არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სკვითები — საიდუმლოებით მოცული ძველი ხალხი

სკვითები — საიდუმლოებით მოცული ძველი ხალხი

სკვითები — საიდუმლოებით მოცული ძველი ხალხი

მხედრები ცხენებს მიაჭენებენ, მიწას ბუღი ასდის, მომთაბარე მეომრები ნაძარცვით სავსე ხურჯინებით ბრუნდებიან. ეს საიდუმლოებით მოცული ხალხი ძვ. წ. დაახლოებით 700-დან 300 წლამდე მთელი ევრაზიის სტეპებზე ბატონობდა; შემდეგ გაუჩინარდნენ, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. ისინი ბიბლიაშიც კი არიან მოხსენიებული. ეს მომთაბარე ტომი სკვითების სახელით არის ცნობილი.

საუკუნეების მანძილზე სკვითები გარეული ცხენების ჯოგებით დათარეშობდნენ კარპატებიდან დღევანდელ სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთამდე გადაჭიმულ ველ-მინდვრებზე. ძვ. წ. დაახლოებით VIII საუკუნეში ჩინეთის იმპერატორმა სიუანმა დასავლეთისკენ განდევნა ისინი. დასავლეთით მიმავალი სკვითები კიმერიელებს, კავკასიასა და შავი ზღვის ჩრდილოეთით გაბატონებულ ტომს, შეებრძოლნენ და დაამარცხეს ისინი.

ნადავლის მოხვეჭის მიზნით სკვითებმა ასურეთის დედაქალაქი ნინევია გაძარცვეს. მოგვიანებით კი, ისინი ასურეთის მოკავშირეები გახდნენ, რათა მიდიის, ბაბილონისა და სხვა ერების წინააღმდეგ გაელაშქრათ. მათ ჩრდილოეთ ეგვიპტეზეც კი მიიტანეს იერიში. ის ფაქტი, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ისრაელში მდებარე ქალაქ ბეთ-შანს მოგვიანებით სკვითოპოლი დაერქვა, შეიძლება იმ პერიოდზე მიანიშნებდეს, როცა სკვითებმა ეს ტერიტორია დაიკავეს (პირველი მეფეთა 31:10). სკვითებმა არც ამიერკავკასიას აუარეს გვერდი და თავიანთი შემოსევების დროს საქართველოშიც თარეშობდნენ.

საბოლოოდ სკვითები დღევანდელი რუმინეთის, მოლდოვას, უკრაინისა და სამხრეთ რუსეთის სტეპებში დასახლდნენ. მათ იქ სიმდიდრე მოიხვეჭეს, რადგან შუამავლის როლს ასრულებდნენ საბერძნეთსა და მარცვლეულის მწარმოებელ იმ ხალხს შორის, რომლებიც დღევანდელი უკრაინისა და სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. სკვითები მარცვლეულს, თაფლს, ბეწვეულსა და მსხვილფეხა საქონელს ბერძნულ ღვინოში, ქსოვილებში, იარაღსა და ხელოვნების ნიმუშებში ცვლიდნენ. ამგვარად მათ დიდძალი ქონება დააგროვეს.

სასტიკი და საშიში მხედრები

სტეპებში მოხეტიალე მეომრებისთვის ცხენს ისეთივე დანიშნულება ჰქონდა, როგორიც უდაბნოში მცხოვრებთათვის — აქლემს. სკვითები შესანიშნავი მხედრები იყვნენ; მათ უნაგირი და უზანგი ერთ-ერთმა პირველებმა გამოიყენეს; ისინი ცხენის ხორცითა და ფაშატის რძით იკვებებოდნენ; აღსავლენ მსხვერპლადაც კი ცხენებს სწირავდნენ, — როდესაც სკვითებს მეომარი უკვდებოდათ, მის ცხენს კლავდნენ და დიდი პატივით მარხავდნენ სრული საომარი აღჭურვილობითა და შეკაზმულობით.

როგორც ისტორიკოსი ჰეროდოტე აღწერს, სკვითებს შემზარავი ადათ-წესები ჰქონდათ; მაგალითად, თავიანთ მსხვერპლთა თავის ქალებს სასმისებად იყენებდნენ. ისინი, როდესაც იერიში მიჰქონდათ თავიანთ მტრებზე, ხმლებით, საომარი ნაჯახებით, შუბებითა და ისრებით ჟლეტდნენ მათ.

