არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ სიხარულით იკრიბებიან

„სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ სიხარულით იკრიბებიან

„სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ სიხარულით იკრიბებიან

ზნეობრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი აზანზარებს მსოფლიოს. ამ არეულობის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები სამი დღის განმავლობაში მშვიდობიანად იკრიბებოდნენ საოლქო კონგრესებზე სახელწოდებით „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“. 2002 წლის მაისიდან დაწყებული, ასეთი შეხვედრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა.

ეს კონგრესები ნამდვილად სასიხარულო მოვლენა იყო. მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ ბიბლიაზე დაფუძნებული გამამხნევებელი პროგრამა.

პირველ დღეს იესოს გულმოდგინებას გაესვა ხაზი

კონგრესის პირველი დღის თემა იყო „მიჰბაძეთ ჩვენი უფლის, იესოს გულმოდგინებას“ (იოანე 2:17). მოხსენებაში „სამეფოს შესახებ მაუწყებლებო, გაიხარეთ ერთად შეხვედრით!“ დამსწრეებს სიხარულისკენ მოუწოდეს, რადგან სიხარული ყოველთვის ახასიათებდა ღვთის ხალხს ერთად შეკრების დროს (მეორე რჯული 16:15). მოხსენების შემდეგ ინტერვიუ აიღეს სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მაუწყებლებისგან.

მოხსენებაში „ისიამოვნე იეჰოვას მიერ“ განხილული იყო 36-ე ფსალმუნის პირველი თერთმეტი მუხლი. მოგვიწოდეს, რომ ბოროტების მოჩვენებითი წარმატება არ ‘შეგვშურდეს’. მართალია, ბოროტი ადამიანები ჩვენზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში იეჰოვა გამოაჩენს, სინამდვილეში ვინ არის მისი ერთგული ხალხი. მოხსენებაში „გამოავლინეთ მადლიერება“ განიხილებოდა, თუ როგორ შეგვიძლია ღვთისადმი მადლიერების გამოვლენა. ყველა ქრისტიანმა იეჰოვას უნდა შესწიროს „ქების მსხვერპლი“ (ებრაელთა 13:15). რა თქმა უნდა, ჩვენს მადლიერებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ დროს დავუთმობთ იეჰოვასადმი მსახურებას.

„ღვთის მსახურები გულმოდგინედ აუწყებენ სამეფოს შესახებ“ — ასეთი იყო წამყვანი მოხსენების სათაური. მასში ყურადღება მახვილდებოდა იესო ქრისტეზე, რომელიც გულმოდგინების საუკეთესო მაგალითს გვაძლევდა. 1914 წელს ზეციერი სამეფოს დამყარების შემდეგ ჭეშმარიტ ქრისტიანებს სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად გულმოდგინება ესაჭიროებოდათ. მომხსენებელმა მოიხსენია 1922 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებული კონგრესი და შეგვახსენა ის ისტორიული მოწოდება, რომელიც იქ გაისმა: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. დროთა განმავლობაში ღვთის ერთგული მსახურები გულმოდგინებამ აღძრა, სამეფოს შესახებ გასაოცარი ჭეშმარიტება ყველა ერისთვის გაეცხადებინათ.

მოხსენებაში „იყავით უშიშარნი, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენთანაა“, რომელიც პირველ დღეს, ნაშუადღევს, წარმოითქვა, ახსნილი იყო, რომ ღვთის ხალხი სატანისთვის განსაკუთრებული სამიზნეა. წინააღმდეგობის მიუხედავად, რწმენის გამოვლენის ბიბლიურ თუ თანამედროვე მაგალითებზე ფიქრი გვეხმარება, რომ განსაცდელებსა და ცდუნებებს გაბედულად გავუმკლავდეთ (ესაია 41:10).

პროგრამის შემდგომი ნაწილი დაეთმო მოხსენებათა სერიას სახელწოდებით „მიქას წინასწარმეტყველება აღგვძრავს, ვიაროთ იეჰოვას სახელით“. პირველმა მომხსენებელმა მიქას დღეებში არსებული მორალის დაცემა, რელიგიური განდგომილება და მომხვეჭელობა ჩვენს დროს შეადარა. მან აღნიშნა: „მომავალთან დაკავშირებული ჩვენი იმედი მტკიცე იქნება იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მორჩილი გული და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენს ნებისმიერ მოქმედებაში სიწმინდე და ღვთისადმი თავდადება ირეკლება, და არასოდეს დავივიწყებთ იეჰოვას მოსვლის დღეს“ (2 პეტრე 3:11, 12).

