არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთი

უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთი

უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთი

ბეთლემის მახლობლად კალოზე გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს. ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ მოშივებულ მომკელებს მოხალული მარცვლის სუნი კარნახობს, რომ უკვე ჭამის დროა. თითოეული მათგანი თავისი გარჯის ნაყოფით ისიამოვნებს.

ბოყაზი, მდიდარი მიწათმფლობელი, ვახშმობის შემდეგ მოსასვენებლად ერთ ზვინთან მიდის და წვება. ის დღეც დასასრულს უახლოვდება და დასაძინებლად ყველა მყუდრო ადგილს ეძებს. კმაყოფილი ბოყაზი სამოსელს იფარებს და ძილს ეძლევა.

საიდუმლო შეხვედრა

შუაღამისას ბოყაზს სიცივე აღვიძებს. კაცი გაოგნებულია: ფეხებთან სამოსლის კალთა გადაწეული აქვს და მის ფეხთით ვიღაც წევს! სიბნელეში ვერ ცნობს, ვინ არის და ეკითხება: „ვინა ხარ?“. ქალის ხმა პასუხობს: „რუთი ვარ, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს შენი სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ“ (რუთი 3:1—9).

ისინი ღამის სიბნელეში მარტონი საუბრობენ. ჩვეულებრივ, კალოზე ქალები მარტო არ არიან ხოლმე (რუთი 3:14). მიუხედავად ამისა, ბოყაზის სიტყვისამებრ რუთი მის ფეხთით რჩება გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი დგება და მიდის, რათა თავი აარიდოს ზედმეტ მითქმა-მოთქმას.

იყო ეს რომანტიკული შეხვედრა? მოხერხებულად აცდუნა მდიდარი, დარბაისელი კაცი წარმართული ქვეყნიდან მოსულმა ახალგაზრდა ღარიბმა ქვრივმა? იქნებ ბოყაზმა ისარგებლა იმ ღამეს რუთის მდგომარეობითა და მარტოობით? არა. მომხდარი, ფაქტობრივად, ღვთისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გამოვლინება იყო. ეს ამბავი გულგრილს არავის დატოვებს.

მაშ გავიგოთ, ვინ არის რუთი, რა განზრახვით მოქმედებს ის და ვინ არის ეს მდიდარი კაცი, ბოყაზი.

„ღირსეული ქალი“

ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლით ადრე, იუდაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა. ისრაელთა ერთი ოჯახი, რომელიც ოთხი წევრისგან — ელიმელექის, მისი ცოლის, ნაყომისა და მათი ვაჟების, მახლონისა და ქილიონისგან — შედგებოდა, ნაყოფიერ ქვეყანაში, მოაბში, გადასახლდა. მახლონმა და ქილიონმა მოაბელი ქალები — რუთი და ყორფა — შეირთეს. გამოხდა ხანი და მოაბში ჩასული ეს სამი ისრაელი მამაკაცი გარდაიცვალა. მათმა მეუღლეებმა კი გაიგეს, რომ ისრაელში მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ასე რომ, უშვილოდ და უშვილიშვილოდ დარჩენილმა, დაქვრივებულმა და გაუბედურებულმა ნაყომიმ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა (რუთი 1:1—14).

ისრაელისკენ მიმავალ გზას რომ დაადგნენ, ნაყომიმ ყორფა დაიყოლია, თავის ხალხთან დაბრუნებულიყო. შემდეგ კი რუთს მიუბრუნდა: „აჰა, შენი მაზლის ცოლი თავის ხალხს და თავის ღმერთებს უბრუნდება. მიჰყევი შენი მაზლის ცოლს!“. მაგრამ რუთმა უთხრა: „ნუ მთხოვ შენს მიტოვებას . . . სადაც შენ წახვალ, მეც იქ უნდა წამოვიდე . . . შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთია. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო“ (რუთი 1:15—17). ასე რომ, ეს ორი გაუბედურებული ქვრივი ბეთლემში დაბრუნდა. რუთის მიერ დედამთილის მიმართ გამოვლენილმა სიყვარულმა და მზრუნველობამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მეზობლებზე, რომ ისინი ამ ახალგაზრდა ქალს ნაყომისთვის „შვიდ ვაჟიშვილზე მეტად“ მიიჩნევდნენ. ბევრი მას „ღირსეულ ქალს“ უწოდებდა (რუთი 3:11; 4:15).

