არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას „არარატის ქვეყანაში“

უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას „არარატის ქვეყანაში“

უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას „არარატის ქვეყანაში“

ჭაღარათმიანი მამაკაცი, სამი შვილის მამა თავისი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს წინაშე დგას. ამ ასაკოვანი კაცისა და მისი ბევრი თანამორწმუნის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. სასამართლო ისმენს, როგორ განმარტავს ის თავისი მრწამსის არსს ბიბლიური ციტატების საფუძველზე. მოდი გავიგოთ, რატომ შედგა ეს სასამართლო პროცესი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის რა დიდებული გამარჯვებით დასრულდა ის ამ ქვეყანაში.

სომხეთი თურქეთის აღმოსავლეთით და კავკასიონის სამხრეთით მდებარეობს. ამ ქვეყანაში სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სომხეთის დედაქალაქი ერევანია, საიდანაც არარატის მთის ორი მწვერვალის შთამბეჭდავი ხედი იშლება *. გადმოცემის თანახმად, ნოეს კიდობანი მსოფლიო წარღვნის შემდეგ სწორედ ამ მთაზე შეჩერდა (დაბადება 8:4).

იეჰოვას მოწმეებმა 1975 წლიდან დაიწყეს ქრისტიანული მოღვაწეობა სომხეთში. მას შემდეგ, რაც სომხეთი 1991 წელს ყოფილ საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებელი გახდა, ქვეყანაში ჩამოყალიბდა რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო საბჭო, რომელსაც რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა რელიგიური ორგანიზაციები. ამ საბჭომ რამდენჯერმე უარი თქვა იეჰოვას მოწმეების რეგისტრაციაში გატარებაზე. ამის მიზეზი, ძირითადად, ქრისტიანული ნეიტრალიტეტი იყო. შედეგად, 1991 წლიდან დღემდე სომხეთში იეჰოვას ასზე მეტი ახალგაზრდა მოწმე იყო დაპატიმრებული. უმეტეს შემთხვევაში მათ იმის გამო აპატიმრებდნენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით ბიბლიაზე დაფუძნებული მტკიცე პოზიცია ჰქონდათ.

გარდა ამისა, ამ საბჭომ პროკურატურას დაავალა, ლევონ მარგარიანის, ქრისტიანი უხუცესისა და ადგილობრივი ატომური ელექტროსადგურის შრომისმოყვარე იურისტის, რელიგიური საქმიანობის გამოძიება. საბოლოოდ, ძმა მარგარიანის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით, რომელიც ჯერ კიდევ ხრუშჩოვის დროინდელი საბჭოთა კანონმდებლობის ნაწილი იყო. ამ კანონით იეჰოვას მოწმეებსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ უნდა მისცემოდათ გასაქანი და, საბოლოოდ, მათი საქმიანობის ლიკვიდირება უნდა მომხდარიყო.

აღნიშნული კანონის თანახმად, დანაშაულად ითვლება ისეთი — რელიგიური საქმიანობის ნიღაბქვეშ ამოფარებული — ჯგუფის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა, რომელიც „იტყუებს ახალგაზრდებს, დაესწრონ მათი არარეგისტრირებული რელიგიური ჯგუფის შეხვედრებს და გავლენას ახდენს ჯგუფის წევრებზე, რომ უარი თქვან მოქალაქეობრივი მოვალეობების შესრულებაზე“. თავის მტკიცებულებად პროკურორმა მოიყვანა ის ფაქტი, რომ შეხვედრებს, რომლებსაც ძმა მარგარიანი ქალაქ მეწამორში ატარებდა, არასრულწლოვანი ბავშვებიც ესწრებოდნენ. გარდა ამისა, პროკურორმა ძმა მარგარიანი იმაში დაადანაშაულა, რომ თითქოს ის კრების ახალგაზრდა წევრებს აიძულებდა, უარი ეთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდაზე.

სასამართლო იწყებს საქმის განხილვას

სასამართლო განხილვა 2001 წლის 20 ივლისს, პარასკევს, არმავირის რაიონულ სასამართლოში დაიწყო მანუელ სიმონიანის თავმჯდომარეობით. ის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. ბრალმდებელი მხარის მოწმეებმა თავისი ჩვენების მიცემის დროს, საბოლოოდ, აღიარეს, რომ უშიშროების სამინისტროს (ყოფილი სუკის) წარმომადგენლებმა მათ ძმა მარგარიანის წინააღმდეგ არსებული წერილობითი მტკიცებულებების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გააცნეს და იძულებით მოაწერინეს მათზე ხელი. ერთმა მანდილოსანმა განაცხადა, რომ უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც კი უთხრა, ცრუ ჩვენება მიეცა, თითქოს „იეჰოვას მოწმეები მთავრობისა და სახელმწიფო რელიგიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ“. თუმცა ეს ქალი იეჰოვას არც ერთ მოწმეს არ იცნობდა პირადად; მას მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიით ჰქონდა მოსმენილი მათ მისამართით გამოთქმული ბრალდებები.

