არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პირადი შესწავლა დახელოვნებულ მასწავლებლებად გვამზადებს

პირადი შესწავლა დახელოვნებულ მასწავლებლებად გვამზადებს

პირადი შესწავლა დახელოვნებულ მასწავლებლებად გვამზადებს

«ამაზე იზრუნე [„იფიქრე“, აქ] და ამაზე იდექი [„ამით დაკავდი“, აქ], რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:15, 16).

1. რა შეიძლება ითქვას დროისა და პირადი შესწავლის შესახებ?

„ყოველივეს თავისი დრო აქვს“, — ნათქვამია ბიბლიაში, ეკლესიასტეს 3:1-ში. უდავოდ, პირად შესწავლასაც თავისი დრო აქვს. მრავალს უჭირს სულიერ საკითხებზე ფიქრი, თუ არა აქვს სათანადო დრო და ადგილი. მაგალითად, მოისურვებდით მძიმე სამუშაო დღისა და კარგი ვახშმის შემდეგ პირადი შესწავლის ჩატარებას, თანაც თუ ტელევიზორის წინ რბილ სავარძელში ხართ მოკალათებული? ალბათ, არა. მაშ, როგორ მოვიქცეთ? ცხადია, შესწავლისთვის შესაფერისი დრო და ადგილი უნდა შევარჩიოთ, რათა ჩვენმა ძალისხმევამ მაქსიმალური სარგებლობა მოგვიტანოს.

2. ყველაზე ხშირად დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო პირადი შესწავლისთვის?

2 ბევრი შესწავლისთვის საუკეთესო დროდ დილას მიიჩნევს, ვინაიდან გონება უფრო დასვენებულია. ზოგი კი შესწავლისთვის მცირე დროს შუადღის შესვენებისას ნახულობს. მიაქციეთ ყურადღება შემდეგ მაგალითებს, თუ როდის გამოუყოფდნენ დროს მნიშვნელოვან სულიერ საქმიანობას. ძველი ისრაელის მეფე დავითი წერდა: „მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი“ (ფსალმუნი 142:8). წინასწარმეტყველმა ესაიამაც მსგავსი მადლიერება გამოავლინა: „უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველ დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით“. ეს ნიშნავს, რომ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც გვსურს შესწავლა დაიეჰოვასთან ახლო ურთიერთობის დამყარება, საღი გონება უნდა გვქონდეს (ესაია 50:4, 5; ფსალმუნი 5:4; 87:14).

3. რა პირობებია სასურველი ნაყოფიერი შესწავლისთვის?

3 ეფექტური შესწავლისთვის ნუ ეცდებით რბილ და მოხერხებულ სავარძელში ან დივანზე მოკალათებას. ეს ხელს უშლის გონების კონცენტრირებას. შესწავლისას გონება აქტიურად უნდა მუშაობდეს, გადამეტებულ კომფორტს კი საპირისპირო შედეგი მოაქვს. ასევე სასურველია სიწყნარე და ყოველივე ხელისშემშლელისგან გათავისუფლება. რადიო, ტელევიზორი ან ბავშვები შენი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ; ასეთ პირობებში შესწავლა საუკეთესო შედეგებს არ მოიტანს. ფიქრისთვის იესო ისეთ ადგილას მიდიოდა, სადაც ხელს არავინ შეუშლიდა. ის იმაზეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ ლოცვისთვის უმჯობესია განმარტოება (მათე 6:6; 14:13; მარკოზი 6:30—32).

პირადი შესწავლა პასუხების გაცემაში გვეხმარება

4, 5. როგორ გვეხმარება ბროშურა „რას მოითხოვს“?

4 პირადი შესწავლა სასიამოვნოა, თუ ბიბლიის უფრო ღრმად გასაგებად ვიყენებთ სხვადასხვა საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც გულწრფელად დაინტერესებული ადამიანის კითხვებზე ვეძებთ პასუხს (1 ტიმოთე 1:4; 2 ტიმოთე 2:23). თავიდან, მრავალი სწავლობს ბროშურას „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ *, რომელიც დღესდღეობით გამოცემულია 261 ენაზე. ბიბლიაზე დაფუძნებული ეს პუბლიკაცია დაწერილია ძალიან მარტივი და კონკრეტული ენით. ბროშურა ეხმარება მკითხველს, მოკლე დროში გაიგოს, თუ რა მოთხოვნები აქვს ღმერთს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის. მაგრამ ბროშურის მოცულობა ყოველი თემის დაწვრილებით განხილვის საშუალებას არ გვაძლევს. როგორ მოვიქცეთ, თუ შემსწავლელი სერიოზულ ბიბლიურ კითხვებს სვამს? სად მოვძებნოთ დამატებითი ბიბლიური ინფორმაცია, რომ ამ კითხვებზე ვუპასუხოთ?

