უფლის სერობას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის
უფლის სერობას დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის
აქვს თუ არა უფლის სერობას ანუ ვახშამს თქვენთვის რაიმე მნიშვნელობა და მოქმედებს თუ არა ის თქვენს მომავალზე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად უპირველესად გავიგოთ, რა მნიშვნელობა ჩადო ამ განსაკუთრებულ მოვლენაში თავად იესო ქრისტემ.
ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის საღამოს იესომ 12 მოციქული იერუსალიმის ერთ–ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეკრიბა პასექის ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად. საპასექო ვახშმის შემდეგ გამცემი იუდა უკვე წასული იყო (იოანე 13:21, 26—30). დარჩენილ 11 მოციქულთან კი იესომ „უფლის ვახშმის“ აღნიშვნას ჩაუყარა საფუძველი (1 კორინთელთა 11:20, აქ). მას გახსენების საღამოც ეწოდება, ვინაიდან იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“, ანუ გასახსენებლად. ეს არის ერთადერთი მოვლენა, რომლის აღნიშვნაც ქრისტიანებს ევალებათ (1 კორინთელთა 11:24).
მრავალ ქვეყანაში ხალხი გამოჩენილი ადამიანებისა და ღირსსახსოვარი მოვლენების მოსაგონებლად ძეგლებს დგამს ან სპეციალურ დღეებს გამოყოფს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი იესომ გახსენების საღამოს აღნიშვნას ჩაუყარა საფუძველი. ეს საღამო მის მოწაფეებს დაეხმარებოდა, ხსომებოდათ იმ ღირსშესანიშნავ დღეს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. გახსენების საღამოზე დამსწრე მომდევნო თაობებს კი ეს ღონისძიება იესოს მიერ იმ ღამეს გამოყენებული სიმბოლოების დიდ მნიშვნელობას შეახსენებდა. რა სიმბოლოები გამოიყენა იესომ და რის ნიშნად? მოდი, გამოვიკვლიოთ ბიბლიური ცნობა იმის შესახებ, თუ რა მოხდა ახ. წ. 33 წლის იმ საღამოს.
წმინდა მნიშვნელობის სიმბოლოები
«აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“» (ლუკა 22:19).
იესომ აიღო პური და თქვა: „ეს ჩემი სხეულია“. ამ სიტყვებით მან დაგვანახვა, რომ უფუარი პური მისი უცოდველი ხორციელი სხეულის სიმბოლო იყო, სხეულისა, რომელიც მან „წუთისოფლის სიცოცხლისათვის“ გაიღო (იოანე 6:51). ერთ–ერთი ლექსიკონის თანახმად, ბერძნული ზმნა „ესტინ“, რომელიც ქართულ თარგმანებში მეშველი ზმნით („სხეული–ა“) არის გადმოტანილი, ხშირად ატარებს აზრს — „ნიშნავს, გამოხატავს“. მასში ჩადებულია შემდეგი მნიშვნელობები: „ამით არის წარმოდენილი“ ან „ეს არის სიმბოლო“ (მათე 26:26).
იმავეს თქმა შეიძლება ღვინის სასმისის შესახებაც. იესომ თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება“ (მათეს სახარებაში იესომ სასმისის შესახებ თქვა: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათე 26:28). იესომ სასმისში ჩასხმული ღვინო საკუთარი სისხლის სიმბოლოდ გამოიყენა. ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლი სულით ცხებული მოწაფეებისთვის, რომლებიც ზეცაში მეფეებად და მღვდლებად იმსახურებდნენ, „ახალი აღთქმის“ ანუ ახალი შეთანხმების საფუძველი უნდა ყოფილიყო (იერემია 31:31—33; იოანე 14:2, 3; 2 კორინთელთა 5:5; გამოცხადება 1:5, 6; 5:9, 10; 20:4, 6).
სასმისში ჩასხმული ღვინო იმასაც შეგვახსენებს, რომ იესოს მიერ დაღვრილი სისხლი საფუძველს ქმნის „ცოდვათა მისატევებლად“ და, ამგვარად, სიმბოლოებიდან მიმღებთ ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრეებად გახდომის შესაძლებლობას აძლევს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ გახსენების საღამოზე პურსა და ღვინოს იღებენ მხოლოდ ზეციერი მოწოდების მქონეები, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრულია (ლუკა 12:32; ეფესელთა 1:13, 14; ებრაელთა 9:22; 1 პეტრე 1:3, 4).
რა შეიძლება ითქვას იესოს იმ მიმდევრების შესახებ, რომლებთანაც არ არის დადებული ახალი შეთანხმება? უფლის „სხვა ცხვრები“ არ მოელიან ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობას, არამედ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (იოანე 10:16; ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4). ის ერთგული ქრისტიანები, რომლებიც „უამრავ ხალხში“ შედიან და ‘დღე და ღამე ემსახურებიან ღმერთს’, უფლის გახსენების საღამოზე მადლიერი დამკვირვებლების როლში არიან. ფაქტობრივად, ისინი სიტყვითა და საქმით აცხადებენ: „ხსნა ღმერთის ჩვენის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის“ (გამოცხადება 7:9, 10, 14, 15, სსგ).
