებელი იქნება, შეიძლება ამან უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს მშვიდობას, ვიდრე თავად უსამართლობამ (იგავნი 18:14). შეიძლება დავბრკოლებულიყავით კიდეც და ურთიერთობა შეგვეწყვიტა კრებასთან, სანამ არ დავინახავდით, რომ სამართალი აღდგა. ფსალმუნმომღერალმა დაწერა, რომ იეჰოვას კანონების მოყვარულთათვის „არ არსებობს... დაბრკოლება“ (ფსალმუნი 118:165). თვალი უნდა გავუსწოროთ იმ სინამდვილეს, რომ დროდადრო ნებისმიერი ჩვენგანი აწყდება უსამართლობას. ნურასოდეს დაუშვებთ, რომ ასეთმა არასასიამოვნო შემთხვევებმა იეჰოვასთვის მსახურებაში შეგიშალოთ ხელი. ნაცვლად ამისა, მიეცით ქრისტეს მშვიდობას თქვენს გულებში ბატონობის საშუალება.

როდესაც რაიმე საწუხარით ვართ დამძიმებული

8. რა იწვევს ამა თუ იმ საწუხარს, და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს საწუხარმა?

8 საწუხარი, მართლაც რომ, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ამ „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1). დიახ, იესომ თქვა: „ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის — რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის — რით შეიმოსოთ“ (ლუკა 12:22). მაგრამ ყველა საწუხარის მიზეზი მატერიალურზე ზრუნვა როდია. ლოტი „გაწამებული“ (სსგ) იყო სოდომელთა აღვირახსნილობით (2 პეტრე 2:7). პავლე ‘ყველა ეკლესიაზე საზრუნავით’ იყო დამძიმებული (2 კორინთელთა 11:28). სიკვდილის წინა ღამეს, იესო ისეთ სულიერ ტანჯვას განიცდიდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:44). ცხადია, ყველა საწუხარი არ მეტყველებს რწმენის სისუსტეზე. მაგრამ, რაც უნდა იყოს მიზეზი, თუ საწუხარი მეტად დამამძიმებელია და დიდხანს არ გვანებებს თავს, შეუძლია მშვიდობა წაგვართვას. საწუხარმა ზოგს ძალა გამოაცალა, რის გამოც ისინი ფიქრობდნენ, რომ ვეღარ შეძლებდნენ იმ პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევას, რომლებიც იეჰოვასთვის მსახურებაში ეკისრათ. ბიბლია ამბობს: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“ (იგავნი 12:25). მაშ, როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, თუ რაიმე საწუხარი გვტანჯავს?

9. რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება საწუხარის შესამსუბუქებლად, მაგრამ საწუხარის გამომწვევი რა მიზეზების მოშორებაა შეუძლებელი?

9 ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება პრაქტიკული ზომების მიღება შევძლოთ. თუ ჩვენი საწუხარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემით არის განპირობებული, გონივრული იქნებოდა, მის მოგვარებაზე გვეზრუნა; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი საკითხები პირადი გადასაწყვეტია a (მათე 9:12). თუ მრავალი პასუხისმგებლობით ვართ დამძიმებული, ზოგიერთი მათგანის სხვებისთვის მინდობა შეიძლებოდა (გამოსვლა 18:13—23). მაგრამ მათზე — მაგალითად მშობლებზე — რაღას ვიტყოდით, ვისაც ისეთი სერიოზული პასუხისმგებლობები აკისრიათ, რომელთა სხვებისთვის მინდობაც შეუძლებელია. რა შეიძლება ითქვას ქრისტიანზე, რომელსაც მეუღლე ეწინააღმდეგება? რა შეიძლება ითქვას ოჯახზე, რომელსაც ძალიან უჭირს ეკონომიკურად ან საომარ ზონაში ცხოვრობს? ცხადია, ამ სისტემაში საწუხარის გამომწვევი ყველა მიზეზისგან გათავისუფლება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალგვიძს ქრისტეს მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს გულებში. როგორ?

10. რომელი ორი საშუალებით შეუძლია ქრისტიანს საწუხარის შემსუბუქება?

10 ერთ-ერთი საშუალება ღვთის სიტყვის წაკითხვაა ნუგეშის მისაღებად. მეფე დავითმა დაწერა: „როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნი 93:19). იეჰოვას „ნუგეშს“ ბიბლიით მივიღებთ. ამ ღვთივშთაგონებული წიგნის რეგულარულად კითხვა გულებში ქრისტეს მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ბიბლია ამბობს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). პავლემაც იგივე აზრი გამოთქვა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). გულწრფელი და რეგულარული ლოცვა მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

11. ა) რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იესომ ლოცვასთან დაკავშირებით? ბ) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ლოცვაზე?

