„ვიპოვე ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა“
„ვიპოვე ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობის თანახმად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 120 მილიონზე მეტი ადამიანია დეპრესიაში. ყოველწლიურად მილიონი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, 10-დან 20 მილიონამდე კი თავის მოკვლას ცდილობს. რა შეიძლება დაეხმაროს დეპრესიით გატანჯულებს? სათანადო მკურნალობას შეუძლია ამ დაავადებით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება. მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერაც. გარდა ამისა, დეპრესიით დაავადებულ ზოგ ადამიანს იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული, ბიბლიაზე დაფუძნებული სასარგებლო ლიტერატურაც დაეხმარა. ამას ცხადყოფს საფრანგეთიდან მიღებული წერილი:
«არც ისე დიდი ხნის წინათ ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. ღმერთს ვთხოვდი, რომ მოვმკვდარიყავი. თითქოს შინაგანად მკვდარი ვიყავი, მაგრამ ხელმძღვანელობისთვის მთელი გულით მივმართავდი იეჰოვას. აგრეთვე გადავწყვიტე, წამეკითხა 2002 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, რომელიც სამ დღეში დავამთავრე. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პუბლიკაციამ ძალიან გამამხნევა და გამაძლიერა რწმენაში.
ამის შემდეგ გულდასმით გამოვიკვლიე ჟურნალ „საგუშაგო კოშკისა“ და გამოიღვიძეთ!“-ის ზოგი ნომერიც და განცვიფრებული დავრჩი! ამ ჟურნალებს უკვე 15 წელზე მეტია, რაც სისტემატურად ვკითხულობ, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვხვდებოდი, რამდენად გამამხნევებელი და საინტერესო სტატიები ყოფილა მასში მოცემული. ისინი სიყვარულით არის დაწერილი — ეს კი ასეთი იშვიათობაა დღეს. ზუსტად ის ვიპოვე, რაც მჭირდებოდა».
ბიბლიაში ნათქვამია: „ახლოა უფალი გულგატეხილებთან, და სულით დაცემულებს იხსნის“ (ფსალმუნები 33:19, აქ). ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყველა „გულგატეხილს“ ან „სულით დაცემულს“ შეუძლია გამამხნევებელი და მომავლის იმედის ჩამნერგავი სიტყვების პოვნა ბიბლიაში. დღეს იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას ავრცელებენ, რათა დაეხმარონ მათ, ვისაც ღვთის მიერ შთაგონებული ამ მანუგეშებელი წყაროს საშუალებით სჭირდება გამხნევება.