მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რატომ არის ნათქვამი ესაიას 30:21-ში, რომ იეჰოვას სიტყვა მოგესმება „უკან“, როდესაც წინა მუხლში ნათქვამია, რომ „იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს“, ანუ პირისპირ მდგომ იეჰოვას?
ესაიას 30:20, 21-ში ვკითხულობთ: «შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს. და შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ».
სიტყვასიტყვით, მუხლიდან გამომდინარე, მკითხველი იეჰოვას, დიდებულ მოძღვარს, პირდაპირ ხედავს, მისი ხმა კი უკნიდან ესმის. მაგრამ ეს გადატანითი მნიშვნელობით არის ნათქვამი, ამიტომ მუხლსაც ამ კუთხით უნდა მივუდგეთ.
მე-20 მუხლში გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებული ეს გამოთქმა გვეხმარება, წარმოვიდგინოთ მსახური, რომელიც მუდამ მზად არის ბატონის მითითებების შესასრულებლად. ასეთი მსახური თავის ბატონს თვალებში შეჰყურებს, რომ მიხვდეს, რა სურს მას. ამის მსგავსად, დღეს იეჰოვას ხალხიც მთელ ყურადღებას აპყრობს ბიბლიაზე დაფუძნებულ იმ დროულ მითითებებს, რომლებსაც ღმერთი თავისი მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით აძლევს მათ (ფსალმუნები 122:1, 2). დიახ, ისინი მიჰყვებიან იეჰოვას ხელმძღვანელობას და მზადყოფნით ეხმაურებიან იმას, რასაც ის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ეუბნება მათ (მათე 24:45—47).
მაშ, რას ნიშნავს ის, რომ ღვთის მსახურებს სიტყვა „უკნიდან“ ესმით? გონივრულია დავასკვნათ, რომ ხმა, რომელიც უკნიდან მოისმის, არის წარსულიდან მოსული იეჰოვას ხმა, ანუ ღვთის წერილობითი სიტყვა, რომელსაც ის „ერთგული განმგებლის“ მეშვეობით გვიხსნის (ლუკა 12:42). ღვთის დღევანდელი მსახურები იმ გაგებით ისმენენ მის ხმას, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ ანუ „ერთგული განმგებლის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციების დახმარებით გულმოდგინედ სწავლობენ ბიბლიას და ცხოვრებაში იყენებენ მასში მოცემულ პრინციპებს. რადგან ღვთის მსახურები თავიანთი მოძღვრისგან მთელი გულით მოელიან დროულ მითითებებს და სწავლობენ საუკუნეების წინათ დაწერილ ღვთის სიტყვას, ისინი, ასე ვთქვათ, პირდაპირ უყურებენ იეჰოვას, მისი ხმა კი უკნიდან ესმით (რომაელთა 15:4).