არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისგან

კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისგან

კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისგან

ყოველგვარი სიცოცხლის წყარო იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნები 35:10). დიახ, „მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვართ“ (საქმეები 17:28, სსგ). და განა გული მადლიერებით არ გვევსება, როდესაც იმ კურთხევებზე ვფიქრობთ, რომელსაც ღმერთი მათ აძლევს, ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა აქვს? დიახ, „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლეა“ (რომაელთა 6:23, აქ). ამიტომ, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვას მოწონების მოპოვებისკენ ვისწრაფოთ.

ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს, რომ ‘კეთილგანწყობილებას გამოავლენს იეჰოვა’ (ფსალმუნები 84:11, აქ [83:12]). მაგრამ ვის მიმართ? დღეს ადამიანები ხშირად განათლების, სიმდიდრის, კანის ფერის, ეთნიკური წარმოშობისა და სხვა ფაქტორების მიხედვით ავლენენ სხვების მიმართ კეთილგანწყობას. მაგრამ ღმერთი ვის მიმართ ავლენს? ძველი ისრაელის მეფე, სოლომონი, გვპასუხობს ამ კითხვაზე: „კეთილი [„კარგი“, აქ] მოწონებას მოიხვეჭს უფლისაგან, მზაკვარ კაცს კი გაასამართლებს“ (იგავები 12:2).

უდავოა, რომ იეჰოვას კარგი, ზნეობრივად დახვეწილი ადამიანი მოსწონს. ასეთი ადამიანი პიროვნული თვისებების გაუმჯობესებისკენ ილტვის. ის მიუკერძოებელი, თავმდაბალი, თანამგრძნობი და კეთილგონიერია; იმაზე ფიქრობს, რაც სამართლიანია, მისი საუბარი გამამხნევებელია, საქმეები კი სწორი და სასარგებლო. წიგნ „იგავების“ მე-12 თავის პირველი ნაწილი გვიჩვენებს, როგორ უნდა მოქმედებდეს სიკარგე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და აღნიშნავს, რა სარგებლობა მოაქვს ამ თვისების გამოვლენას. თუ ამ მუხლებს დავუფიქრდებით, ჩავწვდებით „კარგი საქმეების კეთების“ არსს (ფსალმუნები 36:3, აქ [35:4]). ამ გონივრული რჩევების მიღება ღვთის მოწონების მოპოვებაში დაგვეხმარება.

დარიგების მიღება მნიშვნელოვანია

„დარიგება უყვარს ცოდნის მოყვარულს, — ამბობს სოლომონი, — მხილება უმეცარს სძულს“ (იგავები 12:1). საკუთარი თვისებების გაუმჯობესების მსურველი კარგი ადამიანი, დარიგებასაც სიხარულით მიიღებს. ის მზად არის, დაუყოვნებლივ გამოიყენოს ქრისტიანულ შეხვედრებსა თუ პირადი საუბრებისას მიცემული რჩევები. ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და თვით ბიბლიის სიტყვები მასზე იმ წვეტიანი ჯოხისმაგვარ გავლენას ახდენს, რომლის დახმარებითაც საქონელი სასურველი მიმართულებით მიჰყავდათ, და ასეთი ადამიანი აღნიშნულ პუბლიკაციებს სწორი გეზის შესანარჩუნებლად იყენებს. ის ეძებს ცოდნას იმ მიზნით, რომ სწორი ბილიკებით იაროს. დიახ, ვისაც რჩევების მიღება უყვარს, ცოდნაც უყვარს.

მართლაც, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის გამოსასწორებელი ზომების მიღებას და, განსაკუთრებით კი, თვითდისციპლინას, რომელშიც საკუთარი თავის გამოსწორებაც შედის! ჩვენთვის სასურველია, რომ ღვთის სიტყვა უფრო ღრმად შევისწავლოთ, უფრო ეფექტური ქრისტიანი მაუწყებლები და ღვთის სიტყვის უფრო კარგი მასწავლებლები ვიყოთ (მათე 24:14; 28:19, 20). მაგრამ ეს რომ განვახორციელოთ, თვითდისციპლინაა საჭირო. თვითდისციპლინა ცხოვრების სხვა სფეროებშიც გამოგვადგება. მაგალითად, დღევანდელ წუთისოფელში ბევრი რამ არის ისეთი, რაც არასწორი სურვილების განვითარებას უწყობს ხელს. განა თვითდისციპლინა არ არის საჭირო, რომ მზერა უმართებულო რამეზე არ შევაჩეროთ? გარდა ამისა, „სიყრმიდანვეა მისი [ადამიანის] გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ“. ამიტომ უზნეო აზრები შეიძლება სადღაც ღრმად იყოს მიმალული გონებაში და იქიდან იჩინოს თავი (დაბადება 8:21). სწორედ თვითდისციპლინაა საჭირო იმისათვის, რომ ასეთმა აზრებმა ჩვენს გონებაში არ დაიბუდოს.

