არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პირველი საუკუნის ქრისტიანები და მოსეს რჯული

პირველი საუკუნის ქრისტიანები და მოსეს რჯული

პირველი საუკუნის ქრისტიანები და მოსეს რჯული

«რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ [„ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“, აქ]» (გალატელთა 3:24).

1, 2. რა სარგებლობა მოჰქონდა ისრაელებისთვის მოსეს რჯულის მთელი გულით დაცვას?

ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს იეჰოვამ ისრაელებს კანონების კრებული მისცა. ღმერთმა ხალხს უთხრა, რომ თუ მოუსმენდნენ მას, აკურთხებდა მათ და ბედნიერები და კმაყოფილები იქნებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6).

2 კანონების კრებული, რომელსაც მოსეს რჯულს ან, უბრალოდ, რჯულს უწოდებდნენ, ‘წმინდა, მართალი და კეთილი’ იყო (რომაელთა 7:12). ის ხელს უწყობდა ისეთი დადებითი თვისებების განვითარებას, როგორიცაა: სიკეთე, პატიოსნება, ზნეობრივი სისუფთავე და მოყვასის სიყვარული (გამოსვლა 23:4, 5; ლევიანები 19:14; მეორე რჯული 15:13—15; 22:10, 22). რჯული ისრაელებს ერთმანეთის სიყვარულისკენაც მოუწოდებდა (ლევიანები 19:18). გარდა ამისა, მათ არ უნდა ჰქონოდათ სხვა ერებთან ახლო ურთიერთობა და მათი ქალები ცოლად არ უნდა მოეყვანათ, რადგან ისინი რჯულს არ ემორჩილებოდნენ (მეორე რჯული 7:3, 4). მოსეს რჯული ისრაელებსა და დანარჩენ ხალხებს შორის დამცავი „ზღუდის“ როლს ასრულებდა — ღვთის ხალხს წარმართული აზროვნებითა და ტრადიციებით წაბილწვისგან იცავდა (ეფესელთა 2:14, 15; იოანე 18:28).

3. რა როლი შეასრულა რჯულმა მიუხედავად იმისა, რომ არავის შეეძლო მისი სრულყოფილად დაცვა?

3 აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ღვთის რჯულის ყველაზე გულმოდგინედ დამცველებსაც კი არ შეეძლოთ მისი სრულყოფილად დაცვა. მეტისმეტს ხომ არ მოელოდა იეჰოვა თავისი ხალხისგან? არა. რჯულის მიცემის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ „ცხადი გაეხადა დარღვევები“ (გალატელთა 3:19, აქ). ის გულწრფელ ისრაელებს იმის გაცნობიერების საშუალებას აძლევდა, რომ გამომსყიდველს საჭიროებდნენ. ამ გამომსყიდველის მოსვლამ კი ერთგული ისრაელები გაახარა. ცოდვასა და სიკვდილთან დაკავშირებული წყევლისგან მათი ხსნა ძალიან ახლოს იყო! (იოანე 1:29).

4. რა გაგებით იყო რჯული „ქრისტემდე მიმყვანი . . . აღმზრდელი“?

4 მოსეს რჯული დროებით იყო საჭირო. თანაქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ მას უწოდა „ქრისტემდე მიმყვანი . . . აღმზრდელი“ (გალატელთა 3:24, აქ). აქ „აღმზრდელად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც ძველ დროს ბავშვები სკოლაში დაჰყავდა. ის, ჩვეულებრივ, მასწავლებელი არ იყო; მას მხოლოდ მიჰყავდა ბავშვები მასწავლებელთან. მსგავსად ამისა, მოსეს რჯულის დანიშნულებაც ღვთისმოშიში ისრაელების ქრისტემდე მიყვანა იყო. იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა, რომ მათთან იქნებოდა „ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 28:20). ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ, „აღმზრდელს“, რჯულს, თავისი მისია უკვე შესრულებული ჰქონდა და ის აღარ იყო საჭირო (რომაელთა 10:4; გალატელთა 3:25). მიუხედავად ამისა, ზოგი იუდეველი ქრისტიანი აყოვნებდა ამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების გათავისებას. ისინი იესოს მკვდრეთით აღდგენის შემდეგაც კი განაგრძობდნენ რჯულის გარკვეული მოთხოვნების დაცვას. სხვები კი ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ცვლილებას, რითაც დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს ჩინებული მაგალითი დაგვიტოვეს. ვნახოთ, როგორ გააკეთეს ეს მათ.