ბეთლემში ქერის მკა იყო დაწყებული და რუთმა ნაყომის უთხრა: „წავალ მე ყანებში და თავთავებს ავკრეფ იმათ ნამკალში, ვის თვალშიაც მადლს ვიპოვნი“ (რუთი 2:2).

შემთხვევით ის ბოყაზის, თავისი მამამთილის, ელიმელექის, ნათესავის ყანაში ხვდება. რუთი ბოყაზის მსახურს, რომელიც თავზე ადგას მომკელებს, თავთავების აკრეფის ნებართვას სთხოვს. მისი გულმოდგინება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსახურზე და ის ბოყაზთან აქებს ქალს (რუთი 1:22—2:7).

მფარველი და კეთილისმყოფელი

ბოყაზი იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელია. ყოველ დილით ის თავის მსახურებს ასე ესალმებოდა: „უფალი იყოს თქვენთან!“. ხოლო ისინი პასუხობდნენ: „უფალმა გაკურთხოს!“ (რუთი 2:4). მას შემდეგ, რაც ხედავს რუთის გულმოდგინედ მუშაობას და იგებს დედამთილის მიმართ მის მიერ გამოვლენილი ერთგულების შესახებ, ბოყაზი ამ მუყაით ქალს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეუბნება: „ნუ წახვალ ასაკრეფად სხვა ყანაში. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი . . . ნაბრძანები მაქვს ბიჭებისათვის, არ დაგიშალონ. როცა მოგწყურდეს, მიდი წყლის ჭურჭლებთან და დალიე“ (რუთი 2:8, 9).

რუთი მდაბლად იხრება და ეკითხება: „რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხო ტომის ქალი მიმიღე?“. ბოყაზი პასუხობს: „ყველაფერი გაგებული მაქვს, რაც შენი დედამთილისათვის გააკეთე ქმრის სიკვდილის შემდეგ — მამაშენი, დედაშენი და შენი სამშობლო ქვეყანა რომ მიატოვე, და მოხვედი ხალხში, რომელსაც არ იცნობდი არც გუშინ და არც გუშინწინ. უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისაგან“ (რუთი 2:10—12).

ბოყაზი მისი გულის მოგებას არ ცდილობს. ის ქალს გულწრფელად აქებს. რუთი კი, ეს თავაზიანი და თავმდაბალი ქალი, მადლობას უხდის ბოყაზს ამ სიტყვებისთვის. ის ფიქრობს, რომ ასეთი დამოკიდებულება არაფრით დაუმსახურებია და კიდევ უფრო გულმოდგინედ განაგრძობს მუშაობას. მოგვიანებით, სადილობისას ბოყაზი უხმობს მას: „მოდი და აქ ჭამე პური, და ლუკმა ამოაწე ძმარში“. რუთი ნაყრდება და საკვების ნაწილს ნაყომისთვის ინახავს (რუთი 2:14).

დღის ბოლოს რუთი ცეხვავს ქერს და დღის განმავლობაში მოგროვილი ქერი 22 ლიტრი გამოსდის. თავისი ნაშრომითა და მორჩენილი საკვებით ის სახლში, ნაყომისთან ბრუნდება (რუთი 2:15—18). ასე ხელდამშვენებული რძლის ნახვით ნასიამოვნები ნაყომი ეკითხება მას: „სად ჰკრეფდი შენ დღეს? . . კურთხეული იყოს, ვინც შენ მიგიღო!“. ნაყომი იგებს, რომ რუთი ბოყაზთან ყოფილა და ეუბნება: „კურთხეული იყოს ის უფლისაგან, რადგან წყალობა არ მოაკლო ცოცხლებს და მკვდრებს . . . ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი სანათესაოდან არის“ (რუთი 2:19, 20).

