არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მსოფლიო ბედნიერების საწინდარი

მსოფლიო ბედნიერების საწინდარი

მსოფლიო ბედნიერების საწინდარი

„ერთადერთი უძლიერესი პიროვნება — არა მარტო ამ ორი ათასწლეულის, არამედ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში — იესო ნაზარეველი იყო“, ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში. დედამიწაზე იესოს ყოფნისას ათასობით გულწრფელ ადამიანს ესმოდა, რომ ის არა მარტო დიდებული პიროვნება იყო, არამედ სხვებზე მზრუნველიც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ადამიანებს მისი გამეფება სურდათ (იოანე 6:10, 14, 15). მაგრამ, როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, იესომ უარი თქვა პოლიტიკაში ჩარევაზე.

იესოს პასუხი სამმა ფაქტორმა განაპირობა: ადამიანების ნების თავისუფლების შესახებ მამამისის თვალსაზრისმა, რაშიც მმართველად ადამიანების ყოფნის საკითხიც შედიოდა; იმის ცოდნამ, რომ არსებობს უხილავი ძალა, რაც ადამიანთა საუკეთესო მმართველობის წინააღმდეგაც კი მოქმედებს; და ღვთის განზრახვამ, დაეფუძნებინა ზეციერი სამეფო, რომელიც მთელ დედამიწას უმმართველებდა. როდესაც ამ სამ საკითხს უფრო დაწვრილებით გამოვიკვლევთ, დავინახავთ, რატომ მთავრდება კრახით ადამიანთა მცდელობები — უკეთეს საცხოვრებელ ადგილად აქციონ მსოფლიო. აგრეთვე დავინახავთ, როგორ შეიძლება ამაში წარმატების მიღწევა.

შეუძლიათ ადამიანებს უხელმძღვანელონ საკუთარ თავს?

როდესაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, მათ ცხოველთა სამყაროს პატრონობის უფლება მისცა (დაბადება 1:26). მაგრამ თვითონ ადამიანები ღვთის უზენაესი ხელისუფლების ქვეშევრდომები იყვნენ. პირველ წყვილს ღვთის მითითებისადმი მორჩილება იმით უნდა დაემტკიცებინა, რომ თავი შეეკავებინათ ერთი განსაკუთრებული ხის, „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის“ ჭამისგან (დაბადება 2:17). სამწუხაროდ, ადამმა და ევამ ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება და ღმერთს არ დაემორჩილნენ. აკრძალული ნაყოფის მოწყვეტა არა მარტო ქურდობა გახლდათ, არამედ ღვთის უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებაც. „ახალი იერუსალიმის ბიბლიაში“ დაბადების 2:17-ის სქოლიოში ნათქვამია, რომ ადამმა და ევამ „ქმნილების სტატუსის უგულებელყოფით სრული ზნეობრივი დამოუკიდებლობა“ გამოაცხადეს. „ეს პირველი ცოდვა ღვთის უზენაეს ხელისუფლებაზე თავდასხმა იყო“.

რადგან საქმე სერიოზულ, ზნეობრივ საკითხებს ეხებოდა, ღმერთმა ადამსა და ევას, აგრეთვე მათ შთამომავლებს, ნება დართო, თავად აერჩიათ, თუ როგორ ეცხოვრათ და თავად დაედგინათ, რა იყო სიკეთე და ბოროტება (ფსალმუნი 147:8, 9; რომაელთა 2:14). ძირითადად, მაშინ დაიწყო ადამიანების თვითგამორკვევის პროცესი. მოჰყვა ამას წარმატება? ათასობით წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ — არა! ეკლესიასტეს 8:9 ამბობს: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“. ადამიანთა თვითმმართველობის ამ სავალალო შედეგის შესახებ ჩანაწერი ამტკიცებს იერემიას 10:23-ის ჭეშმარიტებას: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ისტორიამ ცხადყო, რომ ადამიანებს არ ძალუძთ თავიანთი შემოქმედის გარეშე წარმატებით მმართველობა.

იესოს აზრიც სწორედ ასეთი იყო. მას მთელი არსებით სძულდა ღვთისგან დამოუკიდებლობა. „არაფერს ვაკეთებ ჩემით“ — ამბობდა ის. „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის [ღვთისთვის] არის სათნო“ (იოანე 4:34; 8:28, 29). ამიტომ, თუ ღვთისგან არ მიიღებდა ადამიანების მეფედ ყოფნის უფლებას, იესო არც კი იფიქრებდა მეფობაზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ სურდა, ადამიანებს დახმარებოდა. პირიქით, ის აკეთებდა ყველაფერს, რაც კი შეეძლო, რათა ადამიანებს იმ დროშიც და მომავალშიც უდიდესი ბედნიერებისთვის მიეღწიათ. მან კაცობრიობისთვის საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირა (მათე 5:3—11; 7:24—27; იოანე 3:16). მაგრამ იესომ იცოდა, რომ „ყოველივეს თავის დრო აქვს“, და ამ ყოველივეში შედიოდა დადგენილი დრო, როდესაც ღმერთი თავისი ხელისუფლების უზენაესობას დაამტკიცებდა (ეკლესიასტე 3:1; მათე 24:14, 21, 22, 36—39). გაიხსენეთ, რომ ედემში ჩვენი წინაპრები იმ ბოროტი სულიერი ქმნილების ნებას დაემორჩილნენ, რომელიც ხილული გველის სახით დაელაპარაკა მათ. ასე გადავდივართ იმის მეორე მიზეზზე, თუ რატომ არ ერეოდა იესო პოლიტიკაში.