რამდენად ხშირად?
„ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19).
რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს ქრისტეს სიკვდილის მოსაგონებლად გახსენების საღამო? იესოს ეს კონკრეტულად არ უთქვამს. იესომ გახსენების საღამო შემოიღო 14 ნისანს, პასექის დღესასწაულზე, რომელსაც ისრაელები წელიწადში ერთხელ აღნიშნავდნენ. აქედან გამომდინარე, ნათელია, ის მოელოდა, რომ თავისი მიმდევრები გახსენების საღამოს წელიწადში ერთხელ აღნიშნავდნენ. ისრაელები ყოველწლიურად დღესასწაულობდნენ ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებას, ქრისტიანები კი ყოველწლიურად ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დახსნას აღნიშნავენ (გამოსვლა 12:11, 17; რომაელთა 5:20, 21).
მნიშვნელოვანი მოვლენის ყოველწლიურად აღნიშვნა, ცხადია, უჩვეულო სულაც არ არის. მაგალითად, წყვილი თავიანთი ქორწინების, ან ერი რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის, წლისთავს აღნიშნავს ხოლმე და ამას, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ აკეთებენ. საინტერესოა, რომ ქრისტეს შემდეგ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქრისტიანთა ერთ–ერთ ჯგუფს „კვარტოდეციმანებს“ უწოდებდნენ (სიტყვა „კვარტოდეციმანები“ ნიშნავს „თოთხმეტიანელებს“) იმის გამო, რომ ისინი იესოს სიკვდილს წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს აღნიშნავდნენ.
სადა, მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება
მოციქულმა პავლემ თქვა, რომ გახსენების საღამო იესოს მოწაფეებს ყოველწლიურად მისცემდა საშუალებას, ‘ეუწყებინათ უფლის სიკვდილი’ (1 კორინთელთა 11:26). ამიტომ ამ საღამოს აღნიშვნისას ყურადღება მახვილდება იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც ღვთის განზრახვის განსახორციელებლად იესომ თავისი სიკვდილით შეასრულა.
სიკვდილამდე ერთგულებით იესო ქრისტემ იეჰოვა ღმერთის ინტერესები დაიცვა და დაადასტურა, რომ ის ბრძენი, მოსიყვარულე და სამართლიანი უზენაესი მმართველია. ადამისგან განსხვავებით, იესომ ამხილა სატანის მტკიცების სიცრუე და დაამტკიცა, რომ ადამიანისთვის შესაძლებელია ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც უკიდურესი დაწოლის ქვეშ იმყოფება (იობი 2:4, 5).
უფლის ვახშმის აღნიშვნა იმ მიზანსაც ემსახურება, რომ დაგვეხმაროს იესოს მიერ თავგანწირული სიყვარულის გამოვლენისთვის მადლიერების შენარჩუნებაში. საშინელი განსაცდელების მიუხედავად, იესო მამას ყოველთვის აბსოლუტურად ემორჩილებოდა. სწორედ ამგვარად შეძლო მან სრულყოფილი ხორციელი სიცოცხლის გაღება და იმ უდიდესი ფასის გადახდა, რომელიც ადამის ცოდვის გადასაფარავად იყო საჭირო. როგორც თავად იესომ აღნიშნა, ის იმისათვის მოვიდა, რომ ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). მაშასადამე, ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს, აქვს ცოდვების მიტევებისა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა, რაც ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო (რომაელთა 5:6, 8, 12, 18, 19; 6:23; 1 ტიმოთე 2:5, 6) *.
ყოველივე ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იეჰოვა უაღრესად კარგი და მოწყალე ღმერთია და ზრუნავს კაცობრიობის ხსნაზე. ბიბლია ამბობს: „ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისატევებლად“ (1 იოანე 4:9, 10).
მართლაც საოცარი ღონისძიებაა გახსენების საღამო! ეს არის სადა ღონისძიება, რომლის აღნიშვნაც ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაშია შესაძლებელი, მაგრამ მას დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რის გამოც ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან შემხსენებლად რჩებოდა და რჩება კიდეც.
მისი მნიშვნელობა თქვენთვის
გამოსასყიდი მსხვერპლის გაღება დიდ ფასად დაუჯდა როგორც თავად ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომაელთა 5:12; ებრაელთა 7:26). მას შეეძლო, მარადიულად ეცოცხლა. მისი მოკვლა ძალის გამოყენებითაც კი შეუძლებელი იყო, თუ თავად არ დაუშვებდა ამას. იესომ თქვა: „ვერავინ წამართმევს მას [სიცოცხლეს], მაგრამ მე თვით ვწირავ მას“ (იოანე 10:18).