ახალი გაგება ქრისტიანულ სწავლებაში

5. რა მითითებები მიიღო პეტრემ ხილვაში და რატომ შეაცბუნა ამან მოციქული?

5 ახ. წ. 36 წელს ქრისტიანმა მოციქულმა პეტრემ განსაცვიფრებელი ხილვა იხილა. ზეციდან ხმამ მოციქულს უბრძანა, დაეკლა და ეჭამა ფრინველები თუ ცხოველები, რომლებიც რჯულის თანახმად უწმიდურად ითვლებოდა. ამ ცნობამ პეტრე შეაცბუნა! მას ადრე ‘არასოდეს არაფერი ეჭამა ბიწიერი და უწმიდური’. იმავე ხმამ დასძინა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ ბიწიერად“ (საქმეები 10:9—15). პეტრეს სიჯიუტე არ გამოუვლენია და რჯულის მოთხოვნებზე ჩაჭიდების ნაცვლად, თვალსაზრისი შეიცვალა. ამან კი ღვთის განზრახვის შესახებ საოცარი სიახლეები დაანახვა.

6, 7. რამ მიიყვანა პეტრე იმ დასკვნამდე, რომ შეეძლო არაებრაელებისთვის ექადაგა და, როგორც ჩანს, რა შემდგომი დასკვნები გააკეთა მან?

6 აი, რა მოხდა შემდეგ. სამი მამაკაცი მიადგა სახლს, სადაც პეტრე იყო გაჩერებული. მათ სთხოვეს მოციქულს, რომ გაჰყოლოდა ღვთისმოშიში წინადაუცვეთელი არაიუდეველის, კორნელიოსის, სახლში. მანამდე კი პეტრემ სახლში შეიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მოციქული ბოლომდე ჩასწვდა ხილვის მნიშვნელობას და ამიტომაც მომდევნო დღეს ამ მამაკაცებთან ერთად გაემართა კორნელიოსის სახლისკენ, სადაც იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანად დაამოწმა. პეტრემ ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“. მისი ქადაგების შედეგად არა მარტო კორნელიოსმა, არამედ მისმა ნათესავებმა და ახლო მეგობრებმაც, იწამეს იესო და „სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს [პეტრეს] სიტყვა“. მოციქულმა ყოველივე ამაში იეჰოვას ხელი დაინახა. ამიტომაც „უბრძანა მათ, მონათლულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით“ (საქმეები 10:17—48).

7 რამ მიიყვანა პეტრე იმ დასკვნამდე, რომ უცხოტომელებს, რომლებზეც არ ვრცელდებოდა მოსეს რჯული, ახლა შეეძლოთ იესო ქრისტეს მიმდევრები გამხდარიყვნენ? სულიერმა ხედვამ. როდესაც ღმერთმა წინადაუცვეთელების მიმართ კეთილგანწყობა მათზე სულიწმიდის მოფენით ცხადყო, პეტრე სულიერი ხედვის წყალობით მიხვდა, რომ შეიძლებოდა მათი მონათვლა. ამავე დროს, როგორც ჩანს, პეტრე იმასაც მიხვდა, რომ ქრისტიანული ნათლობის მისაღებად ღმერთი არაებრაელებისგან არ მოითხოვდა მოსეს რჯულის დაცვას. პირადად თქვენ იმ დროს რომ გეცხოვრათ, იქნებოდით თუ არა პეტრესავით მზად, შეგეცვალათ ძველი შეხედულება?

ზოგი კვლავაც ‘აღმზრდელს’ მიჰყვებოდა

8. პეტრესგან განსხვავებით, რა თვალსაზრისი ჰქონდა წინადაცვეთის შესახებ ზოგ იერუსალიმელ ქრისტიანს და რატომ?

