რა ემართება სულიერ ფასეულობებს
რა ემართება სულიერ ფასეულობებს
„იმ საღამოს [კათოლიკურ ეკლესიაში] გამართულ შეხვედრას, რომელზეც წყვილებს დაქორწინებამდე რჩევებს აძლევენ, 15 წყვილი, 30 ადამიანი, ესწრებოდა. მათგან მხოლოდ სამმა თქვა, რომ მორწმუნე იყო“, — აღნიშნავს ერთი ფრანგული კათოლიკური ყოველდღიური გაზეთი (La Croix French Catholic daily).
რელიგიური ფასეულობები კრიზისს განიცდის. „ნიუსუიკის“ (საერთაშორისო გამოცემა) 1999 წლის 12 ივლისის ნომრის გარეკანზე დასმული იყო კითხვა: „მოკვდა ღმერთი?“. ჟურნალში გამოთქმული აზრის თანახმად, დასავლეთ ევროპელთათვის ამ კითხვაზე პასუხი, როგორც ჩანს, დადებითია. იმავე წლის ოქტომბერში კათოლიკური ეკლესიის სინოდის მიერ რომში ჩატარებული სხდომის შესახებ ფრანგული გაზეთის, „მონდის“, სტატიაში აღნიშნული იყო: „ეკლესიისთვის დღეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე, რაიმე ცნობის მიტანა ადამიანებამდე, რომლებიც მის მიმართ ანტიპათიით არიან განწყობილი . . . იტალიაში კათოლიციზმში აღარ არის ერთიანობა . . . გერმანიაში აბორტებთან დაკავშირებული საკონსულტაციო ცენტრების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად პაპსა და დემოკრატებს შორის უფსკრული იზრდება. მიზეზი კი ის არის, რომ ამ უკანასკნელთ აღარ სურთ დიქტატორული განაცხადების მიღება. ზნეობრივი ნორმების მკვეთრი დაცემისა და უკურნებელი სენით დაავადებულთა უმტკივნეულოდ მოკვლის მიმართ [ნიდერლანდების] ლიბერალური დამოკიდებულება კი ბევრმა ისე აღიქვა, რომ ამ ქვეყანამ უეცრად გადაუხვია ქრისტიანობიდან“.
სხვა ქვეყნებშიც მსგავსი მდგომარეობაა. 1999 წელს კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, ჯორჯ კერიმ თქვა, რომ ანგლიკანურ ეკლესიას „განადგურებამდე ერთი თაობაღა დარჩა“. ფრანგულ გაზეთ „ფიგაროს“ ერთ სტატიაში — „ქრისტიანობის აღსასრული ევროპაში“ — ნათქვამია: „ყველგან თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა . . . ხალხი განუწყვეტლივ ეჭვქვეშ აყენებს ეთიკურ და რელიგიურ შეხედულებებს“.
რელიგიისადმი ინტერესი კლებულობს
ევროპაში ეკლესიაში მოსიარულეთა რიცხვმა მკვეთრად იკლო. ფრანგ კათოლიკეთა 10 პროცენტზე ნაკლები თუ ესწრება ყოველკვირა მესას, ხოლო პარიზში კათოლიკეების მხოლოდ 3—4 პროცენტიღა დადის რეგულარულად ეკლესიაში. იგივე ან
კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლებია დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში.რელიგიური წინამძღოლები შეშფოთებული არიან ღვთისმსახურების მსურველთა რაოდენობის მკვეთრი შემცირებით. უკანასკნელი 100 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში საფრანგეთში მკვეთრად იკლო მღვდლების რიცხვმა. თუ ადრე 10 000 მოსახლეზე 14 მღვდელი მოდიოდა, დღეს ერთიც კი აღარ მოდის. ევროპაში მათმა საშუალო ასაკმაც იმატა. სასულიერო პირთა სიმცირე შეინიშნება ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ირლანდია და ბელგია. ამავე დროს, მცირდება იმ ბავშვების რიცხვიც, რომლებიც კატეხიზმოს შემსწავლელ კლასებში დადიან. ეს კი სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმის თაობაზე, რომ კათოლიკური ეკლესია ოდესმე აღორძინდება.
