სტაბილურ და კმაყოფილების მომტან სამუშაოს საფრთხე ემუქრება
სტაბილურ და კმაყოფილების მომტან სამუშაოს საფრთხე ემუქრება
„შრომის უფლება“ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყველა ადამიანის ძირითადი უფლებაა. თუმცა ყოველთვის როდი ხდება ამ უფლების დაცვა. სტაბილური სამუშაო დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე — ადგილობრივი ეკონომიკით დაწყებული და მსოფლიო ბაზრით დამთავრებული. როდესაც უმუშევრობა იჩენს თავს ან ამის საფრთხე იქმნება, ხშირ შემთხვევაში, დემონსტრაციები, არეულობები და გაფიცვები იწყება ხოლმე. თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ქვეყნები, სადაც მსგავსი პრობლემები არ არსებობს. ერთი მწერლის სიტყვების თანახმად, თვით სიტყვა „სამუშაოც“ კი „ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული“.
სამუშაო მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ შემოსავლის წყაროა, ის ჩვენს გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობასაც ემსახურება. სამუშაოს წყალობით ადამიანი იკმაყოფილებს იმის სურვილს, რომ საზოგადოების ღირსეული წევრი იყოს და ცხოვრებაში მიზანი ჰქონდეს. ის, გარკვეულწილად, საკუთარი ღირსების გრძნობასაც გვივითარებს. ამიტომ არის, რომ ისინიც კი, რომლებსაც თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისზე მეტი ფული აქვთ და შეუძლიათ მშვიდ ცხოვრებას მიეცნენ, მუშაობის გაგრძელებას ამჯობინებენ ხოლმე. დიახ, სამუშაო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი ნაკლებობა, ჩვეულებრივ, სერიოზულ სოციალურ პრობლემებს იწვევს.
მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებიც ისეთ ზეწოლას განიცდიან სამსახურში, რომ მუშაობის ხალისი ეკარგებათ. მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენციის გამო, ხარჯების შემცირების მიზნით სულ უფრო მეტი კომპანია ამცირებს თანამშრომელთა რიცხვს. ამის გამო კომპანიის დანარჩენ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობები ეკისრებათ და, შედეგად, მათ დამატებითი ტვირთის ზიდვა უწევთ.
სამსახურში ზეწოლა შეიძლება გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიამაც, რომელმაც, წესით, უნდა გააადვილოს ცხოვრებაც და მუშაობაც. მაგალითად, კომპიუტერები, ფაქსები და ინტერნეტი ადამიანს სამსახურის შემდეგ სამუშაოს სახლში შესრულების საშუალებას აძლევს, რითაც ოფისსა და სახლს შორის ზღვარი ქრება. ერთი მუშაკი თავს ისე გრძნობდა, თითქოს კომპანიის პეიჯერითა და მობილური ტელეფონით უფროსს რაღაც უხილავი სადავით ჰყავდა დაჭერილი.
არსებობს იმის საშიშროებაც, რომ დღევანდელ სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და სამუშაო პირობებში მრავალი ხანში შესული ადამიანი დროზე ადრე შრომისუუნაროდ ჩათვალონ. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტი კრის
სიდოტი აღნიშნავს: „როგორც ჩანს, ისეთი აზრია ჩამოყალიბებული, რომ თუ 40 წლამდე ასაკის არა ხარ, კომპიუტერსა და ახალ ტექნოლოგიას ალღოს ვერ აუღებ“. ამიტომაც, მრავალ კარგ თანამშრომელს, რომელთა ასაკიც ერთ დროს ყველაზე ნაყოფიერ ასაკად ითვლებოდა, ამჟამად სამუშაოსთვის გამოუსადეგრად მიიჩნევენ. რა სამწუხარო ფაქტია!გასაკვირი არაა, რომ ბოლო წლებში შრომა ნაკლებად ფასობს და კომპანიისადმი ერთგულებაც იშვიათობა გახდა. «რადგან კორპორაციები საფონდო ბირჟაზე მომხდარი მცირე ცვლილებების გამოც კი სამსახურიდან ითხოვენ თანამშრომლებს, კორპორაციისადმი ერთგულება წარსულს ჰბარდება, — ნათქვამია ფრანგულ ჟურნალ „ლიბერასიონში“. — რა თქმა უნდა, უნდა იმუშაოთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა კომპანიისთვის».
მზარდი პრობლემების მიუხედავად, ადამიანებს კვლავაც აქვთ მუშაობის სურვილი. მაშ, როგორ შევინარჩუნოთ ამ სწრაფად ცვალებად დროში გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ გვქონდეს სტაბილური და კმაყოფილების მომტანი სამუშაო?
[სურათი 3 გვერდზე]
თანამედროვე ტექნოლოგია ზოგ შემთხვევაში ზრდის სტრესს სამსახურში.