ისე მის მამას, იეჰოვას. ყველა ადამიანისგან განსხვავებით, იესოს, სრულყოფილ მამაკაცს, ადამისგან მემკვიდრეობით სიკვდილი არ მიუღია (იესომ ნებაყოფლობით გაიღო მსხვერპლად საკუთარი სრულყოფილი ხორციელი სიცოცხლე, „რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო“ (ებრაელთა 2:14, 15). ის, თუ როგორ მოკვდა ქრისტე კიდევ ერთხელ ადასტურებს მის თავგანწირულ სიყვარულს. მან ძალიან კარგად იცოდა, როგორ დაიტანჯებოდა და მოკვდებოდა (მათე 17:22; 20:17—19).
გახსენების საღამო ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, მიერ იმ უდიდესი სიყვარულის გამოვლენის შესახებაც შეგვახსენებს, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება. რამდენად გულის დამწველი იქნებოდა მისთვის, „მრავალმოწყალე და შემწყალებელი“ ღმერთისთვის, მოესმინა და დაენახა გეთსემანიის ბაღში იესოს „ძლიერი ღაღადი და ცრემლები“, მისი მხეცურად გაშოლტვა, სადისტურად ძელზე გაკვრა და ნელი, მტანჯველი სიკვდილი (იაკობი 5:11; ებრაელთა 5:7; იოანე 3:16; 1 იოანე 4:7, 8). ახლაც, ამ შემთხვევიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ, მომხდარის მხოლოდ წარმოდგენაც კი მრავლისთვის ძალიან მტკივნეულია.
დაფიქრდით, რა დიდი საფასური გადაიხადეს იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ ჩვენთვის, ცოდვილი ადამიანებისთვის! (რომაელთა 3:23). ჩვენ ყოველდღიურად ვდგებით ჩვენი ცოდვილი ბუნებისა და არასრულყოფილების გამოვლენის მტკივნეული რეალობის წინაშე. მაგრამ იესოს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე შეგვიძლია ღმერთს მიტევება ვთხოვოთ (1 იოანე 2:1, 2). ამ გამოსასყიდის წყალობით თავისუფლად და სუფთა სინდისით მივმართავთ ღმერთს ლოცვით (ებრაელთა 4:14—16; 9:13, 14). უფრო მეტიც, შეგვიძლია გავიხაროთ მარადიულად დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედით (იოანე 17:3; გამოცხადება 21:3, 4). ეს და სხვა მრავალი კურთხევა იესოს უდიდესი თავგანწირვის სულისკვეთებით მოქმედების შედეგია.
უფლის სერობისთვის მადლიერების გამოვლენა
უფლის ვახშამი, ეჭვგარეშეა, „ღვთის მადლის“ საოცარი გამოვლენაა. იეჰოვა ღმერთის მიერ გამოსასყიდ მსხვერპლზე ზრუნვა, მსხვერპლზე, რომლის გაღებაც იესოს მიერ თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის წყალობით გახდა შესაძლებელი, მართლაც რომ ენით აუწერელი საჩუქარია (2 კორინთელთა 9:14, 15). განა მადლიერების გძრნობას არ გიჩენთ ღვთის მიერ იესო ქრისტეს მეშვეობით ამგვარად გამოვლენილი სიკეთე?
დარწმუნებული ვართ, რომ მართლაც გეუფლებათ მადლიერების გრძნობა. ამიტომ მთელი გულით გიწვევთ, იეჰოვას მოწმეებთან ერთად აღნიშნოთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო. წელს გახსენების საღამო ჩატარდება 16 აპრილს, ოთხშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით გეტყვიან ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღნიშვნის ზუსტ დროსა და ადგილს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 19 გამოსყიდვის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ წიგნიდან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]
„ეს ჩემი სხეულია“ თუ „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“?
როდესაც იესომ თქვა: „მე ვარ კარი ცხვართა“ და „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი“, არავის უფიქრია, რომ ის პირდაპირი გაგებით კარი ან ვაზი იყო (იოანე 10:7; 15:1). აგრეთვე, იესოს სიტყვები: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა“ არ ნიშნავს, რომ თვითონ სასმისია პირდაპირი გაგებით ახალი აღთქმა ანუ შეთანხმება. მსგავსად ამისა, როდესაც მან თქვა: „ეს [პური] ჩემი სხეულია“, ცხადია, ის გულისხმობდა, რომ პური მის სხეულს ნიშნავდა, ანუ სხეულის სიმბოლო იყო. ბიბლიის ერთ–ერთი თარგმანი ამბობს: „ამით [პურით] ჩემი სხეულია წარმოდგენილი“ (ლუკა 22:19, 20, „უილიამზის თარგმანი“).
[სურათი 5 გვერდზე]
ღვინო და უფუარი პური იესოს მიერ დაღვრილი სისხლისა და უცოდველი სხეულის შესაფერისი სიმბოლოებია.
[სურათი 7 გვერდზე]
გახსენების საღამო შეგვახსენებს იმ დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ გამოავლინეს.