ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკში
ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკში
რა წარმოგიდგებათ თვალწინ ლტოლვილთა ბანაკის ხსენებაზე? ყოფილხართ ასეთ ბანაკში? იცით, როგორ გამოიყურება ის?
იმ დროისათვის, როდესაც ეს სტატია მზადდებოდა, ტანზანიის დასავლეთ ნაწილში ლტოლვილთა 13 ბანაკი არსებობდა. ტანზანიის მთავრობამ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად აფრიკის სხვა ქვეყნებიდან სამოქალაქო ომების გამო გაქცეულ დაახლოებით 500 000 ლტოლვილს მისცა თავშესაფარი. როგორ ცხოვრობენ ლტოლვილები ბანაკებში?
პირველი დღეები
კანდიდა, მოზარდი გოგონა, იხსენებს, რამდენიმე წლის წინათ როგორ დასახლდა მისი ოჯახი ლტოლვილთა ბანაკში: „თავიდან პროდუქტების შესაძენად საჭირო ტალონი და საიდენტიფიკაციო ნომერი მოგვცეს. შემდეგ ნიერუგუსუს ლტოლვილთა ბანაკში გაგვანაწილეს, სადაც მიწის ნაკვეთისა და ქუჩის ნომრები მივიღეთ. გვაჩვენეს, სად უნდა მოგვეჭრა ხეები და მოგვეგროვებინა ჩალა, რომ პატარა სახლი აგვეგო. ტალახისგან აგურები გავაკეთეთ; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა კი გადასახურავი მასალა მოგვცა. დიდი შრომის მიუხედავად, ძალიან გვიხაროდა, რომ უკვე უბრალო თავშესაფარი მაინც გვქონდა“.
მათ ბანაკში ლტოლვილები პროდუქტებს ორ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, ტალონებით იღებენ. „რიგში ვდგებით და გაეროს მიერ გამოგზავნილ ძირითად საკვებ პროდუქტებს ვიღებთ“, — ამბობს კანდიდა.
რა შედის ლტოლვილის დღიურ ნორმაში?
„გვაძლევენ დაახლოებით 3 ჭიქა სიმინდის ფქვილს, ერთ ჭიქა ბარდას, 20 გრამ სოიას, 2 სუფრის კოვზ ზეთსა და 10 გრამ მარილს. ხანდახან ვიღებთ საპნის ნაჭერსაც, რომელიც მთელი თვის განმავლობაში უნდა ვიმყოფინოთ“.
აქვთ ლტოლვილებს სუფთა წყალი? რიზიკი, ახალგაზრდა ქალი, ამბობს: „დიახ, წყალს მდინარეებიდან ტუმბავენ და დიდ რეზერვუარებში აგროვებენ. იქიდან კი ბანაკებში რამდენიმე ადგილას
არის გამოყვანილი. წყალი დაქლორილია, მაგრამ დაავადებებს რომ მოვერიდოთ, დასალევად მაინც ვადუღებთ. ხშირად დილიდან საღამომდე წყლის ავსებას და იქვე სარეცხის რეცხვას ვუნდებით. დღეში მხოლოდ ერთ-ნახევარი ვედრო წყლის ავსება შეგვიძლია“.ლტოლვილთა ბანაკში თუ გაივლით, ალბათ, შენიშნავთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. ზოგჯერ უფროსებისთვისაც ტარდება კურსები. ლტოლვილთა უსაფრთხოებაზე ბანაკთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილება და სახელმწიფო დაწესებულება ზრუნავს. ბანაკში დიდი ბაზარი აქვთ, სადაც ხილი, ბოსტნეული, თევზი, ქათამი თუ სხვა პროდუქტები იყიდება. გასაყიდი საქონელი ადგილობრივ მოსახლეობას შემოაქვს. საიდან აქვთ ფული ლტოლვილებს რამის საყიდლად? ზოგი პატარა ბოსტანს უვლის და მოსავალი ბაზარში მიაქვს, ზოგი კი თავის წილ ფქვილსა და ბარდას ყიდის, რათა ხორცი და ხილი შეიძინოს. დიახ, ლტოლვილთა ბანაკი დიდ სოფელს უფრო ჰგავს, ვიდრე ბანაკს. ბაზარში ხშირად შენიშნავთ ლტოლვილებს, რომლებიც იცინიან და ისევე ერთობიან, როგორც სამშობლოში გაერთობოდნენ.
