არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოდიშის მოხდა — მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალება

ბოდიშის მოხდა — მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალება

ბოდიშის მოხდა — მშვიდობის მიღწევის საუკეთესო საშუალება

„ბოდიშს დიდი ძალა აქვს: ძალადობის გარეშე აგვარებს კონფლიქტებს, სპობს ერებს შორის განხეთქილებას, მთავრობას ეხმარება მოსახლეობის ტანჯვის დანახვაში და ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების მოგვარებას“. ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთი ბესტსელერის ავტორსა და სოციოლინგვისტს, დებორა ტანენს, რომელიც მუშაობს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ფედერალური ოლქი).

ბიბლიაც გვიდასტურებს იმას, რომ გულწრფელი მობოდიშება, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობების აღდგენის ეფექტური საშუალებაა. მაგალითად, იესოს იგავში უძღებ ძეზე, როდესაც შვილი სახლში დაბრუნდა და მთელი გულით მოუბოდიშა მამას, ისიც დიდი სიხარულით შეხვდა მას (ლუკა 15:17—24). დიახ, არასდროს უნდა ვიყოთ იმდენად ამაყები, რომ არ მოვიბოდიშოთ და პატიება არ ვითხოვოთ. რა თქმა უნდა, გულწრფელად თავმდაბალი ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდა რთული არ არის.

ბოდიშის ძალა

აბიგაილის, ძველ ისრაელში მცხოვრები გონიერი ქალის, მაგალითიდან ვხედავთ, რამხელა ძალა აქვს მობოდიშებას, თუმცა მას ბოდიშის მოხდა ქმრის მიერ ჩადენილი შეცდომის გამო მოუწია. უდაბნოში ცხოვრებისას დავითი, რომელიც მოგვიანებით ისრაელის მეფე გახდა, თავის ხალხთან ერთად აბიგაილის ქმრის, ნაბალის, ფარას იცავდა. მაგრამ როდესაც დავითმა ჭაბუკები გაუგზავნა ნაბალს საჭმლის სათხოვნელად, მან ისინი შეურაცხყო და ხელცარიელი გაისტუმრა. განრისხებულმა დავითმა ოთხასი კაცი იახლა ნაბალისა და მისი სახლეულის გასანადგურებლად. ეს ამბავი რომ გაიგო, აბიგაილი დავითის შესახვედრად გაეშურა. როგორც კი დავითი დაინახა, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს“. შემდეგ აბიგაილმა დავითს აუხსნა სიტუაცია და ძღვნად საჭმელსასმელი მიართვა. ამის შემხედვარე დავითმა თქვა: „მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე“ (პირველი მეფეთა 25:2—35).

აბიგაილის თავმდაბლობამ და ქმრის უხეშობისთვის მობოდიშებამ მისი ოჯახი დაღუპვისგან იხსნა. დავითმა მადლობაც კი გადაუხადა იმისათვის, რომ ‘არ მიუშვა სისხლისღვრამდე’. თუმცა აბიგაილს ბრალი არ მიუძღოდა დავითისა და მისი ხალხის წინაშე, მან საკუთარ თავზე აიღო ოჯახის დანაშაული და მშვიდობა აღადგინა.

მოციქულმა პავლემაც იცოდა ბოდიშის მოხდის ფასი. ერთხელ მას იუდეველთა უმაღლეს სასამართლოში, სინედრიონში, მოუწია თავის დაცვა. პავლეს გულწრფელი სიტყვებით გაცოფებულმა მღვდელმთავარმა ანანიამ, პავლეს გვერდით მდგომებს უბრძანა, სახეში ეცემათ ის. მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას“. როდესაც იქ მყოფებმა პავლეს მღვდელმთავრის ლანძღვაში დასდეს ბრალი, მოციქულმა მაშინვე აღიარა თავისი შეცდომა: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი’“ (საქმეები 23:1—5).

ფაქტობრივად, პავლე სიმართლეს ამბობდა, როდესაც თქვა, რომ დანიშნულ მსაჯულს ძალადობისთვის არ უნდა მიემართა. მიუხედავად ამისა, მან ბოდიში მოიხადა იმისათვის, რომ მღვდელმთავარს გაუთვითცნობიერებლად ელაპარაკა და მისი საუბარი შეიძლებოდა უპატივცემულოდ ჩაეთვალათ *. მობოდიშებამ პავლეს სინედრიონის წევრების წინაშე საუბრის გაგრძელების საშუალება მისცა. რადგან პავლემ იცოდა, რომ სასამართლოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, განაცხადა, მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის მასამართლებენო. შედეგად დიდი უთანხმოება ჩამოვარდა. ამ კამათში ფარისევლებიც მონაწილეობდნენ და მათაც კი პავლეს დაუჭირეს მხარი (საქმეები 23:6—10).

