როგორ შეგვიძლია ჩვენი დღეების დათვლა იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად?
როგორ შეგვიძლია ჩვენი დღეების დათვლა იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად?
„გუშინ, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, დაიკარგა ორი ოქროს საათი, თითოეულ მათგანში სამოცი ბრილიანტის წუთი იყო. მპოვნელი არ დასაჩუქრდება, რადგან ისინი სამუდამოდ დაიკარგა“ (ლიდია სიგურნი, ამერიკელი მწერალი, 1791—1865.).
ისე მიფრინავენ წლები, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ. ცხოვრების ხანმოკლეობაზე დაფიქრებული დავითი შემდეგნაირად ლოცულობდა: „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე“. დავითი ლამობდა, ღვთისმოსაწონად ეცხოვრა; ცდილობდა, ისე ელაპარაკა და ემოქმედა, როგორც იეჰოვას მოსწონდა. ღვთისადმი ნდობა მან შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „შენზეა ჩემი იმედი“ (ფსალმუნი 38:5, 6, 8). იეჰოვამ მოისმინა მისი სიტყვები. რა თქმა უნდა, იეჰოვამ გადახედა დავითის ცხოვრებას და შესაბამისად აკურთხა.
შეიძლება მთელი დღე დაკავებული იყო და გაწამაწიაში მყოფმა ცხოვრების სწრაფ ტემპს მისდიო. ამან შეიძლება დაგანაღვლიანოს, რადგან იმ ყველაფრის მოსასწრებად, რაც გსურს, დრო ძალიან მცირეა. დავითის მსგავსად, ჩვენც ვზრუნავთ, ისე ვიცხოვროთ, რომ ღვთის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ? რა თქმა უნდა, იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს გვაკვირდება და გულმოდგინედ გვიკვლევს. დაახლოებით 3 600 წლის წინათ მცხოვრებმა ღვთისმოშიშმა იობმა იცოდა, რომ იეჰოვა მის მოქმედებებსა და ნაბიჯებს აკვირდებოდა. მან რიტორიკულად იკითხა: „როცა დამკითხავს [ღმერთი], რა ვუპასუხო?“ (იობი 31:4—6, 14). დღესაც შესაძლებელია ღვთის კეთილგანწყობის დამსახურება სულიერისთვის უპირატესობის მინიჭებით, ღვთის მოთხოვნების შესრულებითა და დროის გონივრულად გამოყენებით. მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხები.
პირველ ადგილზე სულიერი საკითხები დააყენეთ
მართლაც სამართლიანად მოგვიწოდებს საღვთო წერილი, რომ სულიერს მივანიჭოთ უპირატესობა; ის ამბობს: „დარწმუნდით, რა არის უფრო მნიშვნელოვანი“. რა იგულისხმება ამ მნიშვნელოვანში? რა და „საფუძვლიანი ცოდნა და სრული შეგრძნება“ (ფილიპელთა 1:9, 10, აქ). იეჰოვას განზრახვების საფუძვლიანად გაგებისთვის დროის გონივრულად გამოყენებაა საჭირო. თუ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ კურთხეული და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება გვექნება.
მოციქული პავლე შეგვახსენებს: „გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი“. ეს გამოცდა უნდა მოიცავდეს მოტივებისა და სურვილების თვითგამოკვლევას. მოციქული შემდეგ დასძენს: „შეიცანით, რა არის ღვთის ნება“ (ეფესელთა 5:10, 17). ასე რომ, რა არის იეჰოვას მოსაწონი? ბიბლიური იგავი გვპასუხობს: „მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო. დააფასე იგი და აგამაღლებს“ (იგავნი 4:7, 8). ადამიანი, რომელიც იძენს და იყენებს ღვთიურ სიბრძნეს, იეჰოვას უხარებს გულს (იგავნი 23:15). ასეთი სიბრძნის მთელი მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი წართმევა და განადგურება შეუძლებელია. ის გვიცავს „ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან“ (იგავნი2:10—15).
ამიტომ, რა გონივრულია გავფრთხილდეთ, რომ არ განგვივითარდეს სულიერი საკითხებისადმი დაუდევრობა! იეჰოვას სიტყვებისათვის მადლიერება და მისადმი ჯანსაღი შიში უნდა განვივითაროთ (იგავნი 23:17, 18). თუმცა ასეთი გონება-განწყობილების შეძენა ნებისმიერ დროს შეიძლება ცხოვრებაში, უკეთესი იქნებოდა, ასეთი აზროვნება და ბიბლიური პრინციპები ახალგაზრდობაშივე გაგვეთავისებინა. „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“, — ამბობს ბრძენი მეფე სოლომონი (ეკლესიასტე 12:1).
იეჰოვასადმი მადლიერების განვითარების საუკეთესო საშუალება ყოველდღე მისთვის ლოცვით მიმართვაა. დავითს ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო იეჰოვაზე მინდობა და ევედრებოდა: „მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები“ (ფსალმუნი 38:13). გვაქვს ღმერთთან ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ ზოგჯერ ცრემლებიც კი მოგვადგება ხოლმე თვალზე? რაც უფრო მეტად ვუშლით გულს იეჰოვას და რაც უფრო მეტად ვფიქრობთ მის სიტყვაზე, მით უფრო გვიახლოვდება ის (იაკობი 4:8).