„მყუდრო ადგილის“ პოვნა

ნაყომის სურს რძალს „მყუდრო ადგილი“ (სსგ) ანუ სახლი მოუძებნოს. ამიტომაც გადაწყვიტა, ხელიდან არ გაუშვას შემთხვევა და ისარგებლოს ერთ-ერთი კანონით, რომელიც გამოსყიდვას ეხება (ლევიანები 25:25; მეორე რჯული 25:5, 6). დედამთილი რძალს მოქმედების ეფექტურ, მაგრამ ამავე დროს უჩვეულო, გეგმას სთავაზობს — რუთმა ბოყაზის ყურადღება უნდა მიიპყროს. კარგად დარიგებული და მომზადებული ახალგაზრდა ქალი ღამის სიბნელეში მის კალოზე მიდის. ხედავს, რომ კაცს სძინავს. ის ბოყაზის ფეხებთან წვება და მის გაღვიძებას ელოდება (რუთი 3:1—7).

ბოყაზი იღვიძებს. რუთის მოქმედება, ეჭვგარეშეა, ეხმარება, გაიგოს მისი თხოვნის მნიშვნელობა, ‘კალთა გადააფაროს თავის მხევალს’. ქალის საქციელი ხანში შესულ იუდაელს თავის ნათესაურ მოვალეობას შეახსენებს. ბოყაზი ხომ მახლონის, რუთის გარდაცვლილი ქმრის, ახლო ნათესავია (რუთი 3:9).

ბოყაზი არ ელოდა ღამით კალოზე რუთის სტუმრობას. მაგრამ მისი სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ რუთის თხოვნა ნათესაურ მოვალეობასთან დაკავშირებით მისთვის მთლად მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო. ბოყაზი მზადყოფნით გამოეხმაურა ქალის თხოვნას.

რუთის ხმაში, ალბათ, გარკვეული აღელვებაც ჩანს, რის გამოც ბოყაზი ეუბნება: „ახლა, ჩემო ასულო, ნუ გეშინია! ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ხალხმა იცის ქალაქში, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთი 3:11).

ბოყაზს რუთის საქციელში ბიწიერების ნასახიც კი არ დაუნახავს. ეს აშკარად ჩანს მისი სიტყვებიდან: „კურთხეულ იყავ უფლისაგან, ჩემო ასულო! რაც ახლა სიკეთე ქენი, პირვანდელზე უკეთესია“ (რუთი 3:10). პირველ შემთხვევაში რუთმა სიყვარულით ნაკარნახები სიკეთე ნაყომის მიმართ გამოავლინა. ამ შემთხვევაში კი მან უანგაროდ ცნო გამომსყიდველად ბოყაზი, მასზე ბევრად უფროსი მამაკაცი, რადგანაც მისი ნათესავი იყო. რუთი მზად იყო, მახლონის სახელზე ნაყომისთვის მემკვიდრე გაეჩინა.

გამომსყიდველი უარს ამბობს მოვალეობის შესრულებაზე

მომდევნო დილით ბოყაზი ნაყომის უფრო ახლო ნათესავს უხმობს და ქალაქის მკვიდრთა და უხუცესების წინაშე დაახლოებით ასეთ სიტყვებს ეუბნება: ‘ახლა გიცხადებ, რომ შენ გაქვს უფლება, გამოისყიდო ნაყომის ნაკვეთი, რომელიც მის ქმარს, ელიმელექს ეკუთვნის და რომელსაც ყიდის ქვრივი’. ბოყაზი განაგრძობს: ‘გსურს გამოისყიდო? თუ არა, მე გამოვისყიდი’. ის მამაკაცი ამბობს, რომ თანახმაა, გამოისყიდოს მიწის ნაკვეთი (რუთი 4:1—4).

მალე ის გაოცებული რჩება! ბოყაზი მოწმეების თანდასწრებით ეუბნება: „როცა ყანას გამოისყიდი ნაყომის ხელიდან და მოაბელი რუთისაგან, გარდაცვლილის ცოლიც უნდა გამოისყიდო, რათა სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში“. იმის შიშით, რომ საკუთარ სამკვიდრებელს დააქცევს, ეს კაცი უარს აცხადებს გამოსყიდვაზე. „ვერ გამოვიხსნი“, — ამბობს ის (რუთი 4:5, 6).

