იესო სინამდვილეში
იესო სინამდვილეში
როდესაც იესომ თავის მოციქულებისგან გაიგო, თუ რას ფიქრობდა ხალხი მის შესახებ, იკითხა: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ მათეს სახარების თანახმად, მოციქული პეტრე პასუხობს: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“ (მათე 16:15, 16). სხვებიც იმავეს ფიქრობდნენ. ნათანაელმა, რომელიც მოგვიანებით მოციქული გახდა, იესოს უთხრა: „რაბი, შენა ხარ ძე ღვთისა, შენა ხარ ისრაელის მეფე“ (იოანე 1:49). იესომ თავად ილაპარაკა თავისი როლის მნიშვნელოვნებაზე: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). სხვადასხვა შემთხვევებში მან საკუთარ თავს „ღვთის ძე“ უწოდა (იოანე 5:24, 25; 11:4). და ამას სასწაულებრივი საქმეებითა და მკვდრების აღდგენითაც კი ამტკიცებდა.
საფუძვლიანია ეჭვები?
მაგრამ შეგვიძლია, რომ ნამდვილად ვენდოთ სახარებებში აღწერილ იესოს სახეს? გვიხატავენ ისინი იესოს ნამდვილ პორტრეტს? მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის აწ განსვენებულმა პროფესორმა ბიბლიის კრიტიკისა და განმარტების დარგში, ფრედრიკ ბრუსმა, თქვა: «სინამდვილეში, შეუძლებელია, ისტორიული არგუმენტებით დაამტკიცო უძველესი წერილობითი ძეგლის ყველა დეტალის ჭეშმარიტება, იქნება ეს ბიბლიური თუ არაბიბლიური. საკმარისია, გქონდეს კარგად დასაბუთებული ნდობა მწერლის უტყუარობაში; თუ ეს ნდობა დასაბუთებულია, მის მიერ დაწერილი დეტალების უტყუარობაც თავისთავად ცხადია...ის რომ ქრისტიანები ახალ აღთქმას „წმინდა“ ლიტერატურად მიიჩნევენ, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ის ისტორიულად ნაკლებად სანდოდ ჩავთვალოთ».
სახარებებში იესოს შესახებ მოცემული იმ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, რომლებსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, ჩრდილოეთი დაკოტის (აშშ), ჯეიმზტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა რელიგიის დარგში ჯეიმზ ედვარდმა დაწერა: „შეგვიძლია მთელი დამაჯერებლობით დავამტკიცოთ, რომ სახარებები ინარჩუნებს იესოს შესახებ ჭეშმარიტების მრავალფეროვან და მნიშვნელოვან ფაქტებს...ყველაზე ლოგიკური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ წარმოგვიდგენენ სახარებები იესოს ასეთად, ის არის, რომ იესო სინამდვილეში ასეთი იყო. სახარებებში მოწაფეებმა ზუსტად ასახეს იესოს ვინაობა, რომ ის ჭეშმარიტად ღვთისგან იყო მოვლინებული და მისი ძე და მსახური იყო“. a
იესოს ძიებაში
რა შეიძლება ითქვას იესოს შესახებ არსებულ არაბიბლიურ წყაროებზე? როგორ შეაფასეს ისინი? ტაციტუსს, სვეტონიუსს, იოსებ ფლავიუსს, პლინიუს უმცროსსა და სხვა კლასიკოს მწერლებს არაერთხელ აქვთ მოხსენიებული იესო ნაშრომებში.
ახალი ბრიტანული ენციკლოპედია მათ შესახებ ამბობს: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეს წყაროები ადასტურებს, რომ ძველ დროში ქრისტიანობის მოწინააღმდეგეებიც კი არასოდეს დაეჭვებულან, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო, რაზეც პირველად საკმარისი მტკიცებების გარეშე კამათობდნენ მე-18 საუკუნის მიწურულს, მე-19 საუკუნის განმავლობაში და მე-20 საუკუნის დასაწყისში“.სამწუხაროდ, თანამედროვე სწავლულები „ნამდვილი“ ან „ისტორიული“ იესოს ძიებაში, როგორც ჩანს, მის ვინაობას უსაფუძვლო ჰიპოთეზების, ფუჭი ეჭვებისა და დაუსაბუთებელი თეორიების უკან მალავენ. გარკვეულწილად, ისინი არიან დამნაშავენი მითების შეთხზვაში, რაშიც ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ სახარებების მწერლებს. ზოგი ისე ძლიერ ისწრაფვის პოპულარობის მოხვეჭისკენ და სურს, თავისი სახელი დაარქვას ახალ სენსაციურ თეორიას, რომ გულრწფელად აღარ ამოწმებს ფაქტებს იესოს შესახებ. თანდათანობით ისინი ქმნიან „იესოს“, რომელიც სწავლულების ფანტაზიის ნაყოფია.