11 იესომ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ამ მხრივ. ზოგჯერ იგი ზედიზედ რამდენიმე საათიც კი ესაუბრებოდა ლოცვით ზეციერ მამას (მათე 14:23; ლუკა 6:12). ლოცვა ეხმარებოდა მას უმძიმესი განსაცდელების გადატანაში. სიკვდილის წინა ღამეს იგი მეტად დამწუხრდა. როგორ მოიქცა იესო? „უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა“ (ლუკა 22:44). დიახ, ღვთის სრულყოფილი ძე ძალიან ხშირად ლოცულობდა. ამიტომ ჩვენ, მისმა არასრულყოფილმა მიმდევრებმა, მით უფრო უნდა გამოვიმუშავოთ ლოცვის ჩვევა! იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ‘ყოველთვის ელოცათ და არ მობეზრებოდათ’ (ლუკა 18:1). ლოცვა — ეს არის რეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა მასთან, ვინც უფრო უკეთ გვიცნობს ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს (ფსალმუნი 102:14). თუ ჩვენს გულებში ქრისტეს მშვიდობის შენარჩუნება გვსურს, ‘განუწყვეტლივ ვილოცებთ’ (1 თესალონიკელთა 5:17).

შეზღუდულ შესაძლებლობებზე გამარჯვება

12. რის გამო შეიძლება იფიქროს ზოგმა, რომ მათი მსახურება არასრულფასოვანია?

12 იეჰოვას თვალში თავისი თითოეული მსახური ძვირფასია (ანგია 2:7, აქ, სქოლიო). მაგრამ ბევრისთვის ეს ძნელად დასაჯერებელია. ზოგი შეიძლება გულგატეხილი იყოს ხანდაზმულობის, მზარდი ოჯახური მოვალეობების ან შერყეული ჯანმრთელობის გამო. მათ, ვინც რთული ბავშვობა გამოიარეს, შეიძლება იფიქრონ, რომ ცხოვრებაში არ უმართლებთ. სხვებს კი შეიძლება წარსულში ჩადენილი შეცდომები ტანჯავდეთ და ეჭვობდნენ, მიუტევებს თუ არა იეჰოვა ოდესმე (ფსალმუნი 50:5). რის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც ასეთი გრძნობები გვტანჯავს?

13. როგორ ანუგეშებს საღვთო წერილი მათ, ვისაც არასრულფასოვნების გრძნობა ტანჯავს?

13 ქრისტეს მშვიდობა იეჰოვას სიყვარულში დაგვარწმუნებს. ჩვენს გულებში მშვიდობის აღდგენაში ამ ფაქტზე დაფიქრება დაგვეხმარება — იესოს არასოდეს უთქვამს, რომ იმის შეფასება, თუ რამდენად ძვირფასი ვართ, ჩვენი შესაძლებლობების სხვების შესაძლებლობებთან შედარებით ხდება (მათე 25:14, 15; მარკოზი 12:41—44). იესო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ერთგულებას ანიჭებდა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). თავად იესო კაცთაგან „საძულველი“ იყო, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მამას უყვარდა (ესაია 53:3; იოანე 10:17). და მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ისინიც საყვარელნი იყვნენ (იოანე 14:21). ამის ხაზგასასმელად მან თქვა: „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29—31). როგორი თბილი სიტყვებით გვარწმუნებს იესო იეჰოვას სიყვარულში!

14. როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ იეჰოვასთვის თითოეული ჩვენგანი ძვირფასია?

14 იესომ აგრეთვე თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44). რადგან იეჰოვამ მოგვიყვანა, რათა იესოს მიმდევრები ვყოფილიყავით, მას ჩვენი გადარჩენაც უნდა სურდეს. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „არა აქვს სურვილი თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი“ (მათე 18:14). ამიტომ, თუ მთელი გულით ემსახურებით ღმერთს, შეგიძლიათ თქვენი შესანიშნავი საქმეებით გაიხაროთ (გალატელთა 6:4). თუ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო იტანჯებით, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა გულწრფელად მომნანიებელ ადამიანებს „მრავალგზის“ მიუტევებს (ესაია 43:25; 55:7). თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზის გამო ხართ გულგატეხილი, გახსოვდეთ, რომ „იეჰოვა ახლოა გულგატეხილებთან; და ის იხსნის სულით შემუსრულებს“ (ფსალმუნი 33:19, აქ).

