რის სწავლა შეგვიძლია ფრინველებისგან?
რის სწავლა შეგვიძლია ფრინველებისგან?
„შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?“ (მათე 6:26). ეს სიტყვები იესო ქრისტემ საყოველთაოდ ცნობილი ქადაგების დროს წარმოთქვა გალილეის ზღვასთან მდებარე მთაზე. მის მსმენელებს შორის მისი მიმდევრების გარდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოსული უამრავი ხალხი იყო, რომლებიც მომავალში შეიძლება გამხდარიყვნენ კიდეც იესოს მოწაფეები. ბევრი მათგანი ღარიბი იყო; მათ ავადმყოფები მიიყვანეს იესოსთან განსაკურნავად (მათე 4:23—5:2; ლუკა 6:17—20).
იესომ, რომელმაც ყველა ავადმყოფი განკურნა, უფრო მნიშვნელოვან, სულიერ მოთხოვნილებებზე გაამახვილა ყურადღება. სხვა ყველაფერთან ერთად, იესომ დასაწყისში მოხსენიებული მაგალითითაც მნიშვნელოვანი რამ ასწავლა თავის მსმენელებს.
ცის ფრინველები დიდხანს ცოცხლობენ. ზოგი მწერებით იკვებება, ზოგი — კენკრით ან მარცვლოვნებით. თუ ღმერთი ასეთი უხვი საზრდოთი უზრუნველყოფს ფრინველებს, უდავოა, მას იმის უნარიც აქვს, რომ თავის მსახურებს ყოველდღიური საზრდოს მოპოვებაში დაეხმაროს. მაგალითად, ის ეხმარება მათ სამუშაოს პოვნაში ან იმაში, რომ თავად მოიყვანონ საჭირო საზრდო. კრიტიკულ დროში ღმერთს შეუძლია აღძრას კეთილი მეზობლები და მეგობრები, რომ საზრდო გაუზიარონ გაჭირვებულებს.
თუ ფრინველთა ცხოვრებას კარგად დავაკვირდებით, კიდევ უფრო ბევრს ვისწავლით. ღმერთმა ფრინველები სასწაულებრივი ინსტინქტით დააჯილდოვა, რის წყალობითაც ისინი იშენებენ ბუდეებს, რომლებშიც თავიანთ ახალგამოჩეკილ ბარტყებს ზრდიან. მოდი ორ სხვადასხვა სახის ბუდეზე ვისაუბროთ. პირველად მარცხნივ სურათზე გამოსახულ აფრიკული კლდის მერცხლის ბუდეზე შევაჩეროთ ყურადღება. ის კლდეზე ან სახლის კედელზე იშენებს ბუდეს. ასეთ ბუდეებს სახურავის მაგივრობას ან კლდის ქიმი, ან, როგორც სურათზეა ნაჩვენები, შენობის შვერილი უწევს. ბუდის ქვედა ნაწილს, ანუ იატაკსა და კედლებს კი მერცხალი მიწის პაწაწინა გუნდების ერთმანეთზე მიკვრის შედეგად ნახევრად სფეროსებრ ანუ ფინჯნისმაგვარ ფორმას აძლევს. დედალ-მამალი მერცხალი გულმოდგინედ შრომობენ მიწის გუნდების შესაგროვებლად და შესაძლოა ერთი თვეც კი მოანდომონ თავიანთი ბუდის აშენებას. შემდეგ ისინი ბუდის შიგნითა ნაწილს ბალახითა და ბუმბულით ფარავენ. ორივე ზრუნავს ბარტყების გამოკვებაზე. ახლა კი ქვემოთ მოცემულ სურათზე, მამალი შავშუბლა ფეიქარას ბუდე ვნახოთ. ეს აფრიკული შრომისმოყვარე ფრინველი თავისი ბუდის ასაშენებლად ბალახის ღეროებს ან სხვა მცენარეების ტოტებს იყენებს. მას შეუძლია ერთ დღეში გააკეთოს ბუდე და ერთ სეზონზე 30-ზე მეტი ბუდე მოქსოვოს.
რას ვსწავლობთ აქედან? თუ ღმერთი ფრინველებს აძლევს ასეთ გასაოცარ უნარს და ასე უხვად ამარაგებს ბუდეების ასაშენებელი მასალით, მას უეჭველად შეუძლია თავის მსახურებსაც დაეხმაროს თავშესაფრით უზრუნველყოფაში. ბოლოს იესომ თავის მსმენელებს ერთი რამ დაანახვა. როგორც მან თქვა, თუ გვსურს, რომ იეჰოვა ღმერთი აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დაგვეხმაროს, კიდევ რაღაცაა საჭირო. „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“, — დაგვპირდა იესო (მათე 6:33). გაინტერესებთ, რას ნიშნავს უპირველესად სასუფევლის ანუ სამეფოს ძიება? იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ამ ჟურნალს ავრცელებენ, სიამოვნებით გიპასუხებენ ამ კითხვაზე.