მათ, ვისაც იესოს ნამდვილი ვინაობის გაგება სურს, ბიბლიას უნდა მიმართონ. ემრის უნივერსიტეტისა და ქანდლერის თეოლოგიის სკოლის პროფესორი, ლუკ ჯონსონი, რომელიც ახალ აღთქმასა და ქრისტიანულ საწყისებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ისტორიული იესოს შესახებ მასალის ძიებისას ბიბლიურ ფაქტებს არ ითვალისწინებენ. ის ამბობს, რომ შეიძლება საინტერესო იყოს იესოს ცხოვრებისა და ეპოქის შესახებ სოციალური, პოლიტიკური, ანტროპოლოგიური და კულტურული კონტექსტების გამოკვლევა. თუმცა ის ამატებს, რომ „ისტორიული იესოს აღმოჩენა“, როგორც ამას სწავლულები უწოდებენ, „შორსაა ბიბლიის თემიდან“, რომელიც „უფრო მეტადაა დაინტერესებული იესოს პიროვნების აღწერით, მისი ცნობით და გამომსყიდველური მსხვერპლით“. მაშ, როგორი პიროვნება იყო იესო
სინამდვილეში და რა იყო მისი ცნობა?იესო სინამდვილეში
სახარებები — ოთხი ბიბლიური ჩანაწერი იესოს ცხოვრების შესახებ — გვიხატავს უდიდესი თანაგრძნობის მქონე კაცს. სიბრალულმა და თანაგრძნობამ აღძრა იესო, დახმარებოდა ავადმყოფებს, ბრმებს და სხვა სახის დაავადებით დატანჯულებს (მათე 9:36; 14:14; 20:34). თავისი მეგობრის ლაზარეს სიკვდილმა და მისი დების მწუხარებამ იმდენად იმოქმედა იესოზე, რომ „აცრემლდა“ (იოანე 11:32—36). ფაქტობრივად, სახარებები იესოს გრძნობების ფართო სპექტრს წარმოგვიდგენს: თანაგრძნობა კეთროვანის მიმართ, სიხარული მოწაფეების წარმატების გამო, აღშფოთება რჯულის მცოდნეების გულცივობის გამო და მწუხარება იერუსალიმის გამო, რომელმაც უარყო მესია.
როდესაც იესო სასწაულებს ახდენდა, ყურადღება ხშირად ავადმყოფის წვლილზეც გადაჰქონდა და ეუბნებოდა: „შენმა რწმენამ განგკურნა“ (მათე 9:22). მან შეაქო ნათანაელი, როგორც „ჭეშმარიტი ისრაელიანი“ და თქვა, რომ მასში „არ არის მზაკვრობა!“ (იოანე 1:47). როდესაც ზოგი ფიქრობდა, რომ მეძავი ქალის მიერ გაღებული მადლიერების გამომხატველი საჩუქარი უყაირათოდ იყო დახარჯული, იესომ დაიცვა ის და თქვა, რომ მისი ხელგაშლილობის ამბავი დიდხანს ემახსოვრებოდათ (მათე 26:6—13). მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი და მოსიყვარულე თანამსახური იყო; მას „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1; 15:11—15).
სახარებები იმასაც გვიჩვენებს, რომ იესო ადვილად ხედავდა, ვისთან ჰქონდა საქმე. ქალთან საუბრისას ჭასთან, რჯულის მცოდნესთან ბაღში, თუ მეთევზესთან ტბაზე, ის პირდაპირ მათ გულებს სწვდებოდა. იესოს სიტყვების შემდეგ ბევრი მათგანი დაფარულ აზრებს უმჟღავნებდა მას. ის მათ გულებს ეხებოდა. თუმცა მისი თანამედროვენი გაურბოდნენ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირებთან ურთიერთობას, იესოსთან კი პირიქით, მის გარშემო იყრიდნენ თავს. ხალხს უყვარდა იესოსთან ყოფნა; მასთან თავს მშვიდად გრძნობდნენ. ბავშვებიც კარგად გრძნობდნენ თავს მასთან და როდესაც ბავშვი მაგალითად მოუყვანა თავის მოწაფეებს, მან უბრალოდ კი არ დააყენა ის მათ წინ, არამედ „ხელი მოხვია“ მას (მარკოზი 9:36; 10:13—16). მართლაც, სახარებებში აღწერილია, რომ იესოს იმდენად მიმზიდველი თვისებები ჰქონდა, ხალხი სამი დღე დარჩა მასთან, რათა მისი გულში ჩამწვდომი სიტყვები მოესმინათ (მათე 15:32).
