‘სიტყვის ქადაგება’ გამომაცოცხლებლად მოქმედებს
„მოდით ჩემთან. . . და მე გამოგაცოცხლებთ“
‘სიტყვის ქადაგება’ გამომაცოცხლებლად მოქმედებს
იგი სრულყოფილი ადამიანი გახლდათ, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი სწავლების მეთოდები იმდენად ეფექტური იყო, რომ „ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებისაგან“ (მათე 7:28, აფ). იგი დაუღალავი მქადაგებელიც იყო. თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს უმთავრესად სამეფოს შესახებ ქადაგებას ახმარდა. დიახ, ამ ადამიანმა, იესო ქრისტემ, — როგორც უბადლო მქადაგებელმა და მასწავლებელმა — თავისი სამშობლოს ლამის ყოველი კუთხე-კუნჭული მიმოიარა (მათე 9:35).
იესოს გადაუდებელი მისია ჰქონდა შესასრულებელი. მას „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა“ (აქ) უნდა ეუწყებინა თავისი თანამედროვე ადამიანებისთვის და მოწაფეებიც უნდა მოემზადებინა, რათა მათ იგივე საქმე მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეესრულებინათ (მათე 4:23; 24:14; 28:19, 20). ხომ არ იყო მოსალოდნელი, რომ ეს დიდად საპასუხისმგებლო სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც გადაუდებლად და ასე დიდი მასშტაბით უნდა შესრულებულიყო, იესოს არასრულყოფილ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მიმდევრებს დათრგუნავდა?
არავითარ შემთხვევაში! იესომ თავისი მოწაფეები დაარიგა, რომ ‘სამკლის უფლისთვის’, იეჰოვა ღმერთისთვის, მიემართათ ლოცვით, რათა მას უფრო მეტი მუშაკი წარმოეგზავნა; მერე კი ისინი ხალხის დასამოძღვრად გაგზავნა (მათე 9:38; 10:1). ამის შემდეგ იესომ გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა ხალხს და თქვა, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც მის მიმდევრებს — და მათ შორის სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეებს —აკისრიათ, დიდი შვებისა და ნუგეშის წყარო იქნებოდა. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან. . . და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, აქ).
სიხარულის წყარო
რაოდენ დიდი თანაგრძნობით, სიყვარულითა და გულკეთილობით იწვევს იესო ადამიანებს! ამ მოწვევაში ჩანს, თუ როგორი სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობა იესო თავის მიმდევრებს. მისი მოწაფეებისთვის მართლაც გამომაცოცხლებელია თავიანთი პასუხისმგებლობის ტარება — ღვთის სამეფოს შესახებ „სასიხარულო ცნობის“ ქადაგება. ეს მათ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს (იოანე 4:36).
დიდი ხნით ადრე, სანამ იესო დედამიწას მოევლინებოდა, საღვთო წერილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ღვთისთვის წმინდა მსახურების შესრულებას ადამიანებისთვის სიხარული უნდა მოეტანა. ეს ნათლად ჩანს ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან, რომელიც მღეროდა: „შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით“ (ფსალმუნი 99:1, 2, კს). დღეს ყველა ერის წარმომადგენლები შეხარიან იეჰოვას; ისინი ღმერთს ქება-დიდებას უძღვნიან, რაც ბრძოლაში გამარჯვებული ლაშქრის ყიჟინას მოგვაგონებს. ისინი, ვინც მთელი გულით ემსახურებიან ღმერთს, მის წინაშე „სიმღერით“ მოდიან. სიხარულის ამნაირი გამოვლენა სრულიად მართებულია, რადგან იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“, (აქ) რომელსაც სურს, რომ მის თაყვანისმცემლებს სიხარულს ანიჭებდეს მისთვის მსახურება (1 ტიმოთე 1:11).
გამოცოცხლებული მსახურები
რადგან სამქადაგებლო მსახურებას დიდ ძალებს ვახმართ, გვებადება კითხვა: როგორ ხდება, რომ მოქანცვის ნაცვლად ასეთი სახის მსახურება გამომაცოცხლებლად მოქმედებს ჩვენზე? იეჰოვას მიერ დავალებული საქმის შესრულებას იესო ადარებდა საჭმლის ჭამას, რომელიც ძალებს აღუდგენს ადამიანს. მან თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34).
ასევე, თანამედროვე გულმოდგინე ქრისტიან მქადაგებლებსაც სიხარულს ანიჭებს ‘სიტყვის ქადაგება’ (2 ტიმოთე 4:2). კონი შუახნის ქრისტიანი ქალია, რომელიც ყოველთვიურად 70 საათზე მეტს უთმობს სამქადაგებლო მსახურებას. იგი ამბობს: „სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის შემდეგ — თუნდაც დღის ბოლოს დაღლილი ვიყო — კმაყოფილებას ვგრძნობ და ბედნიერი ვარ“.
მაგრამ იმ შემთხვევაზე რაღას ვიტყოდით, როცა სამეფოს შესახებ ცნობას დადებითად არ ეხმაურებიან? კონი დასძენს: „მიუხედავად იმისა, თუ როგორია ადამიანთა რეაქცია, არ მახსოვს, რომ ოდესმე სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა მენანოს. ვიცი, რომ ვაკეთებ იმას, რაც იეჰოვას სიამოვნებს, მაგრამ გარდა ამისა, თავადაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს სხვებთან ჭეშმარიტების შესახებ საუბარი,
რადგან ასეთი საუბრები ჩემს გულში დავანებულ საოცარ ბიბლიურ იმედს კიდევ უფრო მიძლიერებს“.სხვები კი, ვინც ხალხს ღვთის შესახებ შემეცნების მიღებაში ეხმარებიან, ატყობენ, რომ თავიანთი ცხოვრება აზრს იძენს. მელონი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოველთვიურად 50 საათზე მეტს მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში, შენიშნავს: „მსახურება გამომაცოცხლებელია, რადგან ის ჩემს ცხოვრებას მიზანმიმართულს ხდის და აზრს სძენს. პირადი პრობლემები და ყოველდღიური გასაჭირი უმნიშვნელო ხდება, როცა მსახურებაში ვმონაწილეობ“.
იეჰოვას კიდევ ერთი მოწმე და გულმოდგინე მსახური მილისენტი ამბობს: „ძვირფასი და ღირებულია თითოეული დღე, რომელსაც მსახურებაში ვატარებ და ადამიანებს ვესაუბრები, იმაზე თუ რას გააკეთებს ღმერთი კაცობრიობისთვის და ვუხსნი, თუ როგორ აღდგება დედამიწაზე სამოთხე. ეს მეხმარება, რომ იეჰოვას ყოველდღე რეალურ პიროვნებად აღვიქვამდე; ეს სიმშვიდესაც მანიჭებს და თავსაც ბედნიერად ვგრძნობ. სხვა ვერაფერი შემძენდა ყოველივე ამას“.
ჭეშმარიტებით გამოცოცხლებული ადამიანები
სამეფოს შესახებ მაუწყებლებზე მართლაც გამომაცოცხლებლად მოქმედებს ქრისტიანული მსახურება, და ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის მომცემ ცნობას იღებენ, ნუგეშს პოულობენ მასში. ერთი პორტუგალიელი სკოლის მასწავლებელი მონაზვნებისა და მღვდლების მიერ იყო განსწავლული, მაგრამ გრძნობდა, რომ ეკლესიამ ვერ დაუკმაყოფილა სულიერი მოთხოვნილებები. კითხვები, რომლებიც ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით აწუხებდა, უპასუხოდ იყო დატოვებული. შემდეგ ერთმა იეჰოვას მოწმემ მასთან ბიბლიის რეგულარული შესწავლის ჩატარება დაიწყო. საღვთო წერილი მისთვის სულ უფრო და უფრო ნათელი და გასაგები ხდებოდა. მასწავლებელი აღტაცებული იყო. „მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე ოთხშაბათობით შესწავლის ჩატარებას, — ამბობს იგი, — ჩემს კითხვებზე ერთიმეორეზე მიყოლებით ვიღებდი პასუხებს და ამ პასუხებს დამაჯერებელი ბიბლიური არგუმენტაცია ახლდა თან“. დღეს ეს ქალი იეჰოვას მიძღვნილი მსახურია და ახლა თავად ცდილობს სხვა ადამიანების ბიბლიური ჭეშმარიტებით გამოცოცხლებას.
მაშასადამე, ნათელია, რომ იეჰოვას მოწმეებს ვერ თრგუნავს ვერც მათ მიერ შესასრულებელი სამქადაგებლო საქმიანობის სერიოზულობა და ვერც ის, რომ ეს უზარმაზარი სამქადაგებლო ტერიტორია მთელ დედამიწას მოიცავს. ვერც ხალხის მხრიდან გულგრილობა და წინააღმდეგობა უტეხს მათ გულს. ისინი ყოველ ღონეს ახმარენ თავიანთი დავალების — სამეფოს შესახებ ქადაგების — შესრულებას. ყველგან, სადაც კი ხალხს ხვდებიან, იქნება ეს შეერთებულ შტატებში სატვირთო ავტომანქანების სადგომზე (1), კორეის აეროპორტში (2), ანდებსა (3), თუ ლონდონის სუპერმარკეტში (4), ისინი სასიხარულო ცნობას უზიარებენ მათ. იესოს თანამედროვე მიმდევრები მთელ მსოფლიოში სიხარულით ასრულებენ კურთხევების მომტან დავალებას. დანაპირებისამებრ, იესომ გამოაცოცხლა ისინი და მათი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც გამომაცოცხლებელ „წყალს“ აწვდის (გამოცხადება 22:17).