წუთისოფლის ფარული მმართველი

ბიბლია გვეუბნება, რომ სატანამ „წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება“ შესთავაზა იესოს, ოღონდაც ერთხელ ეცა თაყვანი მისთვის (მათე 4:8—10). სინამდვილეში, ეშმაკმა იესოს მთელი წუთისოფელი შესთავაზა, მაგრამ გარკვეული პირობით. იესო ამ ცდუნების მახეში არ გაბმულა. იყო კი ეს მისთვის ნამდვილი საცდური? შეეძლო სატანას ასეთი გრანდიოზული რამის შეთავაზება? დიახ, შეეძლო, რადგან იესომ თავად უწოდა ეშმაკს „წუთისოფლის მთავარი“, ხოლო მოციქულმა პავლემ სატანა „წუთისოფლის ღმერთად“ მოიხსენია (იოანე 14:30; 2 კორინთელთა 4:4; ეფესელთა 6:12).

რა თქმა უნდა, იესომ იცოდა, რომ ეშმაკი კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა. მან სატანას „კაცისმკვლელი“, ‘ცრუ და [„ყოველივე“, The Amplified Bible] სიცრუის მამა’ უწოდა (იოანე 8:44). ცხადია, ქვეყნიერება, რომელიც ასეთი ბოროტი სულის „ძალაუფლებაშია“, ვერასოდეს იქნებოდა ნამდვილად ბედნიერი (1 იოანე 5:19, აქ). მაგრამ ეს ძალაუფლება სატანას მარადიულად არ ექნება. იესო, რომელიც ამჟამად ძლევამოსილი სულიერი პიროვნებაა, მალე ჩამოიშორებს სატანას და სრულიად მოსპობს მის გავლენას (ებრაელთა 2:14; გამოცხადება 20:1—3).

თავად სატანამაც იცის, რომ მისი მმართველობის დღეები დათვლილია. ამიტომ სასოწარკვეთილი ყოველ ღონეს ხმარობს ადამიანთა გასახრწნელად, როგორც ეს ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის წინ იყო (დაბადება 6:1—5; იუდა 6). „ვაი, მიწასა და ზღვას, — ამბობს გამოცხადების 12:12, — ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“. ბიბლიური წინასწარმეტყველება და მსოფლიო მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ ‘მცირე დროის’ მიწურულს ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). ხსნა ძალიან ახლოს არის.

ბედნიერების მომტანი მთავრობა

მესამე მიზეზი, რის გამოც იესო პოლიტიკაში არ ერეოდა, ის გახლავთ, რომ მან იცოდა დანიშნული დროის შესახებ, როდესაც ღმერთი დაამყარებდა ზეციერ მთავრობას; მთავრობას, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებდა. ბიბლია ამ მთავრობას ღვთის სამეფოს უწოდებს და ეს სამეფო იყო იესოს მოძღვრების მთავარი თემა (ლუკა 4:43; გამოცხადება 11:15). იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ, რომ ეს სამეფო მოსულიყო, რადგან მხოლოდ ამ სამეფოს მმართველობისას შესრულდებოდა ‘ღვთის ნება, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა’ (მათე 6:9, 10). თუ ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს, რა მოუვა ადამიანთა მთავრობებს? — შეიძლება იკითხოთ თქვენ.

პასუხის პოვნა შეიძლება დანიელის 2:44-ში: „იმ [თანამედროვე სისტემის ბოლოს მმართველ] მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს [ადამიანთა მიერ დაფუძნებულ] ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. რატომ „შემუსრავს“ ღვთის სამეფო მიწიერ მმართველობებს? იმიტომ, რომ ისინი არ იშლიან ღვთის წინააღმდეგ მიმართულ დამოუკიდებლობის სულის გამოვლენას და ამ სულის სამუდამოდ დამკვიდრებას ცდილობენ; სულისკვეთებისა, რომელიც ედემის ბაღში სატანამ აღძრა. გარდა ამისა, კაცობრიობის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებით ამ სულისკვეთების სამუდამოდ დამკვიდრების მსურველები შემოქმედს უპირისპირდებიან (ფსალმუნი 2:6—12; გამოცხადება 16:14, 16). ამიტომ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: ღვთის მმართველობის მომხრეები ვართ თუ მოწინააღმდეგეები?

