რა არის განქორწინების ერთადერთი ბიბლიური მიზეზი?
რა არის განქორწინების ერთადერთი ბიბლიური მიზეზი?
იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას აღნიშნა: «ასევე ნათქვამია: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა“. მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს» (მათე 5:31, 32). გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ფარისევლებს აუხსნა, რომ „დასაბამიდან“ არ იღებდა სათავეს მოსეს მიერ დაშვებული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც მათ ცოლებთან გაყრის ნება მიეცათ, იესომ დასძინა: „მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:8, 9).
ზოგჯერ განასხვავებენ „სიძვასა“ და „მრუშობას“. მაგალითად, განიმარტება ხოლმე, რომ მეძავები არიან დაუქორწინებლები, რომლებსაც სქესობრივი ურთიერთობა აქვთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, მრუშები კი — დაქორწინებულები, რომლებიც კანონიერი მეუღლეების გარდა საპირისპირო სქესის სხვა წარმომადგენლებთანაც ამყარებენ ასეთ ურთიერთობას. მაგრამ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ * (ინგლ.), სტატიაში „სიძვა“, ნათქვამია, რომ ბერძნული სიტყვიდან („პორნეია“) ნათარგმნი სიტყვა „სიძვა“ გულისხმობს ნებისმიერ უკანონო სქესობრივ ურთიერთობას. მაშასადამე, იესოს სიტყვების თანახმად, რომლებიც მათე 5:32-სა და 19:9-შია ჩაწერილი, განქორწინების ერთადერთი საფუძველი არის ერთ-ერთი მეუღლის მიერ „პორნეიას“ ჩადენა. ასეთ შემთხვევაში, ქრისტეს მიმდევარს, თუ სურს, შეუძლია გაეყაროს მეუღლეს, რის შემდეგაც მას უფლება აქვს, ხელმეორედ დაქორწინდეს სხვა ქრისტიანზე (1 კორინთელთა 7:39).
უდიდესი გარყვნილება და სისაძაგლეა, როცა დაქორწინებული ადამიანი თავისივე სქესის წარმომადგენელთან სჩადის სექსუალურ უზნეობას (ჰომოსექსუალიზმი). ასეთი უზნეობის ჩამდენი ადამიანები მოუნანიებლობის შემთხვევაში ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ. გარდა ამისა, ცხოველებთან სქესობრივი კავშირიც (ზოოფილია) დაგმობილია ბიბლიაში (ლევიანები 18:22, 23; რომაელთა 1:24—27; 1 კორინთელთა 6:9, 10). სიტყვა „პორნეიაში“ ეს გაუკუღმართებული ქმედებებიც იგულისხმება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსეს რჯულის თანახმად, თავისივე სქესის პირთან ან ცხოველთან უზნეობის ჩამდენი ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა და მის უდანაშაულო მეუღლეს შეეძლო, ხელმეორედ დაქორწინებულიყო (ლევიანები 20:13, 15, 16).
იესო ქრისტემ აგრეთვე აღნიშნა, რომ „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). ამით მას არ უთქვამს, რომ თუ ვინმეს გულში არასწორი სურვილი აქვს, მაგრამ შესაბამისად არ მოქცეულა, ეს უკვე განქორწინების საბაბია. ნაცვლად ამისა, იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ ადამიანმა გული სუფთად უნდა შეინახოს და არასწორ ფიქრებსა და სურვილებს არ უნდა მისცეს განვითარების საშუალება (ფილიპელთა 4:8; იაკობი 1:14, 15).
იუდეველთა რაბინული კანონით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ცოლ-ქმარს შორის სქესობრივ ურთიერთობას და ქმარს ცოლთან გაყრის უფლება ეძლეოდა, თუ ცოლი უშვილო იყო. მაგრამ, ბიბლიის თანახმად, ქრისტიანებს არა აქვთ უფლება, ამ მიზეზით გაეყარონ მეუღლეებს. მიუხედავად იმისა, რომ სარა, რებეკა, რახელი და ელისაბედი მრავალი წლის მანძილზე უშვილოები იყვნენ, მათი ქმრები — აბრაამი, ისაკი, იაკობი და ზაქარია მღვდელი — არ გაჰყრიან მათ (დაბადება 11:30; 17:17; 25:19—26; 29:31; 30:1, 2, 22—25; ლუკა 1:5—7, 18, 24, 57).
ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ ქრისტიანს შეუძლია, გაეყაროს მეუღლეს, თუ მას ფიზიკურად არ შეუძლია მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, თუ ფსიქიკურად დაავადდა ან განუკურნებელი სენი შეეყარა. სიყვარულმა ქრისტიანს უნდა უბიძგოს, რომ კი არ გაეყაროს ასეთ მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, არამედ თანაგრძნობით მოეპყრას მას (ეფესელთა 5:28—31). აღსანიშნავია ისიც, რომ, ბიბლიის თანახმად, ქრისტიანებს არა აქვთ უფლება, გაეყარონ მეუღლეებს განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო. ნაცვლად ამისა, საღვთო წერილიდან ჩანს, რომ ურწმუნო მეუღლესთან დარჩენით ქრისტიანმა შეიძლება ის ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქციოს (1 კორინთელთა 7:12—16; 1 პეტრე 3:1—7).