8 კორნელიოსის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, პეტრე იერუსალიმში წავიდა. წინადაუცვეთელი არაებრაელების მიერ ‘ღვთის სიტყვის მიღების’ შესახებ ცნობას იერუსალიმის კრებამდეც მიეღწია და ზოგი იუდეველი მოწაფე ამით უკმაყოფილო იყო (საქმეები 11:1—3). წინადაცვეთის მომხრეები აღიარებდნენ, რომ უცხოტომელებს შეეძლოთ იესოს მიმდევრები გამხდარიყვნენ, მაგრამ, ამავე დროს, ჯიუტად იცავდნენ იმ აზრს, რომ მათ ხსნის მისაღებად აუცილებლად უნდა დაეცვათ რჯული. არაებრაელებით დასახლებულ ტერიტორიებზე კი, სადაც იუდეველი ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენდნენ, წინადაცვეთის საკითხი არ იყო აქტუალური. წინადაცვეთის საკითხთან დაკავშირებით ეს ორი განსხვავებული თვალსაზრისი დაახლოებით 13 წლის განმავლობაში არსებობდა (1 კორინთელთა 1:10). ეს მართლაც ერთგულების დიდი გამოცდა იყო პირველი ქრისტიანებისთვის, განსაკუთრებით კი იმ უცხოტომელი ქრისტიანებისთვის, რომლებიც უმეტესწილად იუდეველებით დასახლებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ.

9. რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ წინადაცვეთის საკითხი გადაჭრილიყო?

9 ამ საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობამ კულმინაციას მიაღწია ახ. წ. 49 წელს, როდესაც სირიის ანტიოქიაში პავლესთან იერუსალიმელი ქრისტიანები ჩავიდნენ. მათ ხალხისთვის იმის სწავლება დაიწყეს, რომ უცხოტომელ მოქცეულებს რჯულის თანახმად წინადაცვეთა მოეთხოვებოდათ. ამის გამო პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და დიდი დავაც კი მოუხდათ მათთან! თუ ეს საკითხი არ მოგვარდებოდა, ზოგი ქრისტიანი, იუდეველი თუ არაიუდეველი, აუცილებლად დაბრკოლდებოდა. ამგვარად, გადაწყვიტეს, რომ პავლე და რამდენიმე მამაკაცი იერუსალიმში გაეგზავნათ და ქრისტიანთა ხელმძღვანელი საბჭოსთვის ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა ეთხოვათ (საქმეები 15:1, 2, 24).

აზრთა სხვაობიდან ერთსულოვნებამდე!

10. რა საკითხები განიხილა ხელმძღვანელმა საბჭომ მანამ, სანამ წარმართებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა?

10 იმ დროს შემდგარ კრებაზე, როგორც ჩანს, ზოგი წინადაცვეთის მომხრე იყო, ზოგიც — მოწინააღმდეგე. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება ემოციების საფუძველზე არ მიუღიათ. ხანგრძლივი დავის შემდეგ პეტრე და პავლე მოციქულებმა აღწერეს ნიშნები, რომლებიც იეჰოვამ არაებრაელთა შორის მოახდინა. მათ აღნიშნეს, რომ ღმერთმა წინადაუცვეთელ უცხოტომელებზეც გადმოაფრქვია სულიწმიდა. ამით მათ, ფაქტობრივად, ასეთი კითხვა დასვეს: განა ქრისტიანულმა კრებამ არ უნდა მიიღოს ის ხალხი, რომლებიც ღმერთმა მიიღო? შემდეგ კი მოწაფე იაკობმა საღვთო წერილიდან წაიკითხა ერთი მონაკვეთი, რაც ყველა დამსწრეს დაეხმარა, ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას ნებას ჩასწვდომოდნენ (საქმეები 15:4—17).

11. რა ფაქტორმა არ იქონია გავლენა წინადაცვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე და რა ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება იეჰოვამ აკურთხა?

11 ახლა უკვე ყველას თვალი ხელმძღვანელი საბჭოსკენ იყო მიპყრობილი. იმოქმედებდა მათზე გადაწყვეტილების მიღებისას ებრაული წარმოშობა და დაუჭერდნენ მხარს წინადაცვეთას? არა. ამ ერთგულ მამაკაცებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, საღვთო წერილის თანახმად ემოქმედათ და ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიჰყოლოდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა მტკიცების მოსმენის შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმართი ქრისტიანებისთვის საჭირო არ იყო წინადაცვეთა და მოსეს რჯულის დაცვა. როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ძმებმა გაიგეს, გაიხარეს და „დღითი დღე იზრდებოდა მათი [კრებების] რიცხვი“. ძმები, რომლებიც დაემორჩილნენ ნათელ თეოკრატიულ მითითებას, საფუძვლიანი ბიბლიური პასუხით იქნენ კურთხეული (საქმეები 15:19—23, 28, 29; 16:1—5). მაგრამ უპასუხოდ რჩებოდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა.

როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იუდეველი ქრისტიანები?

12. რომელი კითხვა დარჩა უპასუხოდ?

