მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რა იგულისხმება ებრაელთა 4:9—11-ში მოხსენიებულ „სიმშვიდეში“ და როგორ შეუძლია ვინმეს „ამ სიმშვიდეში შესვლა“?
პირველი საუკუნის ებრაელ ქრისტიანებს მოციქულმა პავლემ მისწერა: „კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა თავისისაგან. მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში“ (ებრაელთა 4:9—11).
როდესაც პავლე საუბრობდა იმის შესახებ, რომ ღმერთმა დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ჩანს, ის ციტირებდა დაბადების 2:2-ს, სადაც ვკითხულობთ: „გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა“. რატომ დაისვენა იეჰოვამ „მეშვიდე დღეს“? რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ძალების აღდგენა ესაჭიროებოდა მას შემდეგ, რაც ‘გაასრულა ყოველი საქმე’. ამის მიზეზს მომდევნო მუხლი ხსნის: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა“ (დაბადება 2:3; ესაია 40:26, 28).
„მეშვიდე დღე“ იმ მხრივ განსხვავდებოდა წინა ექვსი დღისგან, რომ ღმერთმა ეს დღე აკურთხა და წმინდაჰყო, ანუ მან ეს დღე განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყო ან დაადგინა. მაინც რა მიზნით? ცოტა ხნით ადრე ღმერთმა კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებით თავის განზრახვას ნათელი მოჰფინა. პირველ მამაკაცსა და მის ცოლს ღმერთმა უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28). თუმცა ღმერთმა თავდაპირველად ადამიანები და დედამიწა სრულყოფილად შექმნა, დრო დასჭირდებოდა მთელი დედამიწის დამუშავებასა და სამოთხედ გადაქცევას, რომელიც, ღვთის განზრახვის თანახმად, სრულყოფილი ადამიანებით გაივსებოდა. ამგვარად, „მეშვიდე დღეს“ ღმერთმა დაისვენა ანუ დროებით შეაჩერა თავისი მიწიერი შემოქმედებითი საქმიანობა, რათა, რაც მან შექმნა, ყველაფერი მისი ნებისამებრ განვითარებულიყო. ამ „დღის“ ბოლოს ყველაფერი, რაც ღმერთმა განიზრახა, რეალობად იქცევა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დასვენების დღე?
დავუბრუნდეთ პავლეს სიტყვებს ებრაელთა მიმართ წერილში და შევნიშნავთ, თუ რაზე ამახვილებს იგი ყურადღებას: „რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისთვის“. ამ სიტყვებით პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს, რომ, რაც კი შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ „სიმშვიდეში შესასვლელად“. ეს ცხადყოფს, რომ, როდესაც პავლემ ეს სიტყვები დაწერა, დაახლოებით 4000 წლის წინათ დაწყებული ღვთის დასვენების „მეშვიდე დღე“ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ეს დღე არ დასრულდება მანამ, სანამ ღმერთი დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებულ თავის განზრახვას არ მოიყვანს სისრულეში იესო ქრისტეს, „შაბათის უფლის“, ათასწლიანი მმართველობის ბოლოს (მათე 12:8; გამოცხადება 20:1—6; 21:1—4).
პავლემ, რომელსაც რეალურად ჰქონდა წარმოდგენილი ეს შესანიშნავი პერსპექტივა, ახსნა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ღვთის სიმშვიდეში შესვლა. მან დაწერა: „ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან“, რაც ცხადყოფს, რომ, თუმცა ადამიანები სრულყოფილად იყვნენ შექმნილი, მთლიანობაში, კაცობრიობა არ შესულა ღვთის სიმშვიდეში. ამის მიზეზი ის იყო, რომ ადამი და ევა „მეშვიდე დღეს“ დიდი ხნით არ დარჩნენ ღვთის სიმშვიდეში. ისინი შეძლებდნენ სიმშვიდეში დარჩენას, თუ იმ განზრახვების შესრულებას აუბამდნენ მხარს, რომლებიც ღმერთმა მათთვის გაითვალისწინა. ნაცვლად ამისა, ისინი აჯანყდნენ და ღვთისგან დამოუკიდებლად ყოფნა მოისურვეს. ფაქტობრივად, ადამი და ევა ღვთის სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობას არ დაექვემდებარნენ და სატანის მიერ ეშმაკურად შემუშავებული გეგმის მიხედვით იმოქმედეს (დაბადება 2:15—17). შედეგად, მათ დაკარგეს სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა. მას შემდეგ მთელი კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს დაემონა (რომაელთა 5:12, 14).
ადამიანთა აჯანყებამ ვენ შეუშალა ხელი ღვთის განზრახვის შესრულებას. მისი დასვენების დღე გრძელდება. მიუხედავად ამბოხებისა, იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა გამოსასყიდზე თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ისე, რომ ყველას, ვინც რწმენით იღებს ამ გამოსასყიდს, შეუძლია გათავისუფლდეს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (რომაელთა 6:23). სწორედ ამიტომ მოუწოდებდა პავლე თანაქრისტიანებს, რომ ‘დაესვენათ თავიანთი საქმეებისგან’. ისინი უნდა დამორჩილებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას, რათა გადარჩენილიყვნენ და, ადამისა და ევას მსგავსად, არ უნდა ეცადათ, თავიანთი სურვილისამებრ მოეწყოთ მომავალი ცხოვრება. ამავე დროს, ჯიუტად არ უნდა გაემართლებინათ საკუთარი მოქმედებები.
ღვთის ნების შესასრულებლად პირადი ეგოისტური ან ხორციელი სურვილების უგულებელყოფა ნამდვილად გამამხნევებელი და დამამშვიდებელია. იესოს მოწვევა ზემოთქმულს შეესაბამება: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).
პავლეს მსჯელობამ ღვთის სიმშვიდესა და ადამიანის ამ სიმშვიდეში შესვლაზე ნამდვილად გაამხნევა იერუსალიმელი ებრაელი ქრისტიანები, რომლებსაც თავიანთი რწმენის გამო ხშირად უწევდათ დევნისა და დაცინვის ატანა (საქმეები 8:1; 12:1—5). ამნაირადვე, პავლეს სიტყვებს დღევანდელი ქრისტიანების გამხნევებაც შეუძლია. თუ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში, ღვთის დანაპირების თანახმად, მისი სამართლიანი სამეფოს მმართველობით დედამიწაზე სამოთხე იარსებებს, მაშინ ჩვენც უნდა დავისვენოთ საკუთარი საქმეებისგან და, შესაძლებლობისამებრ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ სიმშვიდეში შესასვლელად (მათე 6:10, 33; 2 პეტრე 3:13).
[სურათები 31 გვერდზე]
ღვთის დაპირებული მიწიერი სამოთხე ნამდვილად იარსებებს მისი დასვენების დღის ბოლოს.