არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამაგრდით! მე ვძლიე წუთისოფელს

გამაგრდით! მე ვძლიე წუთისოფელს

გამაგრდით! მე ვძლიე წუთისოფელს

ხუთშაბათია, ახ. წ. 33 წლის 31 მარტი; მზე ჩავიდა და იუდეველთა კალენდრის მიხედვით დაიწყო 14 ნისანი — იესოს სიკვდილის დღე. იმ საღამოს იესო და მისი მოციქულები იერუსალიმში ერთი სახლის ზედა ოთახში შეიკრიბნენ პასექის აღსანიშნავად. „წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის“ წინ იესომ ცხადყო, რომ „ბოლომდე უყვარდა“ თავისი მოციქულები (იოანე 13:1). როგორ? შესანიშნავი მითითებების მიცემით მან ისინი მოამზადა იმისათვის, რაც მომავალში ელოდათ.

იმ საღამოს იესომ მოწაფეებს უთხრა: „გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33). რა იგულისხმა მან ამ გაბედულად ნათქვამ სიტყვებში? როგორც ჩანს, იესო ამასაც გულისხმობდა: „წუთისოფლის ბოროტებას მე არ გავუბოროტებივარ და შურისძიების გრძნობით არ აღვუვსივარ. ქვეყნიერებას ნება არ მივეცი, რომ თავის ყაიდაზე გადავეყვანე. თქვენც შეგიძლიათ ამავეს გაკეთება“. ის, რაც იესომ თავის ერთგულ მოციქულებს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ საათებში ასწავლა, მათაც დააძლევინებდა წუთისოფელს.

ვინ უარყოფს, რომ წუთისოფელი ბოროტებითაა სავსე? ჩვენ როგორ ვრეაგირებთ უსამართლობასა და ძალადობაზე? ღვარძლით ხომ არ გვავსებს ან შურისძიების სურვილს ხომ არ გვიჩენს წუთისოფლის ბოროტება? რა გავლენას ახდენს ჩვენზე ზნეობრივი ნორმების დაცემა? ამ ყოველივეს ჩვენს არასრულყოფილებასა და ცოდვილ მიდრეკილებებსაც თუ დავუმატებთ, გამოდის რომ, ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა — ერთი მხრივ, ბოროტი წუთისოფლის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი საკუთარი არასასურველი მიდრეკილებების წინააღმდეგ. გვაქვს გამარჯვების იმედი ღვთის დახმარების გარეშე? როგორ უნდა მივიღოთ ასეთი დახმარება? რა თვისებები უნდა განვივითაროთ, რომ ხორციელმა მიდრეკილებებმა ვერ გვძლიოს? პასუხების მისაღებად, განვიხილოთ, რა ასწავლა იესომ თავის საყვარელ მოწაფეებს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს.

თავმდაბლობით დასძლიეთ სიამაყე

განვიხილოთ სიამაყის ანუ ქედმაღლობის პრობლემა. ბიბლიაში ამ თვისების შესახებ ნათქვამია: „სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა“ (იგავები 16:18). გარდა ამისა, საღვთო წერილი გვეუბნება: „ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს“ (გალატელთა 6:3). დიახ, სიამაყე დამღუპველი და შეცდომაში შემყვანია. ამიტომაც გონივრულია, შევიძულოთ „სიამაყე და ქედმაღლობა“ (იგავები 8:13).

ახასიათებდათ იესოს მოციქულებს სიამაყე და ქედმაღლობა? მათ, ხშირად თუ არა, ერთხელ მაინც ჰქონდათ კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი (მარკოზი 9:33—37). სხვა შემთხვევისას, იაკობმა და იოანემ საპატიო ადგილი მოითხოვეს ღვთის სამეფოში (მარკოზი 10:35—45). იესოს სურდა მოწაფეებს ამ თვისების მოშორებაში დახმარებოდა. პასექის დღესასწაულზე ვახშმობისას სწორედ ამ მიზნით წამოდგა, წელზე პირსახოცი შემოირტყა და ფეხები დაბანა მოწაფეებს. იესომ პირდაპირ დაანახვა მათ, რის სწავლება სურდა. „თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, — უთხრა მან მოწაფეებს, — თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები“ (იოანე 13:14). დიახ, სიამაყის ადგილი საპირისპირო თვისებამ — თავმდაბლობამ — უნდა დაიკავოს.