12 ხელმძღვანელმა საბჭომ ნათლად აღნიშნა, რომ არაებრაელი ქრისტიანებისთვის არ იყო საჭირო წინადაცვეთა. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იუდეველი ქრისტიანები? ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებაში ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად არაფერი იყო ნათქვამი.

13. რატომ იქნებოდა არასწორი, დაესკვნათ, რომ ხსნისთვის აუცილებელი იყო მოსეს რჯულის დაცვა?

13 ზოგიერთი იუდეველი ქრისტიანი, ვინც „რჯულის მოშურნე“ იყო, განაგრძობდა შვილების წინადაცვეთას და რჯულის გარკვეული მოთხოვნების დაცვას (საქმეები 21:20). სხვები ამასაც არ სჯერდებოდნენ და იმასაც კი ამბობდნენ, რომ გადასარჩენად იუდეველ ქრისტიანებს აუცილებელად უნდა დაეცვათ რჯული. ამაში ისინი ძალიან ცდებოდნენ. მაგალითად, როგორღა შეეძლო რომელიმე ქრისტიანს ცოდვების მისატევებლად ცხოველური შესაწირავის გაღება? ქრისტეს მსხვერპლმა ხომ გააუქმა ასეთი შესაწირავის საჭიროება. რა შეიძლება ითქვას რჯულის იმ მოთხოვნაზე, რომ იუდეველებს არ უნდა ჰქონოდათ უცხოტომელებთან ახლო ურთიერთობა? განა ძალიან რთული არ იქნებოდა გულმოდგინე ქრისტიანი მქადაგებლებისთვის, ამ შეზღუდვების დაცვასთან ერთად, არაებრაელებისთვის იმის სწავლება, რაც იესო ქრისტემ მათ ამცნო? (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8; 10:28) *. არ არსებობს იმის არავითარი მტკიცება, რომ ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრაზე ამ საკითხს შუქი მოეფინა. მიუხედავად ამისა, კრება არ დარჩენილა დახმარების გარეშე.

14. რჯულთან დაკავშირებით რა სახელმძღვანელო პრინციპის პოვნაა შესაძლებელი ღვთის შთაგონებით დაწერილ პავლეს წერილებში?

14 ამჯერად ხელმძღვანელობა წერილობითი სახით ხელმძღვანელი საბჭოსგან კი არ მოვიდა, არამედ მოციქულების მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილების საშუალებით. მაგალითად, რომში მცხოვრები იუდეველებისა და უცხოტომელი მოქცეულებისთვის გაგზავნილ წერილში მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ ნამდვილი იუდეველი ის არის, „ვინც შინაგანადაა იუდეველი; და წინადაცვეთაც ისაა, რომელიც გულისა და სულისმიერია“ (რომაელთა 2:28, 29, სსგ). იმავე წერილში პავლემ მაგალითიც მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ ქრისტიანებს არ ევალებოდათ რჯულის დაცვა. მან აღნიშნა, რომ ქალს ერთდროულად არ უნდა ჰყოლოდა ორი ქმარი, მაგრამ თუ ქმარი მოუკვდებოდა, თავისუფალი იყო და შეეძლო გათხოვილიყო. შემდეგ კი ეს მაგალითი იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ შეუძლებელი იყო, ცხებულ ქრისტიანებს დაეცვათ მოსეს რჯული და, ამავე დროს, ქრისტიანებიც ყოფილიყვნენ. ქრისტესთან რომ გაერთიანებულიყვნენ, ისინი ‘რჯულისთვის უნდა მომკვდარიყვნენ’ (რომაელთა 7:1—5).

რატომ უჭირდათ იუდეველ ქრისტიანებს გაგება?

15, 16. რატომ ვერ გაიგო ზოგმა იუდეველმა, რომ საჭირო აღარ იყო რჯულის დაცვა და რას გვიჩვენებს ეს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით?