მეორე მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ კიცხავს მიქა იუდას წინამძღოლებს. ისინი ღარიბ, დაუცველ ადამიანებს ავიწროებდნენ. მაგრამ მიქამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გამარჯვებაც იწინასწარმეტყველა (მიქა 4:1—5). იეჰოვას სულიწმიდით გაძლიერებულები მზად ვართ ეს იმედის მომცემი, სასიხარულო ცნობა ვაუწყოთ. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ფიზიკური სისუსტეები ან სხვა სირთულეები გვიშლის ხელს? მესამე მომხსენებელმა აღნიშნა: „იეჰოვას მოთხოვნები გონივრული და ადვილად შესასრულებელია“. მან მიქას 6:8-ის სხვადასხვა მხარე განიხილა. ამ მუხლში ვკითხულობთ: „რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“.

ყველასთვის სასარგებლო იყო მოხსენება სათაურით „შეინახეთ გული და შეინარჩუნეთ უმწიკვლობა“, რადგან ქრისტიანებზეც შეიძლება იმოქმედოს იმ ზნეობრივმა გახრწნილებამ, რომელიც წუთისოფელშია. მაგალითად, უმწიკვლობის შენარჩუნება ბედნიერ ქორწინებას უყრის საფუძველს. ჩვენ, ქრისტიანებმა, არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ უზნეობაზე ფიქრებმა დაიბუდონ ჩვენს გონებაში (1 კორინთელთა 6:18).

მოხსენებაში „თავი დაიცავით სიცრუისგან“ ახსნილი იყო, რომ გონივრულად ვიქცევით, თუ განდგომილთა მიერ დამახინჯებულ ფაქტებს, მათ მიერ გავრცელებულ ნახევრად მართალ და აშკარად ცრუ ინფორმაციას საწამლავად მივიჩნევთ (კოლასელთა 2:8). არც იმით უნდა მოვტყუვდეთ, რომ ცოდვილ სურვილებს სავალალო შედეგების გარეშე დავიკმაყოფილებთ.

„თაყვანი ეცით ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ — ასეთი იყო პირველი დღის პროგრამის ბოლო მოხსენების სათაური. რადგან მსოფლიო მდგომარეობა განსკუთრებით დაძაბულია, როგორ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ მალე იეჰოვა თავის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში შეგვიყვანს! ვინ იცხოვრებს იქ? მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემლები. ჩვენ, ჩვენ შვილებსა და ბიბლიის შემსწავლელებს ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება ახალი სახელმძღვანელო „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“, რომლის გამოცემაც მომხსენებელმა აუწყა აუდიტორიას. ამ წიგნმა ძალიან გაგვახარა!

მეორე დღეს სიკეთის გულმოდგინედ კეთებაზე გამახვილდა ყურადღება

„გულმოდგინედ აკეთეთ სიკეთე“ — ასეთი იყო მეორე დღის პროგრამის თემა (1 პეტრე 3:13). პირველმა მომხსენებელმა განიხილა დღიური მუხლი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღიური მუხლის რეგულარული, გულდასმით განხილვა გულმოდგინებას გვმატებს.

ამას მოჰყვა მოხსენებათა სერია „სამეფოს შესახებ მაუწყებლები განადიდებენ თავიანთ მსახურებას“. პირველ ნაწილში ღვთის სიტყვის სწორად გადაცემის აუცილებლობას გაესვა ხაზი (2 ტიმოთე 2:15). თუ ეფექტურად გამოვიყენებთ ბიბლიას, მას ადამიანთა ცხოვრებაზე ‘მოქმედების’ საშუალებას მივცემთ (ებრაელთა 4:12). ადამიანებს ყურადღება ბიბლიაზე უნდა გავამახვილებინოთ და დამაჯერებლად ვიმსჯელოთ. მეორე ნაწილში მოგვიწოდეს, რომ კვლავ და კვლავ მივაკითხოთ დაინტერესებულ ადამიანს (1 კორინთელთა 3:6). მომზადება და გამბედაობაა საჭირო, რომ ინტერესი არ გავუნელოთ დაინტერესებულებს. მესამე ნაწილში გვირჩიეს, რომ ყველას, ვისაც მსახურების დროს ვხვდებით, ისე ვუყუროთ, როგორც იესოს მომავალ მოწაფეს. ისიც აღინიშნა, რომ პირველივე შეხვედრისას ბიბლიის შესწავლის შეთავაზებით შეიძლება მოწაფედ გახდომაში დავეხმაროთ ადამიანს, რაც დიდ სიხარულს მოგვიტანს.