საავადმყოფოსთან თუ შეჩერდებით, ექიმები აგიხსნიან, რომ არც თუ ისე რთულ დაავადებებს ბანაკის პოლიკლინიკებში მკურნალობენ, ხოლო საავადმყოფოს დანიშნულება სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სერიოზული დაავადებების მკურნალობაა. გასაგებია, რომ საავადმყოფოში ერთ-ერთი მთავარი
განყოფილება სამშობიარო განყოფილებაა. ბანაკში, სადაც 48 000 ლტოლვილია, თვეში შეიძლება დაახლოებით 250 ბავშვი დაიბადოს.უხვი სულიერი საზრდო
იეჰოვას მოწმეებს, ალბათ, მთელ მსოფლიოში აინტერესებთ ტანზანიის ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები სულიერი ძმების მდგომარეობა. ბანაკებში ჩამოყალიბებულ 14 კრებასა და 3 ჯგუფში მთლიანობაში 1 200 მოწმეა. როგორ მსახურობენ ისინი?
იეჰოვას მოწმე ლტოლვილებმა ბანაკში მისვლისთანავე ითხოვეს მიწის ნაკვეთი, სადაც სამეფო დარბაზს ააშენებდნენ, რათა ყველას სცოდნოდა, სად შეიძლებოდა მოწმეების ნახვა და ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება. ლუგუფუს ლტოლვილთა ბანაკში 7 კრებაა, რომლებშიც აქტიურად მსახურობს 659 მოწმე. კვირაობით შეხვედრებს მთლიანობაში 1 700 ლტოლვილი ესწრება შვიდივე კრებაში.
ბანაკებში ლტოლვილები კონგრესებსაც ესწრებიან. პირველი საოლქო კონგრესის პროგრამა ლუგუფუს ბანაკში 2 363-მა კაცმა მოისმინა. მოინათლა 56. მოსანათლავად მოწმეებმა აუზი იქვე ახლოს მოამზადეს: მიწაში ორმო ამოთხარეს და წყალგაუმტარი მასალა ჩააფინეს. ძმებმა წყალი დაახლოებით ორი კილომეტრით დაშორებული მდინარიდან ველოსიპედებით მოზიდეს. ერთ ჯერზე მხოლოდ 20 ლიტრის მოტანა შეეძლოთ, რის გამოც რამდენჯერმე დასჭირდათ მდინარეზე წასვლა. კონგრესზე მოსანათლავები მოკრძალებულად იყვნენ ჩაცმულები. 56-ვე წყალში სრული ჩაძირვით მოინათლა. ერთმა სრული დროით მსახურმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ 40 ლტოლვილს ასწავლიდა ბიბლიას. ოთხი მათგანი კონგრესზე მოინათლა.
იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივმა ფილიალმა იზრუნა, რომ ბანაკები რეგულარულად მოენახულებინათ მიმომსვლელ ზედამხედველებს. აი, რას ამბობს ერთი მათგანი: „ლტოლვილი ძმები გულმოდგინედ მსახურობენ. საქადაგებლად
საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვთ. ერთ კრებაში თითოეული მოწმე თვეში საშუალოდ 34 საათს ქადაგებს. ბევრს ბიბლიის ხუთი ან უფრო მეტი შესწავლა აქვს. ერთმა პიონერმა [სრული დროით მსახურმა] თქვა, რომ ვერც კი წარმოუდგენია ამაზე უკეთესი ტერიტორია. ბანაკებში ხალხი ძალიან აფასებს ჩვენს პუბლიკაციებს“.როგორ მიეწოდება ბანაკებს ბიბლიური ლიტერატურა? ფილიალი მატარებლით გზავნის ლიტერატურას ტანგანიიკის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ კიგომაში, საიდანაც ძმები ბანაკში არსებულ კრებებს უგზავნიან. ზოგჯერ ძმები სატვირთო მანქანას ქირაობენ და ბანაკებში თვითონვე შეაქვთ ლიტერატურა. კიგომადან ბანაკებამდე ოღროჩოღრო გზებით მგზავრობას 3—4 დღე სჭირდება.
