არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ქრისტე მტკიცებები იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად ცხოვრობდა დედამიწაზე

იესო ქრისტე მტკიცებები იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად ცხოვრობდა დედამიწაზე

იესო ქრისტე მტკიცებები იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად ცხოვრობდა დედამიწაზე

გჯერათ, რომ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ალბერტ აინშტაინი ერქვა? ცხადია, თქვენი პასუხი დადებითი იქნება, მაგრამ რის საფუძველზე პასუხობთ ასე? დღეს მცხოვრებთაგან უმეტესობა პირადად არ შეხვედრია მას. მიუხედავად ამისა, მისი მიღწევების შესახებ სანდო ინფორმაცია ადასტურებს, რომ ის ნამდვილად არსებობდა. ამ პიროვნების მოღვაწეობის გავლენა დღემდე იგრძნობა — მის აღმოჩენებს ფართოდ იყენებენ მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში. მაგალითად, მრავალი სარგებლობს ატომური ელექტროსადგურებიდან მიწოდებული ელექტროენერგიით, რომლის მიღებაც აინშტაინის ცნობილი ფორმულის E=mc2 (ენერგია უდრის მასისა და სინათლის სიჩქარის კვადრატის ნამრავლს) გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

მართებული იქნებოდა ამავე მსჯელობის გამოყენება იესო ქრისტესთან დაკავშირებითაც, რადგან, როგორც საყოველთაოდ არის აღიარებული, მან უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაზე. მის შესახებ წერილობითი სახით შემონახული ინფორმაცია და მისი გავლენის ხილული მტკიცება არავითარ ეჭვს არ გვიტოვებს იმასთან დაკავშირებით, რომ იესო არსებობდა. წინა სტატიაში მოხსენიებული არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც იაკობის შესახებ წარწერას ეხება, ძალიან საინტერესოა, მაგრამ არც იმ და არც სხვა ოსუარიუმით არ განისაზღვრება, იყო თუ არა იესო ისტორიული პიროვნება. იესოს არსებობის დამადასტურებელი ფაქტების პოვნა შესაძლებელია იმ ისტორიულ წყაროებში, რომლებშიც იესოსა და მისი მიმდევრების შესახებ არის მოთხრობილი.

ისტორიული მტკიცებები

მაგალითად, განვიხილოთ I საუკუნის ისტორიკოსისა და ფარისევლის, იოსებ ფლავიუსის მტკიცება. ის იესო ქრისტეს შესახებ წერდა თავის წიგნში „იუდეველთა სიძველენი“. ზოგი ფიქრობს, რომ პირველი მითითება, სადაც იოსებ ფლავიუსი იესოს მესიად მოიხსენიებს, დედანში არ არის და ყალბია, მაგრამ იეშივას უნივერსიტეტის პროფესორის, ლუის ფელდმანის, სიტყვების თანახმად, მრავლისთვის ნამდვილად არ არის ნაყალბევი მეორე მითითება. იქ ნათქვამია: „[მღვდელმთავარმა ანანიამ] მოიწვია სინედრიონი და მათი სამსჯავროს წინაშე წარდგა მამაკაცი, სახელად იაკობი, ძმა იესოსი, რომელსაც ქრისტეს უწოდებენ“ („იუდეველთა სიძველენი“, XX, 200). დიახ, ფარისეველი, ანუ იმ სექტის წარმომადგენელი კაციც კი, რომლის მრავალი მიმდევარი იესოს მტერი იყო, აღიარებდა „იაკობის, იესოს ძმის“ არსებობას.

იესოს არსებობის გავლენა მისი მიმდევრების საქმიანობაშიც იგრძნობოდა. დაახლოებით ახ. წ. 59 წელს, როდესაც მოციქული პავლე რომში დააპატიმრეს, იუდეველმა წარჩინებულებმა მას უთხრეს: «ამ მწვალებლობას [„სექტას“, აქ] ყველგან ეწინააღმდეგებიან» (საქმეები 28:17—22). მათ იესოს მოწაფეები „სექტის“ წევრებად მოიხსენიეს. თუ ქრისტიანების წინააღმდეგ ყველგან გამოდიოდნენ, ცხადია, ისტორიკოსებსაც უნდა შეეტანათ მათ შესახებ ინფორმაცია მატიანეში. ასე არ არის?

