„უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს“
„უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს“
თითოეულ ჩვენგანს უნდა, რომ კურთხეული იყოს. კურთხევები ბედნიერებას, კარგად ყოფნასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს. იეჰოვასგან მომდინარეობს „ყველა კეთილი საბოძვარი“; ყველა ნამდვილ, ხანგრძლივ კურთხევას ჩვენი მოსიყვარულე შემომქმედი აძლევს დასაბამს (იაკობი 1:17). ის თავის კურთხევებს უხვად აძლევს მთელ კაცობრიობას, მათაც კი, ვინც არ იცნობს მას. იესომ თავის მამაზე თქვა: „თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:45). მაგრამ იეჰოვა განსაკუთრებულად ზრუნავს თავის მოყვარულებზე (მეორე რჯული 28:1—14; იობი 1:1; 42:12).
ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ“ (ფსალმუნი 83:12). დიახ, იეჰოვას მსახურები სულიერად მდიდარ, შინაარსიან ცხოვრებას ეწევიან. მათ იციან, რომ „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“. ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „მის [იეჰოვას] მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (იგავნი 10:22; ფსალმუნი 36:22, 29). მართლაც დიდებული კურთხევა იქნება!
როგორ შეგვიძლია იეჰოვას კურთხევის მიღება? უპირველეს ყოვლისა, ისეთი თვისებების განვითარებით, რომლებიც მას სიამოვნებს (მეორე რჯული 30:16, 19, 20; მიქა 6:8). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას იეჰოვას სამი მსახურის მაგალითიდან ვხედავთ, რომლებიც ძველად ცხოვრობდნენ.
იეჰოვა თავის მსახურებს აკურთხებს
ნოე იეჰოვას გამორჩეული მსახური იყო. დაბადების 6:8-ში ვკითხულობთ: „მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში“. რატომ? იმიტომ რომ ნოე მორჩილი კაცი იყო. ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთთან დადიოდა ნოე“. იგი იეჰოვას სიმართლის პრინციპებს იცავდა და მის მითითებებს ემორჩილებოდა. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ძალადობასა და გარყვნილებაში იყო ჩაფლული, ნოე მზად იყო, ‘ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასეც გააკეთა’ (დაბადება 6:9, 22). ამიტომ იეჰოვამ მას დაავალა, აეშენებინა „კიდობანი თავისი [ნოეს] სახლეულობის გადასარჩენად“ (ებრაელთა 11:7, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ამგვარად, ნოე და მისი ოჯახი, და მათი მეშვეობით ადამიანთა მოდგმა, განადგურებას გადაურჩა. ნოე იმ იმედით მოკვდა, რომ მკვდრეთით აღდგება და დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებს მარადიულად. რა დიდებული კურთხევა მიიღო ნოემ!
აბრაამსაც ჰქონდა იეჰოვას მოსაწონი თვისებები. ამ თვისებებიდან ყველაზე გამორჩეული რწმენა იყო (ებრაელთა 11:8—10). აბრაამმა დატოვა მყუდრო ცხოვრება ურში და მოგვიანებით ხარანიდანაც კი წავიდა, რადგან სჯეროდა იეჰოვას დანაპირები, რომ მის თესლში იკურთხებოდა ყველა ერი (დაბადება 12:2, 3). მიუხედავად დიდი ხნის გამოცდისა, მისი რწმენა დაჯილდოვდა, როდესაც ვაჟი, ისაკი შეეძინა. მისი მეშვეობით აბრაამი ღვთის რჩეული ხალხის, ისრაელის, ბოლოს კი მესიის წინაპარი გახდა (რომაელთა 4:19—21). უფრო მეტიც, ის არის „ყველა... მორწმუნის მამა“ და „ღვთის მეგობარი“ (რომაელთა 4:11; იაკობი 2:23; გალატელთა 3:7, 29). როგორი აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა აბრაამს და როგორ უხვად დაჯილდოვდა!