15 რჯულთან დაკავშირებით პავლეს მსჯელობა უცილობელი იყო. მაშ, რატომ უჭირდა ზოგ იუდეველს მისი გაგება? ჯერ ერთი იმიტომ, რომ სულიერი ხედვა აკლდათ. მაგალითად, ისინი არ იღებდნენ მაგარ სულიერ საკვებს (ებრაელთა 5:11—14). აგრეთვე რეგულარულად არ ესწრებოდნენ ქრისტიანულ შეხვედრებს (ებრაელთა 10:23—25). მეორე მიზეზი კი, შესაძლოა, თვით რჯულის თავისებურებასთან იყო დაკავშირებული. რჯულში ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რისი დანახვა და შეგრძნებაც შეიძლებოდა. მაგალითად, ტაძარსა და სამღვდელოებაზე. ამიტომ სულიერად სუსტებისთვის უფრო ადვილი იყო რჯულის მიღება, ვიდრე ქრისტიანობის ღრმა პრინციპებში წვდომა, პრინციპებში, რომლებიც უხილავ რეალობაზე ამახვილებდა ყურადღებას (2 კორინთელთა 4:18).

16 პავლემ გალატელთა მიმართ წერილში კიდევ ერთი მიზეზი მოიხსენია, რის გამოც ზოგ, ეგრეთ წოდებულ, ქრისტიანს ძალიან უნდოდა რჯულის დაცვა. მოციქულმა აღნიშნა, რომ რჯულის დაცვის ამ მომხრეებს სურდათ, გაბატონებული რელიგიის მიმდევრებივით პატივდებული ყოფილიყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ყველას ქრისტიანებად ეცნო, ეს ადამიანები მზად იყვნენ, ნებისმიერ კომპრომისზე წასულიყვნენ, ოღონდ საზოგადოებისგან არაფრით გამორჩეულიყვნენ. ისინი ადამიანების თვალში მოწონების დამსახურებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე ღვთის კეთილგანწყობაზე (გალატელთა 6:12).

17. როდის გახდა აბსოლუტურად ნათელი რჯულის დაცვის შესახებ სწორი თვალსაზრისი?

17 გონიერი ქრისტიანები, რომლებიც გულისყურით სწავლობდნენ ღვთის შთაგონებით დაწერილ პავლეს წერილებსა და საღვთო წერილის სხვა ნაწილებს, რჯულთან დაკავშირებით სწორ დასკვნამდე მივიდნენ. მოსეს რჯულის შესახებ სწორი თვალსაზრისი ყველა იუდეველი ქრისტიანისთვის მხოლოდ ახ. წ. 70 წელს გახდა ბოლომდე ნათელი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ღმერთმა იერუსალიმის, მისი ტაძრისა და სამღვდელოების გენეალოგიური ჩანაწერების განადგურება დაუშვა. ამან შეუძლებელი გახადა რჯულის ყველა ნაწილის დაცვა.

გაკვეთილი ღვთის დღევანდელი მსახურებისთვის

18, 19. ა) რა თვალსაზრისი უნდა განვავითაროთ და რას უნდა მოვერიდოთ სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? ბ) რას გვასწავლის პავლეს მაგალითი პასუხისმგებელი ძმებისგან მიღებული მითითებების მიყოლასთან დაკავშირებით? (იხილეთ ჩარჩო 24-ე გვერდზე).

18 ამდენი ხნის წინანდელი შემთხვევის განხილვის შემდეგ, შეიძლება დაინტერესდეთ: მაშინ რომ მეცხოვრა, როგორ შევხვდებოდი ღვთის ნების გაცხადებას, რომელიც თანდათანობით უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა? არაფრის დიდებით არ დავთმობდი ძველ შეხედულებებს? თუ მოთმინებით დაველოდებოდი დროს, როდესაც სწორ გაგებას ნათელი მოეფინებოდა? სწორი გაგებისთვის ნათელის მოფენის შემდეგ კი, მივიღებდი თუ არა მას მთელი გულით?

19 რა თქმა უნდა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როგორი რეაქცია გვექნებოდა, მაშინ რომ გვეცხოვრა. მაგრამ შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: როგორი რეაქცია მაქვს დღეს, როდესაც ბიბლიურ გაგებას ნათელი ეფინება? (მათე 24:45). როდესაც ბიბლიური მითითება გვეძლევა, ვცდილობ თუ არა, არა მარტო წვრილმანებს მივაქციო ყურადღება, არამედ მის არსსაც ჩავწვდე? (1 კორინთელთა 14:20). მოთმინებით ველოდები თუ არა იეჰოვას იმ შემთხვევებში, როდესაც მგონია, რომ ამა თუ იმ საკითხს ჯერ კიდევ არა აქვს ნათელი მოფენილი? ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ავითვისოთ ის სულიერი საზრდო, რომელსაც დღეს გვაწვდიან, რათა „გზას არ ავცდეთ“ (ებრაელთა 2:1, აქ). მოდი ყურადღებით ვიყოთ და მივყვეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, რომელსაც თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით გვიწევს. ამგვარად თუ მოვიქცევით, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით გვაკურთხებს — სიცოცხლით, რომლის დროსაც ბედნიერებიც ვიქნებით და კმაყოფილებიც.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 სირიის ანტიოქიაში ყოფნისას პეტრეს თბილი ურთიერთობა ჰქონდა თანამორწმუნე არაებრაელ ძმებთან; მაგრამ, როდესაც იერუსალიმიდან იუდეველი ქრისტიანები ჩავიდნენ, პეტრემ „დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით“. წარმოიდგინეთ, რამდენად ეტკინებოდათ გული არაებრაელ ქრისტიანებს, როდესაც ეს პატივსაცემი მოციქული მათთან ერთად ერთ სუფრასთან დაჯდომაზე უარს იტყოდა (გალატელთა 2:11—13).

