არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რატომ განსხვავდება ფსალმუნების ნუმერაცია ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში?

თავებად და მუხლებად დაყოფილი პირველი სრული ბიბლია რობერ ეტიენის მიერ 1553 წელს ფრანგულ ენაზე გამოცემული თარგმანია. მაგრამ, როგორც ჩანს, ფსალმუნების წიგნი მანამდე დიდი ხნით ადრე იყო თავებად დაყოფილი, რადგან იგი რამდენიმე ადამიანის მიერ დაწერილი ცალკეული ფსალმუნებისგან ანუ საგალობლებისგან შედგებოდა.

როგორც ჩანს, თავიდან იეჰოვამ დავითს უბრძანა, შეეკრიბა ფსალმუნები თაყვანისმცემლობაში გამოსაყენებლად (1 ნეშტთა 15:16—24). გადმოცემის თანახმად, მოგვიანებით ეზრამ, მღვდელმა და „დახელოვნებულმა გადამწერმა“, მისცა ფსალმუნების წიგნს საბოლოო სახე (ეზრა 7:6, აქ). მაშასადამე, უკვე იმ დროიდან იყო იგი ცალკეულ ფსალმუნებად დაყოფილი.

პირველი მისიონერული მოგზაურობისას მოციქულმა პავლემ ქალაქ ანტიოქიის (პისიდია) სინაგოგაში წარმოთქვა სიტყვა, რომლის დროსაც ფსალმუნებიდან მოიყვანა ციტატა: „როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ‘ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ’“ (საქმეები 13:33). ეს სიტყვები ბიბლიებში დღემდე მეორე ფსალმუნში, კერძოდ კი მეშვიდე მუხლშია მოცემული. მაგრამ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებში ბევრი ფსალმუნის ნომერი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ზოგი თარგმანი ებრაულ მასორეტულ ტექსტზეა დაფუძნებული, ზოგი კი — ბერძნულ სეპტუაგინტაზე, რომლის ებრაული ტექსტიდან თარგმნაც ძვ. წ. მეორე საუკუნეში დასრულდა. მაგალითად, ლათინური ვულგატა, რომლიდანაც მრავალი კათოლიკური ბიბლიაა ნათარგმნი, ფსალმუნების იმავე ნუმერაციას იყენებს, როგორიც სეპტუაგინტაში გვხვდება, ხოლო „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და სხვა თარგმანები ფსალმუნებს ებრაული ტექსტის მიხედვით ნომრავენ.

რა სხვაობაა მათ შორის? ებრაულ ტექსტში სულ 150 ფსალმუნია. სეპტუაგინტა მე-9—10-ე და 114—115-ე ფსალმუნებს აერთიანებს, 116-ე და 147-ე ფსალმუნებს კი ორად ყოფს. ამგვარად, ფსალმუნების სრული რიცხვი არ იცვლება, მაგრამ სეპტუაგინტაში მე-10-დან 146-ე ფსალმუნის ჩათვლით თითოეული ფსალმუნის ნომერი ერთით ნაკლებია, ვიდრე ებრაულ ტექსტში. ჩვენთვის კარგად ცნობილი 22-ე ფსალმუნი „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ 23-ე ნომრით გვხვდება, რადგან ფსალმუნების ქართულ თარგმანში ნუმერაცია სეპტუაგინტის მიხედვით არის გაკეთებული.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი ფსალმუნის მუხლების ნუმერაცია სხვადასხვა თარგმანში შეიძლება განსხვავებული იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ზოგი მიჰყვება „იუდეველთა ტრადიციას, რომლის თანახმადაც ყოველი ფსალმუნის თავში გაკეთებული წარწერა პირველ მუხლად ითვლება“, — აღნიშნავს მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს წარწერა გრძელია, ის ხშირად ორ მუხლად არის დაყოფილი. შესაბამისად, იზრდება ფსალმუნის მუხლების რაოდენობაც.