ტაციტუსმა, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 55 წელს დაიბადა და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ისტორიკოსად ითვლება, თავის „ანალებში“ მოიხსენია ქრისტიანები. ახ. წ. 64 წელს რომში ხანძარმა იფეთქა, რაშიც ნერონმა ქრისტიანებს დასდო ბრალი. ამ ამბის აღწერისას ტაციტუსმა აღნიშნა: „ნერონმა დაადანაშაულა და საშინლად აწამა ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთ სისაძაგლეთა გამო საყოველთაო სიძულვილი დაიტეხეს თავს და რომლებსაც ბრბო ქრისტიანებს უწოდებს. ქრისტე, რომლის სახელსაც ეს ხალხი ატარებს, ტიბერიუსის მმართველობის დროს პროკონსულმა პონტოელმა პილატემ სიკვდილით დასაჯა“. ამ წყაროში აღწერილი დეტალები შეესაბამება ბიბლიაში იესოს შესახებ მოცემულ ინფორმაციას.

სხვა მწერალი, რომელიც იესოს მიმდევრებს მოიხსენიებდა, პლინიუს უმცროსი, ბითინიის გამგებელი, იყო. დაახლოებით ახ. წ. 111 წელს იმპერატორ ტრაიანეს პლინიუსმა მისწერა, როგორ გაერთმია თავი ქრისტიანებთან დაკავშირებული სირთულეებისთვის. „თუ ვინმეს ქრისტიანი უწოდეს და ამით ცილი დასწამეს, ის თავის გასამართლებლად მაშინვე ღმერთებს მოუხმობს და თაყვანს სცემს ტრაიანეს ქანდაკებას, რათა დაამტკიცოს, რომ ქრისტიანი არ არის“, — წერდა პლინიუსი. ის იქვე განაგრძობდა: „ამბობენ, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ვერაფრით აიძულებ მსგავსი რამის გაკეთებას“. ეს ადასტურებს, რომ ნამდვილად არსებობდა ქრისტე, რომლის მიმდევრებიც მზად იყვნენ მისდამი რწმენისთვის სიცოცხლე გაეწირათ.

იესო ქრისტესა და მისი მიმდევრების შესახებ პირველი ორი საუკუნის ისტორიკოსების მიერ გადმოცემული ცნობების შეჯამების შემდეგ ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (2002 წლის გამოცემა) ასეთ დასკვნას აკეთებს: „ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული წყაროებიდან მიღებული ცნობები ადასტურებს, რომ ძველ დროში ქრისტიანების მოწინააღმდეგეებსაც კი არასდროს შეუტანიათ ეჭვი იესოს არსებობაში, რაზეც პირველად და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს კამათი XVIII საუკუნის მიწურულს, კამათობდნენ მთელი XIX საუკუნის განმავლობაში და XX საუკუნის დასაწყისში“.