მომდევნო მოხსენების თემა იყო „რატომ უნდა ‘ვილოცოთ განუწყვეტლივ’“. ბიბლია მოგვიწოდებს ქრიტიანებს, რომ ცხოვრების ყველა სფეროში ხელმძღვანელობისთვის ღმერთს მივმართოთ. ამიტომ დრო უნდა გამოვყოთ პირადი ლოცვებისთვის. გარდა ამისა, გამუდმებით უნდა ვილოცოთ, რადგან შეიძლება იეჰოვამ ლოცვაზე მაშინვე არ გვიპასუხოს (იაკობი 4:8).

მოხსენებაში „სულიერ თემებზე საუბრები რწმენას გვიმტკიცებს“ მოგვიწოდეს, რომ ჩვენთვის ბოძებული მეტყველების უნარი ჩვენივე და სხვების სასარგებლოდ გამოვიყენოთ (ფილიპელთა 4:8). ცხოვრების თანამგზავრსა და შვილებს ყოველდღიურად სჭირდებათ სულიერ თემებზე საუბარი. ამისათვის კი ოჯახები უნდა ეცადონ, დღეში ერთხელ მაინც მიირთვან საჭმელი ერთად, რათა ამ დროს მაგიდასთან საუბრისას ერთმანეთი გაამხნევონ.

დილის პროგრამა დასრულდა ამაღელვებელი მოხსენებით „როგორ მივყავართ მიძღვნასა და მონათვლას გადარჩენამდე“. მოსანათლებმა მიიღეს შემეცნება, გამოავლინეს რწმენა, მოინანიეს, მიატოვეს ბოროტი საქმეები და თავი ღმერთს მიუძღვნეს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ნათლობის შემდეგ მათ კვლავ უნდა განაგრძონ სულიერი წინსვლა და შეინარჩუნონ გულმოდგინება და კარგი ყოფაქცევა (ფილიპელთა 2:15, 16).

ნაშუადღევის პროგრამის დროს მოხსენებაში „იყავი მოკრძალებული და სუფთად შეინახე თვალი“ ორ მნიშვნელოვან საკითხს გაესვა ხაზი. აღინიშნა, თუ როგორია მოკრძალებული ადამიანი. ითქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად აფასებს თავის შესაძლებლობებს და ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს; აგრეთვე კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა მდგომარეობა უჭირავს ღვთის წინაშე. მოკრძალებულობა თვალის „სუფთად“ შენახვაში გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს ღვთის სამეფოზე გვქონდეს მთელი ყურადღება გადატანილი და არა ქონების დაგროვებასა თუ გართობაზე. თუ ასე ვიქცევით, შეგვიძლია ზედმეტად არ ვიდარდოთ, რადგან იეჰოვა დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს (მათე 6:22—24, 33, 34).

მომდევნო მომხსენებელმა ახსნა, თუ რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას გაჭირვების ჟამს ბოლომდე. როგორ გავუმკლავდეთ სისუსტეებს ან ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს? ვთხოვოთ იეჰოვას პრაქტიკული სიბრძნე. დახმარებისთვის შეგვიძლია სხვებსაც მივმართოთ. ნაცვლად იმისა, რომ პანიკაში ჩავცვივდეთ ან სასოწარკვეთილებამ მოგვიცვას, ღვთისადმი ჩვენი ნდობა მისი სიტყვის შესწავლით გავიძლიეროთ (რომაელთა 8:35—39).

„ჩვენი რწმენა განსაცდელებით იცდება“ — ასეთი იყო დღის ბოლო მოხსენებათა სერიის თემა. პირველ ნაწილში შეგვახსენეს, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი დევნილია. ამით სხვებს ვუმოწმებთ, რწმენას ვიმტკიცებთ და ღვთისადმი ერთგულების გამოვლენის საშუალება გვეძლევა. მართალია სიცოცხლეს უმიზეზოდ არ ვიგდებთ საფრთხეში, მაგრამ არც არაბიბლიური მეთოდებით ვეცდებით დევნისგან თავის დაღწევას (1 პეტრე 3:16).