მატერიალური დახმარება
საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებულად დაეხმარენ ლტოლვილებს. ზოგმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ნებართვით, მოინახულა ტანზანიის ბანაკები. ევროპელმა მოწმეებმა რამდენიმე ტონა სურსათი და სხვა საჭირო ნივთები შეაგროვეს, მათ შორის: სოიის რძე, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სკოლის სახელმძღვანელოები და საპონი. ეს ყველაფერი ლტოლვილებს შორის ბიბლიური პრინციპის მიხედვით განაწილდა: „სანამ დროა, კეთილი ვუყოთ ყველას, და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“ (გალატელთა 6:10, სსგ).
ჰუმანიტარული საქონლით ბევრ ლტოლვილს გაეწია დახმარება. ერთ-ერთი ბანაკის ლტოლვილთა კომიტეტმა მადლიერება გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „მთელი ბანაკის სახელით მადლობას ვუხდით თქვენს ორგანიზაციას, რომელიც სამჯერ დაგვეხმარა . . . ტანსაცმელი 12 654 ლტოლვილზე — მამაკაცებზე, ქალებზე, ბავშვებსა და ახალშობილებზე — განაწილდა. მუიოვოზის ბანაკში დღესდღეობით 37 000 ლტოლვილია დასახლებული. დახმარება გაეწია 12 654-ს, რაც 34, 2 პროცენტს შეადგენს“.
სხვა ბანაკში 12 382 ლტოლვილზე განაწილდა ტანსაცმელი; თითოეულს სამი რამის აღება შეეძლო. ერთმა ბანაკმა სკოლის ათასობით სახელმძღვანელო მიიღო. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთ-ერთმა წევრმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მადლობელი ვართ შემოწირული ნივთებისთვის, რომელთა საშუალებითაც ბანაკში მცხოვრები ლტოლვილების აუცილებელი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდა. ბოლოს მივიღეთ 5 კონტეინერი სახელმძღვანელოები, რომლებიც ლტოლვილებს შორის გავანაწილეთ . . . დიდი მადლობა“.
ადგილობრივ გაზეთებშიც დაიწერა ამ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. 2001 წლის 20 მაისის „სანდი ნიუზში“ დაიბეჭდა სტატია „ლტოლვილებისთვის ტანზანიაში ტანსაცმელი შემოდის“. ამავე გაზეთის 2002 წლის 10 თებერვლის ნომერში ნათქვამი იყო: „ლტოლვილები მადლობელი არიან შემოწირული ნივთებისთვის, რადგან ბავშვები, რომლებიც ტანსაცმლის უქონლობის გამო სკოლაში ვერ დადიოდნენ, ახლა რეგულარულად ესწრებიან გაკვეთილებს“.
შევიწროებულნი, მაგრამ არა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფნი
ლტოლვილთა უმრავლესობას დაახლოებით ერთი წელიწადი სჭირდება ბანაკში ახალ ცხოვრებასთან შესაგუებლად. ლტოლვილები უბრალოდ ცხოვრობენ. იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, ქადაგებით არიან დაკავებული — ლტოლვილ მეზობლებს ღვთის სიტყვის, ბიბლიის, სასიხარულო ცნობით ანუგეშებენ. ისინი ქადაგებენ ახალ ქვეყნიერებაზე, სადაც ადამიანები „თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“. ცხადია, ღვთის წყალობით, ახალ ქვეყნიერებაში აღარ იარსებებს ლტოლვილთა ბანაკები (მიქა 4:3, 4; ფსალმუნები 45:10).
[სურათი 8 გვერდზე]
სახლები ნდუტას ბანაკში.
[სურათები 10 გვერდზე]
სამეფო დარბაზი ლუკოლეში (მარჯვნივ). ნათლობა ლუგუფუში (ქვემოთ).
[სურათი 10 გვერდზე]
საოლქო კონგრესი ნიერუგუსუს ბანაკში.