როდესაც ძმა მარგარიანის გამოსვლის ჯერი დადგა, მან განაცხადა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მშობლების ნებართვით ესწრებოდნენ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს. მან აგრეთვე განმარტა, რომ თითოეული პირადად წყვეტს, მოიხადოს თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ჯვარედინმა დაკითხვამ რამდენიმე დღე გასტანა. როდესაც ძმა მარგარიანი თავისი მრწამსის შესახებ დასმულ კითხვებს აუღელვებლად პასუხობდა ბიბლიის გამოყენებით, პროკურორი თავის ბიბლიაში ამოწმებდა მის მიერ მოყვანილ მუხლებს.

2001 წლის 18 სექტემბერს, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მარგარიანი უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ მისი ქმედება „არ ითვლება დანაშაულად“. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესმა“ ასე გააშუქა ეს სასამართლო პროცესი: «დღეს სომხეთში იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელს ბრალდება მოეხსნა. მას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ სხვებს თავის სარწმუნოებაზე აქცევდა და ახალგაზრდებს აიძულებდა, უარი ეთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურზე. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ორთვიანი პროცესის შემდეგ სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელის, ლევონ მარგარიანის, წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო იყო. . . თუმცა სომხეთის კონსტიტუცია რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლევა, ძალიან რთულია ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური ჯგუფების რეგისტრაციაში გატარება, რადგან უპირატესობას სომხურ სამოციქულო ეკლესიას ანიჭებენ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) 2001 წლის 18 სექტემბრის პრეს-რელიზში აღნიშნული იყო: „მისასალმებელია, რომ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ეუთო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საერთოდ აღიძრა ეს საქმე“».

საქმის განხილვა გრძელდება

ყოველივეს მიუხედავად, ბრალმდებელმა მხარემ გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც პროცესმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადაინაცვლა და ის კიდევ ოთხი თვე გაგრძელდა. ამ პროცესის დასაწყისში, როდესაც ძმა მარგარიანს ჩვენება უნდა მიეცა, პირველი კითხვა მას სასამართლო კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა დაუსვა. როდესაც ძმა მარგარიანმა დაიწყო პასუხის გაცემა, თავმჯდომარემ შეაწყვეტინა ლაპარაკი და შეედავა. მან ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მისცა მას. უფრო მეტიც, თავმჯდომარემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა სასამართლოს სხდომის ოქმით გათვალისწინებულ კითხვათაგან უმეტესობა, რომლებიც ბრალდებულის დამცველს უნდა დაესვა. სასამართლო დარბაზი სავსე იყო იეჰოვას მოწმეთა მიმართ აგრესიულად განწყობილი რელიგიური ფანატიკოსებით, რომლებმაც არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ძმა მარგარიანს. სხდომის შემდეგ სასამართლო საქმის განხილვის შესახებ უამრავი ცრუ და დამახინჯებული ინფორმაცია გადაიცა ტელევიზიით. მაგალითად, იუწყებოდნენ, რომ ძმა მარგარიანს მოუწია დანაშაულის აღიარება.

ამ პროცესის შუა პერიოდში სამი მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ გააოცა დამსწრეები იმით, რომ საჯაროდ წარადგინა რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო საბჭოს წერილი, რომლის თანახმადაც საბჭო პროკურატურისგან ითხოვდა, რომ ძმა მარგარიანის წინააღმდეგ ზომები მიეღოთ. დარბაზში მყოფი საერთაშორისო მიმომხილველები გაოგნებული დარჩნენ, რადგან სომხეთმა, ევროსაბჭოს წევრი რომ გამხდარიყო, იკისრა ვალდებულება, „ყველა ეკლესიისა და რელიგიური გაერთიანებისთვის, განსაკუთრებით კი არატრადიციული რელიგიებისთვის, მიეცა გარანტია, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი საქმიანობა“.

სასამართლო პროცესი კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. მოწინააღმდეგეები მოწმეებს სასამართლოს შენობაში თუ მის გარეთ კვლავაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოწმე ქალებს ფეხებში ურტყამდნენ. როდესაც ერთ მოწმეს შეუტიეს და მისგან არანაირი რეაქცია არ იყო, წიხლებით შესდგნენ, რის გამოც ის საავადმყოფოში წასაყვანი გახდა.

ამასობაში სასამართლოს თავმჯდომარედ სხვა მოსამართლე დანიშნეს. მართალია, დარბაზში მყოფმა რამდენიმე მოწინააღმდეგემ ადვოკატის დაშინება სცადა, მაგრამ ამ ახალმა მოსამართლემ უზრუნველყო წესრიგი სასამართლო დარბაზში. ერთ შემთხვევაში მან პოლიციას ისიც კი უბრძანა, რომ დარბაზიდან გაეყვანათ ერთი ქალი, რომელიც ბრალდებულის დამცველს ემუქრებოდა.