სრულყოფილებას იესო მკაცრ ან ქედმაღალ პიროვნებად არ უქცევია და დესპოტურად არ ექცეოდა იმ არასრულყოფილ, ცოდვილ ხალხს, რომელთა შორისაც ცხოვრობდა და ქადაგებდა (მათე 9:10—13; 21:31, 32; ლუკა 7:36—48; 15:1—32; 18:9—14). იესო მომთხოვნი არასდროს ყოფილა. ის კიდევ უფრო არ უმძიმებდა ადამიანებს ისედაც მძიმე ცხოვრებას. პირიქით, მან თქვა: „მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო...მე მოგასვენებთ თქვენ“. მისმა მოწაფეებმა გაიგეს, რომ ის „მშვიდი და თავმდაბალი“ იყო; მისი უღელი საამური იყო, ხოლო ტვირთი — მსუბუქი (მათე 11:28—30).
იესოს პიროვნების დანახვა სახარებებში შეიძლება, რომლებიც უდავო ჭეშმარიტებას ღაღადებენ. იოლი არ იქნებოდა ოთხ ადამიანს გამოეგონებინა უჩვეულო პიროვნება და შემდეგ თანამიმდევრულად წარმოედგინათ იგი ოთხ განსხვავებულ მონათხრობში. თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ოთხ მწერალს ერთი და იგივე პიროვნება აღეწერა და თანმიმდევრობით დაეხატა ერთი და იგივე სურათი, ასეთ პიროვნებას სინამდვილეში რომ არ ეარსება.
ისტორიკოსი მაიკლ გრანტი დამაფიქრებელ კითხვას სვამს: „როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ მთელი სახარებების ჩანაწერები, გამონაკლისის გარეშე, საოცრად გამოკვეთილ პორტრეტს წარმოგვიდგენს მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელსაც თავისუფლად, სენტიმენტალობის, არაბუნებრიობისა და ფლირტის გარეშე ჰქონდა ურთიერთობა ყველანაირ ქალთან, მათ შორის, აშკარად ცუდი რეპუტაციის მქონეებთანაც კი, და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებდა უმწიკვლობას?“ გონივრულია, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობდა და ისე იქცეოდა, როგორც ბიბლია ამბობს.
იესო და თქვენი მომავალი
გარდა იმისა, რომ ბიბლია უტყუარად ასახავს იესოს ცხოვრებას დედამიწაზე, ის იმასაც ამბობს, რომ იესო განკაცებამდე არსებობდა, როგორც ღვთის მხოლოდშობილი ძე, „პირმშო ყოველი ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:15). ოცი საუკუნის წინ, ღმერთმა მისი სიცოცხლე ზეციდან იუდეველი ქალწულის საშვილოსნოში გადმოიტანა, რომ იესო ადამიანად დაბადებულიყო (მათე 1:18). დედამიწაზე მსახურებისას, იესო აცხადებდა, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობის ერთადერთი იმედი ღვთის სამეფო იყო და მან მოამზადა მოწაფეები, რომ განეგრძოთ ეს სამქადაგებლო საქმიანობა (მათე 4:17, 10:5—7; 28:19, 20).
33 წლის 14 ნისანს (დაახლოებით 1 აპრილს) იესო დააპატიმრეს, დაჰკითხეს, განაჩენი გამოუტანეს და სიკვდილით დასაჯეს ცრუ ბრალდების გამო, თითქოს ხალხს ამბოხებისკენ აქეზებდა (მათე 26:18—20, 48—27:50). იესოს სიკვდილს გამოსასყიდის ფასი აქვს, რომელიც მორწმუნე კაცობრიობას ცოდვილი მდგომარეობიდან ათავისუფლებს და, ასეთნაირად, მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას უხსნის ყველას, ვინც რწმენას ავლენს მისადმი (რომაელთა 3:23, 24; 1 იოანე 2:2). 16 ნისანს იესო ღმერთმა აღადგინა და მალევე ზეცად აამაღლა (მარკოზი 16:1—8; ლუკა 24:50—53; საქმეები 1:6—9). როგორც იეჰოვას მიერ დანიშნულ ცხებულ მეფეს, აღდგენილ იესოს სრული ძალაუფლება აქვს განახორციელოს ღვთის განზრახვა ადამიანებისთვის (ესაია 9:6, 7; ლუკა 1:32, 33). დიახ, ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღვთის განზრახვების შესრულებაში იესოს მთავარი როლი უკავია.