ვის უზენაეს ხელისუფლებას აირჩევთ თქვენ?

ხალხს რომ მმართველობის შესახებ ზუსტ შემეცნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიეღო, იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, თანამედროვე სისტემის აღსასრულამდე: ‘ექადაგათ სასუფეველზე [„სამეფოზე“, აქ] მთელი მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (მათე 24:14). ვინ არიან დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ღვთის სამეფოს შესახებ მქადაგებლებად? იეჰოვას მოწმეები. მოცემულ ჟურნალს დიდი ხანია ყდაზე აწერია სიტყვები: „იუწყება იეჰოვას სამეფოს“. დღეს 230-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით ექვსი მილიონი მოწმე ხალხს სამეფოს შესახებ ზუსტი შემეცნების მიღებაში ეხმარება a.

კურთხევები ღვთის სამეფოს ქვეშევრდომთათვის

იესო ყოველთვის ღვთის მოსაწონად იქცეოდა. ამიტომ დამოუკიდებლობას კი არ ეძებდა და პოლიტიკური საშუალებებით არსებული სისტემის მხარდაჭერას ან მის გაუმჯობესებას კი არ ცდილობდა, არამედ გულმოდგინედ იღწვოდა ღვთის სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად; სამეფოსი, რომელიც მსოფლიოში არსებული პრობლემების ერთადერთი გადამჭრელი საშუალებაა. ასეთი ერთგულებისთვის ის დაჯილდოვდა; ჯილდოდ ზეციერი ტახტი მიიღო და ამ სამეფოს მეფე გახდა. ღვთის მორჩილებისთვის რა დიდებული ჯილდოა! (დანიელი 7:13, 14).

დღეს მილიონებიც, რომლებიც იესოს ბაძავენ და ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებენ, ღვთის ნებას ასრულებენ, გაიხარებენ დიდებული ჯილდოთი — ღვთის სამეფოს მიწიერ ქვეშევრდომებად ყოფნის ძვირფასი შესაძლებლობით (მათე 6:33). ამ სამეფოს ქვეშევრდომობით, რომელიც სიყვარულით იმმართველებს, ისინი ადამიანურ სრულყოფილებას მიაღწევენ და მარადიული ცხოვრების პერსპექტივით გაიხარებენ (გამოცხადება 21:3, 4). 1 იოანეს 2:17-ში ნათქვამია: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“. რა დიდი და მარადიული სიხარული გამეფდება მაშინ, როდესაც სატანა და მისი მიმდევრები მოისპობიან; აგრეთვე მთელი დედამიწა სამოთხედ იქცევა, სადაც აღარ იარსებებს ნაციონალიზმი, გახრწნილი კომერციული სისტემა და ცრუ რელიგია! (ფსალმუნი 36:29; 71:16).

დიახ, ღვთის სამეფო არის მსოფლიოს ბედნიერების რეალური საწინდარი და ცნობას მის შესახებ შესაფერისად ეწოდება სასიხარულო ცნობა. თუ ჯერ არ გამოხმაურებიხართ ამ სასიხარულო ცნობას, რატომ არ უნდა გამოხმაურებოდით, როდესაც იეჰოვას მოწმეები თქვენთანაც მოვიდოდნენ?

[სქოლიოები]

a რადგან იეჰოვას მოწმეები მხარს უჭერენ ღვთის სამეფოს, ისინი არც პოლიტიკაში ერევიან და არც მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებენ ადამიანებს მაშინაც კი, როდესაც აკრძალული ან დევნილი არიან (ტიტე 3:1). ნაცვლად ამისა, იესოსა და პირველი საუკუნის მოწაფეების მიბაძვით, ისინი ცდილობენ სასარგებლო, სულიერი და არაპოლიტიკური საშუალებები გამოიყენონ. მოწმეები ცდილობენ, დაეხმარონ სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელ სწორი პოზიციის მქონე ადამიანებს, გაითავისონ ჯანსაღი ბიბლიური ფასეულობები, რომლებიც ოჯახის წევრებს შორის ურთიერთსიყვარულს, პატიოსნებას, ზნეობრივ სიწმინდესა და მუშაობის კარგ ჩვევებს ეხება. ძირითადად, ისინი ცდილობენ, ადამიანებს ასწავლონ, თუ როგორ მიჰყვნენ ბიბლიურ პრინციპებს და, ღვთის სამეფოს უყურებდნენ, როგორც კაცობრიობის რეალურ იმედს.

[სურათები 5 გვერდზე]

ისტორია ცხადყოფს, რომ ღვთის გარეშე ადამიანებს არ შეუძლიათ წარმატებით მმართველობა.

[სურათი 5 გვერდზე]

ვინაიდან სატანა თანამედროვე „სისტემის“ მმართველია, მას შეეძლო „წუთისოფლის ყველა სამეფოს“ შეთავაზება.

[სურათები 7 გვერდზე]

იესო ასწავლიდა, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მსოფლიო შესანიშნავ ადგილად იქცეოდა.