არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამსხვერპლო რა ადგილი უკავია მას თაყვანისმცემლობაში?

სამსხვერპლო რა ადგილი უკავია მას თაყვანისმცემლობაში?

სამსხვერპლო რა ადგილი უკავია მას თაყვანისმცემლობაში?

მნიშვნელოვნად თვლით სამსხვერპლოს ღვთის თაყვანისმცემლობაში? ქრისტიანულ სამყაროში მას ბევრი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. იცით, რა არის ნათქვამი ბიბლიაში თაყვანისმცემლობაში სამსხვერპლოს გამოყენებაზე?

ბიბლიაში პირველად მოხსენიებულია ნოეს მიერ გაკეთებული სამსხვერპლო, რომელიც მან ღვთისთვის მსხვერპლის შესაწირავად ააგო წარღვნის შემდეგ, როდესაც კიდობნიდან გამოვიდა * (დაბადება 8:20).

ბაბილონში ენების არევის შემდეგ ხალხი მთელი დედამიწის ზურგზე გაიფანტა (დაბადება 11:1—9). ღვთის თაყვანისცემის თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო ადამიანები კვლავაც ცდილობდნენ, დაახლოებოდნენ ღმერთს, რომელიც მათთვის სულ უფრო უცხოვდებოდა და რომელსაც ბრმებივით ‘ეძიებდნენ’ (საქმეები 17:27; რომაელთა 2:14, 15). ნოეს დღეების შემდეგ ბევრი უგებდა სამსხვერპლოებს თავის ღვთაებებს. სამსხვერპლოების გამოყენება ცრუ თაყვანისმცემლობაში დაიწყეს. ხალხი, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს არ იცნობდა, ამაზრზენ რიტუალებში იყენებდა სამსხვერპლოებს — ისინი მსხვერპლად ადამიანებს, ბავშვებსაც კი სწირავდნენ. როდესაც იეჰოვას ზურგს აქცევდნენ, თვით ისრაელის მეფეებიც კი წარმართულ ღმერთებს, მაგალითად ბაალს, უგებდნენ სამსხვერპლოებს (3 მეფეთა 16:29—32). მაგრამ როგორ იყენებდნენ სამსხვერპლოებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში?

სამსხვერპლოები და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ისრაელში

ნოეს შემდეგ სხვა მორწმუნე მამაკაცებიც აგებდნენ სამსხვერპლოებს და სწირავდნენ მსხვერპლს ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას. აბრაამმა სასხვერპლოები ააშენა შექემში, ბეთელის მახლობლად, ხებრონში და მორიას მთაზე, სადაც შესწირა ვერძი, რომელიც ღმერთმა ისაკის მაგივრად მისცა. მოგვიანებით ისაკი, იაკობი და მოსეც უგებდნენ ღმერთს სამსხვერპლოებს და ამას თავისით, ყოველგვარი მითითების გარეშე აკეთებდნენ (დაბადება 12:6—8; 13:3, 18; 22:9—13; 26:23—25; 33:18—20; 35:1, 3, 7; გამოსვლა 17:15, 16; 24:4—8).

ღვთის რჯულის მიხედვით, ისრაელებს კარავი უნდა აეგოთ. ამ კარავს, რომელიც „საკრებულო კარვადაც“ იწოდებოდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ღვთის თაყვანისმცემლობაში (გამოსვლა 39:32, 40). კარავში ორი სამსხვერპლო იყო. სრულად დასაწველი მსხვერპლისთვის განკუთვნილი სამსხვერპლო, რომელზეც ცხოველებს სწირავდნენ, კარვის შესასვლელის წინ იდგა; ეს სამსხვერპლო აკაციის ხისგან იყო გაკეთებული და სპილენძით მოჭედილი (გამოსვლა 27:1—8; 39:39; 40:6, 29). საკმევლის საკმევად განკუთვნილი სამსხვერპლო კი კარავში, წმიდათა წმიდის ფარდის წინ, იდგა; ეს სამსხვერპლოც აკაციის ხისგან იყო გაკეთებული, მაგრამ ოქროთი იყო მოვარაყებული (გამოსვლა 30:1—6; 39:38; 40:5, 26, 27). ამ სამსხვერპლოზე დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, სპეციალური საკმეველი იკმეოდა (გამოსვლა 30:7—9). სოლომონის მიერ აგებულ ტაძარშიც, ისევე როგორც კარავში, ორი სამსხვერპლო იყო.