სიამაყის დაძლევა არც ისე ადვილია. იმავე საღამოს, მას შემდეგ, რაც იესომ თავისი გამცემი იუდა ისკარიოტელი გაუშვა, თერთმეტმა მოციქულმა ცხარე კამათი დაიწყო. რაზე? იმაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათ შორის უდიდესი! იესომ, გაკიცხვის ნაცვლად, მოთმინებით კვლავაც სხვებისთვის მსახურების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს — მსახურივით“, — თქვა იესომ. შემდეგ კი მან საკუთარი თავი მოიყვანა მაგალითად: „მე . . . თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური“ (ლუკა 22:24—27).

ჩასწვდნენ მოციქულები მისი სიტყვების არსს? როგორც ჩანს, დიახ. წლების შემდეგ პეტრე მოციქულმა დაწერა: „იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც ვძლიოთ სიამაყეს თავმდაბლობით! გონივრულად მოვიქცევით, თუ შევეცდებით, არ გავებათ დიდებისკენ, ძალაუფლებისკენ და საპატიო მდგომარეობისკენ სწრაფვის მახეში. „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, — ნათქვამია ბიბლიაში, — თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იაკობი 4:6). მსგავსი აზრია ძველი დროის ბრძნულ იგავშიც: «საზღაური მორჩილებისა [„თავმდაბლობისა“, აქ], უფლის შიშისა, არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე» (იგავები 22:4).

როგორ ვძლიოთ სიძულვილს?

განვიხილოთ წუთისოფლისთვის დამახასიათებელი სხვა თვისება — სიძულვილი. სხვადასხვა მიზეზით — შიშით, უმეცრებით, წინასწარ შექმნილი აზრით, ჩაგვრით, უსამართლობით, ნაციონალიზმით თუ რასიზმით — გამოწვეულ სიძულვილს მთელ მსოფლიოში აქვს ფესვები გადგმული (2 ტიმოთე 3:1—4). სიძულვილი იესოს დღეებშიც იყო გავრცელებული. მაგალითად, იუდეველთა საზოგადოებაში სძულდათ გადასახადების ამკრეფები. გარდა ამისა, იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ სამარიელებთან (იოანე 4:9). ისინი სხვა ერებსაც არაფრად აგდებდნენ. მაგრამ თაყვანისმცემლობის ფორმა, რომელიც იესომ დააარსა, ყველა ერში უნდა გავრცელებულიყო (საქმეები 10:34, 35; გალატელთა 3:28). ამიტომაც იესომ სიყვარულით შეიტანა სიახლე თავის მოწაფეთა შორის.

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, — თქვა იესომ: — გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“. მის მოწაფეებს ამგვარი სიყვარულის გამოვლენა უნდა ესწავლათ, რადგან იესომ განაგრძო: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35). ეს მცნება იმ გაგებით იყო ახალი, რომ მასში ‘მოყვასის საკუთარი თავივით’ სიყვარულზე მეტი იგულისხმებოდა (ლევიანები 19:18). კერძოდ რა? იესომ ნათელი მოჰფინა ამ საკითხს: „ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:12, 13). მოწაფეები მზად უნდა ყოფილიყვნენ, სიცოცხლე გაეღოთ, როგორც ერთმანეთისთვის, ისე სხვებისთვის.