მარადიული სავანე — ყველაფრით უზრუნველყოფილი სამარხები

სკვითები ჯადოქრობასა და შამანობას ეწეოდნენ; თაყვანს სცემდნენ ცეცხლსა და დედა-ქალღმერთს (მეორე რჯული 18:10—12). მათ სამარხები განსვენებულთა საცხოვრებელ ადგილად მიაჩნდათ. სკვითები გარდაცვლილ ბატონს იმ მიზნით სწირავდნენ მსხვერპლად მონებსა და ცხოველებს, რომ ისინი მას იქაც მომსახურებოდნენ. სავარაუდოა, რომ ტომის ბელადებს თან ატანდნენ მთელ თავის განძს „ახალ სამყაროში“ და თან აყოლებდნენ მოსამსახურეებს. ერთ სამეფო აკლდამაში ხუთი მოსამსახურე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომლებიც თავიანთი ბატონის ფეხებთან ესვენენ. როგორც სკვითებს სწამდათ, ისინი მზად იქნებოდნენ, წამომდგარიყვნენ და თავიანთი მოვალეობები შეესრულებინათ.

როდესაც სკვითები ბელადებს კრძალავდნენ, უხვად სწირავდნენ მათ შესაწირავებს; გლოვის დროს სისხლს ღვრიდნენ და თმას იკრეჭდნენ. ჰეროდოტემ დაწერა: „ისინი ყურის რაღაც ნაწილს იჭრიდნენ, თავს იპარსავდნენ, მკლავებს ისერავდნენ, შუბლსა და ცხვირს იხოკავდნენ და მარცხენა ხელში ისრებს ირჭობდნენ“. ამის საპირისპიროდ, იმავე ეპოქაში ისრაელებს ღვთის რჯულის თანახმად მოეთხოვებოდათ: „ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე“ (ლევიანნი 19:28).

ათასობით ყორღანი შემორჩა სკვითების გაუჩინარების შემდეგ (რამდენიმე ასეთი სამარხი საქართველოშიც არის შემორჩენილი). ამ სამარხებში ბევრი ორნამენტი იქნა აღმოჩენილი, რომლებზეც სკვითების ყოველდღიური ცხოვრება იყო ასახული. რუსეთის მეფე პეტრე დიდმა 1715 წელს ასეთი ორნამენტების შეგროვება დაიწყო; ამ მდიდრული ნივთების ნახვა ამჟამად რუსეთისა და უკრაინის მუზეუმებშია შესაძლებელი. მათზე გამოსახული იყო ცხენები, არწივები, შევარდნები, კატები, ავაზები, ლოსები, ირმები, გრიფები (მითოლოგიური ქმნილებები, რომლებსაც ერთი ფრთიანი ან უფრთო ცხოველის ტანი ჰქონდათ, ხოლო მეორის — თავი).

სკვითები და ბიბლია

ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ არიან მოხსენიებული სკვითები. კოლასელთა 3:11-ში ვკითხულობთ: „არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“. როდესაც ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები დაწერა, „სკვითად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვით კონკრეტულ ერს კი არ გულისხმობდა, არამედ ყველაზე ველურ ხალხს. ამით პავლემ ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ იეჰოვას სულიწმიდის ანუ მოქმედი ძალის ზეგავლენით ასეთ ადამიანებსაც კი შეეძლოთ, შემოსილიყვნენ ღვთისმოსავ ადამიანებად (კოლასელთა 3:9, 10).

ზოგი არქეოლოგის აზრით, იერემიას 51:27-ში მოხსენიებული სახელი აშქენაზი იგივეა, რაც ასურული აშგუზა; ეს სიტყვა სკვითებთან მიმართებაში გამოიყენებოდა. ერთ-ერთ სოლისებრ ფირფიტაზე მოხსენიებულია, რომ ძვ. წ. VII საუკუნეში ამ ხალხსა და მანაელებს შორის კავშირი დაიდო ასურეთის წინააღმდეგ ასაჯანყებლად. სანამ იერემია წინასწრამეტყველებას დაიწყებდა, ეგვიპტეში მიმავალმა და შემდეგ უკან დაბრუნებულმა სკვითებმა ორივეჯერ მშვიდობიანად გადაკვეთეს იუდას მიწა. ამიტომ, ბევრს, ვინც მოისმინა იერემიას წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთიდან მიიტანდნენ იუდაზე იერიშს, შეიძლება ეჭვი შეპარვოდა მისი წინასწარმეტყველური სიტყვების უტყუარობაში (იერემია 1:13—15).