15. ა) როგორ ცდილობს სატანა ჩვენთვის მშვიდობის წართმევას? ბ) რაში შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას?

15 სატანას უზომოდ სწადია თქვენთვის მშვიდობის წართმევა. იგია დამნაშავე ცოდვის არსებობაში, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცემა და რომელთანაც ყველა ჩვენგანს უწევს ბრძოლა (რომაელთა 7:21—24). მას ძალიან სურს გაფიქრებინოთ, რომ, რადგან არასრულყოფილი ხართ, თქვენი მსახურება მიუღებელია ღვთისთვის. ნურასოდეს დართავთ ეშმაკს იმის ნებას, რომ გული აგაცრუებინოთ! უფრთხილდით მის ზრახვებს და დაე, ამ სიფრთხილემ მტკიცედ გადაგაწყვეტინოთ ბოლომდე მოთმენა (2 კორინთელთა 2:11; ეფესელთა 6:11—13). გახსოვდეთ, „ღმერთი... ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“ (1 იოანე 3:20). იეჰოვა ჩვენს სისუსტეებზე მეტს ამჩნევს. იგი ჩვენს მოტივებსა და განზრახვებსაც ხედავს. ამიტომ, ფსალმუნმომღერლის სიტყვები მანუგეშებელი იქნება თქვენთვის: „არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს“ (ფსალმუნი 93:14).

ქრისტეს მშვიდობაში გაერთიანებულნი

16. რა გაგებით არ ვართ მარტონი, როდესაც ბოლომდე მოსათმენად ვიღვწით?

16 როგორც პავლემ დაწერა, ქრისტეს მშვიდობას უნდა მივცეთ ჩვენს გულებში ბატონობის საშუალება, რადგან „ამისთვის ვართ მოწოდებული ერთ სხეულში“. ცხებული ქრისტიანები — რომლებსაც პავლე ამ სიტყვებს სწერდა — აგრეთვე ცხებულთა დღევანდელი დარჩენილი წევრები, მოწოდებული იყვნენ, რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი გამხდარიყვნენ. მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“ მათთან „ერთ ფარად“ არიან გაერთიანებული და „ერთი მწყემსი“, იესო ქრისტე, ჰყავთ (იოანე 10:16). მსოფლიო მასშტაბით ერთ „ფარად“ გაერთიანებული მილიონობით ადამიანი ქრისტეს მშვიდობას თავიანთ გულებში ბატონობის საშუალებას აძლევს. იმის ცოდნა, რომ მარტონი არ ვართ, მოთმენაში გვეხმარება. პეტრემ დაწერა: „წინაღუდექით [სატანას] მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება წუთისოფელში“ (1 პეტრე 5:9).

17. რა საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობის საშუალება მივცეთ?

17 მაშ, მოდი ყველამ განვაგრძოთ მშვიდობის, ღვთის სულიწმიდის ამ უმნიშვნელოვანესი ნაყოფის, გამომუშავება (გალატელთა 5:22, 23). ისინი, ვინც შეუბღალავნი, უბიწონი და მშვიდობით წარსდგებიან იეჰოვას წინაშე, საბოლოოდ მარადიული სიცოცხლით იქნებიან კურთხეული სამოთხეში დედამიწაზე, სადაც სიმართლე იქნება დამკვიდრებული (2 პეტრე 3:13, 14). მართლაც ყოველმხრივ საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობის საშუალება მივცეთ.

[სქოლიოები]

a ზოგჯერ წუხილს შეიძლება იწვევდეს ან აძლიერებდეს ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა დეპრესია.

გახსოვთ თუ არა?

• რა არის ქრისტეს მშვიდობა?

• როგორ შეუძლია ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობა, როდესაც უსამართლობას ვაწყდებით?

• როგორ გვეხმარება ქრისტეს მშვიდობა საწუხართან გამკლავებაში?

• როგორ გვანუგეშებს ქრისტეს მშვიდობა, როცა თავს უღირსად ვგრძნობთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ბრალმდებლების წინაშე იესო იეჰოვას მიენდო.

[სურათი 16 გვერდზე]

როგორც მოსიყვარულე მამის გულში თბილად ჩახუტება ამშვიდებს ბავშვს, ისე იეჰოვას ნუგეშისცემას შეუძლია ჩვენთვის საწუხარის შემსუბუქება.

[სურათი 18 გვერდზე]

მოთმინებას დიდად აფასებს ღმერთი.