„სხვაგან მოხვდით“
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
„სხვაგან მოხვდით“
იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა) ლესლი და კაროლინა მონაცვლეობით ქადაგებდნენ ტელეფონით მოხუცებულთა სახლში მცხოვრებლებთან, რომელთა მონახულებაც რთული იყო. ცოტა თუ იყო სახლში და ისინიც ნაკლებად დაინტერესდნენ ქრისტიანული ცნობით. ასე რომ, კაროლინას ძალიან გაუხარდა, როდესაც ერთმა ქალბატონმა აიღო ყურმილი.
— ქალბატონი ლორა ბრძანდებით? — იკითხა კაროლინამ.
— არა, ბეტი ვარ. სხვაგან მოხვდით, — თავაზიანად უპასუხა მანდილოსანმა.
თბილი ხმის გაგონებაზე კაროლინამ მიმართა: „არ დაკიდოთ, რის თქმასაც ქალბატონ ლორასთვის ვაპირებდი, თქვენც გეტყვით“. შემდეგ განაგრძო საუბარი ღვთის მომავალი სამეფოს კურთხევების შესახებ. როდესაც ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ გადაცემაზე შეთანხმდნენ, ქალბატონმა ბეტიმ ჰკითხა: „სხვათა შორის, რომელი რელიგიიდან ხართ?“
— ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ, — უპასუხა კაროლინამ.
— ოჰ, არა, ოღონდ ეს რელიგია არა! არ მსურს თქვენთან შეხვედრა.
— კი მაგრამ ქალბატონო ბეტი, — მიმართა კაროლინამ, — ოცი წუთის წინ ყველაზე შესანიშნავი იმედი გაგიზიარეთ ბიბლიიდან, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის ახლო მომავალში. ამის გამგონე იმდენად ბედნიერი და აღფრთოვანებული იყავით, რომ უფრო მეტის გაგების სურვილი გაგიჩნდათ. სინამდვილეში, იცით რაიმე იეჰოვას მოწმეების შესახებ? ავად რომ ყოფილიყავით, ნუთუ მექანიკოსს მიმართავდით დახმარებისთვის? ნება მიბოძეთ თავად გითხრათ, თუ რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?
წუთიერი დუმილის შემდეგ მიიღო პასუხი: „მგონი, მართალი ბრძანდებით. კეთილი, მობრძანდით. მაგრამ გახსოვდეთ, ვერასოდეს მომაქცევთ თქვენს რელიგიაზე!“
— ქალბატონო ბეტი, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერასოდეს შევძლებ მოვაქციო ვინმე. ეს მხოლოდ იეჰოვას შეუძლია, — მიუგო კაროლინამ.
პირველმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა; ბროშურის გადაცემის შემდეგ ქალბატონი ბეტი დათანხმდა განმეორებით მონახულებაზე. როდესაც კაროლინა მეორედ ესტუმრა, ბეტიმ უამბო, რომ სადილობისას მოყვა, თუ როგორ ესაუბრა იეჰოვას მოწმეებს. „ეს როგორ გააკეთე?“, — უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსმენელები და ხელებს ასავსავებდნენ, — „ამ ხალხს იესოც კი არა სწამთ!“.
კაროლინამ მაშინვე შეახსენა ბეტის ღვთის სამეფოს შესახებ მათი ბოლო საუბარი.
— ვინ იქნება მეფე? — ჰკითხა კაროლინამ.
— რა თქმა უნდა, იესო, — უპასუხა ბეტიმ.
— რასაკვირველია, — თქვა კაროლინამ. შემდეგ აუხსნა იეჰოვას მოწმეების მრწამსი, რომ იესო ღვთის ძეა, მაგრამ ის არ არის ღვთის თანასწორი და სამების ნაწილი (მარკოზი 13:32; ლუკა 22:42; იოანე 14:28).
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ბეტი, თუმცა დადებითად იყო განწყობილი და თავს ბედნიერად გრძნობდა, სუსტი ჯანმრთელობის გამო იტანჯებოდა. მას სიმსივნე ჰქონდა და სიკვდილის ეშინოდა. „ნეტავი ეს ყველაფერი წლების წინ გამეგო და ისეთი რწმენა მქონოდა, როგორიც თქვენ გაქვთ“, — აღიარა მან. კაროლინამ ბეტი იმ ბიბლიური მუხლებით ანუგეშა, რომლებშიც სიკვდილი შედარებულია ღრმა ძილის მდგომარეობას, და ამ ძილიდან გამოღვიძება შესაძლებელია (იოანე 11:11, 25). ამან ძალიან გაამხნევა ბეტი. ის ახლა რეგულარულად სწავლობს ბიბლიას. მას მხოლოდ სუსტი ჯანმრთელობა უშლის ხელს, რომ სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებს დაესწროს.
კაროლინა ამბობს: „აშკარაა, რომ ქადაგებას ანგელოზები ხელმძღვანელობენ. ბეტისთან შემთხვევით მოვხვდით და წარმოიდგინეთ, 89 წლის ქალბატონი ვიპოვეთ!“ (გამოცხადება 14:6).