არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას გულს უხარებენ

ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას გულს უხარებენ

ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას გულს უხარებენ

ეს სასწავლო სტატიები სპეციალურად მომზადდა იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებისთვის. ამიტომაც ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, გულდასმით შეისწავლონ მასალა და აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომენტარებში, როდესაც კრებაში „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე ეს სტატიები იქნება განხილული.

„შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავები 27:11, სსგ).

1, 2. ა) ნიშნავს თუ არა, რომ ქრისტიანული ცხოვრებისთვის არა ხარ გაჩენილი, თუ ეს წუთისოფელი გხიბლავს? ახსენი. (რომაელთა 7:21). ბ) რას სწავლობ ასაფის მაგალითიდან? (იხილე ჩარჩო, გვერდი 13).

წარმოიდგინე, რომ საყიდლებზე ხარ. თვალში მოგხვდა ტანსაცმელი, რომლის ფერიც მოგწონს და სტილიც. ფასიც ხელსაყრელია. მაგრამ როცა კარგად ათვალიერებ, შენდა გასაოცრად, ხედავ, რომ ქსოვილი ნაპირებთან გაცრეცილია და დაუდევრად არის დაგვირისტებული. ტანსაცმელი ლამაზია, მაგრამ უხარისხო. გადაიხდიდი ფულს ასეთ საქონელში?

2 შენ, ქრისტიანი ახალგაზრდა, შეიძლება სწორედ ამის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდე. ერთი შეხედვით, ზემოხსენებული ტანსაცმლის მსგავსად, ეს წუთისოფელიც ძალიან მიმზიდველია. მაგალითად, შესაძლოა, შენი სკოლის ამხანაგები ხშირად დროის სატარებლად იკრიბებიან, ნარკოტიკებს იღებენ, სვამენ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ხვდებიან და უარს არ ამბობენ ქორწინებამდელ სქესობრივ ურთიერთობაზე. ხომ არ გიზიდავს ზოგჯერ ასეთი ცხოვრება? ხომ არ გინდა გემო გაუსინჯო მათ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას? ასეც რომ იყოს, ნაადრევად ნუ დაასკვნი, რომ შენს გულში ბოროტებაა დაბუდებული და ქრისტიანული ცხოვრებისთვის არა ხარ გაჩენილი. ბიბლია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ წუთისოფელი მაცდუნებელია მათთვისაც კი, ვისაც ღვთისმოსაწონი ცხოვრება სურს (2 ტიმოთე 4:10).

3. ა) რატომ არ ღირს იმის მიღება, რასაც წუთისოფელი გთავაზობს? ბ) როგორ აღწერა ერთმა ქრისტიანმა წუთისოფლის გზებით სიარულის ამაოება?

3 ახლა, მოდი ისე შევამოწმოთ ეს წუთისოფელი, როგორც ტანსაცმელს შევამოწმებდით ყიდვამდე. დაფიქრდი, რა ხარისხის „ქსოვილით“ და რამდენად ხარისხიანად არის „შეკერილი“ ეს სისტემა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გადადის წუთისოფელი“ (1 იოანე 2:17). ამ წუთისოფლის მიერ შემოთავაზებული ყოველგვარი სიამოვნება ნებისმიერ შემთხვევაში დროებითია. გარდა ამისა, საქციელს, რომელსაც ღმერთი გმობს, სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება. წუთისოფელი ნამდვილად არაფერს გვთავაზობს ღირებულს. ერთი ქრისტიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა, როგორც თვითონ ამბობს, „ახალგაზრდობის წლების უგუნურად გატარებით მიყენებული ტკივილი“, საკუთარ აზრს გვიზიარებს: „წუთისოფელი ერთი შეხედვით მომხიბლავი და მაცდურია. ცდილობს დაგაჯეროს, რომ უმტკივნეულოდ გაგართობს და გასიამოვნებს, მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია. წუთისოფელი გამოგიყენებს და მერე გადაგაგდებს“ *. განა ღირს, ახალგაზრდობის წლები ამისათვის დაკარგო?

„ბოროტისაგან“ დაცვა

4, 5. ა) რა სთხოვა იესომ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იეჰოვას ლოცვაში? ბ) რატომ იყო სათანადო მისი თხოვნა?