„ჭეშმარიტი კარავი“ და სიმბოლური სამსხვერპლო

რჯულის მიცემით იეჰოვას ისრაელებისთვის მხოლოდ კანონები არ დაუდგენია, რომელთა მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და მსხვერპლშესაწირავებისა და ლოცვის საშუალებით დაახლოებოდნენ მას. რჯულში ბევრი რამ, პავლეს სიტყვების თანახმად, „მაგალითი“ ანუ „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებრაელთა 8:3—5, აქ; 9:9; 10:1; კოლასელთა 2:17). სხვაგვარად რომ ვთქვათ, რჯული ისრაელებისთვის მხოლოდ ქრისტემდე წარმმართველი კი არ იყო, არამედ ნიმუშიც იყო იმისა, თუ როგორ განხორციელდებოდა ღვთის განზრახვა იესო ქრისტეს მეშვეობით (გალატელთა 3:24). დიახ, რჯულში ზოგ რამეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, საპასექო კრავი, რომლის სისხლიც ისრალების ხსნის ნიშნად გამოიყენებოდა, იესო ქრისტეს ასიმბოლოებდა. ის არის „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“; მან დაღვარა სისხლი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად (იოანე 1:29; ეფესელთა 1:7).

კარვისა და ტაძრის მსახურებაში ბევრი რამ ზეცაში არსებულის სიმბოლო იყო (ებრაელთა 8:5; 9:23). პავლემ მოიხსენია „ჭეშმარიტი კარავი, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა“. მან განაგრძო: „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით, ესე იგი, არა ამნაირად შექმნილით“ (ებრაელთა 8:2; 9:11). „უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარავი“ იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარია. დიდებული სულიერი ტაძარი კი, როგორც წერილებიდან ჩანს, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვასთან მიახლოების საშუალებაა (ებრაელთა 9:2—10, 23—28).

როდესაც ბიბლიიდან ვხედავთ, რომ რჯულში ბევრი რამ უფრო დიდებულისა და მნიშვნელოვანის — ზეციერის — სიმბოლოა, მეტად ვრწმუნდებით მის ღვთივსულიერებაში. აგრეთვე უფრო მეტად ვაფასებთ ღვთიურ სიბრძნეს, რომელიც შესანიშვნავად ჩანს წმინდა წერილებში (რომაელთა 11:33; 2 ტიმოთე 3:16).

წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა სრულადდასაწველის სამსხვერპლოსაც. როგორც ჩანს, ამ სამსხვერპლოთი წარმოდგენილი იყო ღვთის „ნება“ ანუ სურვილი, მიეღო იესოს სრულყოფილი მსხვერპლი (ებრაელთა 10:1—10).

ებრაელთა წიგნში პავლე საინტერესო რამეს აღნიშნავს: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ“ (ებრაელთა 13:10). რომელ სამსხვერპლოს გულისხმობდა პავლე ამ სიტყვებში?

ბევრი კათოლიკე თეოლოგი ფიქრობს, რომ ებრაელთა 13:10–ში მოხსენიებულ სამსხვერპლოში იგულისხმება საკურთხევლის მაგიდა, რომელზედაც მესას დროს სრულდება ევქარისტია, ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაქცევის საიდუმლო წესი. მაგრამ კონტექსტიდან ჩანს, რომ პავლე სიმბოლურ სამსხვერპლოზე ლაპარაკობდა. ზოგი თეოლოგიც ეთანხმება იმ აზრს, რომ ამ კონტექსტში სიტყვა „სამსხვერპლო“ სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული. იეზუიტი ჯუზეპე ბონსირვენის სიტყვების თანახმად, „ეს შეესაბამება [ებრაელთა მიმართ] ეპისტოლის სიმბოლურ ენას“. ბონსირვენი ამბობს: «ქრისტიანულ ენაში სიტყვა „სამსხვერპლო“ თავდაპირველად სულიერი მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მხოლოდ ირინეოსის, განსაკუთრებით კი ტერტულიანესა და წმინდა კიპრიანეს შემდეგ დაიწყო მისი გამოყენება ევქარისტიასა და ევქარისტულ მაგიდასთან დაკავშირებით».

როგორც ერთ კათოლიკურ ჟურნალში იყო აღნიშნული, სამსხვერპლოს გამოყენება დაიწყო „კონსტანტინეს დროს“, როდესაც „ბაზილიკების მშენებლობა დაიწყეს“. ჟურნალში აგრეთვე ნათქვამი იყო: „უეჭველია, რომ პირველ–მეორე საუკუნეებში ღვთის თაყვანისმცემლობისთვის არ არსებობდა კონკრეტული ადგილები; ლიტურგიული შეკრებები ტარდებოდა საკუთარ სახლებში. . . წეს–ჩვეულებების შესრულების შემდეგ ოთახებს, ჩვეულებრივ, დანიშნულებისამებრ იყენებდნენ“ (Rivista di Archeologia Cristiana).