იესოს მიმდევართა მტკიცებები

„ახალ აღთქმაში მოცემულია თითქმის ყველა მტკიცება, რათა ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აღდგენილ იქნეს იესოს ცხოვრება და ხვედრი; აგრეთვე აიხსნას, რატომ ანიჭებდნენ პირველი ქრისტიანები მას [იესოს] დიდ მნიშვნელობას“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ამერიკანაში“. სკეპტიკოსებმა ბიბლია შეიძლება არ მიიჩნიონ იესოს არსებობის დამადასტურებელ მტკიცებად. მიუხედავად ამისა, საღვთო წერილის საფუძველზე ორი მიმართულებით წარმართული ლოგიკური მსჯელობის დახმარებით შესაძლებელია დავინახოთ, რომ იესო ნამდვილად ცხოვრობდა დედამიწაზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აინშტაინის თეორიები ადასტურებს, რომ ეს კაცი ნამდვილად არსებობდა. მსგავსად ამისა, იესოს სწავლებებიც იმის დამადასტურებელია, რომ იგი რეალური პიროვნება იყო. მაგალითისთვის ავიღოთ ბევრისთვის კარგად ცნობილი მთაზე ქადაგება (მათეს სახარება, 5—7 თავები). მოციქული მათე წერდა, რა დიდი გავლენა იქონია ამ ქადაგებამ მსმენელზე: „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ როგორც ხელმწიფების მქონე“ (მათე 7:28, 29). საუკუნეების განმავლობაში ხალხზე ამ ქადაგების გავლენის შესახებ პროფესორი ჰანს დიტერ ბეტცი წერდა: „მთაზე ქადაგების გავლენა არა მარტო იუდაიზმისა და ქრისტიანობის საზღვრებს სცილდება, არამედ დასავლეთის კულტურის საზღვრებსაც“. შემდეგ მან დასძინა, რომ ამ ქადაგებამ „უაღრესად დიდი მასები მიიზიდა“.

მოვიყვანოთ მთაზე ქადაგებიდან რამდენიმე მოკლედ ნათქვამი ბრძნული და პრაქტიკული სიტყვები: „თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე“. „ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ“. „ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე“. „თქვენს მარგალიტებს [ნუ] დაუყრით წინ ღორებს“. „ითხოვეთ და მოგეცემათ“. „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. „შედით ვიწრო კარიბჭით“. „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“. „ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა“ (მათე 5:39; 6:1, 34; 7:6, 7, 12, 13, 16, 17).

ცხადია, მოსმენილი გექნებათ ეს გამოთქმები ან მსგავსი შინაარსის ფრაზები. შეიძლება ისინი თქვენს ქვეყანაში აფორიზმებადაც არის ქცეული. ეს გამოთქმები მთაზე ქადაგებიდან არის აღებული. მრავალ ხალხსა და მათ კულტურაზე ამ სიტყვების გავლენა აშკარად ადასტურებს დიდებული მასწავლებლის არსებობას.

დავუშვათ, რომ ვიღაცამ შეთხზა ამბავი ადამიანზე, რომელსაც იესო ქრისტე უწოდა. ვთქვათ, ის პიროვნება იმდენად ჭკვიანი იყო, რომ შეძლო იმ სწავლებების მოფიქრება, რომლებიც ბიბლიაში იესოს მიეწერება. განა ამ ამბის შემთხზველი იესოსა და მის სწავლებებს ისე არ წარმოადგენდა, რომ ისინი ხალხისთვის რაც შეიძლება მიმზიდველი ყოფილიყო? მოციქული პავლე კი აღნიშნავდა: „იუდეველები ნიშანს ითხოვენ, ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ჩვენ კი ვქადაგებთ ბოძზე გაკრულ ქრისტეს, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის — უგუნურება“ (1 კორინთელთა 1:22, 23, აქ). ბოძზე გაკრული იესოს შესახებ ცნობა არც იუდეველებს იზიდავდა და არც სხვა რომელიმე ერს. მიუხედავად ამისა, ასეთი იყო ქრისტე, რომლის შესახებაც პირველი საუკუნის ქრისტიანები ქადაგებდნენ. რატომ აღწერდნენ იესოს ბოძზე გაკრულად? ამ კითხვაზე ერთადერთი დამაკმაყოფილებელი პასუხი ის არის, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერნი იესოს ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ ჭეშმარიტებას გვამცნობდნენ.