მეორე მხრივ, ვისაც მხილება სძულს, მას არც გამოსასწორებელი ზომები უყვარს და არც ცოდნა. თუ ადამიანი თავის ცოდვილ ბუნებას აჰყვება და მხილებას არ იღებს, ცხოველის, პირუტყვის დონემდე დადის და უკვე ვეღარ არჩევს, რა არის ზნეობრივად ფასეული და რა — არა. ჩვენ კატეგორიულად უნდა აღვუდგეთ წინ მსგავსი ბუნების განვითარებას.

‘შეურყეველი ფესვები’

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, კარგი ადამიანი ალალ-მართალი არ იყოს. ასე რომ, იეჰოვას მოსაწონი პიროვნებები რომ ვიყოთ, აუცილებელია მართლებიც ვიყოთ. დავით მეფე მღეროდა: „რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით“ (ფსალმუნები 5:13). მართალ და ბოროტ ადამიანს შორის განსხვავებაზე სოლომონი ამბობს: „ვერ დაფუძნდება ადამიანი უკეთურებით, მართალთა ფესვი კი არ შეირყევა“ (იგავები 12:3).

ბოროტი ადამიანი ერთი შეხედვით წარმატებულია. განვიხილოთ ფსალმუნმომღერალ ასაფის შემთხვევა. „მე კი, — ამბობს ის, — კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები!“. რატომ? ის თავადვე პასუხობს თავის შეკითხვას: „შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას“ (ფსალმუნები 72:2, 3). მაგრამ ღვთის ტაძარში მისვლის შემდეგ ასაფი მიხვდა, რომ იეჰოვამ ისინი მოლიპულ გზაზე დააყენა (ფსალმუნები 72:17, 18). ნებისმიერი წარმატება, რომელსაც, ბოროტი ადამიანი ვითომდა აღწევს, დროებითია. განა უნდა გვშურდეს მათი?

ის პიროვნება კი, რომელსაც იეჰოვა იწონებს, სტაბილურია. სოლომონმა ხის ძლიერი ფესვების შესახებ მეტაფორა გამოიყენა და თქვა: „მართალთა ფესვი . . . არ შეირყევა“ (იგავები 12:3). ისეთი გიგანტური ხის ფესვთა სისტემამ, როგორიცაა კალიფორნიული სექვოია, შეიძლება ნიადაგში 1,5 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვას და ხეს ისეთი ძალა მისცეს, წარღვნასა და ქარიშხალს გაუძლოს. გიგანტურმა სექვოიამ შეიძლება ძლიერ მიწისძვრასაც კი გაუძლოს.

ნოყიერ ნიადაგში ფესვების ამგვარად გადგმის მსგავსად, ჩვენს გონებასა და გულს ღვთის სიტყვის ღრმად გამოკვლევა და მისგან სიცოცხლის მომცემი წყლის ამოღება ესაჭიროება. ამგვარად, ჩვენი რწმენა ღრმად ფესვგადგმული და მყარი ხდება, იმედი კი უტყუარი და მტკიცე (ებრაელთა 6:19). ასეთ შემთხვევაში ვეღარ ‘შეგვარყევს და გაგვიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი’ (ეფესელთა 4:14). რა თქმა უნდა, სასტიკი განსაცდელების გავლენას შევიგრძნობთ და შეიძლება გაჭირვების დროს შეგვეშინდეს კიდეც, მაგრამ ჩვენი „ფესვი . . . არ შეირყევა“.

„ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია“

მრავალ ხალხში არსებობს ანდაზა: „ყოველი წარმატებული მამაკაცი კარგი ცოლის ქმარია“. მხარში ამომდგომი ცოლის მნიშვნელოვანი როლის შესახებ სოლომონი ამბობს: „ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია“ (იგავები 12:4, სსგ). სიტყვა „ღირსეული“ მრავალი კარგი თვისების მომცველია. როგორც „იგავების“ 31-ე თავშია აღწერილი, კარგი ცოლის თვისებებში შედის შრომისმოყვარეობა, ერთგულება და გონიერება. ქალი, რომელსაც ეს თვისებები ახასიათებს, ქმრის გვირგვინია, რადგან კარგი ქცევით ქმრისთვის სახელი მოაქვს და მისი მეუღლე ხალხის თვალშიც უფრო პატივდებული ხდება. ასეთი ცოლი არასდროს ავლენს ამბიციებს, ქმარს წინ არ უსწრებს და არ ეჯიბრება მეუღლეს. პირიქით, ის მხარში უდგას ქმარს და ეხმარება.

