მისი სიმტკიცე დაჯილდოვდა
მისი სიმტკიცე დაჯილდოვდა
კეთილი გულის მრავალ ადამიანს სურს, რომ მათი ახლობლები ღვთის განზრახვებს გაეცნონ და ბედნიერი ცხოვრებით გაიხარონ. როდესაც ადამიანი ღმერთს თავს უძღვნის, ამაში შეიძლება თავიანთი კარგი ქცევით სხვებმაც — ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა — საკმაო წვლილი შეიტანეს. ასე მოხდა ხეიარიმის, მექსიკელი მოზარდი გოგონას შემთხვევაში, რომელმაც იეჰოვას მოწმეთა სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე ძმებს გადასცა ასეთი ბარათი:
„მინდა ჩემი სიხარული და ბედნიერება თქვენც გაგიზიაროთ. თვრამეტი წლის წინათ, როდესაც ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ჭეშმარიტება გაიგეს. დედაჩემმა სულიერად წინ წაიწია, მოგვიანებით კი მე და ჩემი ძმაც შევუერთდით მას. ყველანი ლოცვაში ვთხოვდით იეჰოვას, რომ მამაც დამდგარიყო სიცოცხლის გზაზე. ამასობაში, უკვე თვრამეტი წელი გავიდა, დღევანდელი დღე კი განსაკუთრებულია ჩვენი ოჯახისთვის. დღეს მამაჩემი ინათლება. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ აღსასრული ამ ნანატრ დღემდე არ მოვიდა. მადლობა იეჰოვას!“.
წლების მანძილზე, ამ გოგონას ოჯახი, უეჭველია, ითვალისწინებდა 1 პეტრეს 3:1, 2-ში ჩაწერილ ღვთივსულიერ პრინციპს: „ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით“. გარდა ამისა, ახალგაზრდა ხეიარიმმა, ალბათ, მეორე რჯულის 5:16-ში ჩაწერილი სიტყვებიც გაითვალისწინა: „პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა“. ამ პრინციპების გამოყენებამ და მოთმინებამ ხეიარიმსა და მის ოჯახს კურთხევები მოუტანა.