გავიხსენოთ მორწმუნე მოსეც. მისი თვისებებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც სულიერი საკითხების დაფასება იყო. მოსემ უარი თქვა ეგვიპტის მთელ სიმდიდრეზე და „თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო“ (ებრაელთა 11:27). მას შემდეგ, რაც 40 წელი მიდიანის ქვეყანაში იყო, უკვე მოხუცებული ეგვიპტეში დაბრუნდა და იმ დროისთვის უდიდესი ძალაუფლების მქონე ფარაონის წინაშე წარდგა თავისი ძმების გასათავისუფლებლად (გამოსვლა 7:1—7). მან საკუთარი თვალით იხილა ათი სასჯელი, მეწამული ზღვის გაყოფა და ფარაონის ჯარის განადგურება; იეჰოვამ მისი ხელით გადასცა ისრაელს რჯული; იეჰოვამ ახალ ერთან კავშირის დასადებადაც მოსე გამოიყენა; ორმოცი წლის განმავლობაში მიუძღოდა ის ისრაელს უდაბნოში. მის ცხოვრებას ნამდვილი აზრი ჰქონდა და მსახურებისთვის უხვი კურთხევებით დაჯილდოვდა.
კურთხევები დღეს
როგორც დავინახეთ, ღვთის მსახურთა ცხოვრება ნამდვილად აზრით აღსავსეა. იეჰოვას
ხალხს ისეთი თვისებების განვითარების გამო, როგორიცაა მორჩილება, რწმენა და სულიერი საკითხების დაფასება, უხვი კურთხევები აქვს.რა კურთხევებს ვიღებთ? მაშინ, როცა ქრისტიანულ სამყაროში მილიონობით ადამიანი სულიერ შიმშილს განიცდის, ჩვენ ‘უფლის დოვლათისკენ მივეშურებით’ (იერემია 31:11). ‘იესო ქრისტესა და ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით’ იეჰოვა გვაწვდის შესანიშნავ სულიერ საკვებს, რომელიც გვეხმარება, დავრჩეთ ‘სიცოცხლის გზაზე’ (მათე 7:13, 14; 24:45; იოანე 17:3). ქრისტიანულ საძმოსთან ურთიერთობაც დიდი კუთრხევაა. კრებებსა თუ სხვა ღონისძიებებზე იმ თანაქრისტიანებთან ერთად ყოფნა, რომლებიც სიყვარულს ავლენენ და გულითადად ცდილობენ, ‘შეიმოსონ ახალ კაცად’, უდიდესი ბედნიერებაა (კოლასელთა 3:8—10; ფსალმუნი 132:1). მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი კურთხევა მაინც იეჰოვა ღმეთთან პირადი ურთიერთობა და მისი ძის, ქრისტე იესოს ნაკვალევზე სიარულია (რომაელთა 5:1, 8; ფილიპელთა 3:8).
ასეთ კურთხევებზე დაფიქრებით ვაანალიზებთ, მართლაც, რამდენად ძვირფასია ღვთისათვის ჩვენი მსახურება. შეიძლება ვფიქრობთ იესოს იგავზე ვაჭრის შესახებ, რომელმაც მშვენიერი მარგალიტი იპოვა. იესომ ამ მამაკაცზე თქვა: „როდესაც იპოვის ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და იყიდის მას“ (მათე 13:46). ჩვენც იგივე დამოკიდებულება გვაქვს იმასთან, რაც ღმერთთან ურთიერთობას, მისთვის მსახურებას, ქრისტიანებთან ურთიერთობას, ჩვენს ქრისტიანულ იმედსა და სხვა კურთხევებს უკავშირდება და, რაც უშუალოდ ჩვენს რწმენას ეხება. ჩვენს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერია.
დავუბრუნოთ ღმერთს
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყოველივე კეთილის მბოძებელი იეჰოვაა და ამიტომ გული ყოველი კურთხევისათვის დიდი მადლიერების გრძნობით გვევსება. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ამის ერთ-ერთი საშუალება არის სხვებისთვის დახმარება იმაში, რომ მათაც მიიღონ ეს კურთხევები (მათე 28:19). 230-ზე მეტ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ამ მიზნით თავიანთ მეზობლებს ინახულებენ. იმისათვის, რომ დაეხმარონ სხვებს „ჭეშმარიტების შემეცნების მიღწევაში“, ისინი დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს არ ზოგავენ (1 ტიმოთე 2:4).
ქალაქ გლენდელიში (კალიფორნიის შტატი, აშშ) მცხოვრები პიონერები ფედერალურ ციხეში მისასვლელად ყოველ შაბათ დილით დაახლოებით 100 კილომეტრს გადიან. თუმცა მათ მხოლოდ სულ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლიათ პატიმრების მონახულება, გულს არ იტეხენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ღირს ასეთ უჩვეულო ტერიტორიაზე მსახურება. ამას დიდი სიხარულით ვაკეთებთ. იმდენია ბიბლიის შესწავლით დაინტერესებული, რომ ყველას ვერც კი ავუდივართ. დღეისათვის ბიბლიის ხუთი შესწავლა გვაქვს, ოთხს კი შესწავლის დაწყება სურს“.