როგორ უნდა გათავისუფლდეს არასრულყოფილი ადამიანი სიძულვილისგან? ამ უარყოფითი თვისების ნაცვლად თავგანწირვის სულისა და ძლიერი სიყვარულის განვითარებით. ამას დღეს ყოველი ერის, კულტურის, რელიგიისა თუ საზოგადოებრივი მდგომარეობის მილიონობით გულწრფელი ადამიანი აკეთებს. ისინი გაერთიანებული არიან იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საძმოში, რომლისთვისაც უცხოა სიძულვილი. მათ ყურად იღეს იოანე მოციქულის სიტყვები: „ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია“ (1 იოანე 3:15). ჭეშმარიტი ქრისტიანების სიყვარული მხოლოდ კონფლიქტების დროს იარაღის აღებაზე უარის თქმით არ შემოიფარგლება; ისინი ყოველმხრივ ცდილობენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოვლენას.

რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენი თანამორწმუნე ან ვისაც ვძულვართ კიდეც? ძელზე გაკრული იესო მათთვის ლოცულობდა, ვინც სისრულეში მოიყვანა მისთვის გამოტანილი განაჩენი: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34). მოწაფე სტეფანე, რომელიც ქვებით ჩაქოლეს სიძულვილით აღვსილმა იუდეველებმა, უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ ღმერთს შეევედრა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას“ (საქმეები 7:60). იესო და სტეფანე იმ ადამიანებსაც კი სიკეთეს უსურვებდნენ, რომლებსაც სძულდათ ისინი. მათ გულში არ ჩაუდიათ სიძულვილი. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ქრისტიანებმა „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალატელთა 6:10, აქ).

მარადიული დამხმარე

უკანასკნელ საღამოს იესომ 11 მოციქულს ისიც უთხრა, რომ მალე ფიზიკურად მათთან აღარ იქნებოდა (იოანე 14:28; 16:28). მაგრამ ის შეჰპირდა მათ: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს“ (იოანე 14:16, აქ). აღთქმული დამხმარე ღვთის სულიწმიდა უნდა ყოფილიყო. სულიწმიდის დახმარებით ისინი საღვთო წერილის სიღრმეებს ჩასწვდებოდნენ და გაიხსენებდნენ ყველაფერს, რასაც იესო დედამიწაზე მსახურების დროს ასწავლიდა (იოანე 14:26).

დღეს როგორ გვეხმარება სულიწმიდა? ბიბლია სწორედ ღვთის სულით არის დაწერილი. ღვთის მსახურები „სულიწმიდის მიერ აღძრულნი“ წარმოთქვამდნენ წინასწარმეტყველებებს და წერდნენ ბიბლიის წიგნებს (2 პეტრე 1:20, 21; 2 ტიმოთე 3:16). წმინდა წერილების შესწავლითა და ნასწავლის გამოყენებით ცოდნას, სიბრძნეს, გამჭრიახობას, საღად აზროვნებისა და განსჯის უნარს ვიძენთ. განა ამ შემთხვევაში უფრო მტკიცედ არ შევხვდებით ამ ბოროტი წუთისოფლის მხრიდან დაწოლას?

სულიწმიდა სხვა მხრივაც გვეხმარება. ის სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენზე, რათა ღვთისმოსაწონი თვისებები გამოვავლინოთ. „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“, — ნათქვამია ბიბლიაში. განა ეს სწორედ ის თვისებები არაა, რომლებიც უზნეობის, დავის, ეჭვიანობის, განრისხებისა თუ სხვა ნებისმიერი ხორციელი მიდრეკილების დაძლევაში დაგვეხმარება? (გალატელთა 5:19—23, აქ).

ღვთის სულზე დანდობით „აღმატებულ ძლიერებასაც“ ვიღებთ, რათა ნებისმიერი განსაცდელი გადავიტანოთ (2 კორინთელთა 4:7). სულიწმიდამ შეიძლება არ აგვარიდოს ესა თუ ის განსაცდელი, მაგრამ აუცილებლად დაგვეხმარება, რომ მას გავუძლოთ (1 კორინთელთა 10:13). „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“, — დაწერა პავლე მოციქულმა (ფილიპელთა 4:13). ღმერთი სულიწმიდის საშუალებით იძლევა ასეთ ძალას. მართლაც რომ მადლობელი უნდა ვიყოთ სულიწმიდისთვის! ღვთის დაპირებისამებრ, სულიწმიდა დაეხმარება ყველას, ვისაც ‘უყვარს იესო და მის მცნებებს იცავს’ (იოანე 14:15).