ზოგი ბიბლეისტი ფიქრობს, რომ იერემიას 50:42-ში გადაკვრით არიან მოხსენიებული სკვითები; ამ მუხლში ნათქვამია: „მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!“. მაგრამ ეს მუხლი უმთავრესად ეხება მიდიელებსა და სპარსელებს, რომლებმაც ძვ. წ. 539 წელს დაიპყრეს ბაბილონი.

ზოგის აზრით, ეზეკიელის 38-ე და 39-ე თავებში მოხსენიებული „მაგოგელის მიწა“ (აქ) სკვითების ტომებზე მიანიშნებს. მაგრამ, სინამდვილეში, „მაგოგელის მიწა“ სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული. როგორც ჩანს, ის მიუთითებს დედამიწაზე, სადაც ზეცაში მომხდარი ომის შემდეგ გადმოყრილ იქნენ სატანა და მისი დემონები (გამოცხადება 12:7—17).

სკვითებს ნინევიას განადგურებასთან დაკავშირებულ ნაუმის წინასწარმეტყველების შესრულებაში მიუძღვით წვლილი (ნაუმი 1:1, 14). ძვ. წ. 632 წელს ქალდეველებმა, სკვითებმა და მიდიელებმა გაძარცვეს ნინევია, რამაც დასცა ასურეთის იმპერია.

საიდუმლოებით მოცული დაცემა

სკვითები გაუჩინარდნენ, მაგრამ რატომ? „სინამდვილეში ჩვენ, უბრალოდ, არ ვიცით, რა მოხდა“, — თქვა ერთმა გამოჩენილმა უკრაინელმა არქეოლოგმა. ზოგის აზრით, სკვითები სიმდიდრის მოპოვებისკენ სწრაფვამ დაასუსტა, რის შედეგადაც ძვ. წ. II და I საუკუნეებში ახალმა აზიურმა მომთაბარე ტომმა — სარმატებმა — იმძლავრეს მათზე.

ზოგი ფიქრობს, რომ სკვითების დაცემა მათ საგვარეულოებს შორის ბრძოლამ განაპირობა. იმასაც ამბობენ, რომ სკვითების დარჩენილი შთამომავლების პოვნა კავკასიაში, ოსებს შორისაა შესაძლებელი. როგორც უნდა იყოს, ამ ძველად მცხოვრებმა საიდუმლოებით მოცულმა ხალხმა თავისი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში, რამაც მათი სახელწოდება — სკვითები — სისასტიკის სინონიმად აქცია.

[რუკა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

◻ ძველი ქალაქი

• თანამედროვე ქალაქი

დუნაი

სკვითია საიმიგრაციო გზა

• კიევი

დნეპრი

დნესტრი

შავი ზღვა

ოსეთი

კავკასიონი

კასპიის ზღვა

საქართველო

ასურეთი ← შემოსევათა მიმართულებანი

◻ ნინევია

ტიგროსი

მიდია ← შემოსევათა მიმართულებანი

მესოპოტამია

ბაბილონის სამეფო ← შემოსევათა მიმართულებანი

◻ ბაბილონი

ევფრატი

სპარსეთის იმპერია

◻ შუშა

სპარსეთის ყურე

პალესტინა

• ბეთ-შანი (სკვითოპოლი)

ეგვიპტე ← შემოსევათა მიმართულებანი

ნილოსი

ხმელთაშუა ზღვა

საბერძნეთი

[სურათები 25 გვერდზე]

სკვითები მებრძოლი ხალხი იყო.

[საავტორო უფლება]

The State Hermitage Museum, St. Petersburg

[სურათები 26 გვერდზე]

სკვითები თავიანთ საქონელს ბერძნული ხელოვნების ნიმუშებში ცვლიდნენ, რისი წყალობითაც სიმდიდრე მოიხვეჭეს.

[საავტორო უფლება]

Courtesy of the Ukraine Historic Treasures Museum, Kiev