ახლა შევეხოთ იესოს მიმდევრების მიერ თავიანთი მოძღვრის სწავლებების დაუცხრომლად ქადაგებას. ესეც გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ქრისტე ნამდვილად არსებობდა. იესოს მიერ მსახურების დაწყებიდან ოცდაათიოდე წელი იქნებოდა გასული, როდესაც პავლეს სასიხარულო ცნობის შესახებ შეეძლო ეთქვა: „[ის] ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). დიახ, წინააღმდეგობის მიუხედავად, იესოს სწავლებები მთელ ძველ მსოფლიოში გავრცელდა. პავლე, რომელიც თავადაც იდევნებოდა იმის გამო, რომ ქრისტიანი იყო, წერდა: „ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (1 კორინთელთა 15:12—17). თუკი ფუჭი იქნებოდა ქადაგება ქრისტეზე, რომელიც არ აღმდგარა, რამდენად უფრო ფუჭი უნდა ყოფილიყო ქადაგება ქრისტეზე, რომელიც საერთოდ არ არსებობდა? პლინიუს უმცროსის ცნობიდან ჩანს, რომ I საუკუნის ქრისტიანები მზად იყვნენ, იესო ქრისტესადმი რწმენის გამო სიკვდილზე წასულიყვნენ. ქრისტესათვის ისინი საფრთხეში იგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან, როგორც სახარებებიდან ვიგებთ, ის ნამდვილად არსებობდა და ცხოვრობდა დედამიწაზე.

თქვენ ხედავთ მტკიცებებს

ქრისტიანები დაუღალავად ქადაგებდნენ, რადგან სწამდათ იესოს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. გონების თვალით თქვენც დაინახავთ მკვდრეთით აღმდგარ იესოს, თუკი ჩასწვდებით, რა გავლენას ახდენს ეს პიროვნება დღეს.

ძელზე გაკვრამდე ცოტა ხნით ადრე იესომ ვრცელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ის ზეცაში გამეფდებოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღდგებოდა და ღვთის მარჯვნივ იჯდებოდა მანამ, სანამ თავისი მტრების დამარცხების დრო მოვიდოდა (ფსალმუნები 109:1; იოანე 6:62; საქმეები 2:34, 35; რომაელთა 8:34). დანიშნულ დროს კი სატანასა და მის დემონებს ციდან გადმოყრიდა (გამოცხადება 12:7—9).

როდის მოხდებოდა ყოველივე ეს? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რა იქნებოდა მისი „მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“. ამ ნიშანში შედიოდა დიდი ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები, ცრუწინასწარმეტყველთა გამოჩენა, უკანონობის ზრდა და საშინელი ეპიდემიები. მოულოდნელი არაფერია იმაში, რომ ასეთი საშინელი მოვლენები ხდება, რადგან სატანა ეშმაკის გადმოგდება ‘ვაია მიწისთვის’. დედამიწაზე გადმოგდებული ეშმაკი ‘გამძვინვარებულია, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა’. გარდა ამისა, ნიშანში შედის ‘მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:3—14; გამოცხადება 12:12; ლუკა 21:7—19).

იესოს წინასწარმეტყველებების შესრულება შეიძლება შევადაროთ ასაწყობი სურათის ფრაგმენტების შენაწევრებას, რომლებიც მთლიანობაში ერთიან სურათს ქმნის. 1914 წელს I მსოფლიო ომის დაწყებიდან ვხედავთ მრავალ მტკიცებას, რომ იესო ქრისტე უხილავად უკვე მოსულია. ის უკვე ღვთის სამეფოს მეფეა და ძალიან დიდ შესაძლებლობებს ფლობს. თვითონ ის ფაქტიც, რომ ხელში ეს ჟურნალი გიჭირავთ, იმაზე მეტყველებს, რომ დღეს სამეფოს შესახებ ქადაგება მიმდინარეობს.

გსურთ უფრო მეტად ჩასწვდეთ იმ გავლენას, რომელიც იესოს არსებობით არის განპირობებული? ამისათვის ბიბლიის შესწავლაა საჭირო. ხომ არ სთხოვდით იეჰოვას მოწმეებს უფრო დაწვრილებით მოეთხროთ თქვენთვის იესოს მეფობის შესახებ?

[სურათები 5 გვერდზე]

იოსებ ფლავიუსი, ტაციტუსი და პლინიუს უმცროსი მოიხსენიებდნენ იესო ქრისტესა და მის მიმდევრებს.

[საავტორო უფლება]

All three images: © Bettmann/CORBIS

[სურათი 7 გვერდზე]

პირველი ქრისტიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ იესო ნამდვილად არსებობდა.