5 მათ, ვისაც თავიანთ ენაზე აქვთ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა კომპაქტ-დისკზე, კომპიუტერის მეშვეობით ზღვა ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. მაგრამ, როგორ მოიქცნენ ისინი, ვისაც არა აქვს ასეთი საშუალებები? განვიხილოთ ორი თემა ბროშურიდან „რას მოითხოვს“ იმისათვის, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ გავერკვეთ ამ საკითხებში და უფრო დაწვრილებით ვუპასუხოთ; განსაკუთრებით მაშინ, თუ გვეკითხებიან, ვინ არის ღმერთი და ვინ იყო სინამდვილეში იესო? (გამოსვლა 5:2; ლუკა 9:18—20; 1 პეტრე 3:15).

ვინ არის ღმერთი?

6, 7. ა) რა კითხვა წამოიჭრება ღმერთთან დაკავშირებით? ბ) რა მნიშვნელოვანი საკითხი გამოტოვა ერთმა სასულიერო პირმა თავის მოხსენებაში?

6 ბროშურის, „რას მოითხოვს“, მეორე გაკვეთილი პასუხობს მნიშვნელოვან კითხვაზე — ვინ არის ღმერთი? ეს უმთავრესი საკითხია, ვინაიდან არავის შეუძლია თაყვანი სცეს ჭეშმარიტ ღმერთს, თუ არ იცნობს მას ან ეჭვი ეპარება მის არსებობაში (რომაელთა 1:19, 20; ებრაელთა 11:6). მთელ მსოფლიოში ღმერთზე ასობით წარმოდგენა არსებობს (1 კორინთელთა 8:4—6). ყოველი რელიგიური ფილოსოფია განსხვავებულად ხსნის ღვთის ვინაობას. ქრისტიანული სამყაროს რელიგიების უმეტესობა ღმერთს სამებად მიიჩნევს. აშშ-ის ერთი ცნობილი სასულიერო პირი გამოდიოდა მოხსენებით „იცნობ თუ არა ღმერთს?“, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია ღვთის სახელი, თუმცა რამდენჯერმე მოიყვანა ციტატა ებრაული წერილებიდან. რა თქმა უნდა, ის ციტირებდა იმ ბიბლიიდან, რომელიც იეჰოვას ან იაჰვეს ნაცვლად გაურკვეველ და უსახელო „უფალს“ იყენებს.

7 ამ მქადაგებელმა იერემიას 31:32, 33 მუხლების წაკითხვისას გამოტოვა მეტად მნიშვნელოვანი აზრი: «აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო [ებრაულად, „შეიცანი იეჰოვა“]! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი [ებრაულად, „იეჰოვა“]». ამ თარგმანში გამოტოვებულია ღვთის ყველასგან განსხვავებული სახელი — იეჰოვა (ფსალმუნი 102:1, 2, აქ).

8. რა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია ღვთის სახელის გამოყენება?

8 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მიხედვით, ფსალმუნის 8:10 აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას სახელის გამოყენება: „იეჰოვა, ჩვენო უფალო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე“. შეადარეთ „მეფე ჯეიმზის თარგმანს“: „უფალო, ჩვენო უფალო, რაოდენ მშვენიერია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე“ (ნახეთ აგრეთვე „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“ და „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). მაგრამ, როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, „ღვთის შემეცნებას“ მივიღებთ, თუ საშუალებას მივცემთ მის სიტყვას, რომ გაგვანათლოს. ბიბლიის შესასწავლ რომელ სახელმძღვანელოში შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ პასუხები ღვთის სახელის მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებულ კითხვებზე? (იგავნი 2:1—6).

9. ა) რომელი პუბლიკაცია გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სახელის გამოყენება? ბ) როგორ გამოავლინა მრავალმა მთარგმნელმა უპატივცემულობა ღვთის სახელისადმი?