მოხსენებათა ამ სერიის მეორე მომხსენებელი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები მშვიდობისთვის მებრძოლები არ ყოფილან. ისინი აღიარებდნენ, რომ, პირველ რიგში, ერთგულება ღვთისთვის უნდა დაემტკიცებინათ. დღეს იეჰოვას მოწმეებიც მტკიცედ იცავენ პრინციპს: „არ ხართ წუთისოფლისანი“ (იოანე 15:19). რადგან ჩვენი ნეიტრალიტეტი შეიძლება სრულიად მოულოდნელად გამოიცადოს, ოჯახებმა დრო უნდა გამოუყონ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული ბიბლიური რჩევების განხილვას. მესამე მოხსენებაში აღინიშნა, რომ სატანას მაინცდამაინც ჩვენი მოკვლა კი არ სურს, არამედ უნდა, რომ ორგულები გაგვხადოს. თუ ერთგულად ვუძლებთ დაცინვას, უზნეობაში ჩათრევის ცდუნებას, ემოციურ ტკივილს და ფიზიკურ სისუსტეებს, ამით იეჰოვას განვადიდებთ.

„დაუახლოვდით იეჰოვას“ — ეს თბილი მოწოდება დღის ბოლო მოხსენების სათაური იყო. იეჰოვას მთავარი თვისებები მისკენ გვიზიდავს. ღმერთი თავის უსაზღვრო ძალას თავისი ხალხის დასაცავად იყენებს; განსაკუთრებით სულიერად იცავს მათ. მისი სამართლიანობა სისასტიკით კი არ არის ნაკარნახები, არამედ იმის სურვილით, რომ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცეს ყველა სიმართლის მოქმედს. ღვთის სიბრძნე გამოვლინდა იმაში, თუ როგორ გამოიყენა არასრულყოფილი ადამიანები ბიბლიის დასაწერად. მისი ყველაზე მიმზიდველი თვისება სიყვარულია, რომელმაც აღძრა, კაცობრიობა იესო ქრისტეს მეშვეობით ეხსნა (იოანე 3:16). მომხსენებელმა გამოსვლის დასასრულს მსმენელებს აუწყა ახალი წიგნის გამოცემა, სახელწოდებით „დაუახლოვდი იეჰოვას“.

მესამე დღეს კეთილი საქმეების გულმოდგინედ კეთებაზე გამახვილდა ყურადღება

„ხალხი, რომელიც გულმოდგინედ აკეთებს კეთილ საქმეებს“ — ასეთი იყო კონგრესის მესამე დღის პროგრამის თემა (ტიტე 2:14). დილის პროგრამა დაიწყო ყოველდღიური ბიბლიური მუხლის განხილვით, რომელსაც ოჯახი განიხილავდა. მომდევნო მოხსენების სათაური იყო „ხართ მინდობილი იეჰოვაზე?“. ერები ღვთის ნაცვლად იმედს საკუთარ სიბრძნესა და ძალებზე ამყარებენ. მათგან განსხვავებით, იეჰოვას მსახურნი გასაჭირის მიუხედავად გაბედულად და სიხარულით ამყარებენ მასზე იმედს (ფსალმუნები 45:2—4, 8—12).

მოხსენებაში „ახალგაზრდებო — იეჰოვას ორგანიზაციას დაუკავშირეთ თქვენი მომავალი“ დასმული იყო კითხვა: როგორ შეუძლია ახალგაზრდას, საუკეთესოდ გამოიყენოს ახალგაზრდობის წლები? ამას ვერ შეძლებს თუ ფულის, ქონებისა და პრესტიჟის მისაღწევად იღვაწებს. ჩვენი შემოქმედი სიყვარულით მოუწოდებს მათ, რომ არ დაივიწყონ თავისი გამჩენი სიჭაბუკის წლებში. მომხსენებელმა ინტერვიუ აიღო მათგან, ვინც ახალგაზრდობის წლებს ქრისტიანულ მსახურებაში ატარებს. მათი სიხარული ჩვენთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. რა სასარგებლო იყო ახალი ტრაქტატის „ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?“ მიღება, რომელიც ახალგაზრდა მოწმეებს დაეხმარება, თავიანთ მარადიულ მომავალს იეჰოვას ორგანიზაციაში ჩაუყარონ საფუძველი.

შემდეგ კი წარმოდგენილი იყო საინტერესო ბიბლიური დრამა „მტკიცედ იდექით მშფოთვარე დროში“. მასში მოკლედ იყო ნაჩვენები იერემიას მსახურების ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მისი ახალგაზრდობიდან იერუსალიმის განადგურებამდე გრძელდებოდა. სწორედ ამ განადგურებაზე წინასწარმეტყველებდა იერემია გულმოდგინედ. წინასწარმეტყველი დავალების შესასრულებლად თავს გამოუცდელად თვლიდა, მაგრამ, წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი დავალება შეასრულა და იეჰოვამაც იხსნა ის (იერემია 1:8, 18, 19).