4 იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს ესმით, რომ ამ წუთისოფელში არაფერია ღირებული, ამიტომაც ერიდებიან მასთან მეგობრობას (იაკობი 4:4). შენც მიეკუთვნები ღვთის ერთგული ახალგაზრდების რიცხვს? თუ ასეა, ქებას იმსახურებ. ნამდვილად არაა ადვილი, თანატოლების ზეგავლენას გაუძლო და მათგან გამოირჩეოდე, მაგრამ გახსოვდეს, რომ დახმარების მიღება შესაძლებელია.

5 სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იესო ლოცულობდა, რომ იეჰოვას მისი მოწაფეები ‘ბოროტისაგან დაეცვა’ (იოანე 17:15). იესოს თხოვნა უსაფუძვლო არ ყოფილა. მან იცოდა, რომ თავისი მიმდევრებისთვის, რა ასაკისაც უნდა ყოფილიყვნენ, ადვილი არ იქნებოდა ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც იესომ აღნიშნა, მის მოწაფეებს ძლიერ უხილავ მტერთან — „ბოროტთან“, სატანა ეშმაკთან — მოუწევდათ ბრძოლა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ბოროტი სულიერი ქმნილება „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).

6. საიდან ვიცით, რომ სატანას ბავშვებიც კი არ ებრალება?

6 ათასწლეულების განმავლობაში სატანას სადისტურ სიამოვნებას ანიჭებდა და დღესაც ანიჭებს ადამიანების მხეცურად წამება. ამას ადასტურებს თუნდაც ის დიდი უბედურება, რომელიც მან იობსა და მის ოჯახს დაატეხა (იობი 1:13—19; 2:7). ალბათ, შენც გაიხსენებდი საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქებულ რაიმე მოვლენას, რომელსაც სატანის მოძალადეობრივი სულის დაღი აჩნდა. ეშმაკი დაძრწის და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. ის ბავშვებსაც კი არ ინდობს. მაგალითად, ახ. წ. I საუკუნის დასაწყისში ჰეროდემ ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭუნა გაწყვიტა (მათე 2:16). როგორც ჩანს, ჰეროდე სატანამ აღძრა იმ ბავშვის გასანადგურებლად, რომელიც აღთქმული მესია უნდა გამხდარიყო და ღვთის მიერ სატანისთვის გამოტანილი განაჩენი უნდა აღესრულებინა! (დაბადება 3:15). ნათელია, სატანისთვის სრულიად უცხოა ბავშვებისადმი სიბრალულის გრძნობა. მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი „ჩაყლაპოს“. განსაკუთრებით კი დღეს ცდილობს ადამიანების განადგურებას „დიდი მძვინვარებით“, რადგან ზეციდან უკვე დედამიწაზეა ჩამოგდებული და „იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:9, 12).

7. ა) რამდენად განსხვავებულია იეჰოვა სატანისგან? ბ) სურს თუ არა იეჰოვას, რომ სიცოცხლით გაიხარო?

7 სატანისგან განსხვავებით, რომელიც „მძვინვარებით“ დაძრწის, იეჰოვა „გულმოწყალებით“ ეპყრობა ადამიანებს (ლუკა 1:78). ის სიყვარულის განსახიერებაა. ეს დიდებული თვისება მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამ სისტემის ღმერთისგან რამდენად განსხვავებულია შენი ღმერთი! სატანას ადამიანების განადგურება უნდა, იეჰოვას კი „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტრე 3:9). მისთვის ძვირფასია თითოეული ადამიანის — მათ შორის შენი — სიცოცხლე. თავის სიტყვაში იეჰოვა მოგიწოდებს, რომ არ იყო ამ წუთისოფლის ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას შენთვის ცხოვრებაში სიხარულისა და თავისუფლების წართმევა უნდა (იოანე 15:19). მას სურს, ბოროტისაგან დაგიცვას. შენი ზეციერი მამა წუთისოფლის წარმავალ სიამოვნებაზე უფრო დიდ სიკეთეს გისურვებს. მას უნდა, რომ „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ მოიპოვო — მარადიულად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე (1 ტიმოთე 6:17—19). იეჰოვას უნდა, რომ ამ მიზანს მიაღწიო და მოგიწოდებს ამისკენ (1 ტიმოთე 2:4). გარდა ამისა, ის რაღაც განსაკუთრებულს გთავაზობს. რას?