ენთუზიაზმით აღსავსე ქრისტიან მსახურებს უხარიათ, რომ უსასყიდლოდ ასრულებენ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს. ისინი ბაძავენ იესოს, რომელმაც თქვა: „უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამინი მსახურობს ასე უანგაროდ, რის შედეგადაც უამრავი გულწრფელი ადამიანი ეხმაურება მათ და ქრისტეს მოწაფე ხდება. მარტო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 1700000-მა ადამიანმა მიუძღვნა თავი იეჰოვას. ასეთი ზრდა კი მოითხოვს ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვას, სამეფო დარბაზებისა და სხვა შეხვედრების ჩასატარებლად საჭირო შენობების აშენებას. რა საშუალებით ხდება ამ ყველა საჭიროების დაკმაყოფილება? ეს მთლიანად ნებაყოფლობითი შესაწირავების ხარჯზე კეთდება.
რადგან ზოგ ქვეყანაში მატერიალური სიდუხჭირეა, ბევრი ძლივს არჩენს ოჯახს. ჟურნალ „ნიუ საიენტისტის“ თანახმად, მილიარდი
ადამიანი თავიანთი შემოსავლის 70%-ს ოჯახის საკვებით მომარაგებაზე ხარჯავს. ბევრი ჩვენი ქრისტიანი და-ძმაც ამ დღეშია. რომ არა თანამორწმუნეების დახმარება, მათ არც ქრისტიანული პუბლიკაციები და არც შესაფერისი სამეფო დარბაზები ექნებოდათ.რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვას ჰკიდებენ თავიანთ ტვირთს; ისინი, უბრალოდ, დახმარებას საჭიროებენ. მოსემ, როდესაც ისრაელებს მოუწოდებდა, კურთხევებისთვის იეჰოვასადმი მადლიერების გამოსახატავად შესაწირავები მიეტანათ, თქვა: „ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის“ (მეორე რჯული 16:17). როდესაც იესომ დაინახა ქვრივი, რომელმაც „ორი ლეპტა“ შესწირა ტაძარს, თავის მოწაფეებს შეუქო იგი. ამ ქვრივმა გააკეთა ის, რაც შეეძლო (ლუკა 21:2, 3). დუხჭირ პირობებში მცხოვრები ქრისტიანებიც იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ. და, თუ არ აქვთ საჭირო სახსრები, შედარებით უკეთეს პირობებში მცხოვრები თანაქრისტიანები ეხმარებიან (2 კორინთელთა 8:13—15).
როდესაც ამგვარად ვუბრუნებთ ღმერთს, მნიშვნელოვანია, რომ სწორი აზრები გვამოძრავებდეს (2 კორინთელთა 8:12). პავლემ თქვა: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7). თუ გულით გავცემთ, როგორც ღვთის ორგანიზაციის, ისე ჩვენი სიხარულის ზრდას ვუწყობთ ხელს (საქმეები 20:35).
სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა და ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღება ის ორი საშუალებაა, რომლითაც კურთხევების სანაცვლოს ვუბრუნებთ იეჰოვას. რაოდენ გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სურს, უფრო მეტად აკურთხოს ის გულწრფელი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ამჟამად არაფერი იციან მასზე (2 პეტრე 3:9). ამიტომ, მოდი გამოვიყენოთ ჩვენი სახსრები ღვთისათვის მსახურებაში, მოვძებნოთ გულწრფელი ადამიანები და დავეხმაროთ მათ ისეთი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა მორჩილება, რწმენა და სულიერი საკითხების დაფასება. ამგვარად, გავიხარებთ, რადგან ვეხმარებით სხვებს, ‘განიცადონ და ნახონ, რომ კარგია უფალი’ (ფსალმუნი 33:9).
[ჩარჩო 28 გვერდზე]
როგორ შეიძლება შესაწირავის გაღება შესაწირავები სამეფოს საქმისთვის
მრავალი გადადებს ხოლმე ანუ წინასწარ გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში — წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“.
ამ თანხას კრებები ყოველთვიურად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.
წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები
პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა მსოფლიო მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:
უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.