ჩვეულების თანახმად, გამოსყიდვაზე უარის მთქმელს ფეხსაცმელი უნდა გაეხადა და მეორესთვის მიეცა. ამიტომ ის ბოყაზს ეუბნება: „შენთვის გამოისყიდე!“ და ფეხსაცმელს იხდის. მაშინ ბოყაზი უხუცესებსა და ყველა შეკრებილს მიმართავს: „დღეს თქვენ მოწმენი ხართ, გამოვისყიდე ნაყომის ხელიდან ელიმელექის მთელი საბადებელი, ქილიონის და მახლონის მთელი საბადებელი. ასევე მოაბელი რუთი, მახლონის ქვრივი, ცოლად გამოვისყიდე, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდრებელში . . . ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!“ (რუთი 4:7—10).

კარიბჭესთან შეკრებილი ხალხი ბოყაზს ერთხმად ეუბნება: „ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი ქალი რახელივით და ლეასავით, რომელთაც ააშენეს ისრაელის სახლი. ღირსეულად მოიქეცი ეფრათში და სახელი გაითქვი ბეთლემში!“ (რუთი 4:11, 12).

ხალხის ლოცვა-კურთხევით ბოყაზს რუთი ცოლად მოჰყავს. ქალი შობს ბავშვს, რომელსაც ყობედს არქმევენ. ამგვარად ხდებიან რუთი და ბოყაზი მეფე დავითისა და, შედეგად, იესო ქრისტეს წინაპრები (რუთი 4:13—17; მათე 1:5, 6, 16).

„სრული საზღაური“

მთელი ამ ისტორიიდან — დაწყებული იმით, თუ როგორ ესალმებოდა თავის მსახურებს და ელიმელექის სახელის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით დამთავრებული — ბოყაზი ცხადყოფს, რომ ჩინებული მამაკაცია. ის საქმის კაცად არის ცნობილი და სხვებისგან პატივისცემით სარგებლობს. აქვე აღნიშვნის ღირსია მისი თავშეკავება, რწმენა და ერთგულება. ბოყაზი აგრეთვე გულუხვი, კეთილი, ზნეობრივად სუფთა ადამიანი იყო. ის იეჰოვას მითითებებს ერთგულად ასრულებდა.

რუთი იეჰოვას სიყვარულით, ნაყომისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. გასაკვირი არ არის, რომ ხალხში მას „ღირსეული ქალის“ სახელი ჰქონდა. ის ‘სიზარმაცის პურს არ ჭამდა’. ამიტომაც შეეძლო თავისი გარჯის ნაყოფი დედამთილისთვისაც გაეზიარებინა (იგავები 31:27, 31). ნაყომიზე ზრუნვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რუთს გაცემით გამოწვეულ ბედნიერებას ანიჭებდა (საქმეები 20:35; 1 ტიმოთე 5:4, 8).

მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითების პოვნაა შესაძლებელი „რუთის“ წიგნში! ნაყომი ღმერთს არ დავიწყებია. რუთი იღებს „სრულ საზღაურს“ და იესო ქრისტეს წინაპარი ხდება. ბოყაზს ღმერთი აკურთხებს და „ღირსეული ქალი“ მოჰყავს ცოლად. ჩვენ კი ასეთ ადამიანებში რწმენის მისაბაძ მაგალითებს ვხედავთ.

[ჩარჩო 26 გვერდზე

იმედის ნაპერწკალი

თუ ფიქრობთ, რომ უბედური ხართ, გაიხსენეთ რუთი. ეს იმედის ნაპერწკალს გაგიჩენთ. აღნიშნული წიგნი მსაჯულთა წიგნის მნიშვნელოვან ეპილოგად გვევლინება. მასში ნაჩვენებია, როგორ აირჩია იეჰოვამ მოაბელი თავმდაბალი ქვრივი თავისი ხალხის მეფის წინაპრად. მსაჯულთა წიგნის ფონზე რუთის რწმენა სინათლესავით კიაფობს.

რუთის ისტორია გვარწმუნებს, რომ მდგომარეობა საშინელიც რომ იყოს, ღმერთი ყოველთვის ზრუნავს თავის ხალხზე და ასრულებს თავის განზრახვას.