არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შეიძლება თუ არა ქრისტიანი ისეთი პიროვნების დაკრძალვაზე გამოვიდეს სიტყვით, რომელმაც თავი მოიკლა?

თითოეულმა ქრისტიანმა საკუთარი სინდისით უნდა გადაწყვიტოს, წარმოთქვას თუ არა სიტყვა ისეთი პიროვნების დაკრძალვაზე, რომელმაც, როგორც ჩანს, თავი მოიკლა. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა შემდეგ კითხვებზე დაფიქრება: როგორ უყურებს იეჰოვა თვითმკვლელობას? ნამდვილად თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი? ფსიქიკურმა ან ემოციურმა მდგომარეობამ ხომ არ უბიძგა ამისკენ? როგორ უყურებენ თქვენს ქვეყანაში თვითმკვლელობას?

ჩვენ, ქრისტიანებს, გვაინტერესებს, როგორ უყურებს იეჰოვა თვითმკვლელობას. იეჰოვასთვის ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი და წმინდაა (დაბადება 9:5; ფსალმუნი 35:10). ამიტომ იეჰოვა არ იწონებს შეგნებულად ჩადენილ თვითმკვლელობას (გამოსვლა 20:13; 1 იოანე 3:15). უნდა შევიკავოთ თავი ამის გამო ისეთი პიროვნების გასვენებაზე სიტყვით გამოსვლისგან, რომელმაც თავი მოიკლა?

გავიხსენოთ ისრაელის მეფის, სულის შემთხვევა. როდესაც საულმა დაინახა, რომ ფილისტიმელებთან ბოლო ბრძოლაში ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, მტრების სასაცილოდ ასაგდები რომ არ გამხდარიყო, „აიღო... მახვილი და ზედ დაეგო“. როდესაც ფილისტიმელებმა მისი ცხედარი იპოვეს, ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს. გალაადის იაბეშელებმა კი ნახეს, თუ რა მოიმოქმედეს ფილისტიმელებმა, ჩამოხსნეს საულის ცხედარი და დაწვეს. შემდეგ აკრიფეს მისი ძვლები და დამარხეს. რის შემდეგაც ისრაელში გავრცელებული გლოვის ტრადიციისამებრ შვიდი დღე იმარხულეს (პირველი მეფეთა 31:4, 8—13; დაბადება 50:10). როდესაც, იეჰოვასგან დანიშნულმა მეფე დავითმა გაიგო, რა გააკეთეს გალაადის იაბეშელებმა, თქვა: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი“ (მეორე მეფეთა 2:5, 6). ბიბლიაში არაფერია იმის შესახებ ნათქვამი, რომ გალაადის იებეშელები ვინმეს განესაჯა მეფე საულის დაკრძალვის გამო. შეადარეთ ეს შემთხვევა იმათ შემთხვევასთან, რომლებიც ბოროტი საქმეების გამო დაუმარხავნი რჩებოდნენ (იერემია 25:32, 33). ქრისტიანმა შეიძლება მხედველობაში მიიღოს საულის შესახებ ეს ცნობა, როდესაც წყვეტს, წარმოთქვას თუ არა სიტყვა თვითმკვლელობის მსხვერპლის დაკრძალვაზე.

ქრისტიანმა აგრეთვე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რა მიზანს ემსახურება დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვა. იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ სულის უკვდავება და დაკრძალვის ცერემონიალს არ წარმართავენ იმ არასწორი შეხედულებიდან გამომდინარე, რომ, ვითომცდა, მიცვალებული სხვა სამყაროში ხვდება. დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვის ძირითადი მიზანი ჭირისუფალთა ნუგეშისცემა და დამსწრეთათვის მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ ქადაგებაა (ეკლესიასტე 9:5, 10; 2 კორინთელთა 1:3—5). ამ სიტყვის წარმოთქმის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი კი ის არის, რომ დამსწრენი დააფიქროს იმაზე, თუ რა ხანმოკლეა სიცოცხლე (ეკლესიასტე 7:2). სწორედ ამ მიზნით წარმოითქმება სიტყვა თვითმკვლელობის მსხვერპლის დაკრძალვაზე?

მართალია, ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ადამიანს, რომელმაც თავი მოიკლა, კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ამით იეჰოვას წინაშე სცოდავდა. მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ასეთი დასკვნის გამოტანა? იქნებ ეს მომენტალურად მოხდა? ზოგიერთმა, ვინც თვითმკვლელობის ჩადენა სცადა, შემდეგ ინანა და გადაიფიქრა; მას კი, რომელმაც თავი მოიკლა, მონანიებისა და უკან დახევის საშუალება აღარ აქვს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ემოციური და ფსიქიკური მოშლილობაა, რაც ხშირად თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. მათზე კი შეიძლება ითქვას, რომ ისინი ნამდვილად თვითმკვლელობის მსხვერპლი არიან. ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მათგან 90 პროცენტს, რომლებმაც თავი მოიკლეს, ფსიქიკური და ემოციური პრობლემები, ან კიდევ რომელიმე სახის მავნე ჩვევები ჰქონდა. შეუნდობს იეჰოვა თვითმკვლელობას ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს? ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, ჩაიდინა თუ არა მან იეჰოვას თვალში მიუტევებელი ცოდვა. ქრისტიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ თვითმკვლელობის მსხვერპლის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვას, მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტები, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს და რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

უნდა გაითვალისწინოს ისიც, თუ როგორ უყურებენ სამეზობლოში თვითმკვლელობას და კერძოდ ამ ადამიანის სიკვდილს? ამით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ უხუცესები, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების რეპუტაციით არიან დაინტერესებული. სამეზობლოში მიცვალებულის შესახებ გავრცელებული შეხედულებისა და განსაკუთრებით კი თვითმკლელობის გამო, უხუცესებმა შეიძლება ნება არ დართონ, რომ სამეფო დარბაზში ჩატარდეს ასეთი დაკრძალვის ცერემონიალი ან წარმოითქვას სიტყვა.

მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე ქრისტიანს სთხოვენ, რომ ასეთ ცერემონიალს უხელმძღვანელოს, მან თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, ის კრების წარმომადგენელი არ იქნება. თუ ქრისტიანი მამაკაცი გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დააკონკრეტოს, შესაძლებელია თუ არა ამ მიცვალებულისთვის მკვდრეთით აღდგომა. რადგან მკვდრეთით აღდგომის საკითხებს იეჰოვა წყვეტს, არავის შეუძლია თქვას, აღდგება თუ არა ესა თუ ის პიროვნება. სიტყვით გამომსვლელს შეუძლია სიკვდილთან დაკავშირებულ ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ისაუბროს და ჭირისუფალნი ანუგეშოს.