დრამის შემდეგ წარმოითქვა მოხსენება „მიჰბაძეთ იერემიას და უშიშრად აუწყეთ ღვთის სიტყვა“. სამეფოს დღევანდელ გულმოდგინე მაუწყებლებზე ხშირად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას ან მათ წინააღმდეგ ღვარძლიან პროპაგანდას ეწევიან (ფსალმუნები 108:1—3). იერემიას მსგავსად, ჩვენც გავუმკლავდებით გულგატეხილობას, თუ იეჰოვას სიტყვაში ვპოვებთ სიამოვნებას. ამასთანავე დარწმუნებული ვართ, რომ მოწინააღმდეგეები ვერ გვძლევენ.

ნამდვილად დროული იყო საჯარო მოხსენება სათაურით „წარმავალია წუთისოფლის სახე“. ჩვენს დროში მრავალი დრამატული ცვლილება მოხდა. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ეს მოვლენები, მათ შორის საუბრები „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ, ღვთის შიშისმომგვრელი სამსჯავროს დღით დასრულდება (1 თესალონიკელთა 5:3). ამას კი შესანიშნავი ცვლილებები მოჰყვება. ბოლო მოეღება ომებს, დამნაშავეობას, ძალადობასა და ავადმყოფობასაც კი. ამ სისტემაზე იმედის დამყარების ნაცვლად, ახლა იმის დროა, რომ ღვთისადმი ერთგულება გამოვავლინოთ და წმინდა საქციელი შევინარჩუნოთ.

„საგუშაგო კოშკის“ მოკლე მიმოხილვას კონგრესის ბოლო მოხსენება მოჰყვა, სახელწოდებით „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლებო, იუხვეთ კეთილ საქმეებში!“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, რომ პროგრამა სულიერად გამომაცოცხლებელი იყო და იეჰოვაზე მინდობისკენ აღგვძრავდა. დასკვნისას მოგვიწოდეს, რომ ვიყოთ სამეფოს წმინდა, მოსიყვარულე და გულმოდგინე მაუწყებლები (1 პეტრე 2:12).

ნეემიას დღეებში მცხოვრები იეჰოვას მსახურების მსგავსად, ჩვენც მხიარულები დავბრუნდით იმ სულიერი კურთხევების გამო, რომლებიც მივიღეთ კონგრესზე „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ (ნეემია 8:12). განა არ აგივსოთ გული სიხარულით ამ ამაღელვებელმა კონგრესმა და არ გადაგაწყვეტინათ, რომ კვლავაც სამეფოს გულმოდგინე მაუწყებელი იყოთ?

[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

ახალი სახელმძღვანელო!

კონგრესის პირველი დღის დასასრულს დამსწრეებმა გაიხარეს იმით, რომ გამოვიდა ახალი წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ეს წიგნი შესასწავლად არის განკუთვნილი მათთვის, ვინც უკვე დაამთავრა წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ განხილვა. იგი უდავოდ განუმტკიცებს რწმენას მათ, ვინც ‘მარადიული სიცოცხლისთვისაა განწყობილი’ (საქმეები 13:48, აქ).

[საავტორო უფლება]

Image on book cover: U.S. Navy photo

[ჩარჩო⁄სურათები 24 გვერდზე]

ღმერთთან დაახლოებაში დამხმარე საშუალება

კონგრესის მეორე დღის დასასრულს მომხსენებელმა მსმენელებს აუწყა, რომ გამოიცა ახალი წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. წიგნი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად. თითოეულ მათგანში განიხილება იეჰოვას მთავარი თვისებები — ძალა, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული. ამ პუბლიკაციის ყოველ ნაწილში თითო თავი ეთმობა იმას, თუ როგორ ავლენდა იესო ქრისტე ღვთის ამ თვისებებს ცხოვრებაში. აღნიშნული სახელმძღვანელოს უმთავრესი მიზანია, დაგვეხმაროს, როგორც ჩვენ, ასევე ბიბლიის შემსწავლელებს, იეჰოვა ღმერთთან ახლო და მტკიცე ურთიერთობის განვითარებაში.

[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]

სულიერი ხელმძღვანელობა ახალგაზრდებისთვის

კონგრესის მესამე დღეს აღსანიშნავი იყო განცხადება სპეციალური ტრაქტატის გამოცემის შესახებ, სათაურით „ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?“. ტრაქტატი განკუთვნილია ახალგაზრდა მოწმეებისთვის, რათა მომავალთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს მათ. მასში მოცემულია ბიბლიური რჩევა ახალგაზრდებისთვის, რომ თავიანთ მარადიულ მომავალს იეჰოვასადმი მსახურებით ჩაუყარონ საფუძველი.