პირველ საუკუნეში, უმრავლესობამ იესო აღთქმულ მესიად ანუ ქრისტედ მიიღო, რომელიც წარმოგზავნილი იყო დედამიწაზე იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გასამართლებლად და, რომელმაც თავისი სიკვდილით კაცობრიობა გამოისყიდა (მათე 20:28; ლუკა 2:25—32; იოანე 17:25, 16; 18:37). სასტიკი დევნების დროს ძნელად თუ აღიძვრებოდა ხალხი, გამხდარიყო იესოს მოწაფე, თუ დარწმუნებული არ იქნებოდა მის პიროვნებაში. ისინი გაბედულად და გულმოდგინებით ასრულებდნენ მათთვის მიცემულ დავალებას — „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19).
დღეს მილიონობით გულწრფელმა ქრისტიანმა იცის, რომ იესო შეთხზული პიროვნება არ არის. ისინი ზეცაში დამყარებული ღვთის სამეფოს მეფედ მიიჩნევენ იესოს, რომელიც მალე სრულიად გააკონტროლებს დედამიწასა და მის საქმეებს. ცნობა ღვთის მთავრობის შესახებ სასიხარულოა, რადგან ის მსოფლიო პრობლემებისგან გათავისუფლებას გვპირდება. ჭეშმარიტი ქრისტიანები ერთგულად უჭერენ მხარს იეჰოვას ცხებულ მეფეს და ამას იმით ადასტურებენ, რომ სხვებს უცხადებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14, აქ).
ისინი, რომლებიც მხარს უჭერენ სამეფოს, რომელშიც იესო, ცოცხალი ღვთის ძე მეფობს, იცოცხლებენ, რომ დატკბნენ უსასრულო კურთხევებით. ამ კურთხევების მიღება თქვენც შეგიძლიათ! ამ ჟურნალის გამომცემლები სიხარულით დაგეხმარებიან, გაიგოთ, ვინ არის იესო სინამდვილეში.
[სქოლიოები]
a სახარების დეტალური გამოკვლევისთვის იხილეთ წიგნი „ბიბლია ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ თავები მე-5—მე-7. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე, მათ შორის რუსულზე.
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
რა თქვეს სხვებმა
„იესო ნაზარეველი მთელ მსოფლიოში ყველაზე უძლიერეს მასწავლებლად მიმაჩნია... ინდუსებს ვეტყოდი, რომ მათ ცხოვრებას ბევრი რამ დააკლდება, თუ მოკრძალებით არ გამოიკვლევენ იესოს სწავლებებს“, — მოჰანდას განდი (The Message of Jesus Christ).
„პიროვნება, რომელიც ასეთი ორიგინალურია, ჩამოყალიბებულია, რომელშიც არ არის არანაირი შეუთავსებლობა, სრულყოფილია, ასეთი ადამიანურია და მაინც ყველა ადამიანზე ასე მაღლა დგას, შეუძლებელია თვითმარქვია ან გამონაგონი ყოფილიყო... იესოზე უდიდესს უნდა ეარსება, იესო რომ გამოეგონებინათ“. — ფილიპ შაფი („ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“).
„სახარებებში აღწერილ სხვა ნებისმიერ სასწაულზე ბევრად უფრო დაუჯერებელი იქნებოდა, ერთი თაობის რამდენიმე უბრალო ადამიანს რომ გამოეგონებინა ასეთი ძლიერი და მიმზიდველი პიროვნება, ესოდენ მაღალი ზნეობა და განეჭვრიტა ადამიანთა შორის ასეთი აღმაფრთოვანებელი ძმობის არსებობა“, — უილ დიურანტი („კეისარი და ქრისტე“).
„თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რეალურად არსებობდა ხალხი, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ ამა თუ იმ რელიგიის დაფუძნებას, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მთელ დედამიწაზე გავრცელებული რელიგიური მოძრაობა გამოეწვია არარსებულ, გამოგონილ პიროვნებას, რომელიც თითქოსდა ხალხის მისატყუებელი საშუალება იყო“, — გრეგ ისტერბრუკი (Beside Still Waters).
„როგორც ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რაც უნდა იყოს, სახარებები ლეგენდები მაინც არ არის. ისინი არ არის იმდენად შელამაზებული, როგორც ეს ლეგენდების შემთხვევაში უნდა იყოს... იესოს ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩვენთვის უცნობია; არც ერთი ლეგენდის შემთხზველი კი ამას არ დაუშვებდა“ — კლივ ლუისი (God in the Dock).
[სურათები 7 გვერდზე]
სახარებები იესოს გრძნობების ფართო სპექტრს წარმოგვიდგენს.