გაცემა, რომელსაც მოაქვს სიხარული
გაცემა, რომელსაც მოაქვს სიხარული
ჟენივალი, რომელიც ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთში ღარიბთა უბანში ცხოვრობს, საავადმყოფოში მუშაობდა დარაჯად და გაჭირვებით არჩენდა ცოლ–შვილს. გაჭირვების მიუხედავად, ის კეთილსინდისიერად იხდიდა თავისი შემოსავლის მეათედს. „ზოგჯერ ოჯახი მშიერი მრჩებოდა, — იხსენებს ის და თან მუცელზე იდებს ხელს, — მაგრამ მსურდა, რის ფასადაც უნდა დამჯდომოდა, საუკეთესო გამეღო ღმერთისთვის“.
სამუშაოს დაკარგვის შემდეგაც არ შეუწყვეტია ჟენივალს მეათედის გადახდა. მოძღვარი კი სთავაზობდა, რომ დიდი შესაწირავის გაღებით გამოეცადა ღმერთი. აღუთქვამდა, რომ ღმერთი აკურთხებდა მას. ჟენივალმაც გადაწყვიტა, გაეყიდა სახლი და ფული ეკლესიისთვის შეეწირა.
ჟენივალი გამონაკლისი არ არის. მის მსგავსად, მრავალი ადამიანი მზად არის, ასეთივე გულწრფელობით გასცეს. მოვალეობის გრძნობით აღძრული მრავალი ღატაკი იხდის მეათედს, რადგან ეკლესიებში ასწავლიან, რომ მეათედის გაღებას ბიბლია ითხოვს. შეესაბამება კი ეს სიმართლეს?
მეათედი და მოსეს რჯული
მეათედის გაღება იმ რჯულის ნაწილი იყო, რომელიც იეჰოვა ღმერთმა 3500 წელზე მეტი ხნის წინათ მისცა ძველი ისრაელის 12 ტომს. რჯულის თანახმად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ მიწის ნაყოფისა და ფარის ნამატის მეათედის გაღება ლევიანთა შტოსთვის, რათა მათ კარავში მსახურება შეძლებოდათ (ლევიანნი 27:30, 32; რიცხვნი 18:21, 24).
იეჰოვამ დაარწმუნა ისრაელები, რომ რჯულის შესრულება მათთვის „შეუძლებელი“ არ იქნებოდა (მეორე რჯული 30:11). სანამ ისინი ერთგულად შეასრულებდნენ იეჰოვას მითითებებს, მათ შორის მეათედთან დაკავშირებით, ღმერთი ჰპირდებოდა, რომ უხვი მოსავლით აკურთხებდა მათ. გარდა ამისა, საკვების უკმარისობა რომ არ ყოფილიყო, არსებობდა წლიური მეათედი, რომელსაც რეგულარულად გადადებდნენ ხოლმე. ჩვეულებრივ, ერი მას რელიგიური დღესასწაულების დროს იყენებდა. ამგვარად ‘მდგმურებსა და ქვრივ–ობლებს შეეძლოთ ეჭამათ და გამძღარიყვნენ’ (მეორე რჯული 14:28, 29; 28:1, 2, 11—14).
თუმცა რჯულში დაკონკრეტებული არ იყო სასჯელი მეათედის გადაუხდელობისთვის, მაგრამ თითოეული ისრაელი თავს მოვალედ თვლიდა, რომ ამგვარი სახით მხარი დაეჭირა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის. იეჰოვამ ბრალი დასდო იმ ისრაელებს, რომლებიც მალაქიას დღეებში არაფრად აგდებდნენ მეათედის გაღებას და ‘იტყუებოდნენ მეათედსა და შესაწირავში’ (მალაქია 3:8). შეიძლება ქრისტიანებსაც დაედოთ ბრალი მეათედის გადაუხდელობაში?