როგორც ჩანს, ხალხმა რელიგიისადმი ნდობა დაკარგა. დღეს საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტს სჯერა, რომ „ჭეშმარიტების პოვნა მხოლოდ ერთ რელიგიაშია შესაძლებელი“ მაშინ, როდესაც 1981 წელს ეს მაჩვენებელი 15 პროცენტი იყო, 1952 წელს კი — 50. ხალხი სულ უფრო და უფრო კარგავს რელიგიისადმი ინტერესს. იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებიან, უფრო და უფრო მატულობს, და თუ 1980 წელს მათი რაოდენობა 26 პროცენტს შეადგენდა, 2000 წლისთვის ეს მაჩვენებელი 42 პროცენტამდე გაიზარდა (Les valeurs des Français—Évolutions de 1980 à 2000).
ზნეობრივი ღირებულებების ძირეული გადაფასება
ღირებულებების კრიზისი ზნეობრივ საკითხებშიც შეინიშნება. როგორც უკვე აღინიშნა, ეკლესიაში მოსიარულეთაგან მრავალი არ იზიარებს თავისი ეკლესიის მორალურ ნორმებს. მათთვის მიუღებელია ის აზრი, რომ რელიგიურ წინამძღოლებს ქცევის ნორმების დადგენის უფლება აქვთ. იგივე ადამიანები, რომლებიც მოწონებით ხვდებიან პაპის შეხედულებას ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, უარს ამბობენ მის მოსმენაზე, როდესაც პაპის სიტყვები მათ პირად ცხოვრებას ეხება. მაგალითად, კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებით პაპის პოზიციას საყოველთაოდ უგულებელყოფენ და ამ ადამიანთა შორის მრავლად არიან კათოლიკე წყვილებიც.
ასეთი დამოკიდებულება გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ფენაზე, როგორც მორწმუნეებზე, ისე ურწმუნოებზე. ხალხი შემწყნარებლობას ავლენს ისეთი ქმედებებისადმი, რომლებსაც საღვთო წერილი აშკარად განსჯის. ოცი წლის წინათ ჰომოსექსუალიზმი საფრანგეთის მოსახლეობის 45 პროცენტს აშკარად არ მოსწონდა. დღეს კი ის 80 პროცენტისთვის მისაღებია. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ცოლქმრული ერთგულების მომხრეა, მხოლოდ 36 პროცენტი მიიჩნევს ღალატს ყოვლად დაუშვებლად (რომაელთა 1:26, 27; 1 კორინთელთა 6:9, 10; ებრაელთა 13:4).
რელიგიური ქაოსი
დასავლეთის ქვეყნებში საკუთარი გემოვნებისთვის რელიგიის მორგება სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. ეს ადამიანები საკუთარ თავზე იღებენ უფლებას, სხვადასხვა რელიგიიდან აირჩიონ მათთვის მოსაწონი სწავლებები. ისინი ზოგ სწავლებას იღებენ, ზოგს — არა. ბევრი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს და, ამავე დროს, რეინკარნაციის სწამს. სხვები მზად არიან ერთდროულად რამდენიმე რელიგიის სწავლებას მიჰყვნენ (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4, 20; მათე 7:21; ეფესელთა 4:5, 6). ერთ-ერთ წიგნში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მრავალმა მორწმუნემ სამუდამოდ გადაუხვია ეკლესიის მიერ დადგენილი გზიდან (Les valeurs des Français).
რელიგიური ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვის ამგვარი ტენდენცია არცთუ ისე უსაფრთხოა. ჟან დელიუმოს, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრსა და რელიგიის ისტორიის სპეციალისტს, მტკიცედ სწამს, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეიქმნას ყველა არსებული სისტემისგან დამოუკიდებელი, საკუთარი რელიგია. „შეუძლებელია რწმენამ დიდხანს იარსებოს, თუ მტკიცედ არ არის ფესვგადგმული კონკრეტულ აღმსარებლობაში“. ჯანსაღი სულიერი ფასეულობები და რელიგიური ჩვეულებები ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. სად შეიძლება ასეთი ჰარმონიის პოვნა დღევანდელ არასტაბილურ საზოგადოებაში?
ბიბლია შეგვახსენებს, რომ ღმერთი ადგენს ქცევისა და ზნეობის მისაღებ ნორმებს, თუმცა ადამიანებს უტოვებს უფლებას, თავად გადაწყვიტონ, დაიცვან თუ არა ისინი. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აღიარებს, რომ ამ წიგნს, რომელსაც საუკუნეებია, რაც ძალიან აფასებენ, პრაქტიკული ღირებულება არ დაუკარგავს. ის დღესაც ‘სანთელია ფეხისთვის და სინათლე ბილიკებისთვის’ (ფსალმუნები 118:105). რატომ მივიდნენ ისინი ამ დასკვნამდე? ამის შესახებ მომდევნო სტატია მოგვითხრობს.