მთაზე ქადაგებისას იესომ აღნიშნა, რომ „ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს“ (მათე 5:32). ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ, თუ ქმარი სხვა მიზეზის და არა „სიძვის“ („პორნეია“) გამო ეყრება ცოლს, ის მომავალში მრუშობისკენ უბიძგებს მას. ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთ შემთხვევაში ცოლი უსაფუძვლოდ არის გაყრილი ქმართან, რის გამოც სხვაზე დაქორწინების და მასთან სქესობრივი კავშირის უფლება არა აქვს. ქრისტემ აგრეთვე თქვა, რომ, თუ ვინმე ‘გაშვებულს შეირთავდა, იმრუშებდა’. ის გაშვებულ ქალში გულისხმობდა «სიძვის [„პორნეიას“] მიზეზის გარეშე» ქმართან გაყრილ ქალს. თუმცა შეიძლება ეს ქალი კანონიერად იყო განქორწინებული, ბიბლიური თვალსაზრისით ეს არ ჩაითვლებოდა განქორწინებად.
მათეს (19:3—9) მსგავსად, მარკოზმაც მოიხსენია თავის სახარებაში, თუ რა უთხრა იესომ განქორწინების თაობაზე ფარისევლებს: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს“ (მარკოზი 10:11, 12). მსგავსი სიტყვებია ჩაწერილი ლუკას 16:18-შიც: „ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს“. თუ მხოლოდ ამ მუხლებს წავიკითხავთ, შეიძლება ისეთი აზრი დაგვრჩეს, რომ ქრისტეს მიმდევრებს საერთოდ ეკრძალებათ გაყრა, ან განქორწინებულს მანამდე არა აქვს ხელახლა დაქორწინების უფლება, სანამ მისი ყოფილი მეუღლე არ მოკვდება. მაგრამ მარკოზისა და ლუკას სახარებებში მოყვანილი იესოს სიტყვები უნდა განვიხილოთ მათეს სახარებაში უფრო სრულად ჩაწერილი მისივე სიტყვების გათვალისწინებით. ამ სახარებაში იესო იყენებს ფრაზას „სიძვის მიზეზის გარეშე“ (მათე 19:9; იხილეთ აგრეთვე მათეს 5:32). ეს ფრაზა ცხადყოფს, რომ მარკოზისა და ლუკას სახარებებში ჩაწერილი, გაყრასთან დაკავშირებული იესოს სიტყვები ეხება ისეთ გაყრას, როცა ქმარი ან ცოლი სხვა მიზეზის, და არა „სიძვის“ („პორნეიას“), გამო ეყრება მეუღლეს.
ბიბლია არავის ავალდებულებს, გაეყაროს მოღალატე, მაგრამ მომნანიე, მეუღლეს. ასეთ შემთხვევაში ქრისტიან ქმარს ან ცოლს შეუძლია აპატიოს თავის მეუღლეს და ოსიასა და თავად იეჰოვას მაგალითს მიჰბაძოს: ოსიამ, როგორც ჩანს, უკან მიიღო თავისი მოღალატე ცოლი, გომერი, ხოლო იეჰოვამ შეიწყალა მომნანიე ისრაელი ერი, რომელიც სულიერ მრუშობაში იყო დამნაშავე (ოსია 3:1—5).
ღვთის თავდაპირველი ნორმის აღდგენა
ნათელია, რომ იესო ქრისტეს განაცხადი ხაზს უსვამდა იმის აუცილებლობას, რომ კვლავ ძალაში ყოფილიყო ქორწინებასთან დაკავშირებული მაღალი ნორმა, რომელიც იეჰოვამ თავდაპირველად დაადგინა. ამით ისიც ცხადი გახდა, რომ ვისაც იესოს მოწაფედ გახდომა სურდა, ერთგულად უნდა დაეცვა ეს მაღალი ნორმა. თუმცა მოსეს რჯულით დაშვებული გამონაკლისები ჯერ კიდევ ძალაში იყო, იესოს ჭეშმარიტი მოწაფეები, რომლებიც მისი მამის ნებას ასრულებდნენ და იესოს ნათქვამის თანახმად მოქმედებდნენ, აღარ ისარგებლებდნენ ამ გამონაკლისებით და არ გამოავლენდნენ „გულქვაობას“ მეუღლეების მიმართ (მათე 7:21—29; 19:8). ისინი, როგორც ნამდვილი მოწაფეები, არ დაარღვევდნენ ქორწინებასთან დაკავშირებულ ღვთის თავდაპირველ პრინციპებს და არ გაეყრებოდნენ მეუღლეებს «სიძვის [„პორნეიას“] მიზეზის გარეშე».
დაუქორწინებელი ადამიანი, რომელსაც სქესობრივი ურთიერთობა აქვს მეძავთან, „ერთი სხეული ხდება მასთან“. მსგავსადვე, მრუში თავისი კანონიერი მეუღლის ნაცვლად, „ერთი სხეული“ ხდება იმ უზნეო ადამიანთან, ვისთანაც სქესობრივი ურთიერთობა აქვს. ამგვარად, მრუში არა მხოლოდ საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს, არამედ თავისი კანონიერი ცოლის წინააღმდეგაც, რომელიც მანამდე „ერთი სხეული“ იყო თავის ქმართან (1 კორინთელთა 6:16—18). ამიტომ არის რომ, ღვთის მიერ დადგენილი პრინციპების თანახმად, მრუშობა განქორწინების საფუძვლიან მიზეზად ითვლება. როდესაც არსებობს ასეთი საფუძველი, განქორწინება კანონიერი იქნება და ქორწინება გაუქმდება, რაც უდანაშაულო მეუღლეს უფლებას მისცემს, ღირსეულად დაქორწინდეს სხვაზე (ებრაელთა 13:4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.