„გული გამიხარე“

8, 9. ა) რა შეგიძლია აჩუქო იეჰოვას? ბ) როგორ შეურაცხყოფს სატანა იეჰოვას, როგორც იობის შემთხვევიდან ვხედავთ?

8 მიგირთმევია საჩუქარი ახლო მეგობრისთვის? გახსოვს მისი სიხარულით გაბრწყინებული სახე? ალბათ, დიდხანს ფიქრობდი, რა გეჩუქებინა. ახლა დაფიქრდი, რა შეგიძლია აჩუქო შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს? ღმერთისთვის რაღაცის ჩუქების იდეა თავიდან შეიძლება აბსურდული გეჩვენოს. რა სჭირდება ყოვლადძლიერს ჩვეულებრივი ადამიანისაგან? რა უნდა მისცე ისეთი, რაც მას არა აქვს? იგავების 27:11 პასუხს გვცემს: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავები 27:11, სსგ).

9 ალბათ, უკვე იცი ბიბლიიდან, რომ იეჰოვას მაგინებელი სატანა ეშმაკია. ის ამბობს, რომ ადამიანები იეჰოვას სიყვარულით კი არა, ეგოისტური მიზნებით ემსახურებიან და როგორც კი პრობლემები შეექმნებათ, მაშინვე მიატოვებენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგალითად, ღვთის ერთგული იობის შესახებ სატანამ იეჰოვას უთხრა: „განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი. აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:10, 11).

10. ა) საიდან ვიცით, რომ სატანას მხოლოდ იობის ერთგულება არ დაუყენებია ეჭვქვეშ? ბ) რა პასუხისმგებლობა გაქვს დაკისრებული უზენაესი ხელისუფლების საკითხთან დაკავშირებით?

10 ბიბლიიდან ვხედავთ, რომ სატანამ მხოლოდ იობის კი არა, ღვთის ყველა მსახურის — მათ შორის შენი — ერთგულებაც დააყენა ეჭვქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ სატანა ადამიანების შესახებ იეჰოვას ეუბნება: „სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი [არა მხოლოდ იობი, არამედ ნებისმიერი ადამიანი]“ (იობი 2:4). ხედავ, რა როლს ასრულებ ამ საკამათო საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით? როგორც იგავების 27:11-შია აღნიშნული, იეჰოვა გეუბნება, რის მიცემა შეგიძლია მისთვის — შენ შეგიძლია ღმერთს თავისი მაგინებლისთვის, სატანისთვის, პასუხის გაცემის საფუძველი მისცე. წარმოიდგინე, უზენაესი ხელისუფალი საშუალებას გაძლევს, შენი სიტყვა თქვა კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს საკამათო საკითხთან დაკავშირებით. რამდენად სერიოზული და, ამავე დროს, შესანიშნავი პასუხისმგებლობაა! შეასრულებ იეჰოვას თხოვნას? იობმა შეასრულა (იობი 2:9, 10). იესოც ასე მოიქცა. იეჰოვას ნება საუკუნეების განმავლობაში მრავალმა მორწმუნემ შეასრულა. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იყო (ფილიპელთა 2:8; გამოცხადება 6:9). შენც შეგიძლია ამის გაკეთება. გახსოვდეს, რომ არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია: შენი საქციელით ან ღვთის მაგინებელს, სატანას, დაუჭერ მხარს, ან იეჰოვას მისცემ პასუხის გაცემის საფუძველს. რას აირჩევ?

იეჰოვა ზრუნავს შენზე!

11, 12. აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა, აირჩევ თუ არა მის მსახურებას? ახსენი.

11 ნამდვილად აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა შენს არჩევანს? განა უკვე საკმაოდ ბევრმა არ შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება იმისათვის, რომ სატანას საკადრისი პასუხი გაეცეს? დიახ, უკვე დადასტურდა სატანის სიტყვების სიცრუე, რომ თითქოს იეჰოვას არავინ ემსახურება სიყვარულით. მაგრამ იეჰოვას სურს, საკამათო საკითხში შენც მას დაუჭირო მხარი, რადგან ზრუნავს პირადად შენზე. „არა აქვს სურვილი თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი“, — თქვა იესომ (მათე 18:14).