სამსხვერპლო ქრისტიანულ სამყაროში

„სამსხვერპლო, — ნათქვამია იტალიაში გამომავალ კათოლიკურ ჟურნალ „ჩივილტა კათოლიკაში“, — არა მხოლოდ ეკლესიის შენობის, არამედ ცოცხალი ეკლესიის ცენტრია“. მაგრამ იესო ქრისტეს სამსხვერპლოსთან შესასრულებელი არანაირი რიტუალი არ დაუდგენია; და არც თავისი მოწაფეებისთვის დაუვალებია მსგავისი რამ. მათეს 5:23, 24–ში და ყოველთვის, როცა კი სამსხვერპლოს იხსენიებდა, იესო იუდეველთა წეს–ჩვეულებებზე ლაპარაკობდა; მას არ უთქვამს, რომ მის მიმდევრებსაც უნდა გამოეყენებინათ სამსხვერპლო ღვთის თაყვანისმცემლობაში.

ამერიკელმა ისტორიკოსმა, ჯორჯ ფუტ მურმა (1851—1931), დაწერა: „ქრისტიანული თაყვანისმცემლობის ძირითადი თავისებურებები ყოველთვის უცვლელი იყო, მაგრამ II საუკუნეში იუსტინეს მიერ აღწერილი მარტივი რიტუალები, დროთა განმავლობაში, გართულდა და თაყვანისმცემლობის ძირითად და შთამბეჭდავ ფორმებად ჩამოყალიბდა“. კათოლიკური წეს–ჩვეულებები და რელიგიური დღესასწაულები დღეს იმდენად რთული და მრავალგვარია, რომ კათოლიკურ სემინარიებში ლიტურგია ცალკე საგნად ისწავლება. მური განაგრძობს: „ამ ტენდენციას, რომელიც ყოველგვარ რიტუალს შეეხო, ხელი შეუწყო ძველმა აღთქმამაც, როდესაც ღვთის მიერ დადგენილი სამღვდელოების მემკვიდრედ ქრისტიანული სამღვდელოება იქნა აღიარებული. მღვდელმთავრის დიდებული ჩაცმულობა, მღვდლების სარიტუალო სამოსი, საზეიმო პროცესიები, ფსალმუნების შემსრულებელ ლევიან მომღერალთა გუნდები, საკმევლის კმევა — ეს ყოველივე თაყვანისცემისთვის ღვთის მიერ მიცემულ ნიმუშად იქნა მიღებული, რაც ეკლესიას საფუძველს აძლევდა, ტოლი არ დაედო ძველთაძველი რელიგიებისთვის“.

საოცარია, რომ ბევრი რიტუალი, დღესასწაული და ჩაცმულობასთან თუ რელიგიური ნივთების გამოყენებასთან დაკავშირებული ჩვეულება სახარებებში მოცემულ ქრისტეს სწავლებებზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ იუდაურ და წარმართულ წეს–ჩვეულებებზე. ერთ კათოლიკურ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ კათოლიციზმში „სამსხვერპლოს გამოყენება იუდაიზმიდან, ნაწილობრივ კი წარმართობიდან დამკვიდრდა“ (Enciclopedia Cattolica). ახ. წ. მესამე საუკუნეში მოღვაწე აპოლოგეტი, მინუციუს ფელიქსი, წერდა, რომ „ქრისტიანებს არც ტაძრები ჰქონდათ და არც სამსხვერპლოები“. რელიგიურ ლექსიკონში „რელიგიები და მითები“ მსგავსად არის ნათქვამი: „პირველმა ქრისტიანებმა უარი თქვეს სამსხვერპლოს გამოყენებაზე, რათა გამოყოფილი ყოფილიყვნენ იუდაური და წარმართული თაყვანისმცემლობიდან“.

ქრისტიანობა, ძირითადად, დაფუძნებული იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ და ნებისმიერ ქვეყანაში მისაღებ პრინციპებზე. ამიტომაც დედამიწაზე საჭირო აღარ იყო წმინდა ქალაქი, ტაძარი, მისი სამსხვერპლოები და განსხვავებული ტანსაცმლით შემოსილი სამღვდელოება. „დგება ჟამი, — თქვა იესომ, — როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. . . ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:21, 23). რთული რიტუალები და ეკლესიებში სამსხვერპლოების გამოყენება ეწინააღმდეგება იესოს სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვცემდეთ თაყვანს ჭეშმარიტ ღმერთს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 შესაძლოა, მანამდე კაენმა და აბელმაც სამსხვერპლოებზე შესწირეს მსხვერპლი იეჰოვას (დაბადება 4:3, 4).