ისწავლეთ მორჩილება
მოსეც მორწმუნე მამაკაცი იყო, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ღმერთზე იყო დამოკიდებული. დავითის მსგავსად, მოსეც ხედავდა, რომ ცხოვრება სიძნელეებით იყო სავსე. სწორედ ამიტომ სთხოვა მან ღმერთს: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფსალმუნი 89:10—12). სიბრძნის შეძენა კი მხოლოდ იეჰოვას კანონებისა და პრინციპების შესწავლითა და მათ შესაბამისად ცხოვრებით შეიძლება. მოსემ იცოდა ეს და ცდილობდა — აღთქმულ მიწაზე შესვლამდე, ღვთის კანონებისა და წესების გამეორებით — ისრაელისთვის ჩაეგონებინა ეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. თითოეულ მეფეს, რომელსაც იეჰოვა აირჩევდა ისრაელზე გასამეფებლად, რჯული უნდა გადაეწერა და მთელი სიცოცხლის მანძილზე ეკითხა. რატომ? იმიტომ რომ ღვთისმოშიში გამხდარიყო. ეს აჩვენებდა, თუ რამდენად მორჩილი იყო მეფე. ეს მას დაიცავდა, რომ არ გამედიდურებოდა მოძმეებს და, ამასთანავე, დიდხანსაც იმეფებდა (მეორე რჯული 17:18—20). ეს დაპირებები იეჰოვამ დავითის ძეს, სოლომონსაც გაუმეორა: „თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი“ (მესამე მეფეთა 3:10—14).
ღმერთი მორჩილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ იეჰოვას რომელიმე მოთხოვნას არაფრად ჩავაგდებთ და უმნიშვნელოდ ჩავთვლით, ის აუცილებლად შეამჩნევს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას (იგავნი 15:3). ამის ცოდნა აღგვძრავს, იეჰოვას თითოეულ მითითებას დიდი პატივისცემით მოვეკიდოთ მაშინაც კი, როდესაც მისი შესრულება ადვილი არ არის. სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ‘დაგვაბრკოლოს’, როდესაც ღვთის რჯულისა და მითითებების გათვალისწინებას ვცდილობთ (1 თესალონიკელთა 2:18).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღვთო წერილში მოცემული იმ მოთხოვნის შესრულება, რომ თაყვანისმცემლობისა და ერთმანეთის გამხნევების მიზნით ერთად შევიკრიბოთ (მეორე რჯული 31:12, 13; ებრაელთა 10:24, 25). ამიტომ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „გადაწყვეტილი მაქვს იმის გაკეთება, რის გაკეთებაც ნამდვილად ღირს?“. თუ კრებაზე სიარულისთვის და ძმებთან ურთიერთობისთვის განკუთვნილ დროს ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვას ვუთმობთ, იეჰოვასთან ურთიერთობას გავიფუჭებთ. პავლე მოციქულმა დაწერა: «თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა [იეჰოვამ]: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“» (ებრაელთა 13:5). იეჰოვას მოთხოვნებისადმი მორჩილება იმაზე მიუთითებს, რომ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ის იზრუნებს ჩვენზე.
იესომ ისწავლა მორჩილება და არ ინანა. ასევე შეგვიძლია ჩვენც (ებრაელთა 5:8). რაც მეტად ვისწავლით მორჩილებას, მით უფრო გაგვიადვილდება მისი გამოვლენა, სულ მცირე საკითხებშიც კი. მართალია, რომ ჩვენი უმწიკვლობის გამო შეიძლება ცუდად და უხეშადაც მოგვექცნენ. ეს განსაკუთრებით შეიძლება სამუშაოზე, სკოლაში ან რელიგიურად დაყოფილ ოჯახში მოხდეს. მაგრამ ისრაელისთვის მიცემული დაპირება ჩვენც გვანუგეშებს. ღმერთმა მათ უთხრა, რომ, თუ ‘შეიყვარებდნენ უფალს, მოისმენდნენ მის სიტყვას და მიეწებებოდნენ მას, ის იქნებოდა მათი სიცოცხლე და მათი დღეგრძელობა’ (მეორე რჯული 30:20). ეს დაპირება ჩვენც გვეხება.
გონივრულად გამოიყენე დრო
იეჰოვას კეთილგანწყობის მოპოვებაში დროის გონივრულად გამოყენებაც დაგვეხმარება. ფულის შენახვა შეიძლება, დრო კი, თუ არ გამოიყენებ, დაიკარგება. თითოეული განვლილი საათი ჩვენთვის სამუდამოდ იკარგება. რადგან ყოველთვის უფრო მეტი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ვიდრე შეგვიძლია, ვიყენებთ დროს ჩვენი მიზნების მისაღწევად? თითოეული ქრისტიანისთვის ძირითადი მიზანი სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება უნდა იყოს (მათე 24:14; 28:19, 20).
დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ გონივრულად, თუ მისი ნამდვილი ფასი ვიცით. ამასთან დაკავშირებით ეფესელთა 5:16 მოგვიწოდებს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისგან ‘მოვივაჭროთ ჟამი’ ანუ გამოვისყიდოთ დრო. ეს იმას ნიშნავს, რომ დრო ფუჭად არ უნდა დავხარჯოთ. გამუდმებით ტელევიზორის ყურებამ ან ინტერნეტის კვლევამ, უსარგებლო ლიტერატურის კითხვამ, ანდა გადამეტებულმა დასვენებამ თუ გართობამ შეიძლება ძალ-ღონე გამოგვაცალოს. გარდა ამისა, მატერიალურ კეთილდღეობაზე გადამეტებულმა ზრუნვამაც შეიძლება წაიღოს ის დრო, რომელიც გონიერების შეძენისთვის არის საჭირო.
ადამიანები, რომლებმაც დროის ყადრი იციან, ამბობენ: „შეუძლებელია დროის კარგად გამოყენება, თუ ნათლად არ დაისახავ კონკრეტულ მიზნებს“. მიზნის დასახვასთან დაკავშირებით მათ ხუთი კრიტერიუმი მოჰყავთ. მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, ეტაპობრივი, მიღწევადი, რეალური და გეგმაზომიერი.
ერთ-ერთი ღირსეული მიზანი ბიბლიის კითხვის გაუმჯობესებაა. პირველი ნაბიჯი ის არის, რომ დავისახოთ კონკრეტული მიზანი — თავიდან ბოლომდე წავიკითხოთ ბიბლია. შემდეგ, მიზანი უნდა დავყოთ ეტაპებად. ეს წინსვლაში შეგვიწყობს ხელს. მიზნები წინსვლასა და სულიერ ზრდაში უნდა გვეხმარებოდეს. ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი და რეალური უნდა იყოს. თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი შესაძლებლობები და უნარი, ასევე მის მისაღწევად საჭირო დრო. ზოგს შეიძლება მიზნის მისაღწევად დიდი დრო დასჭირდეს. დასასრულ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს გეგმაზომიერი. როდესაც ვიცით, რომ გარკვეული დროისთვის გვინდა ამა თუ იმ მიზნის მიღწევა, ეს დიდ სტიმულს გვაძლევს.
მთელ მსოფლიოში ბეთელის ოჯახის წევრებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოსა და მის ფილიალებში მსახურობენ, განსაკუთრებული მიზანი აქვთ დასახული — ბეთელში მსახურების დაწყების პირველ წელს ბიბლია მთლიანად წაიკითხონ. მათ იციან, რომ ბიბლიის ყოველდღე კითხვა მათ სულიერ ზრდას ემსახურება და იეჰოვასთან დაახლოებას უწყობს ხელს; იეჰოვასთან, რომელიც მათ სასიკეთოდ ასწავლის (ესაია 48:17). შეგიძლიათ ბიბლიის ყოველდღე კითხვა დაისახოთ მიზნად?
სარგებლობა, რომელიც ჩვენი დღეების დათვლას მოაქვს
სულიერი საკითხების პირველ ადგილზე დაყენებას მრავალი კურთხევა მოაქვს. უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილების გრძნობასა და ცხოვრების აზრს გვმატებს. გულმხურვალე ლოცვების მეშვეობით იეჰოვასთან რეგულარული ურთიერთობა მასთან გვაახლოებს. თავად ლოცვებიც მიუთითებს იმაზე, რომ მას ვენდობით. ბიბლიისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ბიბლიური ლიტერატურის ყოველდღე კითხვა კი იმის მაჩვენებელია, რომ გაგვაჩნია დიდი სურვილი, ვუსმინოთ ღმერთს (მათე 24:45—47). ეს გვეხმარება გონიერების შეძენაში, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ და სწორი არჩევნები გავაკეთოთ ცხოვრებაში (ფსალმუნი 1:1—3).
ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს იეჰოვას მცნებების შესრულება, რადგან ისინი დამამძიმებელი არ არის (1 იოანე 5:3). თუ ვეცდებით იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ჩვენი დღეების დათვლას, მასთან ურთიერთობას განვიმტკიცებთ და თანაქრისტიანებსაც სულიერად ამოვუდგებით მხარში. ეს გულს უხარებს იეჰოვა ღმერთს (იგავნი 27:11). იმაზე დიდი ჯილდო კი არ არსებობს, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა გქონდეს ახლაც და მომავალშიც.
[სურათი 21 გვერდზე]
ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებიან სულიერ საკითხებს.
[სურათები 22 გვერდზე]
დარწმუნებული ხარ, რომ გონივრულად იყენებ დროს?
[სურათი 23 გვერდზე]
თუ ყოველდღე ვითვლით იეჰოვას წინაშე ჩვენს დღეებს, მასთან ურთიერთობას ვიმტკიცებთ.