12 ცხადია, იეჰოვასთვის სულერთი არაა, რას აირჩევ. უფრო მეტიც, მას პირადად ეხება შენი არჩევანი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას გრძნობები აქვს და მის გრძნობებზე ადამიანის როგორც ცუდი, ისე კარგი საქციელი მოქმედებს. მაგალითად, ისრაელები ურჩობით „ტკივილს აყენებდნენ“ იეჰოვას (ფსალმუნები 78:40, 41, აქ [77:40, 41]). ნოეს დროინდელ წარღვნამდე, როდესაც „გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე“, იეჰოვა „დამწუხრდა თავის გულში“ (დაბადება 6:5, 6). დაფიქრდი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. არასწორი საქციელით ტკივილს მიაყენებ შემოქმედს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი სუსტია ან ემოციებს ვერ ერევა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას უყვარხარ, ის შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს. მეორე მხრივ, კარგი საქციელით გულს გაუხარებ მას. ასეთ შემთხვევაში, იეჰოვას სიხარულის მიზეზი მხოლოდ ის კი არ იქნება, რომ სატანისთვის საკადრისი პასუხის გაცემის უფრო მეტ საფუძველს მისცემ; მას ის გაახარებს, რომ შენი კურთხევის შესაძლებლობა მიეცემა. იეჰოვას სწორედ ეს სწადია (ებრაელთა 11:6). რამდენად მოსიყვარულე მამა გყავს!

კურთხევები დღესვე

13. როგორ ვართ დღესვე კურთხეული იმისათვის, რომ იეჰოვას ვემსახურებით?

13 მხოლოდ მომავალში როდი ვიქნებით კურთხეული იმისათვის, რომ იეჰოვას ვემსახურებით. იეჰოვას მოწმე ბევრ ახალგაზრდას დღესვე აქვს სიხარულისა და კმაყოფილების მიზეზი. „მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 18:9). იეჰოვამ ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად იცის, რა არის ჩვენთვის უმჯობესი. ესაიას პირით იეჰოვამ თქვა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).

14. როგორ დაგიცავს ბიბლიური პრინციპების გამოყენება ვალებით გამოწვეული პრობლემებისგან?

14 ბიბლიური პრინციპების გამოყენებით, ხშირ შემთხვევაში, თავიდან აიცილებ ტკივილსა და მწუხარებას. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ფულის მოყვარულებმა „თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). საკუთარმა მწარე გამოცდილებამ ხომ არ დაარწმუნა შენი რომელიმე თანატოლი ამ მუხლის სიტყვების ჭეშმარიტებაში? ზოგი ახალგაზრდა დიდ ვალს იღებს მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი ფირმის ტანსაცმელი იყიდოს და უკანასკნელ მოდაზე ჩაიცვას ან უახლესი აპარატურა შეიძინოს. ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად გრძელვადიანი, მაღალპროცენტიანი ვალების აღება მონობის ტოლფასია (იგავები 22:7).

15. როგორ გიცავს ბიბლიური პრინციპები ტკივილისგან, რომელიც სექსუალურ უზნეობას მოჰყვება?

15 განვიხილოთ სექსუალური უზნეობის საკითხიც. მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი გასათხოვარი მოზარდი ორსულდება. ზოგი აჩენს ბავშვს, რომლის გაზრდის არც სურვილი აქვს და არც უნარი. ზოგი აბორტს იკეთებს და მერე სინდისის ქენჯნით იტანჯება. ბევრი ახალგაზრდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით, მაგალითად შიდს-ით, ავადდება. იმ ახალგაზრდებისთვის კი, რომლებიც იეჰოვას იცნობენ, ყველაზე დიდი დანაკარგი იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება იქნებოდა * (გალატელთა 5:19—21). ამიტომაც ბიბლია მოგვიწოდებს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18).

„ბედნიერი ღმერთის“ მსახურება

16. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს გაიხარო ახალგაზრდობის წლებით? ბ) რატომ გაძლევს იეჰოვა რჩევებს?