მოდი განვიხილოთ ეს საკითხი. ჩვეულებრივ, სახელმწიფოს კანონები ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ მოქმედებს. მაგალითად, ბრიტანეთში მძღოლებს კანონით მოეთხოვებათ, რომ მანქანა გზის მარცხენა მხარეს ატარონ, რაც საერთოდ არ მოეთხოვებათ ფრანგ მძღოლებს. მსგავსადვე, კანონი, რომლითაც მეათედის გადახდა მოითხოვებოდა, ღმერთსა და ისრაელ ერს შორის დადებული განსაკუთრებული შეთანხმების ნაწილი იყო (გამოსვლა 19:3—8; ფსალმუნი 147:8, 9). ამ რჯულით მხოლოდ ისრაელები იყვნენ შეკრული.
გარდა ამისა, მართალია ღმერთი არ იცვლება, მაგრამ ზოგჯერ მისი მოთხოვნები იცვლება (მალაქია 3:6). ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ ახ. წ. 33 წელს ქრისტეს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა „წაშალა“ ანუ „გააუქმა“ რჯული, მათ შორის ‘მცნება მეათედის აღების’ თაობაზე (კოლასელთა 2:13, 14; ეფესელთა 2:13—15; ებრაელთა 7:5, 18).
როგორ უნდა გაიღონ შესაწირავები ქრისტიანებმა
მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად დღესაც საჭიროა შესაწირავების გაღება. იესოს მითითების თანახმად, მისი მოწაფეები უნდა ყოფილიყვნენ „მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). მორწმუნეთა რიცხობრივ ზრდასთან ერთად იზრდებოდა ქრისტიან მასწავლებლებსა და ზედამხედველებზე მოთხოვნილება, რომლებსაც კრებები უნდა მოენახულებინათ და გაემხნევებინათ. დროდადრო ქვრივ–ობლებსა და გაჭირვებაში მყოფ სხვა ქრისტიანებსაც ესაჭიროებოდათ დახმარება. როგორ ფარავდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს?
დაახლოებით ახ. წ. 55 წელს ევროპასა და მცირე აზიაში მცხოვრებ არაიუდეველ ქრისტიანებს სთხოვეს, გაღატაკებულ კრებებს დახმარებოდნენ იუდეაში. კორინთის კრებისათვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ხსნიდა, თუ როგორ გაეწია ორგანიზება „წმიდათათვის შეგროვებას“ (1 კორინთელთა 16:1). შეიძლება გაგაოცოთ კიდეც იმან, რასაც პავლეს სიტყვებიდან გაიგებთ ქრისტიანების მხრიდან შესაწირავების გაღებასთან დაკავშირებით.
მოციქული პავლე არ ცდილობდა თანამორწმუნეთა დაყოლიებას, რომ მათ შესაწირავები გაეღოთ. სინამდვილეში, მაკედონელი ქრისტიანები, რომლებიც „შევიწროებული“ იყვნენ და „სიღატაკეში“ ცხოვრობდნენ, ‘დიდი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ წმიდათა მომსახურებაში’ (2 კორინთელთა 8:1—4).
მართალია, პავლე შედარებით შეძლებულ კორინთელებს მოუწოდებდა, გულუხვობაში მიებაძათ მაკედონელი ძმებისათვის. მიუხედავად ამისა, როგორც ერთ ნაშრომშია აღნიშნული, მას „არ მიუცია პირდაპირი მითითებები, არამედ თხოვნის, მოწოდების და შეთავაზების სახით გადასცა თავისი სათქმელი. ძალდატანების შემთხვევაში კორინთელები გულითადად და სითბოთი არ გაიღებდნენ შესაწირავებს“. პავლემ იცოდა, რომ „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ და არა ის, ვინც „შეწუხებით ან ძალდატანებით“ გასცემს (2 კორინთელთა 9:7).
თანაქრისტიანებისადმი გულითად სიყვარულთან ერთად, დიდ რწმენასა და ცოდნას უნდა აღეძრა კორინთელები, რომ ნებაყოფლობით გაეღოთ შესაწირავები (2 კორინთელთა 8:7, 8).