„დარჩით ჩემს სიყვარულში“

გარდა იმისა, რაც ზემოთ განვიხილეთ, დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესომ მოციქულებს უთხრა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს“ (იოანე 14:21). „დარჩით ჩემს სიყვარულში!“ — მოგვიწოდა იესომ (იოანე 15:9). როგორ გვეხმარება ზეციერი მამისა და მისი ძის სიყვარულში დარჩენა ერთი მხრივ, ჩვენი ცოდვილი ბუნების წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, ბოროტი წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლაში?

განა შევძლებთ სტიმულის გარეშე საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებას? რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სტიმული, ვიდრე იეჰოვა ღმერთთან და მის ძესთან ახლო ურთიერთობის დამყარების სურვილი? ერნესტომ, * ახალგაზრდამ, რომელიც გარდატეხის ასაკიდან უზნეობაში იყო გახვეული, დიდი ბრძოლის შედგად შეძლო ცხოვრების წესის შეცვლა. ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „მინდოდა ღმერთისთვის მესიამოვნებინა. ბიბლიიდან კი გავიგე, რომ მის მოსაწონად არ ვცხოვრობდი. ამიტომაც გადავწყვიტე, ცხოვრება შემეცვალა და ღვთის მცნებები დამეცვა. ყოველდღე მიწევდა ბრძოლა უარყოფითი, ბინძური აზრების წინააღმდეგ, რომლებიც ვერა და ვერ მოვიშორე. მაგრამ ამ ბრძოლაში გამარჯვება მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი და ღმერთს განუწყვეტლივ ვთხოვდი დახმარებას. ორი წლის შემდეგ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გავლილი მქონდა, თუმცა დღესაც მიწევს საკუთარი თავის მოთოკვა“.

წუთისოფლის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გავიხსენოთ, რა თქვა იესომ დასკვნით ლოცვაში, ვიდრე ზედა ოთახს დატოვებდა. მან მოწაფეებისთვის ილოცა და მამას სთხოვა: „არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:15, 16). რა იმედის მომცემი სიტყვებია! იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის საყვარელ მსახურებს და ამ წუთისოფლისგან გამოყოფის ძალას აძლევს.

„იწამეთ ღმერთი“

იესოს მცნებების დაცვა ნამდვილად დაგვეხმარება ამ ბოროტი წუთისოფლისა და ჩვენი ცოდვილი ბუნების წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად. თუმცა, ასეთი გამარჯვებების მოპოვება მნიშვნელოვანია, მათი წყალობით არც წუთისოფელი შეიცვლება და ვერც მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვილ ბუნებას შევცვლით სრულიად. ამის გამო სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ.

„გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, — ნათქვამია ბიბლიაში, — ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17). იესომ სიცოცხლე გაიღო, რათა ცოდვისა და სიკვდილისაგან ეხსნა „ყოველი მისი მორწმუნე“ (იოანე 3:16). ამიტომაც, სულ უფრო მეტი უნდა გავიგოთ ღვთის ნებისა და განზრახვების შესახებ და, ამასთანავე, ყურად უნდა ვიღოთ იესოს შეგონება: „იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე“ (იოანე 14:1).

[სქოლიოები]

^ აბზ. 22 სახელი შეცვლილია.

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

„დარჩით ჩემს სიყვარულში“, — მოუწოდა იესომ მოციქულებს.

[სურათი 7 გვერდზე]

მალე სრულიად გავთავისუფლდებით ცოდვისა და მისი შედეგებისგან.