როგორ უპასუხებდით?

• რა გაგებით იყო მოსეს რჯული „ქრისტემდე მიმყვანი . . . აღმზრდელი“?

• როგორ ახსნიდით, რატომ გამოეხმაურნენ სხვადასხვაგვარად პეტრე და წინადაცვეთის მომხრეები ჭეშმარიტების გაგებაში მომხდარ ცვლილებებს?

• რა ვისწავლეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჰფენს ნათელს იეჰოვა ჭეშმარიტებას დღეს?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

პავლე თავმდაბლად შეხვდა ერთგულების გამოცდას

ახ. წ. 56 წელს წარმატებული მისიონერული მოგზაურობის შემდეგ პავლე იერუსალიმში ჩავიდა. იქ მას გამოცდა ელოდა. იქაურ კრებამდე უკვე მიეღწია ახალ ამბავს იმასთან დაკავშირებით, რომ მოციქული რჯულის გაუქმების შესახებ ასწავლიდა. უხუცესებს ეშინოდათ, რომ რჯულთან დაკავშირებით პავლეს პირდაპირი ლაპარაკის შედეგად ახალმოქცეული იუდეველი ქრისტიანები დაბრკოლდებოდნენ და დაასკვნიდნენ, რომ ქრისტიანები პატივს არ სცემდნენ იეჰოვას ღონისძიებებს. კრებაში იყო ოთხი იუდეველი ქრისტიანი, რომლებსაც ჰქონდათ დადებული აღთქმა, შესაძლოა მოწმიდრობის შესახებ. რჯულის მოთხოვნის ბოლომდე შესასრულებლად ისინი ტაძარში უნდა წასულიყვნენ.

უხუცესებმა პავლეს სთხოვეს, გაჰყოლოდა ტაძარში ამ ოთხ მამაკაცს და მათი ხარჯებიც დაეფარა. პავლეს ღვთის შთაგონებით, სულ მცირე, ორი წერილი ჰქონდა დაწერილი, რომლებშიც აღნიშნავდა, რომ ხსნისთვის რჯულის დაცვა არ მოითხოვებოდა. მიუხედავად ამისა, მოციქული ანგარიშს უწევდა სხვების სინდისს. მან ადრე ასეთი რამ დაწერა: „გავხდი . . . რჯულის ქვეშ მყოფთათვის, როგორც რჯულის ქვეშ მყოფი. . . რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა“ (1 კორინთელთა 9:20—23). ბიბლიურ პრინციპებთან დაკავშირებით პავლე არასოდეს წასულა კომპრომისზე. ამჯერად ის ხედავდა, რომ შეეძლო უხუცესების რჩევისამებრ მოქცეულიყო (საქმეები 21:15—26). ეს მოქმედება არასწორი არ ყოფილა. აღთქმის დადება სრულებით არ ეწინააღმდეგებოდა საღვთო წერილს, ტაძარს კი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის იყენებდნენ და არა კერპთაყვანისმცემლობისთვის. ამიტომ, არავინ რომ არ დაებრკოლებინა, პავლე უხუცესების თხოვნისამებრ მოიქცა (1 კორინთელთა 8:13). ფაქტია, ამგვარად მოქმედებისთვის პავლეს დიდი თავმდაბლობა სჭირდებოდა. ეს კიდევ უფრო გვიღრმავებს მოციქულისადმი პატივისცემას.

[სურათი 22, 23 გვერდებზე]

წლების განმავლობაში ქრისტიანთა შორის მოსეს რჯულთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეხედულება არსებობდა.