9 შეგვიძლია, გამოვიყენოთ ბროშურა „ღვთიური სახელი რომელიც მარადიულად დარჩება“ (რუს.) *. ეს ბროშურა ნათარგმნია 69 ენაზე. თემა სათაურით „ღვთის სახელი — მისი მნიშვნელობა და წარმოთქმა“ (გვერდები 6—11) უჩვენებს, რომ ებრაული ტეტრაგრამატონი (რაც ბერძნულად „ოთხ ასოს“ ნიშნავს) დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება ძველებრაულ ტექსტებში. მიუხედავად ამისა, იუდაიზმისა და ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ და მთარგმნელებმა შეგნებულად გამოტოვეს ის ბიბლიების უმეტეს თარგმანებში *. შეუძლიათ თუ არა მათ იმის თქმა, რომ იცნობენ ღმერთს და მასთან ახლო ურთიერთობა აქვთ იმ დროს, როცა მისი სახელის ხსენებაც კი არ სურთ? მისი ნამდვილი სახელი გვაგებინებს მის განზრახვებს და იმას, თუ ვინ არის ღმერთი. გარდა ამისა, რა ფასი აქვს იესოს სანიმუშო ლოცვას: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“, თუკი ღვთის სახელს არ გამოვიყენებთ? (მათე 6:9; იოანე 5:43; 17:6).

ვინ არის იესო ქრისტე?

10. როგორ მივიღებთ იესოს ცხოვრებისა და მსახურების სრულ სურათს?

10 ბროშურის, „რას მოითხოვს“, მესამე გაკვეთილის სათაურია „ვინ არის იესო ქრისტე?“. სულ რაღაც ექვს აბზაცში ძალიან მოკლედ არის ახსნილი იესოს ვინაობა, მისი დაბადებისა და დედამიწაზე მოსვლის მიზანი. მაგრამ, თუ გსურთ გქონდეთ სრული ინფორმაცია იესოს ცხოვრების შესახებ, სახარებების შემდეგ საუკეთესო წიგნია „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, რომელიც ხელმისაწვდომია 104 ენაზე*. ოთხ სახარებაზე დაფუძნებულ ამ წიგნში იესოს ცხოვრება ქრონოლოგიურად არის აღწერილი. 133 თავში მოთხრობილია იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე. განსხვავებული — ანალიტიკური — აღწერა შეგიძლიათ იხილოთ „საკვლევი ცნობარის“ მე-2 ტომში, სათაურით „იესო ქრისტე“.

11. ა) რით განსხვავდება იესოზე იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი სხვებისგან? ბ) რომელი ბიბლიური მუხლები აბათილებს სამების მოძღვრებას და რომელი პუბლიკაციაა ამ მხრივ დამხმარე?

11 ქრისტიანულ სამყაროში, დღემდე კამათობენ იმის შესახებ, იესო „ღმერთის ძეა“ თუ „ძე ღმერთი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კამათი ეხება სამებას, რომელსაც „კათოლიკური ეკლესიის კათეხიზისი“ ქრისტიანული რწმენის მთავარ საიდუმლოს უწოდებს. ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ იესო ღვთაებრივი წარმოშობისაა, მაგრამ არა ყოვლისშემძლე ღმერთი. ეს საკითხი კარგად არის გაშუქებული ბროშურაში „უნდა გწამდეს სამება?“ *. ეს ბროშურა ნათარგმნია 95 ენაზე. სამების მოძღვრების გასაბათილებლად მრავალი ბიბლიური მუხლია მოცემული. მათ შორის მარკოზის 13:32 და 1 კორინთელთა 15:24, 28.

12. კიდევ რომელი კითხვა იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?

12 ზემოხსენებული განხილვა ღვთისა და იესოს შესახებ, აჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია ჩავატაროთ პირადი შესწავლა, იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ მათ, რომლებიც არ იცნობენ ბიბლიას და ზუსტი შემეცნების მიღება სურთ (იოანე 17:3). მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში ქრისტიანული კრების წევრები არიან? აუცილებელია, რომ მათაც მიაქციონ ყურადღება იეჰოვას სიტყვის პირად შესწავლას? მათ ხომ უკვე ბიბლიის საკმაო ცოდნა აქვთ?

რატომ უნდა ‘დავუკვირდეთ ყოველთვის’?

13. რა მცდარი შეხედულება აქვს ზოგიერთს პირად შესწავლაზე?

13 კრების ზოგიერთი წევრი სჯერდება იმ ბიბლიურ შემეცნებას, რომელიც იეჰოვას მოწმეებად გახდომის პირველ წლებში მიიღეს. ადვილად შეიძლება იფიქროთ: „რად მინდა ამდენი შესწავლა, ახალბედა ხომ არა ვარ? ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ მაქვს ბიბლია წაკითხული და ბიბლიურ ლიტერატურასაც არაერთი წელია ვკითხულობ“. ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ გვეთქვა: „საერთოდ არ მჭირდება ყურადღება მივაქციო ჩემს კვებას; არაერთი წელია, რაც ვიკვებები“. ვიცით, რომ ორგანიზმს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მუდმივად ესაჭიროება ნოყიერი და კარგად მომზადებული საკვები. რამდენად უფრო ჭეშმარიტია ეს სიტყვები სულიერი ჯანმრთელობისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად! (ებრაელთა 5:12—14).