რა სამარცხვინო საქციელი შეიძლება ჩაიდინოს ქალმა და რა მოჰყვება ამას? სამარცხვინო საქციელი შეიძლება იყოს მრავალი რამ, მათ შორის ჭირვეულობა და მრუშობა (იგავები 7:10—23; 19:13). ცოლის ასეთი საქციელი ქმრის განადგურების მეტს არაფერს იწვევს. ასეთი ცოლი ქმრისთვის „ძვლების გამომშრობელია“ იმ გაგებით, რომ „ანადგურებს ადამიანს და ორგანიზმის ფიზიკურად დამაუძლურებელი დაავადების მსგავსია“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. «თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, „კიბოა“ ანუ ისეთი ვერაგი ავადმყოფობაა, რომელიც თანდათანობით სასიცოცხლო ძალას აცლის ადამიანს», — ნათქვამია სხვა ნაშრომში. ცხადია, ქრისტიანი ცოლების სურვილია, ღვთის მოსაწონები იყვნენ და ღირსეული ცოლის მაგალითს მიჰბაძონ.

ფიქრიდან მოქმედებამდე და მოქმედებიდან შედეგამდე

ფიქრები მოქმედებისკენ აღგვძრავს, მოქმედებებს კი შედეგებამდე მივყავართ. სოლომონი ერთმანეთს უპირისპირებს მართალ და უკეთურ ადამიანს. იგი აღნიშნავს, როგორ ისხამს ფიქრები ხორცს და იქცევა საქმეებად: „მართალთა ფიქრები სამართალია, უკეთურთა ფანდები — სიცრუე. უკეთურთა სიტყვები ჩასაფრებაა სისხლის დასაღვრელად, მართალთა ბაგენი კი იხსნიან მათ“ (იგავები 12:5, 6).

კარგ ადამიანს გულშიც კი ზნეობრივად სუფთა ფიქრები უტრიალებს და მიუკერძოებლად და სამართლიანად მოქმედებს. ასეთი ადამიანი ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით მოქმედებს და ამიტომაც ყოველთვის კარგი განზრახვა აქვს. უკეთურ ადამიანს კი ეგოისტური სურვილები ამოძრავებს, რის გამოც ის მეთოდები, რომლითაც მიზნის მიღწევა სურს, არასწორია. უკეთურნი ვერაგულად მოქმედებენ; წამითაც არ შეყოყმანდებიან, ისე შეუძლიათ მახე დაუგონ უდანაშაულო ადამიანს, შეიძლება სასამართლოშიც კი უჩივლონ და ცილი დასწამონ. მათი სიტყვები „ჩასაფრებაა სისხლის დასაღვრელად“, რადგან სურთ, რომ უდანაშაულო მსხვერპლს ზიანი მიაყენონ. მართალმა ადამიანებმა კი იციან უკეთურთა ზრახვები; აგრეთვე ისიც, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და საშიშროებისგან თავის დაღწევის უნარი აქვთ. მათ შეიძლება წინდაუხედავებიც კი გააფრთხილონ და უკეთურთა ავი ხრიკებისგან დაიცვან.

როგორი მომავალი აქვთ მართლებსა და უკეთურებს? „დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან, — გვპასუხობს სოლომონი, — მართალთა სახლი კი დარჩება“ (იგავები 12:7). სახლში „იგულისხმება ოჯახის წევრები და ყველაფერი, რაც ადამიანისთვის ძვირფასია და, რაც იმის საშუალებას აძლევს, რომ კი არ იარსებოს, არამედ იცხოვროს“, — ამბობს ერთი ცნობარი. ეს გამოთქმა შეიძლება ეხებოდეს მართალი ადამიანის ოჯახსა და შთამომავლობასაც კი. ნებისმიერ შემთხვევაში, იგავის მნიშვნელობა ნათელია: მართალი ადამიანი უბედურების დროს მტკიცედ იდგება.

თავმდაბალი ადამიანი უკეთეს მდგომარეობაშია

ისრაელის მეფე ხაზგასმით აღნიშნავს, რამხელა ფასი აქვს ჭკუას: „მისი ჭკუისამებრ შეაქებენ კაცს, გულმრუდი კი დასაცინი გახდება“ (იგავები 12:8). ჭკვიანი ადამიანი სიტყვის თქმას არ ჩქარობს. ის ჯერ უფიქრდება იმას, რის თქმაც სურს. ამიტომაც მას სხვებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან „ჭკუა“ კარნახობს, რომ სიტყვები შეარჩიოს. როდესაც უგუნურ ან გამოსაჭერ კითხვებს უსვამენ, მცოდნე კაცი „სიტყვაძუნწია“ (იგავები 17:27, სსგ). ასეთი ადამიანი სანაქებოა და იეჰოვას გულს უხარებს. ის ხომ ძალიან განსხვავდება „გულმრუდი“, დამახინჯებული აზროვნების მქონე კაცისგან!