„როგორც გულით აირჩია“
პავლე რაღაც კონკრეტულ რიცხვს ან პროცენტს არ ადგენდა, არამედ ასეთ რამეს სთავაზობდა მათ: „ყოველ ერთშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს, წარმატებისამებრ“ (1 კორინთელთა 16:2). თუ კარგად დაგეგმავდნენ და რეგულარულად გადადებდნენ გარკვეულ თანხას, კორინთელები პავლეს მონახულების დროს არც უხალისოდ და იძულებით გაიღებდნენ შესაწირავებს და არც ემოციებზე აყოლით. თითოეულ ქრისტიანს თავად უნდა გადაეწყვიტა, რამდენს შესწირავდა, ისე, როგორც ამას ‘გულით აირჩევდა’ (2 კორინთელთა 9:5, 7).
კორინთელებს უხვად უნდა დაეთესად, რომ უხვად მოემკათ. უკანასკნელი გროშის გაღებაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ‘არა იმისათვის, რომ თქვენ გაჭირვება გქონდეთ’, — არწმუნებდა პავლე მათ. შესაწირავები მიიღებოდა ‘იმის მიხედვით, ვისაც რა ჰქონდა და არა იმის მიხედვით, რაც არ ჰქონდა’ (2 კორინთელთა 8:12, 13; 9:6). თავის შემდგომ წერილში მოციქული ასეთ გაფრთხილებას იძლეოდა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე... იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). პავლე არ მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ამ პრინციპის დარღვევის ხარჯზე გაეღოთ შესაწირავები.
საქმეები 3:6). პავლე ყოველთვის მადლიერი იყო იმ ძღვენისა, რომელსაც კრებები უგზავნიდნენ და კეთილსინდისიერად ცდილობდა, „ტვირთად“ არ დასწოლოდა ძმებს (1 თესალონიკელთა 2:9; ფილიპელთა 4:15—18).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პავლე მეთვალყურეობას უწევდა გაჭირვებაში მყოფ „წმიდათათვის შეგროვებას“. საღვთო წერილში ვერსად შეხვდებით ცნობებს იმის შესახებ, რომ პავლე ან სხვა მოციქულები ორგანიზებას უწევდნენ მეათედის შეგროვებას თავიანთი მსახურების დასაფინანსებლად (შესაწირავების ნებაყოფლობით გაღება დღეს
ნათელია, რომ პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრები ნებაყოფლობით გასცემდნენ შესაწირავებს და არ აგროვებდნენ მეათედს. მაგრამ შესაძლოა გაინტერესებთ, დღესაც ეფექტურია თუ არა ასეთივე მეთოდით სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმიანობისთვის მხარდაჭერა და გაჭირვებულ ქრისტიანებზე ზრუნვა.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. ამ ჟურნალის გამომცემლებმა 1879 წელს გულახდილად განაცხადეს, რომ ისინი „არასდროს სთხოვდნენ ადამიანებს დახმარებას“. შეუშალა ასეთმა გადაწყვეტილებამ ხელი იეჰოვას მოწმეებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადებაში?
დღეისთვის მოწმეები 235 ქვეყანაში ავრცელებენ ბიბლიებს, ქრისტიანულ წიგნებსა და სხვა პუბლიკაციებს. თავდაპირველად, ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ 6000 ეგზემპლარი ვრცელდებოდა ყოველთვიურად და თანაც ერთ ენაზე. მაგრამ დღეს ეს ჟურნალი უკვე თვეში ორჯერ გამოიცემა 146 ენაზე 24000000 ეგზემპლარად. ამ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ორგანზების გასაწევად მოწმეებმა 110 ქვეყანაში ააშენეს ან შეიძინეს ადმინისტრაციული ცენტრები. გარდა ამისა, იმათთვის, ვისაც ბიბლიის უკეთესად შესწავლა სურს, შეხვედრებისთვის განკუთვნილი ათასობით დიდი თუ პატარა დარბაზი ააშენეს.