14. რატომ უნდა დავუკვირდეთ ყოველთვის საკუთარ თავს?

14 ამიტომ, მიუხედავად იმისა, დიდი ხანია ვსწავლობთ ბიბლიას თუ არა, ყურად უნდა ვიღოთ პავლეს მიერ მიცემული რჩევა ტიმოთესადმი, რომელიც უკვე მოწიფული, პასუხისმგებელი ზედამხედველი იყო: «გაუფრთხილდი [„ყოველთვის დაუკვირდი შენს“, აქ] თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც» (1 ტიმოთე 4:15, 16). რატომ უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს პავლეს რჩევა? გავიხსენოთ, პავლე ასევე ამახვილებდა ყურადღებას, რომ გვმართებს, შევეწინააღმდეგოთ „ეშმაკის მზაკვრობასა“ და „ცისქვეშეთის ბოროტების სულებს“. მოციქული პეტრეც გვაფრთხილებს, რომ ეშმაკი „ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ და ეს „ვინ“ შეიძლება თითოეული ჩვენგანი იყოს. თვითკმაყოფილება შეიძლება ზუსტად ის სუსტი მხარე აღმოჩნდეს ჩვენში, რომელსაც ეშმაკი ეძებს (ეფესელთა 6:11, 12; 1 პეტრე 5:8).

15. სულიერობის დაცვის რა საშუალებები გვაქვს და როგორ შევინარჩუნოთ ისინი კარგ მდგომარეობაში?

15 მაშ, როგორ დავიცვათ თავი? მოციქული პავლე შეგვახსენებს: „ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შესძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს. და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ“ (ეფესელთა 6:13). ამ სულიერი საჭურვლის ეფექტურობა არა მხოლოდ მის თავდაპირველ ხარისხიანობაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, თუ რამდენად რეგულარულად ვცდილობთ მის კარგად შენახვას. ამიტომ, სრულ საჭურველში ღვთის სიტყვიდან ახალ-ახალი ცოდნის მიღებაც შედის. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფეხდაფეხ მივყვეთ იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც იეჰოვა გვიცხადებს თავისი სიტყვისა და ერთგული და გონიერი მონის კლასის მეშვეობით. ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის რეგულარული პირადი შესწავლა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი საჭურვლის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად (მათე 24:45—47; ეფესელთა 6:14, 15).

16. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი „რწმენის ფარი“ სრულ მზადყოფნაში იყოს?

16 პავლემ ჩვენი სულიერი საჭურვლის ერთ მნიშვნელოვან დეტალზე — „რწმენის ფარზე“ გაამახვილა ყურადღება. ამ ფარით ჩვენ შევძლებთ სატანის ისრების მსგავსი ცრუ ბრალდებებისა და სწავლებების მოგერიებას (ეფესელთა 6:16). ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შევამოწმოთ, რამდენად საიმედოა ჩვენი რწმენის ფარი და ვნახოთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მისი კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და გამაგრებისთვის. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: «რამდენად კარგად ვემზადები „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლისთვის? ვემზადები საკმაოდ საფუძვლიანად, რომ კრების შეხვედრებზე კარგად მომზადებული პასუხებით სხვები ‘წავახალისო სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის’? ვკითხულობ თუ არა ბიბლიიდან მითითებულ, მაგრამ არაციტირებულ, მუხლებს? ვამხნევებ სხვებს კრების შეხვედრებში ენთუზიაზმით მონაწილეობით?». ჩვენ მაგარი სულიერი საზრდო გვაქვს და სრული სარგებლობის მისაღებად მისი გადამუშავებაა საჭირო (ებრაელთა 5:14; 10:24).

17. ა) რა შხამს იყენებს სატანა ჩვენი სულიერობის გასანადგურებლად? ბ) რა არის სატანის შხამის გასანეიტრალებელი საშუალება?