დიახ, ჭკვიან კაცს აქებენ, მაგრამ მომდევნო იგავი თავმდაბლობის ფასს გვასწავლის: „ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს“ (იგავები 12:9, სსგ). როგორც ჩანს, სოლომონი ამბობს, რომ უმჯობესია იყო თავმდაბალი და არც ისე მდიდარი, ასე ვთქვათ, ერთადერთი მსახური გყავდეს, ვიდრე საარსებო საშუალებები საზოგადოებაში წარჩინებული მდგომარეობის შენარჩუნებას შესწირო. რა გონივრული რჩევაა ეს ჩვენთვის, რათა ვიცხოვროთ ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად!

რა ვსწავლობთ სიკარგეზე სოფლის ცხოვრებაზე დაკვირვებით

შემდეგ სოლომონს ორი მაგალითი მოჰყავს სოფლის ცხოვრებიდან, რითაც გვასწავლის, რა ახასიათებს კარგ ადამიანს: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, — ამბობს ის, — ბოროტეულთა გული კი სასტიკია“ (იგავები 12:10, სსგ). მართალი ადამიანი თავის საქონელს კარგად ეპყრობა. იცის, რა სჭირდება პირუტყვს და მის კეთილდღეობაზე ზრუნავს. ბოროტმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ზრუნავს საკუთარ პირუტყვზე, მაგრამ სინამდვილეში არ აღელვებდეს, თუ რა დღეშია საქონელი. ის ეგოისტია და მხოლოდ იმიტომ უვლის საქონელს, რომ მისგან ხეირი ნახოს. ასეთი ადამიანის აზრით, პირუტყვის ნორმალური მოვლა შეიძლება საქონლისადმი უწყალოდ მოპყრობაც კი იყოს.

საქონლისადმი კარგად მოპყრობის პრინციპი სახლში შინაური ცხოველების ყოლაზეც ვრცელდება. რამხელა გულქვაობა იქნებოდა, მიგეყვანა სახლში ცხოველი და შემდეგ არ გეზრუნა მასზე ან ცუდად მოპყრობოდი! იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სერიოზული დაავადების ან ტრავმის გამო ცხოველი ძალიან იტანჯება, შეიძლება სიკეთის გამოვლენა იყოს, თუ პატრონი მოკლავს მას.

სოფლის ცხოვრებიდან სოლომონს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს, ამ შემთხვევაში ნიადაგის დამუშავება: „თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება“. დიახ, გონივრულ შრომას სარგებლობა მოაქვს. „ამაოების მდევნელი კი უგნურია“ (იგავები 12:11). განსჯის უნარს მოკლებული „უგუნური“ ადამიანი უქნარა, უსარგებლო და სარისკო საქმეების წამომწყებია. ეს ორი მუხლი გვასწავლის, რომ მოწყალენი და შრომის მოყვარენი უნდა ვიყოთ.

მართალი ადამიანი აყვავდება

„ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება“, — ამბობს ბრძენი მეფე (იგავები 12:12ა, სსგ). როგორ აკეთებს ბოროტი ადამიანი ამას? როგორც ჩანს, ამისკენ უკუღმართი გზებით ნადავლის ხელში ჩაგდების სურვილი აღძრავს. რა შეიძლება კარგ ადამიანზე ითქვას? ის გამოსწორების მოყვარული და რწმენაში მტკიცედ ფესვგადგმულია; მართალი და სამართლიანი, ჭკვიანი და თავმდაბალი, თანამგრძნობი და გულმოდგინეა. და როგორც სოლომონი ამბობს „მართალთა ფესვი . .  ნაყოფს გამოსცემს“ ანუ „აყვავებულია“ (იგავები 12:12ბ). „მართალთა ფესვი სამუდამოდ იხარებს“, — ამბობს ბიბლიის „ამერიკული თარგმანი“. ასეთი პიროვნება მტკიცედ ფესვგადგმულია და მას ვერაფერი ავნებს. მართლაც, ‘კარგი კაცი მოწონებას იხვეჭს უფლისაგან’. მაშ, „მიენდე უფალს და ქმენ კეთილი“ (ფსალმუნები 36:3).

[სურათები 31 გვერდზე]

საღი ხის მსგავსად, მართალი კაცის რწმენაც მტკიცედ ფესვგადგმულია.