16 ბიბლიაში იეჰოვა „ბედნიერ ღმერთად“ არის მოხსენიებული (1 ტიმოთე 1:11, აქ). მას სურს, რომ შენც ბედნიერი იყო. მის სიტყვაში ნათქვამია: „გაიხარე, ჭაბუკო, შენს ბავშვობაში“ (ეკლესიასტე 11:9). და მაინც, იეჰოვა მხოლოდ აწმყოს კი არა, მომავალსაც ხედავს; მას შეუძლია განჭვრიტოს, სადამდე მიგიყვანს, როგორც სწორი, ისე არასწორი საქციელი. სწორედ ამიტომ მოგიწოდებს: «გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „არა მწადიან ისინი!“» (ეკლესიასტე 12:1).

17, 18. რა თქვა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა იეჰოვას მსახურებაზე და როგორ შეგიძლია მასავით გაიხარო?

17 დღეს ბევრი ახალგაზრდა ბედნიერია იეჰოვას მსახურებით. მაგალითად, 15 წლის ლინა ამბობს: „შემიძლია თავაწეულმა ვიარო. ჯანმრთელობას ვინარჩუნებ, რადგან არც ვეწევი და არც ნარკოტიკებს ვიყენებ. ფასდაუდებელი რჩევების დახმარებით, რომლებსაც კრებაში ვიღებ, წინააღმდეგობას ვუწევ სატანის საზარელ ზეგავლენას. ბედნიერი ვარ კრებაში და-ძმებთან ურთიერთობით და, რაც ყველაზე მთავარია, მაქვს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი, რომელიც არ გამიმტყუნდება“.

18 ლინას მსგავსად, ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდა ძალ-ღონეს არ იშურებს რწმენის შესანარჩუნებლად, რაც მათ სიხარულს ანიჭებს. ისინი ხედავენ, რომ ნამდვილად აქვს აზრი და მომავალი ქრისტიანულ ცხოვრებას, რაც ზოგჯერ მათთვის არც ისე ადვილია. ასე რომ, კვლავაც ემსახურე ღმერთს, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე. გული გაუხარე მას და ის შენთვის მარადიული სიხარულის წყარო იქნება (ფსალმუნები 5:12).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილე სტატია „ჭეშმარიტებამ სიცოცხლე დამიბრუნა“ 1997 წლის იანვარი — მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 15 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მათთვის, ვინც ცოდვებს აღიარებს, ინანიებს და სწორდება იეჰოვა „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).

გახსოვს თუ არა?

• რა საფრთხე გემუქრება „ბოროტისაგან“ ანუ სატანისგან?

• რით გაუხარებ გულს იეჰოვას?

• როგორ დაგანახვა ბიბლიამ, რომ იეჰოვა ზრუნავს შენზე?

• რა კურთხევებს მოგიტანს იეჰოვას მსახურება?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 13 გვერდზე]

ღვთის ერთგული მსახური კინაღამ დაეცა

ასაფი ძველ ისრაელში ცნობილი ლევიანი მუსიკოსი იყო. ის იეჰოვას ტაძარში მსახურობდა. იგი ღვთის განსადიდებელ საგალობლებსაც კი ქმნიდა, რომლებსაც ისრაელები თაყვანისმცემლობაში იყენებდნენ. მიუხედავად ამისა, ასაფი მცირე ხნით მაინც მოიხიბლა ურწმუნოთა ცხოვრებით. მისი თანამედროვენი თითქოს დაუსჯელი რჩებოდნენ ღვთის რჯულის დარღვევისთვის. „კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები! — აღიარა მან მოგვიანებით. — რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას“ (ფსალმუნები 72:2, 3).

მოგვიანებით ასაფმა ღვთის ტაძარში ილოცა ამ საკითხზე. მან აღიდგინა სულიერი ხედვა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იეჰოვას სძულს ბოროტება და თავის დროზე, როგორც ბოროტების ჩამდენნი, ისე სიმართლის მოქმედნი სწორედ იმას მოიმკიან, რასაც თესავენ (ფსალმუნები 72:17—20; გალატელთა 6:7, 8). ბოროტები ნამდვილად მოლიპულ გზაზე დგანან. მათი დაცემა გარდაუვალი იქნება, როდესაც იეჰოვა ამ უღვთო სისტემას გაანადგურებს (გამოცხადება 21:8).

[სურათები 15 გვერდზე]

იეჰოვა შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს, სატანას კი შენი „ჩაყლაპვა“ სურს.

[სურათი 16 გვერდზე]

ბევრი ახალგაზრდისთვის უდიდესი ბედნიერებაა თანაქრისტიანებთან ერთად იეჰოვას მსახურება.