რას ვსწავლობთ ზემოთ მოყვანილი ორი ბიბლიური მაგალითიდან? ორივე შემთხვევაში სინანულის გულწრფელმა გამოხატვამ ურთიერთობის შენარჩუნება გახადა შესაძლებელი. ამგვარად, მობოდიშება მშვიდობის აღდგენაში დაგვეხმარება. დიახ, შეცდომების აღიარებამ და მიყენებული ზიანისთვის მობოდიშებამ შეიძლება ისეთი საუბრებისკენ გაგვიხსნას გზა, რომლებიც ურთიერთობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს.

მაგრამ, მე ხომ ცუდი არაფერი გამიკეთებია?!

როდესაც ვიგებთ, რომ ჩვენი ნათქვამით ან საქციელით ვინმეს ვაწყენინეთ, შეიძლება ვფიქრობთ: „ეს ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარეა“. მაგრამ, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ასეთი რჩევა მისცა: „ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24).

მაგალითად, ძმა თვლის, რომ მის წინააღმდეგ შესცოდე. ამ შემთხვევაში, იესოს სიტყვების თანახმად, უნდა მივიდეთ და ‘შევურგდეთ ძმას’ იმისდა მიუხედავად, თავს დამნაშავედ ვთვლით თუ არა. ბერძნული ტექსტის მიხედვით, სიტყვა, რომელიც იესომ აქ გამოიყენა, „ორმხრივი მტრული დამოკიდებულების შემდეგ ორმხრივ დათმობაზე წასვლას ნიშნავს“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words). მართლაც, როდესაც ორი ადამიანი ვერ თანხმდება ერთმანეთში, ამაში გარკვეულწილად ორივე მხარეა დამნაშავე, რადგან ორივენი არასრულყოფილი და შეცდომებისკენ მიდრეკილი არიან. პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვეულებრივ, ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა საჭირო.

მთავარი ის კი არაა, ვინ არის მართალი და ვინ — არა, არამედ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს მშვიდობის აღსადგენად. როდესაც მოციქულმა პავლემ გაიგო, რომ კორინთელი ქრისტიანები თანამორწმუნეებს ისეთი პირადი უთანხმოებების გამო, როგორიცაა ფინანსური გაუგებრობები, სასამართლოებში უჩიოდნენ, ასეთი რჩევა მისცა: „რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?“ (1 კორინთელთა 6:7). თუმცა პავლე ამ სიტყვებს თანაქრისტიანთა გადასარწმუნებლად ამბობდა, რათა პირადი უთანხმოებები სასამართლოებში არ გაერჩიათ, პრინციპი ნათელია: თანამორწმუნეთა შორის მშვიდობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის მტკიცება, თუ ვინ მართალია და ვინ — არა. ამგვარად, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ეს პრინციპი, უფრო გაგვიადვილდება ბოდიშის მოხდა იმ ადამიანისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაცით ვაზარალეთ.

მნიშვნელოვანია გულწრფელობა

ზოგი ბოდიშის გამომხატველ სიტყვებს ძალიან ხშირად იყენებს. მაგალითად, იაპონიაში ხშირად გაიგონებთ სიტყვას „სუმიმასენ“, რომელსაც, ჩვეულებრივ, ბოდიშის მოსახდელად იყენებენ. მისი გამოყენება მადლობის გადასახდელადაც შეიძლება, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც თავს უხერხულად გრძნობენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს სიკეთისთვის სიკეთით გადახდა. ვინაიდან ამ სიტყვას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს, ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს, რომ მას ძალიან ხშირად იყენებენ და გულწრფელადაც კი აღარ წარმოთქვამენ. მოსაბოდიშებელ სიტყვებს ასეთი მრავალმხრივი დატვირთვით და ასე ხშირად სხვა ქვეყნებშიც იყენებენ.

რა ენაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ, მნიშვნელოვანია, მოსაბოდიშებელი სიტყვები გულწრფელად იყოს წარმოთქმული. სიტყვები და ხმის ტონი გულწრფელ სინანულს უნდა გამოხატავდეს. მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ მოწაფეებს ასწავლა: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო — ჰო, არა — არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა“ (მათე 5:37). თუ ბოდიშს იხდით, ამას გულით უნდა აკეთებდეთ და არა ფორმალურად! ილუსტრაციისთვის: აეროპორტში, სარეგისტრაციო მაგიდასთან რიგში მდგომმა მამაკაცმა მოუბოდიშა მის უკან მდგარ ქალს, რომელსაც ჩანთა გაჰკრა. რამდენიმე წუთში, როდესაც რიგი დაიძრა, ჩემოდანი კვლავ წაჰკრა ქალს. მამაკაცმა კიდევ ერთხელ თავაზიანად მოიბოდიშა. მაგრამ როდესაც იგივე კიდევ ერთხელ განმეორდა, ქალის თანამგზავრმა ამ მამაკაცს უთხრა: „თუ მართლა ნანობთ, მაშინ ყურადღებას მიაქცევდით, რომ მეტად აღარ შეგეწუხებინათ ვინმე“. დიახ, გულწრფელ მობოდიშებასთან ერთად, მზად უნდა ვიყოთ, აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომა.