17 სატანისთვის ცნობილია არასრულყოფილი ადამიანის სისუსტეები და საკმაოდ დახვეწილი მზაკვრული მეთოდებით სარგებლობს. საზიანო გავლენის გასავრცელებლად მან ტელევიზიის, ინტერნეტის, ვიდეოფილმებისა და პრესის მეშვეობით პორნოგრაფია ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. ზოგმა ქრისტიანმა დაუშვა, რომ ამ შხამს გაერღვია მათი დასუსტებული აღჭურვილობა, რასაც კრებაში პასუხისმგებლობების ჩამორთმევა თუ უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვა (ეფესელთა 4:17—19). რა შხამსაწინააღმდეგო საშუალება არსებობს სატანის სულიერი შხამის გასანეიტრალებლად? არ უნდა უგულებელვყოთ ბიბლიის რეგულარული პირადი შესწავლა, ქრისტიანული შეხვედრები და ღვთისგან მოცემული სრული საჭურველი. ყოველივე ამით კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი გვეძლევა და ვსწავლობთ იმის სიძულვილს, რაც ღმერთს სძულს (ფსალმუნი 96:10; რომაელთა 12:9).

18. როგორ გვეხმარება „სულის მახვილი“ სულიერ ბრძოლაში?

18 თუ ბიბლიის რეგულარული შესწავლის ჩვევას ვავითარებთ, ღვთის სიტყვის ზუსტი ცოდნით ჩვენ არა მარტო საიმედო დაცვას, არამედ „სულის მახვილით, რომელიც არის ღვთის სიტყვა“, შეტევაზე გადასვლის უნარსაც ვღებულობთ; ის არის „ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ეფესელთა 6:17; ებრაელთა 4:12). თუ ჩვენ მარჯვედ დავეუფლებით „მახვილს“, ცდუნებებთან შეხვედრისას შევძლებთ „მოვკვეთოთ“ ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით უვნებელი და მიმზიდველიც კი ჩანს, ხოლო სინამდვილეში ამის უკან სატანისგან მომაკვდინებელი მახეა დაგებული. ბიბლიის ცოდნის მარაგი ბოროტებისგან თავის არიდებასა და სწორ მოქმედებაში დაგვეხმარება. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ბასრია ჩემი მახვილი, თუ ბლაგვი? ხომ არ მიჭირს იმ ბიბლიური მუხლების გახსენება, რომლებიც იერიშზე გადასვლაში დამეხმარება? მოდი ჩვევად გავიხადოთ ბიბლიის პირადი შესწავლა და ასეთი სახით წინაღვუდგეთ ეშმაკს (ეფესელთა 4:22—24).

19. რა სარგებლობას მოგვიტანს პირადი შესწავლა?

19 პავლე წერდა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“. პავლეს მიერ ტიმოთესადმი მიწერილი სიტყვების გულთან ახლოს მიტანით, გავიძლიერებთ სულიერობას და უფრო ნაყოფიერს გავხდით ჩვენს მსახურებას. სულიერად ძლიერ უხუცესებსა და თანაშემწეებს კრებისთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ, ხოლო თითოეულ ჩვენგანს კი მტკიცე რწმენის შენარჩუნება (2 ტიმოთე 3:16, 17; მათე 7:24—27).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 როგორც წესი, ახალი შემსწავლელი ბროშურის „რას მოითხოვს“ შესწავლის შემდეგ გადადის წიგნზე „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ორივე პუბლიკაცია გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აქ მოცემული რჩევები დაგვეხმარება სულიერი ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან არიდებაში.

^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. მათ, ვისაც მათთვის გასაგებ ენაზე აქვთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, შეუძლიათ იხილონ მეორე ტომი, თემა „იეჰოვა“.

^ აბზ. 9 აღსანიშნავია რამდენიმე ესპანური და კატალონიური თარგმანი, რომლებშიც ებრაული ტეტრაგრამატონი გადმოცემულია როგორც: Yavé, Yahveh, Jahvè და Jehová.

^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• როგორი გარემო უწყობს ხელს ბიბლიის ნაყოფიერ შესწავლას?

• რა შეცდომაა დაშვებული ბიბლიის მრავალ თარგმანში ღვთის სახელთან დაკავშირებით?

• რომელ ბიბლიურ მუხლებს გამოიყენებდით სამების მოძღვრების გასაბათილებლად?

• რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ სატანის ხრიკებისგან, მაშინაც კი, თუ უკვე მრავალი წელია, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 19 გვერდზე]

ნაყოფიერი პირადი შესწავლისთვის აუცილებელია შესაფერისი გარემო და რაც შეიძლება ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორი.

[სურათები 23 გვერდზე]

როგორია თქვენი „მახვილი“, ბასრი თუ ბლაგვი?