თანამედროვე მოწამენი ამოწმებენ შვედეთში
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
თანამედროვე მოწამენი ამოწმებენ შვედეთში
სიტყვა „მარტირ“ ბერძნულ ენაზე მოწმეს ნიშნავს. აქედან მომდინარეობს ქართული სიტყვა „მარტვილი“ ანუ „მოწამე“ და მიუთითებს მასზე, „ვინც თავისი სიკვდილით ამოწმებს“. პირველ საუკუნეში მცხოვრებმა მრავალმა ქრისტიანმა დაამოწმა იეჰოვას შესახებ თავიანთი რწმენის გამო სიკვდილით.
მსგავსადვე, XX საუკუნეში პოლიტიკურ და ნაციონალისტურ საკითხებში ნეიტრალიტეტის გამო ჰიტლერის თანამზრახველთა ხელით მოკლეს იეჰოვას ათასობით მოწმე. ასევე საფუძვლიანად დაამოწმეს მოწამეებმა ჩვენს დღეებში. აი, რა მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინათ შვედეთში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 50-ე წლისთავის აღსანიშნავად, შვედეთის ხელისუფლებამ საყოველთაო საგანმანათლებლო კამპანია მოაწყო ჰოლოკოსტთან დაკავშირებით. პროექტს „ცოცხალი ისტორია“ ეწოდა. მონაწილეობის მისაღებად იეჰოვას მოწმეებიც მიიწვიეს და სთხოვეს, თავიანთი ისტორია მოეთხროთ.
მოწმეები გამოეხმაურნენ მოწვევას და მოაწყვეს ექსპოზიცია სათაურით: „ჰოლოკოსტის დავიწყებული მსხვერპლი“. გამოფენა მოეწყო იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში, ქალაქ სტრენგნესში. მოწმეები, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, უყვებოდნენ თავიანთ თავგადასავლებს პირველ დღეს მოსულ 8400 სტუმარს! 1999 წლის ბოლოსთვის შვედეთის 100-ზე მეტ მუზეუმსა თუ საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყო ექსპოზიცია და 150000-მდე ადამიანმა დაათვალიერა. მნახველთა შორის იყო ზოგიერთი სახელმწიფო მოხელეც, რომლებიც დადებითად გამოეხმაურნენ ნანახს.
არავის, ვისაც ურთიერთობა ჰქონია იეჰოვას მოწმეებთან შვედეთში, არ ახსოვს მათი საქმიანობის ასე ფართოდ გაშუქება და ასეთი დადებითი გამოხმაურება. მრავალი მნახველი ეკითხებოდა იეჰოვას მოწმეებს: „რატომ არ გვიყვებოდით აქამდე იმას, რაც ჰოლოკოსტის დროს გადაგხდათ?“.
ამ გამოფენის შემდეგ, ერთმა კრებამ შეგვატყობინა, რომ ბიბლიის საშინაო შესწავლების რიცხვი 30 პროცენტით გაიზარდა! ერთმა მოწმემ ექსპოზიციის დასათვალიერებლად თავისი თანამშრომელი დაპატიჟა. ეს ქალბატონი სიხარულით დათანხმდა და გაჰყვა მეგობარს. მოგვიანებით, თანამშრომელს უთქვამს — ახლა კი კარგად გავიგე, თუ რაოდენ დიდი რწმენა ჰქონიათო — სიკდილით დასჯისგან თავის ასაცილებლად საკმარისი იყო რწმენის უარყოფის დამადასტურებელ დოკუმენტზე ერთი ხელმოწერა. ამას მოჰყვა სხვა საუბრები და თანამშრომელი ქალი ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა.
პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, XX საუკუნის ერთგული მოწამეები უშიშრად ამოწმებდნენ, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ ის უნდა გვწამდეს, რადგან მხოლოდ ის იმსახურებს ჩვენს ერთგულებას (გამოცხადება 4:11).
[საავტორო უფლება 13 გვერდზე]
Camp prisoner: Państwowe Muzeum Oświęcim-Brzezinka, courtesy of the USHMM Photo Archives