თუ გულწრფელები ვართ, ბოდიშის მოხდას იმასაც დავურთავთ, რომ ვაღიარებთ შეცდომას, პატიებას ვითხოვთ და შეძლებისდაგვარად ზარალს ავანაზღაურებთ. თავის მხრივ, განაწყენებულმა ადამიანმაც უნდა მიუტევოს მწყენინებელს (მათე 18:21, 22; მარკოზი 11:25; ეფესელთა 4:32; კოლასელთა 3:13). რადგან ორივე მხარე არასრულყოფილია, შერიგების პროცესიც ყოველთვის იოლი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ბოდიშის მოხდას დიდი წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარებაში.

როდესაც ბოდიშის მოხდა უადგილოა

მართალია, სინანულისა და წუხილის გამოხატვა ამშვიდებს გაღიზიანებულ მხარეს და მშვიდობის აღდგენას უწყობს ხელს, მაგრამ გონიერი ადამიანი ეცდება, უადგილოდ არ მოიბოდიშოს. დავუშვათ, საქმე ღვთისადმი უმწიკვლობას ეხება. დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:8). მაგრამ მას არ მოუბოდიშებია თავისი მრწამსის გამო, რათა ტანჯვა შეემსუბუქებინა. იესოს არც მაშინ მოუხდია ბოდიში, როდესაც მღვდელმთავარმა მოსთხოვა: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“. იესომ, მორცხვად ბოდიშის მოხდის ნაცვლად, გაბედულად უპასუხა: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მათე 26:63, 64). თავისი მამის, იეჰოვა ღმერთისადმი უმწიკვლობის ფასად მღვდელმთავართან მშვიდობის შენარჩუნება იესოს გულშიც კი არ გაუვლია.

ქრისტიანები პატივისცემით ეპყრობიან უფლებამოსილ პირებს. მაგრამ მათ ღვთისადმი მორჩილებისა და თავიანთი სულიერი ძმების სიყვარულის გამო საბოდიშო არაფერი აქვთ (მათე 28:19, 20; რომაელთა 13:5—7).

მშვიდობას აღარაფერი დაარღვევს

დღესდღეობით ყველა ვუშვებთ შეცდომებს, რადგან ჩვენი წინაპრისგან, ადამისგან, არასრულყოფილება და ცოდვა მივიღეთ მემკვიდრეობით (რომაელთა 5:12; 1 იოანე 1:10). ცოდვილ მდგომარეობაში ადამი შემოქმედის წინააღმდეგ მოქმედების შედეგად აღმოჩნდა. მაგრამ თავდაპირველად, ადამი და ევა სრულყოფილები და უცოდველები იყვნენ; ღმერთი კი გვპირდება, რომ ადამიანებს დაუბრუნებს დაკარგულ სრულყოფილებას. ის მოსპობს ცოდვასა და მის ყველა შედეგს (1 კორინთელთა 15:56, 57).

წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს! იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, ენასთან დაკავშირებით რჩევის მიცემისას აღნიშნა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ (იაკობი 3:2). სრულყოფილ ადამიანს შეუძლია ისე აკონტროლოს ენა, რომ ბოდიშის მოხდა არ მოუწიოს. მას „შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“. რა შესანიშნავი იქნება სრულყოფილება! მაშინ ადამიანებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას აღარაფერი შეუშლის ხელს. იმ დრომდე კი შეცდომის გამო გულწრფელი და სათანადო მობოდიშებით, დიდად შევუწყობთ ხელს მშვიდობის შენარჩუნებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ეს სავსებით შესაძლებელი იყო, რადგან პავლეს სუსტი მხედველობა ჰქონდა და სავსებით დასაშვებია, ვერ დაენახა, რომ ეს მღვდელმთავრი იყო.

[სურათი 5 გვერდზე]

რას ვსწავლობთ პავლეს შემთხვევიდან?

[სურათი 7 გვერდზე]

როდესაც ყველა სრულყოფილი იქნება, მშვიდობას აღარაფერი დაარღვევს.