საქმე სომხეთის უზენაეს სასამართლოს გადაეცა

საბოლოოდ, 2002 წლის 7 მარტს სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე ერთი დღით ადრე რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო საბჭო დაიშალა. პროკურატურამ კიდევ ერთხელ გაასაჩივრა გადაწყვეტილება. საქმე განსახილველად სომხეთის უზენაეს სასამართლოს — საკასაციო პალატას გადაეცა. ამჟამად პროკურორები ითხოვდნენ, რომ საბრალდებო დასკვნის გამოტანის მიზნით სასამართლოს დაებრუნებინა საქმე ხელახალი გამოძიებისთვის.

ექვსი წევრისგან შემდგარი სასამართლო კოლეგია, რომელსაც მჰერ ხაჩატურიანი თავმჯდომარეობდა, 2002 წლის 19 აპრილს, 11 საათზე შეიკრიბა. შესავალ სიტყვაში ერთ-ერთმა პროკურორმა აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ორმა სასამართლო ინსტანციამ ვერ გამოააშკარავა ძმა მარგარიანის დანაშაული. ამჯერად მოსამართლეებმა მას ლაპარაკი შეაწყვეტინეს და პირდაპირი კითხვები დაუსვეს. ერთმა მოსამართლემ მკაცრად გააკრიტიკა კიდეც პროკურორი იმის გამო, რომ ის უსაფუძვლო მტკიცებულებებით ცდილობდა, სასამართლო ძმა მარგარიანის წინააღმდეგ განეწყო. უსაფუძვლობაში ის იგულისხმებოდა, რომ ძმა მარგარიანის წინააღმდეგ არ უნდა აღძრულიყო საქმე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, არც ქადაგება და არც არარეგისტრირებული რელიგიური მიმდინარეობის წევრობა არ ითვლება დანაშაულად. შემდეგ მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროკურატურა ძმა მარგარიანს სისხლის სამართლის დანაშაულში სდებდა ბრალს. სხვა მოსამართლემ კი მოიხსენია, რომ ევროპის ბევრ სასამართლო პროცესზე, ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის საფუძველზე, იეჰოვას მოწმეები „ცნობილ რელიგიად“ აღიარეს. ამ დროს სასამართლო დარბაზში მყოფმა მღვდელმა ყვირილი დაიწყო და ამბობდა, რომ იეჰოვას მოწმეები ერს ყოფდნენ, მაგრამ მოსამართლეებმა ის გააჩუმეს.

ამის შემდეგ მოსამართლეებმა კითხვები დაუსვეს ძმა მარგარიანს, რომელმაც შესანიშნავად დაამოწმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული პოზიციის შესახებ (მარკოზი 13:9). მოსამართლეები მოკლე თათბირის შემდეგ დარბაზში დაბრუნდნენ და ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ ძმა მარგარიანი უდანაშაულო იყო. ეს მართლაც უდიდესი შვების მომტანი იყო ძმა ლევონისთვის. სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში განაცხადა: „კანონის თანახმად, ლევონ მარგარიანის ქმედება არ ითვლება დანაშაულად. ასეთი ბრალდება ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციის 23-ე მუხლსა და ევროპის კონვენციის მე-9 მუხლს.

რა იყო ამ გადაწყვეტილების შედეგი?

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის ბრალდება დამტკიცდებოდა, სომხეთში არსებული იეჰოვას მოწმეთა კრებების სხვა უხუცესების მიმართაც აღიძვრებოდა მსგავსი საქმეები. ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი სწორი გადაწყვეტილება თავიდან ააცილებს ღვთის მსახურებს ასეთ გართულებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება იმის დამატებითი საბაბი გამხდარიყო, რომ შემდგომშიც უარი ეთქვათ იეჰოვას მოწმეთა რეგისტრაციაში გატარებაზე. საბედნიეროდ, ამ სასამართლომ ეს საბაბიც ამოძირკვა.

დრო გვიჩვენებს, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ქვეყანაში იეჰოვას 7 000-ზე მეტი მოწმისგან შემდგარი კრებების რეგისტრირება. მანამდე კი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კვლავაც არსებობს და მყარად იდგამს ფესვებს „არარატის ქვეყანაში“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სომხები ამ მთას თავიანთ ქვეყანას უკავშირებენ. ძველად სომხეთი საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე გადაჭიმული სამეფო იყო, რომელშიც ეს მთაც შედიოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნულ სეპტუაგინტაში, ესაიას 37:38-ში, გამოთქმა „არარატის ქვეყანა“ ითარგმნება „სომხეთად“. ამჟამად არარატის მთა თურქეთში, მის აღმოსავლეთ საზღვართან ახლოს, მდებარეობს.

[სურათი 12 გვერდზე]

ლევონ მარგარიანი სასამართლო პროცესზე.

[სურათი 13 გვერდზე]

ძმა მარგარიანი ოჯახთან ერთად.