მართალია, ადამიანთა სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვას უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებენ, იეჰოვას მოწმეები არც თანამორწმუნეთა მატერიალურ მოთხოვნილებებს ივიწყებენ. როდესაც მათ ძმებს ომის, მიწისძვრის, გვალვისა თუ შტორმის შედეგებთან უწევთ გამკლავება, ისინი მზადყოფნით
აწვდიან მათ მედიკამენტებს, საკვებს, ჩასაცმელსა თუ სხვა აუცილებელ ნივთებს. ეს ყოველივე კი ცალკეული ქრისტიანებისა თუ კრებების მიერ გაღებული შესაწირავებით ფინანსდება.გარდა იმისა, რომ ეფექტურია, შესაწირავების ნებაყოფლობით გაღება ტვირთისგან ათავისუფლებს მათ, ვისაც ზემოთ მოხსენიებული ჟენივალის მსგავსად უწევთ სიღარიბეში ცხოვრება. საბედნიეროდ, სანამ ჟენივალი სახლს გაყიდიდა, მას იეჰოვას მოწმემ, სრული დროით მქადაგებელმა, მარიამ მიაკითხა. „მასთან საუბარმა ჩემი ოჯახი უამრავი ზედმეტი საზრუნავისგან გაათავისუფლა“, — იხსენებს ჟენივალი.
ჟენივალმა გაიგო, რომ ღმერთის საქმე მეათედზე არ არის დამოკიდებული. სინამდვილეში, მეათედის გადახდა საღვთო წერილის მიხედვით უკვე აღარ მოითხოვება. ისიც გაიგო, რომ ქრისტიანები მაშინ არიან კურთხეული, თუ უხვად გასცემენ, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ვალდებული არ არიან უკანასკნელი გროში გასცენ.
ჟენივალს ნამდვილ სიხარულს ანიჭებს შესაწირავების ნებაყოფლობით გაღება. აი, რას ამბობს ის: „შეიძლება ჩემი შემოსავლის 10 პროცენტი გავიღო და შეიძლება ვერა, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რის გაღებაც შემიძლია და ვიცი, რომ ამით იეჰოვაც ხარობს“.
[ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]
ასწავლიდნენ ეკლესიის მამები ძველად, რომ აუცილებელი იყო მეათედის გადახდა?
„ვინც მდიდარია ჩვენ შორის, ღარიბებს ეხმარება... შეძლებულები ნებაყოფლობით აძლევენ სხვებს იმას, რაც სურთ“ („პირველი აპოლოგია“, იუსტინე წამებული, ახ. წ. 150 წელი).
„იუდეველები მართლაც თავიანთი ქონების მეათედს უძღვნიდნენ მას [ღმერთს], მაგრამ ისინი [ქრისტიანები], ვინც თავისუფლება მიიღო, მთელ თავის ქონებას ღვთის საქმეს უძღვნიან... ისინი იმ ღარიბი ქვრივის მსგავსად მოქმედებენ, რომელმაც თავისი საბადებლიდან ყველაფერი ღვთის საგანძურში ჩადო“ („ერესის წინააღმდეგ“, ირინეოსი, ახ. წ. 180 წელი).
„თუმცა ჩვენც გვაქვს საგანძური, მაგრამ იქ ხსნის მოსაპოვებელ ფულს არ აგროვებენ, თითქოს რელიგია მექრთამე იყოს. თუ ვინმეს სურს, თვეში ერთხელ მცირე შესაწირავს ყრის საგანძურში; მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურს და ამის საშუალებაც აქვს. არავითარი ძალდატანება. ყველაფერი ნებაყოფლობითია“ („აპოლოგია“, ტერტულიანე, ახ. წ. 197 წელი).
„ეკლესიის გაფართოებასა და იერარქიის წარმოშობასთან ერთად საჭირო გახდა ისეთი კანონების შემუშავება, რომლებიც სამღვდელოებას სათანადო და მუდმივი შემოსავლით უზრუნველყოფდა. მეათედის გადახდა მოსეს რჯულიდან გადმოიღეს... ამ წესის შემოღებას ყველაზე პირველად გამოეხმაურნენ დადებითად ახ. წ. 567 წელს ტურში შეკრებილ ეპისკოპოსთა წერილითა და ახ. წ. 585 წელს მაკონის კრებაზე მიღებული კანონით“ („კათოლიკური ენციკლოპედია“,).
[საავტორო უფლება]
Coin, top left: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ნებაყოფლობით გაცემას სიხარული მოაქვს.
[სურათები 7 გვერდზე]
ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავებით ფინანსდება სამქადაგებლო საქმიანობა, საგანგებო მდგომარეობის დროს დამხმარე სამუშაოები და შეხვედრებისთვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა.